საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-897(2კ-25) 5 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. ჭ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №000306 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 ნოემბრის №1865 ბრძანება, გ. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. ჭ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №000306 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 ნოემბრის №1865 ბრძანება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
4.1 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სამართალდარღვევის ერთ-ერთი ნაწილი - კაპიტალური შენობა-ნაგებობა აშენებულია 2018 წლის 21 მარტამდე, ანუ კანონის გამკაცრებამდე, ჯარიმის სახით 25 000 ლარის ნაცვლად უნდა გამოყენებულიყო 10 000 ლარი, რაც დაუსაბუთებელია. კაპიტალური შენობა-ნაგებობის გარდა, საქმეში სამართალდარღვევად ფიქსირდება კაპიტალური ღობე, ლითონის ჭიშკარი და ხის ღობე. არცერთი მათგანის არსებობა 2018 წლის 21 მარტამდე არ ფიქსირდება, არც მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და არც 2005, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედგინა ერთიანობაში სამართალდარღვევის ჩადენის დაწყებისა და დასრულების თარიღები. სამშენებლო სამართალდარღვევის დენადობის პრინციპიდან გამომდინარე, თუ ვერ დგინდება, როდის არის ჩადენილი სამართალდარღვევა, იგი ჩადენილად მიიჩნევა მისი გამოვლენის მომენტიდან - მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 12 ივლისის №000306 დადგენილების გამოცემიდან, ანუ კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ.
კასატორის მოსაზრებით, სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ, როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
4.2 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა, რომ ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაზე (ს/კ ...) და ნაწილობრივ სახელმწიფო მიწაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მოწყობილია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ღობე, ხის ღობე და ლითონის ჭიშკარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა №4-6/ო-136-19 დათვალიერების ოქმი, ხოლო 2019 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, გ. ჭ-ის მიმართ შედგა №000306 მითითება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 ივლისის №000306 დადგენილებით, გ. ჭ-ი დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი ..., №... საკადასტრო კოდით მიწის ნაკვეთი; ჯიპიეს კოორდინატები: X...; Y...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ხის ღობის და ლითონის ჭიშკარის მოწყობისათვის, ასევე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის და კაპიტალური ღობის მშენებლობისათვის (ამასთან, კაპიტალური ღობე ნაწილობრივ გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, გ. ჭ-ს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ხის ღობის და ლითონის ჭიშკარის, აგრეთვე, უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და კაპიტალური ღობის დემონტაჟი. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.
საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, ფოტო-მასალით დადგენილია, რომ გ. ჭ-ის მიერ სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელებულია ისეთი სახის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა. უნებართვო მშენებლობა თავისი არსით დენად სამართალდარღვევას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მშენებლობის განხორციელების პერიოდის განსაზღვრა სამართალდამრღვევმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროისთვის მოქმედი რეგულაციების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა რამდენიმე სამართალდარღვევა. ამასთან, მხარე აპელირებს, რომ ხის ღობე, ლითონის ჭიშკარი, კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური ღობე აშენებულია მის მიერ 2007-2008 წლებში, თუმცა, აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებას შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა სამართალდარღვევა მოექცია სამართლებრივ ჩარჩოებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც არ განუხორციელებია. სადავო გადაწყვეტილებაში ერთი მხრივ, სასამართლო უთითებს დენადი სამართალდარღვევის ბუნებაზე, თუმცა, მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოს ყურადღებას უმახვილებს სამართალდარღვევის ჩადენის დროის დადგენაზე, როდესაც საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი ფაქტის განმსაზღვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამართალდარღვევა, კერძოდ, კაპიტალური ღობე, რომელიც გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, 2014 წლის ორთოფოტოზე არაა ასახული, თუმცა ასახულია 2020 წლის ორთოფოტოზე. შესაბამისად, პალატის მოსაზრება, რომ მოსარჩელეზე შესაძლოა გავრცელებულიყო „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საკანონმდებლო ცვლილებამდე განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - 10000 ლარის ოდენობით არარელევანტურია. სამართალდარღვევის ფაქტი არ იკვეთებოდა 2005, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოზე, თუმცა ჩანს 2020 წლის ორთოფოტოზე, ხოლო ამ პერიოდებს შორის ზუსტად ვერ დგინდება მისი ჩადენის დრო. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს დენადი სამართალდარღვევის (გრძელვადიანი სამართალდარღვევის) კონცეფცია. აღნიშნული მიდგომა გამართლებულია იმით, რომ დარღვევა არ წარმოადგენს ერთჯერად ქმედებას, არამედ გრძელვადიან, მიმდინარე მდგომარეობას, რომელიც სამართალდარღვევად რჩება მანამ, სანამ იგი არ იქნება აღმოფხვრილი. შესაბამისად, რადგან დარღვევა გრძელდება და მისი შედეგები დღემდე არსებობს, მიუხედავად მისი ზუსტი ჩადენის დროის დაუდგენლობისა, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი წარსულში ამოწურულია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ის მიმდებარედ, ნაკვეთი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 650.00 კვ. მეტრი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..., ნაკვეთის წინა ნომერი №..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე (ს.ფ 191-192); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინსპექტირების შედეგად გამოავლინა შემდეგი ფაქტი - ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაზე (ს/კ ...) და ნაწილობრივ სახელმწიფო მიწაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია კაპიტალური შენობა-ნაგებობა, კაპიტალური ღობე, ხის ღობე და ლითონის ჭიშკარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა №4-6/ო-136-19 დათვალიერების ოქმი (ს.ფ 187-188); გ) 2019 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, გ. ჭ-ის მიმართ შედგა №000306 მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ, ნაკვეთი ..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილია ხის ღობე, ლითონის ჭიშკარი, კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური ღობე, რომლის ნაწილიც სცდება საკადასტრო ერთეულს და გადადის სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვით, უნებართვოდ მოწყობილი ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად (ს.ფ 195-196); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 მარტის №000306 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 6 თებერვლის №000306 მითითებით გათვალისწინებული პირობები შეუსრულებლობა (ს.ფ 197-198); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გ. ჭ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 4 აპრილს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც გ. ჭ-მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განაცხადა, რომ ხის ღობე, ლითონის ჭიშკარი, კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური ღობე აშენებულია მის მიერ 2007-2008 წლებში. ამასთან, მხარემ დარღვევის გამოსასწორებლად ითხოვა დამატებითი ვადა (ს.ფ 168); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 15 მაისის №4-3/75-გ/19 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 6 თებერვლის №000306 მითითების (2019 წლის 15 მარტის №000306 შემოწმების აქტი) საფუძველზე გ. ჭ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით. ამავე ბრძანების თანახმად, დადგენილების მიღებისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადა აითვალა 2019 წლის 15 მაისიდან 2019 წლის 15 ივლისის ჩათვლით (ს.ფ 193); ზ) ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის 2019 წლის 12 ივლისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის გადამოწმების შედეგად დადგინდა 2019 წლის 6 თებერვლის №000306 მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა (ს.ფ 165); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 ივლისის №000306 დადგენილებით, გ. ჭ-ი დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი ..., საკადასტრო კოდი №..., ჯიპიეს კოორდინატები: X...; Y...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ხის ღობის და ლითონის ჭიშკრის მოწყობისათვის, ასევე, კაპიტალური შენობა-ნაგებობის და კაპიტალური ღობის მშენებლობისათვის (კაპიტალური ღობე ნაწილობრივ გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით, გ. ჭ-ს დაევალა, ქ. თბილისში, ...ის მიმდებარედ (ნაკვეთი ..., საკადასტრო კოდი №..., ჯიპიეს კოორდინატები: X...; Y...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, მოწყობილი ხის ღობის და ლითონის ჭიშკარის, აგრეთვე უნებართვოდ აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და კაპიტალური ღობის დემონტაჟი (ს.ფ 161-164); ი) 2019 წლის 9 აგვისტოს გ. ჭ-ის წარმომადგენელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01192211687-01 ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 ივლისის №000306 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 ნოემბრის №1865 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა გ. ჭ-ის წარმომადგენლის ტ. ლ-ის 2019 წლის 9 აგვისტოს №19/01192211687-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 ივლისის №000306 დადგენილება (ს.ფ 141, 130-137).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს, მოსარჩელის სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139), რომელიც მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
ამავე დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ზემოაღნიშნული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით (2018 წლის 7 მარტის კანონით ცვლილების განხორციელებამდე მოქმედი რედაქცია). მითითებულ ნორმაში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2018 წლის 7 მარტის საქართველოს კანონით (დოკუმენტის ნომერი 2051-IIს) განხორციელდა ცვლილება, რომლითაც 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის 2018 წლის 7 მარტის კანონით ცვლილების განხორციელებამდე და შემდგომი რედაქციები განსხვავდებოდა ჯარიმის ოდენობის მიხედვით, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არსებით მნიშვნელობას იძენდა, მათ შორის, იმ საკითხის განსაზღვრა მოსარჩელის სამართალდამრღვევად მიჩნევის პირობებში რა ოდენობის ჯარიმა უნდა დაკისრებოდა მას. დასაკისრებელი სანქციის ოდენობის განსაზღვრისთვის კი მნიშვნელოვანი იყო მშენებლობის დასრულების პერიოდის დადგენა. საგულისხმოა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი, ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მითითებული კოდექსის 33-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციით განხილვისას წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 2 მარტის №001466623 ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, ...ის მიმდებარედ, ნაკვეთი ...-ში მდებარე ი/მ მ. ჩ-ის მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებში არსებული №1/1 შენობა-ნაგებობა, რომელიც ფიქსირდება 2010 წლის ორთოფოტოზე, აგებულია 2006 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში (ს.ფ. 308-322).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, არ შეფასებულა მშენებლობის დასრულების პერიოდის დადგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 12 ივლისის №000306 დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები, იმსჯელოს და შეაფასოს, რამდენად შესაძლებელია სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი დროის დადგენა. მშენებლობის დასრულების პერიოდის დადგენას მნიშვნელობა ენიჭება დასაკისრებელი სანქციის ოდენობის განსაზღვრისთვის, რადგანაც სამშენებლო კანონმდებლობა უნებართვო მშენებლობისთვის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ოდენობის სანქციას ითვალისწინებდა (შედ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბს-961(2კ-24) 15.05.2025წ. განჩინება). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა