საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-582(კ-24) 04 ნოემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „ჯ...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ჯ...მა“ 2023 წლის 01 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეულ მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 ნოემბრის №NHA72200585297 გადაწყვეტილების ე. გ-ასა და გ. გ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და შპს „ჯ...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 02 მაისის №NHA 6 2300460022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის პაციენტ ე. გ-ასთვისა და პაციენტ გ. გ-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების (ჯამში 1 896 ლარის) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების დავალება.
სარჩელის თანახმად, შპს „ჯ...ის“ თბილისის მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრული წესითა და ვადებში ანაზღაურების მიზნით წარუდგინა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში განიხილა გაწეული მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ანაზღაურების საკითხი ორ წარდგენილ შემთხვევასთან დაკავშირებით, კერძოდ, პაციენტ ე. გ-ასა და პაციენტ გ. გ-ითან მიმართებით.
შპს „ჯ...ის“ თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ზემოაღნიშნულ შემთხვევებზე ჩატარდა ინსპექტირება. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე სააგენტომ მიიჩნია, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ შეტყობინების ელექტრონულ მოდულში გადაცემული დიაგნოზი არ ემთხვეოდა წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახულ მონაცემებს და ელექტრონულ მოდულში არ იყო ასახული ფინანსური მხარე. აღნიშნული გარემოების საფუძველზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022წლის 29 ნოემბერს მიღებული იქნა №NHA72200585297 გადაწყვეტილება და ამ ნაწილში შპს „ჯ...ს“ განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 ნოემბრის №NHA72200585297 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტების - ე. გ-ას და გ. გ-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა ე. გ-ასთვის და გ. გ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 02 მაისის №NHA623 00460022 გადაწყვეტილება „შპს „ჯ...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაზე, საქმეში დაცულ მასალებზე და აღნიშნა, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა სწორედ იმის მტკიცებას, რომ პაციენტ ე. გ-ასა და პაციენტ გ. გ-ის სამედიცინო შემთხვევების ნაწილში შპს „ჯ...ის“ მიერ დარღვეულ იქნა საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის კანონით გათვალისწინებული წესი და ფორმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ორივე სადავო შემთხვევასთან დაკავშირებით წარდგენილ ანგარიშგების ელექტრონულ მოდულში არ იყო ასახული ფინანსური მხარე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენს პროგრამის ზედამხედველობაზე განმახორციელებელ პირს, ვალდებული იყო შემთხვევების კლასიფიცირებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მისდგომოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განესაზღვრა შემთხვევა ექვემდებარებოდა თუ არა ანაზღაურებას, რაც უნდა განხორციელებულიყო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხარვეზით წარდგენილი შემთხვევებისას ხარვეზის აღმოსაფხვრელად და საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე კლინიკამ ინფორმაცია სწორად შეიყვანა რეგისტრაციის მოდულში, ხოლო ხარვეზით მონაცემები დაფიქსირდა ანგარიშგების მოდულში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კი წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობა მისცა პროგრამის მიმწოდებელს, რაც მიმწოდებლის მხრიდან ვადის განსაზღვრის მიუხედავად ხარვეზის გამოუსწორებლობას დაადასტურებდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობა კლინიკას არ მისცემია, მაშინ, როდესაც სახელმძღვანელო კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზი და სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის შეცდომის დაშვებას, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა სამედიცინო ანაზღაურების საკითხზე.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 29 ნოემბრის №NHA 7 22 00585297 გადაწყვეტილება (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც, პალატის მოსაზრებით, მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორის, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე, სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ კლინიკის მიერ ანგარიშგების მოდულში არ იყო მითითებული ფაქტობრივი ხარჯი, რამაც გამოიწვია ფინანსური მონაცემების ხარვეზით მიწოდება. ვინაიდან აღნიშნული ხარვეზი გამოწვეული არ იყო სააგენტოს ბრალეულობით, საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად (შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც „წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს“), ე. გ-ასა და გ. გ-ის სამედიცინო შემთხვევებს სწორად მიენიჭა სტატუსი - „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმე შესაბამისი მომხსენებელი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით მომხსენებელ მოსამართლეს - გოჩა აბუსერიძეს გადაეწერა 2025 წლის 01 სექტემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების საკითხის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების პირველი დანართის - „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ მიხედვით, პროგრამის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფა (1 მუხ. „ა“ ქვ.პ.), გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება (1 მუხ. „ა.გ“ ქვ.პ.).
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემთხვევათა კლასიფიკაცია შესაძლებელია ორ ჯგუფად: პირველს განეკუთვნება ასანაზღაურებელი შემთხვევა („ა“ ქვ.პ.), ხოლო მეორეს - შემთხვევა, რომელი არ ექვემდებარება ანაზღაურებას („ბ“ ქვ.პ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება („ა“ ქვ.პ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევათა ადმინისტრირების პროცესში, დაშვებული ხარვეზის გამოსწორებისათვის მომსახურების მიმწოდებელს უნდა მიეცეს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად (სუსგ №ბს-50(კ-25), 10.06.2025წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პაციენტი ე. გ-ა, რომელიც წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების დანართი №1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, 2022 წლის 27 ივნისიდან 2022 წლის 02 ივლისამდე მკურნალობდა შპს „ა...ში“, დიაგნოზით პნევმონია, ხოლო გ. გ-ი მკურნალობდა 2022 წლის 12 ივლისიდან 2022 წლის 13 ივლისამდე, დიაგნოზით სხივისა და იდაყვის ქვედა ბოლოების მოტეხილობა (მარცხენა). სადავო აქტის თანახმად, კლინიკის მიერ ანგარიშგების მოდულში არ იყო მითითებული ფაქტობრივი ხარჯი, რამაც გამოიწვია ფინანსური მონაცემების ხარვეზით მიწოდება, ხოლო ვინაიდან აღნიშნული ხარვეზი გამოწვეული არ იყო სააგენტოს ბრალეულობით, სამედიცინო შემთხვევები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ რეგისტრაციის მოდულში სრული სიზუსტით იქნა გადაცემული მონაცემები, ანგარიშგების მოდულში კი მოხდა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა აღნიშნული არ ცვლიდა მონაცემებს/ციფრებს.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ნორმატიული დანაწესის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ მოცემული საკანონმდებლო რეგულირების პირობებში სააგენტოს შპს „ჯ...სთვის“ უნდა ეცნობებინა არსებული ხარვეზის თაობაზე და განესაზღვრა 5 დღიანი ვადა მის აღმოსაფხვრელად, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი მიეღო გადაწყვეტილება შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ კლინიკას მიეცა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის საშუალება, რაც წარმოების არასრულყოფილად ჩატარებაზე მიუთითებს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.07.2024წ. №19169 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა