საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-493(კ-25) 13 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჩ-ნ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 28 სექტემბერს მ. ჩ-ნმა სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 07 ივლისის N056123009207 გადაწყვეტილების და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 აგვისტოს N01/2058435/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს შესწორების შეტანა მ. ჩ-ნის დაბადების სააქტო ჩანაწერში და მისი გვარი „ჩ-ც“ შესწორდეს „ჩ-ნზე“.
ახალქალაქის რაიონული საასმართლოს 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 07 ივლისის N056123009207 და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 აგვისტოს N01/2058435/გ გადაწყვეტილებები და დაევალა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს შესწორება შეიტანოს მ. ჩ-ნის (პ/ნ ...) დაბადების სააქტო ჩანაწერში და გვარი „ჩ-ც“ შესწორდეს „ჩ-ნზე“. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-9, 76-ე, 78-ე, 79-ე მუხლები, დეტალურად მიუთითა დავის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს/ აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. პალატის მსჯელობით, სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენას და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. მიუთითა, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემები უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად. ყურადღება გაამახვილა წარმოების პროცესში განმცხადებლის დაბადების სააქტო ჩანაწერში გვარის სისწორის დასადგენად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილ დოკუმენტებზე და ასევე ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ყველა ოფიციალურ საბუთსა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში, მოსარჩელის გვარად მითითებულია ,,ჩ-ნ“, მათ შორის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში - პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში და საქართველოს მოქალაქის პასპორტში. ამდენად, დადგენილად მიიჩნია, რომ დაბადების სააქტო ჩანაწერის შევსებისას დაშვებულია შეცდომა და გვარად, ნაცვლად „ჩ-ნისა“ შეცდომით მითითებულია „ჩ-ც“, რაც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით მართებულად გახდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მ. ჩ-ნის დაბადების სააქტო ჩანაწერში გვარის „ჩ-ც-ის“ „ჩ-ნზე“ შესწორების დავალების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, აპელირებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-8, მე-9, 79-ე მუხლებზე, მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მოსარჩელის მამის დაბადების შესახებ საეკლესიო ჩანაწერზე (ა. მ.-ს ძე ჩ-ცი, დაბადებული ... წლის ...ს) და განმარტავს, რომ აღნიშნული ითვლება ნამდვილად და იგივე იურიდიული ძალის მქონედ როგორც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ შესრულებული ჩანაწერი და ამასთან, მოძიებული საეკლესიო ჩანაწერი ეკუთვნის საჩივრის ავტორის მამას. კასატორი არ იზიარებს მხარის მოსაზრებას გვარში ასობგერა „ც“-ს გვარის წარმომავლობის თავისებურებად და მექანიკურ შეცდომად ჩათვლის შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის, კერძოდ, გვარის შემადგენელი ნაწილების (ასობგერების) გვარის წარმომავლობის თავისებურებად მიჩნევის წესს.
კასატორი მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ცის საეკლესიო ჩანაწერი და მასში მითითებული მონაცემები საქართველოში ითვლება ნამდვილად, ამასთან, რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერში და მისი შვილის მიმართ რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის გამო, ნამდვილად მიიჩნევა ა. ჩ-ცის დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა, კასატორის მსჯელობით, ჩანაწერებში მონაცემების შესწორების საფუძველია. გასათვალისწინებლად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ნის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა დაბადების თარიღის - „... წელი“-ს დაბადების თარიღით - „... წელი“-თ, ხოლო გვარის - „ჩ-ი“-ს, გვარით „ჩ-ნი“-თ შესწორება, რაზეც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 15 ივნისის N01/140456/გ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა, კერძოდ, დაბადების თარიღის ნაწილში, ხოლო გვარის ნაწილში დაუბრუნდა სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ხელახლა განსახილველად. ამდენად, ასეთი ფაქტის არსებობის პირობებში წარმომადგენელს გაუგებრად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა დაბადების აქტის შევსებისას მონაცემების უსწორობის შესახებ. მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულბები არასწორად შეფასდა სამართლოს მიერ, არ იკვეთება თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, ასევე რომელი გარემოებები იქნა მის მიერ შეფასებული რომლებიც უნდა ასახულიყო სასამართლო გადაწყვეტილებაში. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში საჩივრის ავტორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: მ. ჩ-ნმა განცხადებით მიმართა სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ბავშვის დაბადების თარიღის შესწორება „...“-წელზე, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის გვარის „ჩ-ი-ის“ ნაცვლად „ჩ-ნ“-ზე შესწორება, ასევე მისი მშობლების გვარის შესწორება.
სსგს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 22 მარტის N056222013352 გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ნს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით.
დადგენილია, რომ სსგს 2023 წლის 15 ივნისის N01/140456/გ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი სსგს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 22 მარტის N05622013352 გადაწყვეტილება დაბადების აქტის ჩანაწერში მ. ჩ-ნის (ჩ-ის) და მისი მშობლების გვარის შესწორების ნაწილში, სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის გარეშე და სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა მ. ჩ-ნის განცხადების ხელახლა განხილვა მ. ჩ-ნის (ჩ-ის) და მისი მშობლების გვარის შესწორების ნაწილში. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, არ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ნის განცხადება დაბადების თარიღის შესწორების ნაწილში და ძალაში დარჩა სსგს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 23 მარტის N056222013352 გადაწყვეტილება.
2023 წლის 15 ივნისის N01/140456/გ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დოკუმენტები, რომელიც გამოვლინდა სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრი სამსახურში 2023 წლის 22 მარტის N056222013352 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ქმნიდა მ. ჩ-ნისა და მისი ორივე მშობლის გვარი შესწორების საკმარის საფუძველს, შესაბამისად, სამსახურმა სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო წარმოება მ. ჩ-ნის დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის და მშობლების გვარების შესწორების თაობაზე.
დადგენილია, რომ სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 07 ივლისის N056123009207 გადაწყვეტილებით, მ. ჩ-ის მიმართ ... წლის 09 დეკემბერს ნინოწმინდის რ-ნის ...ის ს/ს მიერ შედგენილ დაბადების აქტის N33 ჩანაწერში შესწორდა მამის სახელი - „ა.“-ზე, ბავშვისა და მშობლების გვარები „ჩ-ც“-ზე. ასევე, შესწორდა ა. გ-ასა და ა. ჩი-ის მიმართ, 1928 წლის 15 ივლისს ნინოწმინდის რ-ნის ...ის ს/ს მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის N11 ჩანაწერში საქმროს ქორწინებამდე, საქმროსა და საცოლის ქორწინების შემდეგი გვარები „ჩ-ც“-ზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 აგვისტოს N01/2058435/გ გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) არის საქართველოს მოქალაქე, მის სახელზე გაცემული პასპორტის და პირადობის მოწმობის თანახმად არის (იდენტიფიცირდება) - მ. ჩ-ნ (პ/ნ ...) დაბადებული ... წლის ...ს. საქმეში წარმოდგენილი N2164545 სამხედრო ბილეთი გაცემულია მ. ა.-ის ძე „ჩ-ნ“-ზე, დაბადებული ... წლის ...ს. ასევე N... ქორწინების მოწმობა გაცემულია მ. ა.-ის ძე ჩ-ნზე, დაბადებული ... წელს. საარქივო ცნობით (AA 2023005764-05, 21.07.2023წ.) დადგენილია, რომ ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკის) რაიონის ...ის - ...ს სასოფლო - საბჭოს, სოფელ ...ის - ...ს საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მ. ა.-ის ძე ჩ-ნ. პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ 2010 წლის 16 აპრილის განცხადება - ანკეტით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საბჭოთა კავშირის პასპორტი ... და მასზე პირველად გაცემულია პირადობის მოწმობა 2010 წლის 28 აპრილს, ხოლო დაბადების თარიღი მითითებულია - ... წლის ...ი. დადგენილია, რომ ... წლის 9 დეკემბრის დაბადების აქტის N33 ჩანაწერში ბავშვის მონაცემები შევსებულია შემდეგნაირად: გვარი - ჩ-ვ, სახელი - მ., დაბადების თარიღი ... წლის 26 ნოემბერი, მამა - ჩ-ვ ა. მ.-ს ძე, დედა - ჩ-ვა ან. მო.-ს ასული. შემდგომ გვარი ჩ-ვ (ჩ-ვა) შეცვლილია ჩ-ცით.
საქმეში წარმოდგენილი საისტორიო ცენტრალური არქივის 2022 წლის 25 მაისის AA 2022005505-05 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ კათოლიკური ეკლესიის ... წლის მეტრიკული წიგნის თანახმად, მ. ჩ-ნის მამა არის ა. მ.-ს ძე ჩ-ც დაბადებული ... წლის ...ს.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2023 წლის 07 ივლისის N056123009207 და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 29 აგვისტოს N01/2058435/გ გადაწყვეტილებების კანონიერება.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, ხოლო „ვ“ პუნქტის შესაბამისად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ერთ - ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. აღნიშნული კანონის IX თავი არეგულირებს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის წესსა და საფუძვლებს, რომლის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა; ხოლო იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, თუ რა შეიძლება გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველი, განსაზღვრავს ამავე კანონის 79-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ - ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
საკასაციო პალატის მსჯელობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს/აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, ჩანაწერში უნდა აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. სააქტო ჩანაწერის სისწორე გულისხმობს იმის დადგენასა და შეფასებას, რამდენად აისახა მასში რეალური, ფაქტობრივი მდგომარეობა. დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემები უნდა დადგინდეს საქმის ყოველმხრივი, პირის მიმართ გაცემული დოკუმენტაციისა და არსებული ინფორმაციის სრულად გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების შედეგად.
საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის დაბადების სააქტო ჩანაწერში გვარის სისწორის დასადგენად სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვეს არაერთი დოკუმენტი. კერძოდ, 2022 წლის 23 სექტემბრის No056222013352 განცხადებაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული არქივის საარქივო NAA2022005505-05 ცნობის თანახმად, ... წლის ...ს დაიბადა ა. მ.-ს ძე ჩ-ც. საქართველოს ეროვნული არქივიდან მიღებული ნინოწმინდის რაიონის ...ის (...ა) სასოფლო საბჭოს მმაჩის ბიუროს მიერ 1928 წლის 15 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების აქტის N11 ჩანაწერის თანახმად, იქორწინა ა. მ.-ს ძე ჩ-იმა და ან. მო.-ს ასული გ-ამ. ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, საცოლემ ქორწინებით შეიცვალა გვარი (N10/20424). 2023 წლის 07 ივლისის N056123009207 გადაწყვეტილების საფუძველზე სამსახურმა ეროვნულ არქივში გააგზავნა N62/161152 შეტყობინება, ქორწინების აქტის ჩანაწერში საქმროს ქორწინებამდე, საქმროსა და საცოლის ქორწინების შემდეგი გვარები - „ჩ-ც“-ზე შესწორების თაობაზე. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცულია მ. ჩ-ნის დაბადების აქტის N33 ჩანაწერი, ჩანაწერი შედგენილია რუსულ ენაზე შემდეგი მონაცემებით: სახელი – მ., გვარი - ჩ-ვ, დაბადების თარიღი გადასწორების გარეშე მითითებულია - ... წელი. აქტის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ... წლის 09 დეკემბერს გაცემული ექიმის N35 ცნობა. აქტის ჩანაწერზე გაკეთებული აღნიშვნის თანახმად, გაცემულია დაბადების N038676 მოწმობა. მამა - ა. მ.-ს ძე ჩ-ვ და დედა ან. მო.-ს ასული ჩ-ვა. აქტის რეგისტრაციაზე განმცხადებელი და ხელმომწერია ბავშვის მამა. დაბადების აქტის N33 ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი იდენტურია. 2023 წლის 07 ივლისის N056123009207 გადაწყვეტილების საფუძველზე, ბავშვისა და მშობლების გვარი შესწორდა გვარით - ჩ-ც. საქართველოს ეროვნული არქივიდან მიღებული ინფორმაციით, 1930-1934 წლის ნინოწმინდის რ-ნის ...ის სასოფლო საბჭოს საკომლო ჩანაწერები არქივში დაცვაზე შესული არ არის. 1935 წლის ჩანაწერებში ა. ჩი-ის ოჯახის კომლი არ მოიძებნა, ხოლო 1936 - 1978 წლებში მოიძებნა ჩანაწერები გვარის სხვადასხვა მონაცემით - ჩი-ი/ჩივ-ი/ჩ-ი/ჩ-ნი (N21/18095, 15.05.2023 წელი, N21/182238, 16.05.2023 წელი, N21/16791, 02.05.2023 წელი, N21/16777, 02.05.2023 წელი, N21/16774, 02.05.2023 წელი). გასათვალისწინებელია საქმეში წარდგენილი პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე იდენტიფიცირდება როგორც მ. ჩ-ნ (პ/ნ ...) - დაბადებული ... წლის ...ს; სამხედრო ბილეთი N2164545 გაცემული მ. ა.-ის ძე „ჩ-ნ“-ზე - დაბადებული ... წლის ...ს; ქორწინების მოწმობა N..., გაცემული მოსარჩელეზე, სადაც მითითებულია მ. ა.-ის ძე ჩ-ნ - დაბადებული ... წელს; 2023 წლის 21 ივლისის AA 2023005764-05, საარქივო ცნობის თანახმად, ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკის) რაიონის ...ის - ...ს სასოფლო - საბჭოს სოფელ ...ის - ...ს საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია მ. ა.-ის ძე ჩ-ნ.
მითითებული დოკუმენტების შეფასებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ყველა ოფიციალურ საბუთსა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში, მოსარჩელის გვარად მითითებულია ,,ჩ-ნ“, მათ შორის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში - პირადობის დამადასტურებელი მოწმობაში და საქართველოს მოქალაქის პასპორტში. შესაბამისად, მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის დაბადების სააქტო ჩანაწერის შევსებისას დაშვებულია შეცდომა და მოსარჩელის გავარად, ნაცვლად „ჩ-ნისა“ შეცდომით მითითებულია „ჩ-ც“. გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების ის მსჯელობა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენს სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის მ. ჩ-ნის დაბადების სააქტო ჩანაწერში გვარის „ჩ-ც-ის“ „ჩ-ნზე“ შესწორების დავალების სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 01 მაისს №08721 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე - ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 01 მაისს №08721 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე