Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-759 (კ-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – რ. ა-ი, რო. ა-ი (კანონიერი წარმომადგენელი - ა. ა-ი) (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2024 წლის გადაწყვეტილებით რ. ა-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და რო. ა-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე,“ პირველ მოსარჩელესთან ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სარჩელი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა:

1.1. ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოსარჩელის სხვა მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოპასუხის 11.09.2023 წლის №1000896967 დასკვნა;

1.2. ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოსარჩელის სხვა მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე მოპასუხის 11.09.2023 წლის №1000896981 დასკვნა;

1.3. მოპასუხეს დაევალა მოსარჩლეების საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნების გამოცემა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

3.1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

3.2. მოსარჩელეების კანონიერმა წარმომადგენელმა 07.07.2023 წელს განცხადებებით მიმართა სააგენტოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არასრულწლოვნებისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივად აღნიშნულია, რომ განმცხადებლების მშობლები და წინაპრები დაიბადნენ საქართველოში, ისინი საქართველოს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ და სურთ საქართველოში დარჩენა.

3.3. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეების წარმომადგენელთან ჩატარებული გასაუბრებით დგინდება, რომ მოსარჩელეები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც დაიბადნენ რუსეთის ფედერაციაში. ისინი მშობლებთან ერთად ცხოვრობენ და საშუალო განათლებას იღებენ მოსკოვში. მშობლები არიან რუსეთის მოქალაქეები. დედა დიასახლისია, მამა დასაქმებულია ნოტარიუსად, მოსკოვში. საქართველოში ჰყავთ ნათესავები.

3.4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელეთა შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

3.5. საქმის მასალების შესწავლის, ასევე ჩატარებული გასაუბრების შედეგად მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ვერ აკმაყოფილებდნენ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, შესაბამისად, სააგენტოს დაევალა უარყოფითი დასკვნების მომზადება.

3.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მშობლები დაიბადნენ საქართველოში, ხოლო მამა ამჟამადაც საქართველოს მოქალაქეა. მართალია, მოსარჩელეები რუსეთში დაიბადნენ, თუმცა მათ საქართველოსთან შენარჩუნებული აქვთ კავშირი, რაც მათი მხრიდან არდადეგებზე საქართველოში მცხოვრებ ბებიასთან და სხვა ნათესავებთან ვიზიტში გამოიხატება. საგულისხმოა, რომ განმცხადებლების მამა არის საქართველოში უძრავი ქონების მესაკუთრე.

3.7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ბიოგრაფიული ცნობების, ასევე უძრავი ქონების ფლობისა და ნათესავების საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის გათვალისწინებით მოსარჩელეთა კავშირი საქართველოსთან სარწმუნოა, შესაბამისად, გასაჩივრებული დასკვნები არ არის დასაბუთებული. ამასთან, დასკვნებში არ არის მითითებული ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელეთა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

7. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია სხვა მოქალაქეობის მოპოვებისას მოსარჩელეთა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების წინაპირობების არსებობა.

8. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული კავშირი. იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-17). ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება უცხოელის მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად მოქალაქეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის გადაწყვეტილება, საქმე №2/9/810,927, II-10).

9. მართალია, მოქალაქეობის უფლება, როგორც ასეთი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით არ არის გარანტირებული (Usmanov v. Russia, 22.12.2020, №43936/18, §53), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. იხ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30).

10. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

11. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე (ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები წარმოადგენენ არასრულწლოვან პირებს და მათი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის - მამის განცხადებების საფუძველზე (ტ. 1, ს.ფ. 88-91, ტ. 2, ს.ფ. 92-95).

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ორგანული კანონის 211 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობას საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღების შემთხვევაში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, თანხმობის გაცემის საფუძველს ქმნის საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებთან შეუსაბამობის არარსებობა (ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები). საქმის მასალებში დაცული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 27.07.2023 წლის № SSG 4 23 00170347 და 25.07.2023 წლის № SSG 3 23 00168745 წერილების (ტ. 1, ს.ფ. 120, ტ. 2, ს.ფ. 132), ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის 21.07.2023 წლის №00004038 და №00004039 წერილების (ტ. 1, ს.ფ. 121, ტ. 2, ს.ფ. 130) თანახმად, აღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელთა შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს მოსარჩელეთა საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობა.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, თუმცა მათი სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება დადებითი დასკვნის გაცემის წინაპირობას იძლევა (სუსგ №ბს-978(კ-23), 19.12.2023 წ.).

14. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-40 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიღებული იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

15. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მშობლები დაიბადნენ საქართველოში, მამა ამჟამადაც საქართველოს მოქალაქეა, მოსარჩელეებს საქართველოსთან შენარჩუნებული აქვთ კავშირი, რაც მათი მხრიდან საქართველოში მცხოვრებ ბებიასთან და სხვა ნათესავებთან ვიზიტში გამოიხატება, მოსარჩელეების მამა არის საქართველოში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე.

16. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება მასზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში მოსარჩელეთა მამის სახელზე ქონება რეგისტრირებული არ ყოფილა, რის გამო სასამართლოს აღნიშნული გარემოება გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა მიეღო მხედველობაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებული მონაცემებით ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთი, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მოსარჩელეთა მამის - ა. ა-ის საკუთრებად დარეგისტრირდა 21.04.2022 წელს (იხ. განცხ. №...). ამდენად, მოსარჩელეების მიერ სააგენტოსთვის განცხადებებით მიმართვის დროისთვის (07.07.2023წ.) საქართველოში მდებარე უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი ...) განმცხადებელების მამის საკუთრებას წარმოადგენდა.

17. მოსარჩელეთა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალები საერთოდ არ შეიცავს დასაბუთებას მოსარჩელეების საქართველოსთან კავშირის არარსებობაზე. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმებსა და სააგენტოს დასკვნებში ასახულია მხოლოდ მოსარჩელეთა ბიოგრაფიული ცნობები, ამ ცნობების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლებზე მითითების გარეშე (ტ. 1, ს.ფ. 131-134, ტ. 2, ს.ფ. 135-139, ). რაც შეეხება კასატორის მითითებას კომისიის წევრთა შინაგან რწმენაზე, აღნიშნული არ არის საკმარისი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, ვინაიდან შინაგანი რწმენა ყალიბდება სწორედ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, რაც უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელეების ოჯახის წევრების (მამის, ბებიის) საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის, საქართველოში უძრავი ქონების ფლობის ფაქტისა და მოსარჩელეთა მიერ მითითებული ბიოგრაფიული ცნობების არასაკმარისობის მტკიცება მოსარჩელეთა მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. იხ. სუსგ №ბს-758(2კ-24), 21.01.2025წ.; №ბს-1377(2კ-24), 28.03.2025წ.), ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.05.2025 წლის განჩინება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №12721, გადახდის თარიღი 02.07.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე