საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-752(კ-25) 21 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. ა-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ა-იმა 2023 წლის 08 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და მოითხოვა: „რ. ა-ის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 31 მაისის №04-00-გ/13282 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის SSA 0 23 00383143 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პენსიის 2 640 (ორი ათას ექვსას ორმოცი) ლარის, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე 520 (ხუთას ოცი) ლარის, 2022 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე 900 (ცხრაასი) ლარის, სულ ჯამში - 4060 (ოთხიათას სამოცი) ლარის ოდენობით რ. ა-ისთვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემის თობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „რ. ა-ის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 31 მაისის №04-00-გ/13282 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის SSA 0 23 00383143 გადაწყვეტილება, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პენსიის 2 640 (ორი ათას ექვსას ორმოცი) ლარის, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე 520 (ხუთას ოცი) ლარის, 2022 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე 900 (ცხრაასი) ლარის, სულ ჯამში - 4060 (ოთხიათას სამოცი) ლარის ოდენობით რ. ა-ისთვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემის თობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რ. ა-ის სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების თაობაზე შეტყობინება (2020 წლის 5 თებერვლის №... კორესპონდენცია) გაეგზავნა მისამართზე (ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №...), თუმცა ზემოაღნიშნული წერილი დაბრუნდა საფოსტო კურიერის მითითებით, „მოუკითხაობის გამო“. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების თაობაზე შეტყობინება მხარეს არ ჩაბარებია და მას შეეზღუდა გასაცემლის შეჩერების გასაჩივრების უფლება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარსული დროისათვის მიუღებელი პენსიის სრულად (მათ შორის, 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე პერიოდი) ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უკანონოა რ. ა-ის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 31 მაისის №04-00-გ/13282 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის SSA 0 23 00383143 გადაწყვეტილება, მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, რ. ა-ის მიეცეს მიუღებელი სახელმწიფო პენსია 2021 წლის 1 თებერვლიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პენსიის 2 640 (ორი ათას ექვსას ორმოცი) ლარი და 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე 520 (ხუთას ოცი) ლარი, 2022 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე 900 (ცხრაასი) ლარი, სულ ჯამში 4060 (ოთხიათას სამოცი) ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საკანონმდებლო ნორმებზე, საკასაციო პალატის დადგენილ პრაქტიკაზე (სუს 2014 წლის 30 ოქტომბრის საქმე Nბს-312-308(კ-14), 2022 წლის 10 მაისის საქმე Nბს-1023(კ-21), 2025 წლის 14 აპრილის საქმე Nბს-1324(კ-24) და აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლისთვის აქტის მხარისთვის ჩაუბარებლობა ავტომატურად არ უნდა გახდეს ხანდაზმულობის ვადების დაცვისგან თავის არიდების საშუალება. აქტის გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უნდა დაუკავშირდეს არა აქტის მატერიალური სახით გადაცემას, არამედ იმ მომენტს, როდესაც მან შეიტყო საკუთარი უფლების დარღვევისა და კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 25 მაისს რ. ა-იმა №28670 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს და მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება მოითხოვა. აღნიშნული განცხადებების პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 31 მაისის №04-00გ/13282 წერილით რ. ა-ის ეცნობა, რომ 2020 წლის 1 თებერვლიდან შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვა „სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობით. ამავე წერილით აღინიშნა, რომ გლდანინაძალადევის სერვის ცენტრის 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის შეჩერების შესახებ გაიგზავნა სერვის ცენტრიდან 2020 წლის 5 თებერვალს №... კორსპონდენციით, მისამართზე (თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №...), თუმცა ზემოაღნიშნული წერილი დაბრუნდა საფოსტო კურიერის მითითებით, „მოუკითხაობის გამო“. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ რ. ა-ისათვის სახელმწიფო გასაცემელი განახლდა 2022 წლის 1 ივნისიდან და გაიცა, როგორც ერთი წლის მიუღებელი პენსია, 2020 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 1 თებერვლამდე, ასევე 2022 წლის ივნისის თვის 300 ლარის ოდენობით, სულ - 2 960 ლარი. 2023 წლის 10 მარტს რ. ა-იმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 31 მაისის №04-00-გ/13282 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 10 აპრილის SSA 0 23 00383143 გადაწყვეტილებით რ. ა-ის უარი ეთქვა 2023 წლის 10 მარტის №256803 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს არეგულირებს, პენსიის ადმინისტრირების ორგანოს განსაზღვრავს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს ადგენს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის ასაკის მიღწევა, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ანალოგიურ დებულებას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ (დანართი №1) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას. ანალოგიურ დებულებას ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. შეჩერებული პენსიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან პენსია განახლდება და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან („წესის“ მე-20 მუხ. პირვ. პუნქტ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილია, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების შესაძლებლობა მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობის მატარებელია ის გარემოება, რომ არ დასტურდება პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება, აღნიშნულს არც ადმინისტრაციული ორგანო უარყოფს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძვლების სახით პენსიონერის მიმართ ფაქტობრივი გარემოებების წარმოშობა, პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მისი ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის გარეშე, დამოუკიდებლად ვერ განაპირობებს პენსიონერის მიმართ სამართლებრივი შედეგის - პენსიის შეჩერების დადგომას. მხოლოდ ის გარემოება, რომ პენსიის შეჩერების გადაწყვეტილებას საფუძვლად კანონით გათვალისწინებული ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი დაედო, რაც მართლაც იწვევს დამდგარ შედეგს, არ შეიძლება განხილულ იქნეს მიუღებელი სახელმწიფო პენსიის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის საკმარის სამართლებრივ საფუძვლად. პენსიის შეჩერების საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერებას, არამედ, შეჩერება საჭიროებს აღნიშნულის თაობაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისათვის შეტყობინებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ადრესატს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, საწინააღმდეგოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურდებს, საქმის მასალებით კი დგინდება, რომ პენსიის შეჩერების თაობაზე შეტყობინება სააგენტოში დაბრუნდა მითითებებით „დაუბრუნდეს გამომგზავნს...მოუკითხაობის გამო“ (იხ. ს.ფ.57).
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა ადრესატისათვის მის გაცნობაზეა დამოკიდებული. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა ხანდაზმულ პირს არ ავალდებულებს ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიის მიღებას. პენსიონერს უფლება აქვს, ერთიანად აიღოს და ისარგებლოს რამდენიმე თვის გასაცემლით. ამგვარი მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერების გადაწყვეტილების გამოცემის და მისი ადრესატისათვის ჩაბარების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი წესით გაცნობის საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება პირის სოციალური გარანტიების დაცვის კუთხით, რამდენადაც პირის ინფორმირებულობა ასეთ პირობებში არსებით გავლენას ახდენს მის მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ მოქმედებებზე. ამგვარი აქტის აღსრულების პირობებში, მიუღებელი საპენსიო გასაცემლების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის მნიშვნელოვანია აღსრულების შესახებ პირის ინფორმირებულობის საკითხი, კერძოდ, ის, თუ რამდენად იცოდა პირმა ან შეიძლება სცოდნოდა მას ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ (იხ. სუსგ 2018 წლის 27 დეკემბრის საქმე ბს-798(კ-18)). ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მაძიებელსა/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, საქმის მასალებით არ იკვეთება სააგენტოს მცდელობა, დოკუმენტის მატერიალური ფორმით მისამართზე ჩაუბარებლობის პირობებში, სატელეფონო ან ელექტრონული ფორმით მოეხდინა კომუნიკაცია ბენეფიციართან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან რ. ა-ისთვის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის პირობებში, არ იქნა დაცული საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნები. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებს, ასეთი აქტები ძალაში შედის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მისი ძალაში შესვლაც. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა მისთვის პენსიის დარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული, რაც ქმნის უკანონოდ შეჩერებული სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე