Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-502(კ-25) 20 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ. ჩ-ე, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის №SSA 0 24 00105898 შეტყობინება, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნის თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება, შ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება, შ. ჩ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 02 მაისის №SSA 2 24 00493368 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ. ჩ-ისათვის 2024 წლის 02 მარტიდან პენსიის დანიშვნის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის №SSA 02400105898 შეტყობინება, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება, შ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება, შ. ჩ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 02 მაისის №SSA22400493368 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ. ჩ-ისათვის 2024 წლის 02 მარტიდან პენსიის დანიშვნის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ შ. ჩ-ემ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე 2024 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს და წარადგინა 26.03.2024წ. №357384 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ... კომპლექსში. სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს გასაცემლების ადმინისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობები, რის გამოც შ. ჩ-ე აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლებას ვერ იპოვებს. შესაბამმისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

კასატორის განმარტებით, კანონი პენსიით უზრუნველყოფის უფლების შეზღუდვას ადგენს, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე, ყველა იმ პირისათვის, ვინც (გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისისა) სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ეწევა შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ პირი შემოსავალს იღებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული, არა შრომითი, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებით (ნარდობა, ქირავნობა და სხვა) ან საქონლის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2024 წლის 26 მარტს გაცემული №69689 ცნობის თანახმად, შ. ჩ-ე სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში 2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. ვინაიდან, კანონის თანახმად, სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შ. ჩ-ის ადმინისტრაციულ საჩივარში მოხსენიებულია მსგავსი დავის საგანზე სხვა პირის სასარგებლოდ გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, მსგავსი დავების ანალოგიურად გადაწყვეტის უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სხვა პირის ინდივიდუალურ დავაზე და როგორც ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოსარჩელის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) შ. ჩ-ე დაიბადა 1950 წლის 02 აგვისტოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 26.03.2024წ. №MES 1 24 0000357384 ცნობის თანახმად, შ. ჩ-ე 2012 წლიდან მუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ... კომპლექსში ძეგლის მომვლელის პოზიციაზე (ტ.1, ს.ფ. 31, 94); ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის №SSA 0 24 00105898 წერილით შ. ჩ-ეს (პ/ნ ...) ეცნობა შემდეგი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირებული ინფორმაციით, შ. ჩ-ე დასაქმებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, რაც წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, შ. ჩ-ე ვერ მოიპოვებდა სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას. საჯარო საქმიანობის პერიოდში (2021 წლის 1 აპრილიდან, 2023 წლის 1 თებერვლამდე) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შ. ჩ-ეს დაეკისრა ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის - 6 440 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების ვალდებულება (ტ.1, ს.ფ. 97); გ) შ. ჩ-ემ 2024 წლის 13 მარტს №292964 განცხადებით (საჩივარი) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის №SSA 0 24 00105898 შეტყობინების გაუქმება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 03 აპრილის SSA 6 24 00379864 გადაწყვეტილებით შ. ჩ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 34-38); დ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის SSA 0 24 00377112 გადაწყვეტილებით, შ. ჩ-ეს საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე (ტ.1, ს.ფ. 98-99); ე) 2024 წლის 11 აპრილს შ. ჩ-ემ (წარმომადგენელი - ა. ბ-ი) №412470 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 02.04.2024წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სააგენტოს დავალდებულება, შ. ჩ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 02 მაისის №SSA 2 24 00493368 გადაწყვეტილებით, შ. ჩ-ის (წარმომადგენელი - ა. ბ-ი) ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 67-68, 87-92).

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია მოსარჩელისთვის მის მიერ ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის №SSA 0 24 00105898 შეტყობინება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება, სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 02 მაისის №SSA 2 24 00493368 გადაწყვეტილება. ასევე მოთხოვნილია, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შ. ჩ-ისათვის 2024 წლის 02 მარტიდან პენსიის დანიშვნის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პენსიის მიღების უფლება ფიზიკური პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთი სახეა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. დასახელებული კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (მუხლი 1.1). კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის უფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საყოველთაოობა; დ) მუდმივობა; ე) თაობათა შორის სოლიდარობა; ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია (მუხლი 3).

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. ამასთან, დასახელებული კანონი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი).

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 26.03.2024წ. №MES 1 24 0000357384 ცნობით დგინდება, რომ შ. ჩ-ე 2012 წლიდან მუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ... კომპლექსში ძეგლის მომვლელის პოზიციაზე. მითითებული ფაქტის გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელე ეწევა საჯარო საქმიანობას და სადავო გადაწყვეტილებებით მოეთხოვა ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენა, ასევე უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ... კომპლექსში ძეგლის მომვლელის პოზიციაზე მომუშავე შ. ჩ-ე ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას.

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საჯარო სამსახური განიმარტება, როგორც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ასევე ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

„სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში.

ამავე დებულების 6.1 მუხლის სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული განყოფილება; ბ) დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება; გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება; დ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილება, რომელიც მოიცავს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს; ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. დასახელებული მუხლის 2019 წლის 11 ივნისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგებოდა: ა) ადმინისტრაციული განყოფილებისგან; ბ) ძეგლებზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილებისგან; გ) სამუზეუმო განყოფილებისგან; გ.ა) ... მუზეუმ-ნაკრძალისგან; დ) სარესტავრაციო განყოფილებისგან.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 13 დეკემბრის №3/212 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ... მუზეუმ-ნაკრძალის დებულების“ პირველი მუხლის თანახმად, ... მუზეუმ-ნაკრძალი (შემდგომში – მუზეუმ-ნაკრძალი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება (1); მუზეუმ-ნაკრძალი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით (2); საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ... მუზეუმ-ნაკრძალი შექმნილია და ფუნქციონირებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ...ისა და მიმდებარე ტერიტორიის ბაზაზე და წარმოადგენს ...ის მუზეუმ-ნაკრძალის უფლებამონაცვლეს (3).

ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მუზეუმ-ნაკრძალში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუზეუმ-ნაკრძალის ძირითადი ამოცანაა: ა) თავის სამოქმედო არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვა, მოვლა-პატრონობა, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვა, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; ბ) დააკომპლექტოს, მოუაროს, დაიცვას, მეცნიერულად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთ დასახელებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს, გააცნოს იგი ფართო საზოგადოებრიობას; გ) ყოველმხრივ შეისწავლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ფონდში დაცული ექსპონატები, განსაზღვროს მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებები, აწარმოოს მოძიებული მასალის დამუშავება. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლითაც მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ მიაკუთვნეს ... მუზეუმ-ნაკრძალში მოსარჩელის საქმიანობა საჯარო საქმიანობას. ხსენებული საკანონმდებლო ჩანაწერები ადასტურებს, რომ მუზეუმის საქმიანობა, მისი მიზნებით, ამოცანებითა და ფუნქციებით ემსახურება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას („მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ. „ა“ ქვ.პ.), აღნიშნული კი, თავის მხრივ, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. ამასთანავე, ამავე ნორმით საჯარო საქმიანობას არ მიეკუთვნება შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის მუზეუმში განხორციელება. ამდენად, მართალია, მუზეუმში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში დასაქმებულ პირს, თუმცა, მისი საქმიანობა შემოიფარგლება მუზეუმის მიზნებითა და ფუნქციებით და ვერ გაიგივდება საჯარო საქმიანობასთან, ვინაიდან მუზეუმი მიეკუთვნება ორგანიზაციას, რომელიც ცალსახად გამონაკლისს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განმარტებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ... კომპლექსში ძეგლის მომვლელის პოზიციაზე საქმიანობა არ განიხილება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად, არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე შ. ჩ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი და მისთვის სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შ. ჩ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი და მისთვის სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონს, ასევე უკანონოა აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა შ. ჩ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა