საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-742(კ-25) 05 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
კასატორი (ასკ-ის 16.2 მესამე პირები) - მ. ხ-ი და ნ. ხ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - მ. ხ-ი, ლ. ფ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხ.) - ლ. ზ-ე (ხ-ი), ზ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ხ-მა და ლ. ფ-მა 2020 წლის 10 იანვარს სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2003 წლის 26 აგვისტოს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) №... სააღრიცხვო ბარათის, რომლის საფუძველზეც მ. ხ-ის, ს. ხ-ის, ზ. ხ-ის, ნ. ხ-ისა და ლ. ხ-ის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება №... საკადასტრო კოდით, და 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ მ. ხ-ი, ლ. ზ-ე (ხ-ი), ნ. ხ-ი და ზ. ხ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2003 წლის 26 აგვისტოს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) №... სააღრიცხვო ბარათისა და 2003 წლის 26 აგვისტოს მიწის სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მესამე პირების: მ. ხ-ისა და ნ. ხ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით მ. ხ-ისა და ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ხ-ისა და ნ. ხ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. ხ-ისა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
2025 წლის 31 ოქტომბერს მ. ხ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილია მ. ხ-ის მიერ ა. მ-ის სახელზე გაცემული ვადაში მყოფი მინდობილობა, რომლის თანახმად, ა. მ-ს მინიჭებული აქვს სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის უფლებამოსილება.
2025 წლის 05 ნოემბერს ნ. ხ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნა, რომ უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორთა განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2025 წლის 31 ოქტომბერსა და 05 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებებით უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე, რითაც მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ამასთან, მ. ხ-ს (პ/ნ ...), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.08.2025წ. №28804621006 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით, 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ისა და ნ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. მ. ხ-ისა და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება;
4. მ. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.08.2025წ. №28804621006 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა