საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1082 (2კ-23) 09 ნოემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2023წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2023წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 29.09.2022წ. გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონულ ოფისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას მ. ჯ-ას სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ადვოკატის ხარჯის - 3000 ლარის ნაწილის - 1200 ლარის ანაზღაურება. ზემოაღნიშნული განჩინება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს განსახილველი დავის საპროცესო მხარეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩირებული განჩინებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას სხვა მოპასუხეებთან ერთად დაევალა მოსარჩელის მიერ გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება. ამდენად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია საკასაციო საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირად მიიჩნევა. ამასთან, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაშიც არ არსებობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები, რამეთუ დარღვეულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2023წ. განჩინების გასაჩივრების სსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი 21 დღიანი ვადა. სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინების ასლი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 04.10.2023წ. (ტ. 2, ს.ფ. 132). მხარისათვის აღნიშნული განჩინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 25.10.2023წ. (ოთხშაბათი) 24 საათი. საკასაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე არსებული ფოსტის შტამპის მიხედვით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო საჩივარი ფოსტას 26.10.2023წ. წარუდგინა.
სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.2023წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი