საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-574(კ-25) 13 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (ასკ 16.2) - ო. ხ-ი; ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 07 სექტემბერს მოსარჩელე თ. წ-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განახორციელოს ქალაქ ქუთაისში, ... ქ. №29-ში (ყოფილი ...ის 1 №23, ს.კ. ...) მდებარე მიწაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია მოსარჩელე თ. წ-ის სახელზე.
2023 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელე თ. წ-ის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე თ. წ-ის სახელზე ქ. ქუთაისში ... ქ. №29-ში (ყოფილი ...ის 1, №23) საკადასტრო კოდით ..., მიწაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია; დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე თ. წ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 2000 (ორი ათასი) ლარის, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯის 337.75 (69.19+69.55+100+99.01) ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის და 2024 წლის 28 თბერვლის საოქმო განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ო. ხ-ი და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით თ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 ივლისის №..., 2023 წლის 18 აგვისტოს №... და 2023 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირის - ო. ხ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ო. ხ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8 მუხლები, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტს, რომ 1984 წლის ზაფხულში ი/გ. გ-ის საცხოვრებელი სახლი დაინგრა სტიქური უბედურების გამო და მას აღმასკომის გადაწყვეტილებით, დანგრეული ბინის სანაცვლოდ გადაეცა 3 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა მდებარე - ქალაქ ქუთაისში, ... ქ. №66, ბინა №57-ში. გასათვალისწინებლად მიიჩნია ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 2004 წლის 10 აგვისტოს წერილი, რომლითაც მოქალაქე გ. გ-ეს მემკვიდრეობის აღსადგენად ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №23-ში მდებარე სახლზე (ბინაზე) ცნობის გაცემაზე უარი ეთქვა სწორედ იმ საფუძვლით, რომ სტიქიური უბედურების შედეგად დანგრეული სახლის სანაცვლოდ, მის ოჯახს გადაეცა 3 (სამი) ოთახიანი საცხოვრებელი ბინა მისამართზე - ქ.ქუთაისი, ... ქ. №66, ბინა №57.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წელს) შემოღებით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. შესაბამისად, 1997 წლამდე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. სასამართლოს მსჯელობით, გ. გ-ის ოჯახის ფაქტობრივი მფლობელობა სადავო მიწის ნაკვეთზე შეწყდა 1984 წელს სტიქიური უბედურების შედეგად სახლის დანგრევით და აღმასკომის გადაწყვეტილებით ისინი დაკმაყოფილდნენ სანაცვლო ფართით, ხოლო ვინაიდან მიწა, რომელზედაც განთავსებული იყო გ. გ-ის საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, იგი ჩაირიცხა სახელმწიფო ფონდში. აღნიშნული დროიდან გ. გ-ის ოჯახს შეუწყდა ფაქტობრივი მფლობელობა სადავო ნაკვეთთან. მას შემდეგ რაც 1997 წლიდან დაიწყო პრივატიზაციის პროცესები, კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნა იყო, რომ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების პრივატიზება განხორციელებულიყო, რომლებზეც განთავსებული იქნებოდა საცხოვრებელი სახლები. უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ გ. გ-ეს სადავო ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი აღარ გააჩნდა, ასევე მას დანგრეული სახლის სანაცვლოდ გადაეცა სხვა საცხოვრებელი ბინა, რომელიც ასევე გადაცემის მომენტისათვის ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში და რომლის პრივატიზაციაც გ. გ-ემ მოახდინა 1997 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე. ამდენად, მითითებული მოტივების გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ო. ხ-ის განმარტებები სადავო აქტების (გასაჩივრებულ ნაწილში) კანონიერების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. წ-ის მიერ.
კასატორი დეტალურად მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, დარღვეულად მიიჩნევს თანასწორობის, შეჯიბრებითობის და ინკვიზიციურობის პრინციპს და თვლის, რომ ახალი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში დაშვება, ისევე როგორც მისი შინაარსის გამოუკვლეველობა წარმოადგენს საქმის საკვანძო საკითხს. წარმომადგენლის მსჯელობით, საქმის მასალებით არ დასტურდება ის მთავარი გარემოება, რომ ქალაქის ფონდში სწორედ მოსარჩელის სარგებლობაში მყოფი ტერიტორია ჩაირიცხა. პროცედურულ დარღვევად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენას და განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი აპელანტის მიერ შეგნებულად არ გადაეცა მოსარჩელეს სასამართლო სხდომამდე, რადგან არ მომხდარიყო მისი შესწავლა და სხდომაზე მომზადებული პოზიციის წარდგენა. მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოულოდნელად ზემდგომ ინსტანციაში წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებებით, შესაძლებელია იმ ხარისხით გაუარესდეს მხარის სამართლებრივი პოზიცია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების და ფაქტების შესახებ დროულად ინფორმირების პირობებში, განსჯის საკითხი გამხდარიყო ხარჯების გაწევის/არ გაწევის და შესაბამისად დავის დაწყების საკითხი.
კასატორის განმარტებით ქუთაისის მუნციპალიტეტის მერიის მიერ, 2023 წლის 14 ნოემბერს გამოცემული N44-4423318182 დოკუმენტით დგინდება, რომ იმავე ნაკვეთზე გარდა მოსარჩელისა, ორმა სხვა მეზობელმაც მიიღო ბინა, ოღონდ განსხვავებით მოსარჩელისგან, დოკუმენტში პირდაპირ მითითებულია, რომ მათ ძველი ქონების გამოთავისუფლებით მიიღეს აღნიშნული ბინები, ანუ ჩანაცვლება მოხდა ძველი ფართის ახალი ფართით, ხოლო მოსარჩელესაც რომ უნდა გამოეთავისუფლებინა ფართი იმავე დოკუმენტში მითითებული არ არის. მითითებულია მხოლოდ ის, რომ ორდერის საფუძველზე გადაეცემა ბინა ... ქუჩაზე. კასატორი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოში მესამე პირის მიერ დაფიქსირებულ იმ მოსაზრებას, რომ ბინა იყო დანგრეული და ამდენად გამოთავისუფლების შესახებ აქტის გამოცემა არ იქნა მიჩნეული საჭიროდ. მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სარგებლობის უფლება სადავო ქონებაზე იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა გაუქმებულად, თუ აღნიშნულის შესახებ გაიცემოდა აღმასკომის აქტი, ისე როგორც დანარჩენი ორი მეზობლის მიმართ იქნა გამოცემული, სადაც მიეთითებოდა, რომ მოსარჩელეს გადაეცემა ბინა ... ქუჩაზე, ... N29-ში უძრავი ქონების გამოთავისუფლებით. სარგებლობის უფლების გაუქმება უნდა მომხდარიყო სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა. წარმომადგენლის მსჯელობით, თუ მოსარჩელეს ჩანაცვლების საფუძველზე გადაეცემოდა ბინა, ასეთ შემთხვევაში აღმასკომი ერთ გადაწყვეტილებას გამოსცემდა, სადაც სამივე მეზობელი ერთად იქნებოდა მითითებული. კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ აღმასკომმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისივე მსჯელობით სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასაციის დაკმაყოფილების ფარგლებში ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნეს მიღებული თ. წ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 ივლისის №..., 2023 წლის 18 აგვისტოს №... და 2023 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების კანონიერება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 17 ივნისის ინფორმაციით (გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) ირკვევა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია სააღრიცხვო მასალა მისამართით ქ. ქუთაისი, ... ქ. №29 (ყოფილი ...ის №23). უძრავი ნივთი აღრიცხულია 1941 წელს და ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა/მესაკუთრეთა სია) მითითებულია - ი. გ-ე, ვ. ხ-ი, ჟ. ხ-ი, დ. ხ-ი და ჟ. ხ-ი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 23 ივნისის TT... ცნობა - დახასიათებით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. №29-ში (ყოფილი ...ის №23) მდებარე ნაკვეთის ფართობია 846 კვ.მ. ნაკვეთზე არსებული ლიტერი „ა“ მოიცავს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებულ საცხოვრებელ ფართს -112.30 კვ.მ, საერთო ფართს - 13.05 კვ.მ და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებულ ფართს - 67.41 კვ.მ, ხოლო ლიტერი „ბ“ მოიცავს საერთო ფართს - 13.92 კვ.მ. მითითებულია, რომ აღნიშნული ლიტერი დანგრეულია და დარჩენილია მხოლოდ ერთი ოთახი. ამავე ცნობა - დახასიათებაში, მესაკუთრის/მოსარგებლის აღწერის გრაფაში მითითებულია შემდეგი: ლიტერი „ა“-ს მფლობელებია - ხ-ი ვ., ხ-ი ჟ. . ვ. ხ-ს მიწერილი აქვს 1/3 წილი, ჟ. ხ-ს -1/2 წილი. მფლობელობის საფუძვლად მითითებულია: ნოტარიული ხელშეკრულება №..., 14/07/1954, ნოტარიული ხელშეკრულება, №..., 19/10/1962, სააღრიცხვო მასალა, №1-21-9, 26/04/1941. რაც შეეხება ი. გ-ეს, აღნიშნულ მფლობელს სართულებრივ გეგმაზე მიწერილი აქვს ლიტერ„ბ“-ს სარდაფის სართულზე 5.26 კვ.მ. უ.დ.დ.გ და ლიტერი ვ. ამავე ცნობა - დახასიათებაში, ლიტერ „ა“-ს და ლიტერ „ბ“-ს თანაბარ წილში ფლობენ ხ-ი დ. და ხ-ი ჟ. . მფლობელობის საფუძველია: კანონისმიერი მემკვიდრეობა, №..., 07/03/1978, ნასყიდობის ხელშეკრულება, №..., 09/03/1965, სააღრიცხვო მასალა, №1-21-9, 26/04/1941.
დადგენილია, რომ ი. გ-ის გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება მემკვიდრეობით გადავიდა მის მეუღლეზე გ. გ-ეზე, ხოლო №... სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ. წ-ი არის გარდაცვლილი დედის - გ. გ-ის (პირადი ნომერი ...) - მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად მასში შემავალი აქტივებით და პასივებით. აღნიშნულ სამკვიდრო ქონებაში ასევე შედის გ. გ-ის მეუღლის - ი. გ-ის სამკვიდრო ქონებაც.
საჯარო რეესტრის ამონაწერითა დადგენილია, რომ ო. ხ-ის მამამ და ძმამ - დ. და ჟ. ხ-ებმა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებით მიიღეს ქალაქ ქუთაისში, ... ქუჩის №29-ში (ყოფილი ...ის ქუჩა № 23) მდებარე ს/კ ... უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობით - 840 კვ.მ., შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი: დამხმარე ნაგებობა ფართი 13.16 კვ.მ, სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართი:112,30 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონება 1965 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ჰქონდათ დ. და ჟ. ხ-ების წინაპრებს.
დადგენილია, რომ 2010 წელს ძმებმა - დ. და ჟ. ხ-ებმა ზემოაღნიშნული ქონება აჩუქეს ო. ხ-ს და 2010 წელს ... საკადასტრო კოდით 840 კვ. მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე დარეგისტრირდა ო. ხ-ის (პირადი ნომერი ...) საკუთრების უფლება (სახლის გამოყოფილი ნაწილი საერთო ფართით: 112.30 კვ.მ. „თანამესაკუთრის“ მითითებით.
დადგენილია, რომ 1984 წლის 23-24 ივლისს სტიქიური უბედურების შედეგად (მეწყერი) ... ქ. №29-ში (ყოფილი ...ის 1, №23) მდებარე გ. გ-ის საცხოვრებელი სახლი დაინგრა და მსხვერპლიც იყო ოჯახში.
დადგენილია, რომ ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ოჯახს გამოუყო სამოთახიანი ბინა - ქ. ქუთაისში, ... ქ. №66-ში, მე-3 სადარბაზო, მეოთხე სართული, ბინა №57, საცხოვრებელი ფართით 36 კვ.მ.
დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს, 2004 წელს განცხადებით (07.05.2004 წ №გ/125) მიმართა მოქალაქე გ. გ-ემ და მოითხოვა მემკვიდრეობის აღსადგენად ცნობის გაცემა, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №23-ში მდებარე სახლზე (ბინაზე), ვინაიდან ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი მეუღლის ი. გ-ის სახელზე, რაზედაც ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 2004 წლის 10 აგვისტოს წერილით ეთქვა უარი იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ სტიქიური უბედურების შედეგად დანგრეული სახლის სანაცვლოდ მის ოჯახს გადაეცა 3 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა მისამართით: ქ.ქუთაისი, ... ქ. №66, ბინა №57.
დადგენილია, რომ თ. წ-მა 2023 წლის 19 ივნისს №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ ქუთაისში, ... ქუჩის №29-ში (ყოფილი ...ის ქუჩა № 23) მდებარე უძრავ ნივთზე, მემკვიდრეობის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი: ...).
დადგენილია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 14 ნოემბრის №44-4423318182 წერილით ო. ხ-ს ეცნობა შემდეგი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან მიღებული ინფორმაციითა და მასალების (18.09.2023წ. №...) ანალიზით გაირკვა, რომ ქალაქ ქუთაისში, ... ქუჩა №29-ში (ყოფილი ...ის ქ. №23, ...ის ქ. №23) მდებარე სართულნახევრიანი და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი აღრიცხულია 1941 წელს. საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართია 840 კვ.მ., რაც ქალაქად არსებული მიწის ნორმას 240 კვ. მეტრით აღემატებოდა და ჩარიცხულია ქალაქის ფონდში (საფუძველი: კომუნალური მეურნეობის განყოფილების საინვენტარო ბარათი, ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობა (16.07.1953წ.) ნასყიდობის გარიგების ხელშეკრულება (29.08.1951წ.).
დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2023 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1. „ა“ მუხლის შესაბამისად შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 18 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №... (18.08.2023) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრდა თ. წ-ის მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. წ-ის №... (26.07.2023 წ.) ადმინისტრაციული საჩივარი.
საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, უპირველესად მნიშვნელოვანია მიეთითოს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ. გ-ის ოჯახი 1984 წლის ზაფხულამდე უწყვეტად ცხოვრობდა და ფლობდა ქალაქ ქუთაისში, ... ქუჩა №29-ში (ყოფილი ...ის ქ. №23, ...ის ქ. №23) მდებარე საცხოვრებელ სახლს. მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, რომ სტიქიური უბედურების გამო, აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე გ. გ-ის ოჯახისათვის გადაცემული სხვა საცხოვრებელი ფართი წარმოადგენს თუ არა სანაცვლო ფართს და გ. გ-ის ოჯახმა ამ გზით დაკარგა თუ არა საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ სახლის დანგრევით მიწაზე საკუთრების უფლება არ წყდება. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ დაუკარგავს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. აღნიშნულ მტკიცებას არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ასევე მესამე პირი (16.2) ო. ხ-ი.
დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საკუთრების უფლების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. საკუთრების უფლება უზრუნველყოფს ადამიანის თავისუფლებას, მისი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობების თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას.
საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც; კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ევროპული კონვენციის აღნიშნული დებულება „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ (Maurice v. France), No. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ (Plechanow v. Poland), No. 22279/04, 7.7.09). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „...ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010წ. N1/5/489-498 განჩინება, II-2).
საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება - მოვალეობებს. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითზე გადაწყვეტილების მისაღებად. კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.
აქვე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრმა სადავო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაადგინა, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩის №23-ში მდებარე უძრავ ნივთზე ი. გ-ის/გ. გ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრში არ იყო დაცული და ასეთი არც დაინტერესებული პირის მიერ იქნა წარდგენილი, ასევე არ იქნა წარდგენილი ფართის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სქემატური ნახაზი, გეგმა და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა 2023 წლის 25 ივლისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც დაინტერესებულ პირს მოეთხოვა სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას ან დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი/ინფრომაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 18 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
საკასაციო პალატა, საქმის მასალებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 1984 წლის ზაფხულში ი/გ. გ-ის საცხოვრებელი სახლი დაინგრა სტიქური უბედურების გამო და მას აღმასკომის გადაწყვეტილებით, დანგრეული ბინის სანაცვლოდ გადაეცა 3 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა მდებარე - ქალაქ ქუთაისში, ... ქ. №66, ბინა №57-ში. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 2004 წლის 10 აგვისტოს წერილით, რომლითაც მოქალაქე გ. გ-ეს მემკვიდრეობის აღსადგენად ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №23-ში მდებარე სახლზე (ბინაზე) ცნობის გაცემაზე უარი ეთქვა სწორედ იმ მოტივით, რომ სტიქიური უბედურების შედეგად დანგრეული სახლის სანაცვლოდ მის ოჯახს გადაეცა 3 ოთახიანი საცხოვრებელი ბინა მისამართზე - ქ. ქუთაისი, ... ქ. №66, ბინა №57. საკასაციო პალატა იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წელს) შემოღებით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. შესაბამისად, 1997 წლამდე არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში გ. გ-ის ოჯახის ფაქტობრივი მფლობელობა სადავო მიწის ნაკვეთზე შეწყდა 1984 წელს სტიქიური უბედურების შედეგად სახლის დანგრევით და აღმასკომის გადაწყვეტილებით ისინი დაკმაყოფილდნენ სანაცვლო ფართით, ხოლო ვინაიდან მიწა, რომელზედაც განთავსებული იყო გ. გ-ის საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, იგი ჩაირიცხა სახელმწიფო ფონდში. აღნიშნული დროიდან გ. გ-ის ოჯახს შეუწყდა ფაქტობრივი მფლობელობა სადავო ნაკვეთთან. მას შემდეგ რაც 1997 წლიდან დაიწყო პრივატიზაციის პროცესები, კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნა იყო, რომ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების პრივატიზება მომხდარიყო, რომლებზეც განთავსებული იქნებოდა საცხოვრებელი სახლები. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. გ-ეს დანგრეული სახლის სანაცვლოდ გადაეცა სხვა საცხოვრებელი ბინა, რომელიც ასევე გადაცემის მომენტისათვის ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში და რომლის პრივატიზაციაც გ. გ-ემ მოახდინა 1997 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო - სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითია სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის - ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის/შესაგებლის საფუძვლად, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ (სუსგ საქმე №ბს-180(კ-19), 31.03.2023წ.). სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კოდექსის 102-ე მუხლი განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა - განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს თავისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნული გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 25 ივლისის №..., 2023 წლის 18 აგვისტოს №... და 2023 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები) გამოცემულ იქნა კანონის სრული დაცვით და ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება აქტების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ამდენად თ. წ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თ. წ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ი. წ-ის (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 7 მაისს საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ გადახდილი (საგადასახადო დავალება N3871) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. თ. წ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. წ-ის (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 7 მაისს საკასაციო საჩივარზე სს „... ბანკში“ გადახდილი (საგადასახადო დავალება N3871) სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე