Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-724(კ-25) 6 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჩ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 30 დეკემბერს მ. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1984 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის 8 კლასი და იმავე წლის პირველი სექტემბრიდან სწავლა განაგრძო თბილისის ... საშუალო სკოლა-ინტერნატში, რომლის სრული კურსი დაამთავრა ... წლის 24 ივნისს. სპეციალურ საშუალო სკოლა-ინტერნატში სწავლის პერიოდმა შეადგინა 2 წელი, 9 თვე და 23 დღე. სსრკ შეიარაღებული ძალებში ათეულის მეთაურის თანამდებობაზე იმსახურა 1988 წლის 11 ნოემბრიდან 1991 წლის 16 აპრილამდე, რაც შეადგენს 2 წელს, 5 თვეს და 5 დღეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა 1991 წლის 6 მაისს, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე იმსახურა 2005 წლის 8 ნოემბრამდე. ამ პერიოდში სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლებმა შეადგინა 14 წელი, 6 თვე და 2 დღე.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 30 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის გადაგზავნის თაობაზე, რაზედაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 26 აგვისტოს №MOD 0 21 00863150 წერილით ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებდა სამხედრო ნამსახურობის წლებში თბილისის ... საშუალო სკოლა-ინტერნატში სწავლის პერიოდის (საშუალო განათლების საფეხურის დონის სასწავლებელში) ჩათვლას, რაც მოსარჩელის განმარტებით, ნორმის არასწორ განმარტებას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 26 აგვისტოს №MOD 0 21 00863150 და 2021 წლის 6 ოქტომბრის №MOD 3 21 01031056 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 26 ნოემბრის №MOD 9 21 00000039 ბრძანების, ასევე სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 30 დეკემბრის MOD 2 21 01392082 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მ. ჩ-ეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (1 დღე 3 დღედ) და „კ...ში“ სწავლის პერიოდი ჩაეთვლება სამხედრო ნამსახურების წლებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 26 აგვისტოს MOD 0 21 00863150 და 2021 წლის 6 ოქტომბრის MOD 3 21 01031056 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის 2021 წლის 26 ნოემბრის MOD 9 21 00000039 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 30 დეკემბრის MOD 2 21 01392082 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხე- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ჩ-ეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (1 დღე 3 დღედ) და „კ...ში“ სწავლის პერიოდი ჩაეთვლება სამხედრო ნამსახურების წლებში და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის საქალაქო ცენტრს გადაუგზავნოს სათანადო წარდგინება; მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სპეციალური კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო სამსახურში ნამსახურობის წლებში შედის მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდი და განმარტა, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის დანაწესი შესაძლებლად მიიჩნევდა სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდის ჩათვლას წელთა ნამსახურობის სტაჟში და აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას განეკუთვნებოდა, არ გულისხმობდა ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი მიხედულობის თავისუფლებას, ჩაეთვალა ან არ ჩაეთვალა სამოქალაქო წესით მიღებული განათლება წელთა ნამსახურობაში.

რაც შეეხება საკითხს, მ. ჩ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის შეღავათიან გაანგარიშებას (1 დღე 3 დღედ) აღნიშნულთან მიმართებაში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ საქმეში არსებული მასალები უდავოდ ადასტურებენ მ. ჩ-ეის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, გარდა ამისა, თუკი ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული არ არის კონკრეტული ბრძანებები პირის მივლინების ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე, აღნიშნული არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს განმცხადებლის საუარესოდ, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ამ დოკუმენტაციის შენახვაზე პასუხისმგებელ პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურების 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ყოფილ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან - 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურების 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე იმისათვის, რომ პირმა მოიპოვოს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება მას უნდა ჰქონდეს სწორედ სამხედრო სამსახურში ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამასთან, კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-16 მუხლის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ნამსახურები წლები მოიცავს მხოლოდ სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან არ იძებნება 1991-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ სრული ინფორმაცია, ზემოთ მითითებულ წელთა ნამსახურობაში ვერ ჩაითვალა დაახლოებით 1 წლის და ოთხ თვემდე სამსახურის პერიოდი. კასატორის განმარტებით, ვინაიდან მ. ჩ-ეის კალენდარული ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ წელს, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა, წელთა ნამსახურობის ანგარიშის შედგენის შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის შინაარსიდან გამომდინარე, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ნამსახურობის წლებში სპეციალურ სასწავლებელში სწავლის პერიოდის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1990-1993 წლებში სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდების შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლაზე უარის თქმის კანონიერება, ასევე მოპასუხისთვის კომპენსაციის დანიშვნის მიზნით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი წარდგინების გაგზავნის დავალდებულება.

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მ. ჩ-ეის მიერ ნამსახურების წლები შეადგენს 14 წელს, 3 თვესა და 22 დღეს.

მ. ზ.-ს ძე ჩ-ემ 1984 წლის 20 ივნისს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის ...ის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, ხოლო ... წელს დაამთავრა ... სკოლა და მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჩაირიცხა და გაგზავნილ იქნა ...ს უმაღლეს სამხედრო სატანკო სამეთაურო სასწავლებელში.

1993 წლის 22 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს №2005 ბრძანებით მ. ზ.-ს ძე ჩ-ეს მიენიჭა სამხედრო წოდება - „...“.

2013 წლის 25 თებერვლის სანოტარო აქტით №130167980 ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების შესახებ დგინდება, რომ ... მ. ჩ-ე (რომელიც იყო ს/ნ..., ... ბატალიონის მეთაური), ნამდვილად იღებდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში 1992 წლის 21 ოქტომბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე, აფხაზეთში - კერძოდ, ლაბრაში, შრომაში, ტამიშში, კინდღში, სოხუმში. მ. ჩ-ე არის ომის მონაწილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 29 დეკემბრის N1340 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედების დროს გამოჩენილი მამაცობისა და ქართული არმიის აღმშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, უმწიკვლო სამსახურისა და მხედრული ვალის მოხდისათვის, ...ის ორდენით დაჯილდოვდა მ. ჩ-ე - ..., დასავლეთ ოპერატიული ჯგუფის უფროსი მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის’’.

2021 წლის 30 ივნისს მ. ჩ-ემ №628140 განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და წარდგინების გადაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად;

2021 წლის 27 ივლისის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების

გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის MOD 5 21 00733906 წერილით განმცხადებელს ეთხოვა წარედგინა სანოტარო წესით დამოწმებული სამხედრო ბილეთის ასლი და მისი თარგმანი. ასევე, ცნობა ...ს უმაღლესი სამხედრო სატანკო სამეთაურო სასწავლებლის სწავლის პერიოდის შესახებ.

მ. ჩ-ეის მიერ 2021 წლის 17 აგვისტოს №... განცხადებით წარდგენილ იქნა სამხედრო ბილეთის ასლი, სამხედრო სპეციალური სკოლის ატესტატის ასლი და სამხედრო ვეტერანის მოწმობა.

2021 წლის 26 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის MOD 0 21 00863150 წერილით მ. ჩ-ეს ეცნობა, რომ ვინაიდან მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურობა შეადგენს 20-ზე ნაკლებ კალენდარულ წელს, არ სრულდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა. აღნიშნული წერილით ასევე განემარტა, რომ ...ს უმაღლეს სამხედრო სატანკო სამეთაურო სასწავლებელში სწავლის პერიოდი ჩაითვლება წელთა ნამსახურობაში, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო კ...ში სწავლის პერიოდის, სამხედრო სამსახურის სტაჟში ჩათვლის საფუძველი არ არსებობდა, რადგან აღნიშნული სკოლა წარმოადგენდა საშუალო განათლების საფეხურის დონის სასწავლებელს.

2021 წლის 29 სექტემბერს მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს, რომელშიც მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის წერილში გაკეთებულ განმარტებებს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის ხელახალი გადათვლა. ამასთან, მოითხოვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის 1 დღის 3 დღედ ჩათვლა.

სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 6 ოქტომბრის MOD 3 21 01031056 წერილით მოქალაქე მ. ჩ-ეს ეცნობა, რომ 2021 წლის 29 სექტემბრის №1002588 განცხადებით ცენტრში წარდგენილი არ არის ისეთი ახალი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, 2021 წლის 26 აგვისტოს №863150 წერილში აღნიშნული საკითხები დარჩა უცვლელად.

მ. ჩ-ემ 2021 წლის 3 ნოემბერს №1146303 ადმინისტრაციული საჩივრით მომართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა: 1. სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2021 წლის 26 აგვისტოს №863150 და 2021 წლის 6 ოქტომბრის №31056 წერილების ბათილად ცნობა; 2. ქ. თბილისის ... საშუალო სკოლა-ინტერნატში სწავლის პერიოდის სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლა; 3. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით 1 დღის 3 დღედ სამხედრო ნამსახურობის წლებში ჩათვლა; 4. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგინების გაგზავნა.

2021 წლის 26 ნოემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის MOD 9 21

00000039 ბრძანების თანახმად ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 6 ოქტომბრის №1031056 წერილი და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს დაევალა 2021 წლის 29 სექტემბრის №1002588 განცხადების განხილვა მ. ჩ-ეის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდის 1 დღის 3 დღედ სამხედრო ნამსახურობის სტაჟში ჩათვლასთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2021 წლის 30 დეკემბრის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალური მართვის ცენტრის MOD 2 21 01392082 წერილის თანახმად, მ. ჩ-ეს განემარტა, რომ 2021 წლის 29 სექტემბრის №1002588 განცხადებით წარდგენილი არ იყო ისეთი ახალი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, 2021 წლის 26 აგვისტოს №MOD 0 21 00863150 წერილში აღნიშნული საკითხები დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 1-ელი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ. ჩ-ე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სრულად აკმაყოფილებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ მოქალაქეთა კომპენსაციით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი 2023 წლის 21 სექტემბრის №3519 საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, კანონმდებელმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია. კერძოდ, მითითებული ნორმის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება“.

რაც შეეხება, 1990-1993 წლებში სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პერიოდს, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 21.09.2023წ. N3500 კანონით) მე-15 მუხლის პირველი პუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია ნამსახურევი წლების დაანგარიშების წესი. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეს საომარი მდგომარეობის დროს მოქმედ სამხედრო ნაწილში ყოფნის ან შეიარაღებულ კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის ან მშვიდობიან პერიოდში სპეციალური დავალების შესრულების დროს, რომელიც გათანაბრებული იქნება საბრძოლო მოქმედებებთან, ერთი დღე ჩაეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში და იყო საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადყოფნაში ან უზრუნველყოფდა საბრძოლო მოქმედებებს ან იმყოფებოდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ნამსახურობის პერიოდის შეღავათების გაანგარიშებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ საქმეში ვერ იქნა მოძიებული მ. ჩ-ეის მივლინებისა და საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მოქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ მ. ზ.-ს ძე ჩ-ეის №ა-00950 ნამსახურობის ნუსხაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ჩ-ე სამხედრო სამსახურში გაწვეულია 1988 წლის 19 მაისს (სამხედრო (მხედრული) ფიცი მიიღო 12.06.1988 წელს); 1987 წლის 1 სექტემბრიდან 1988 წლის 11 ნოემბრამდე იყო კურსანტი; 1988 წლის 11 ნოემბრიდან 1990 წლის 12 დეკემბრამდე - ათეულის მეთაური; 1990 წლის 12 დეკემბრიდან 1991 წლის 4 აპრილამდე - ათეულის მეთაური; 1991 წლის 16 აპრილს განთავისუფლდა სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან სსრკ თავდაცვის მინისტრის 1991 წლის 26 მარტის №121 ბრძანების საფუძველზე; ნამსახურების ნუსხის გრაფაში ,,სამხედრო სამსახური, რომელიც იძლევა შეღავათს სამსახურის წლების დაანგარიშებაში და პენსიის დროს’’ მითითებულია პერიოდები: 25.11.91 წ - 22.12.1991წ.; 1992 წლის იანვარი - 1992 წლის მარტი; 14.05.92წ. – 1992 წლის ივლისი; 14.08.92წ. – 17.06.93წ. (სამაჩაბლოს და აფხაზეთის რეგიონები).

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 29 დეკემბრის №1340 განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედების დროს გამოჩენილი მამაცობისა და ქართული არმიის აღმშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, უმწიკვლო სამსახურისა და მხედრული ვალის მოხდისათვის, ...ის ორდენით დაჯილდოვდა მ. ჩ-ე - ..., დასავლეთ ოპერატიული ჯგუფის უფროსი მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის’’. დამატებით, საქმეში დაცულია 2013 წლის 25 თებერვლის, სანოტარო აქტი №130167980 ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების შესახებ, რომ ... მ. ჩ-ე ნამდვილად იღებდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში 1992 წლის 21 ოქტომბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთში - კერძოდ ლაბრაში, შრომაში, ტამიშში, კინდღში, სოხუმში. მ. ჩ-ე არის ომის ვეტერანი, რაც ასევე დადასტურებულია შესაბამისი მოწმობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებები უდავოდ ადასტურებენ მ. ჩ-ეის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, რაც მოსარჩელეს უნდა ჩათვლოდა განსაკუთრებულ პირობებში ნამსახურობად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე