Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1022(კ-25) 25 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. წ-ე, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 1 აპრილს მ. წ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიმართ. დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის შემდგომ, მოსარჩელემ მოითხოვა ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის NSSA 4 24 00105900 შეტყობინების, მ. წ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 15 მარტის NSSA 2 24 00308200 გადაწყვეტილების, მ. წ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის NSSA 0 24 00493366 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. წ-ეისათვის 2024 წლის 28 მარტიდან პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. წ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის NSSA 42400105900 შეტყობინება, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 15 მარტის NSSA 22400308200 გადაწყვეტილება, მ. წ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება, მ. წ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის NSSA 02400493366 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ასევე, დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. წ-ეისათვის 2024 წლის 28 მარტიდან პენსიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-12 მუხლებზე, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-14, 31-ე მუხლებზე, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12, 23-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მ. წ-ე 2012 წლიდან დასაქმებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ...ის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ...ის პოზიციაზე.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ,,სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილების პირველ, მე-8 მუხლებზე, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ...ის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი (მუზეუმი/მუზეუმ-ნაკრძალი) წარმოადგენს სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაო ადგილი და განხორციელებული საქმიანობის მახასიათებლები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის დასახელებულ ნორმებს, რომლის მიხედვითაც, კულტურულ სფეროში საქმიანობა საჯარო საქმიანობის განხორციელებად ვერ შეფასდება. ამდენად, მოსარჩელის სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ... კომპლექსში ...ის პოზიციაზე საქმიანობა არ განიხილება საჯარო საქმიანობად და მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე მ. წ-ეისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-10, მე-17 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობები. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. წ-ე დაიბადა ... წლის ...ს. სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2024 წლის 26 მარტის N MES 2 24 0000357277 ცნობის თანახმად, მ. წ-ე 2012 წლიდან მუშაობს სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ... კომპლექსში ...ის პოზიციაზე.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის N SSA 4 24 00105900 შეტყობინებით, მ. წ-ეს ეცნობა, რომ სააგენტოში დაფიქსირებული ინფორმაციით, იგი დასაქმებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, რაც წარმოადგენს საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, მ. წ-ე ვერ მოიპოვებს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას. საჯარო საქმიანობის პერიოდში (2021 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კი, მას ეკისრება ვალდებულება ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის 5 575 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე.

დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის N SSA 4 24 00105900 შეტყობინება, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნის თაობაზე, მ. წ-ემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 15 მარტის NSSA 2 24 00308200 გადაწყვეტილებით, მ. წ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 28 მარტს მ. წ-ემ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს. აღნიშნული ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, მ. წ-ეს საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, უარი ეთქვა 2024 წლის 1 აპრილიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, რაც გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის NSSA 0 24 00493366 გადაწყვეტილებით, მ. წ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის ბიუჯეტში აღდგენის მოთხოვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 30 იანვრის NSSA 4 24 00105900 შეტყობინების, მ. წ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 15 მარტის NSSA 2 24 00308200 გადაწყვეტილების, მ. წ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 2 მაისის NSSA 0 24 00493366 გადაწყვეტილების კანონიერებას. ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. წ-ეისათვის 2024 წლის 28 მარტიდან პენსიის დანიშვნის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტია და მისი მე-12 მუხლი, რომლის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა; შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს; მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ქარტიის 23-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულთა მიერ სოციალური დაცვით უფლებით რაც შეიძლება დიდხანს სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ და მხარი დაუჭირონ შესაბამის ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს: უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად რაც შეიძლება მეტი ხნით, შემდეგი საშუალებებით: ა) სათანადო სახსრების გამოყოფა, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; ბ) ინფორმაციის მიწოდება იმ სამსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც დადგენილია ხანდაზმულთათვის.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ამკვიდრებს და სოციალური დაცვის გარანტიებს შიდა სამართლებრივ დონეზე ქმნის საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (პირველი მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, აღნიშნული საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, საჯარო სამსახური განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. წ-ე 2012 წლიდან მუშაობს სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ... კომპლექსში ...ის პოზიციაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის N46 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში. მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, სააგენტოს უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განახორციელოს სამუზეუმო საქმიანობა. სამუზეუმო საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშაოს წინადადებები, პროექტები და მათი განხორციელების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ამასთან, ,,მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუზეუმი განმარტებულია, როგორც კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ...ის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი (მუზეუმი/მუზეუმ-ნაკრძალი) სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ...ის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში (მუზეუმი/მუზეუმ-ნაკრძალი) ...ის პოზიციაზე მუშაობა ვერ ჩაითვლება საჯარო საქმიანობის განხორციელებად. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, არ არსებობდა მ. წ-ეისთვის კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო პენსიის მიღების შეზღუდვის (პენსიის დანიშვნაზე უარის, მიღებული პენსიის უკან დაბრუნების მოთხოვნის) საფუძველი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე