Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე #ბს-738(2კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 4 ივლისს ი. ფ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის სახით - 101 015 ლარის (სამსახურებრივი სარგო - 2007 წლის 12 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 მარტამდე) და მორალური ზიანის სახით - 10 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა ი. ფ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით ი. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-იმა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისრტაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს. ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის გაზრდის ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ფ-ის სარჩელი საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 13 878 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში ი. ფ-ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე 2009 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში და იღებდა შემოსავალს. ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარე უტყუარად დაადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პირობებში მიიღებდა უფრო მეტ შემოსავალს, ვიდრე მიიღო 2009 წლიდან დასაქმების შედეგად. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის შემოსავალი 2009 წლიდან ბევრად აღემატებოდა თანხის იმ ოდენობას, რასაც პირი მიიღებდა ხელფასის სახით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შედაგად. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2009 წლიდან მატერიალური ზიანის არსებობის ფაქტი არ დადასტურდა და ამ ნაწილში ი. ფ-ის სარჩელი იყო უსაფუძვლო. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა 2007 - 2008 წლებში, სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ ი. ფ-ის მიერ შემოსავალის მიუღებლობა; შესაბამისად, პალატის შეფასებით, 2007 წლის 12 ოქტომბრიდან - 2008 წლის დეკემბრის ჩათვლით ი. ფ-ის მიადგა მატერიალური ზიანი, რამეთუ ვერ მიიღო ხელფასით სახით კონკრეტული ოდენობის თანხა. სასამართლომ გამოიკვლია, რომ ი. ფ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ად მუშაობის პერიოდში (2007 წელს), მისი ხელზე ასაღები ხელფასი თვეში შეადგენდა 954,80 ლარს; პალატამ ზედმიწევნით დაიანგარაშა ი. ფ-ის მიერ მისაღები თანხის ოდენობა და დაადგინა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. ფ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანი - განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 13 878 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ი. ფ-იმა, ასევე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ერთი მხრივ საქართველოს გენერალური პროკურატურა მოსარჩელისათვის მატერიალური ზინის მიყენების ფაქტს ხდის სადავოდ; ხოლო, მეორე მხრივ - ი. ფ-ი მოითხოვს 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 2015 წლის 31 მარტამდე მიუღებელი ხელფასის სრულ ანაზღაურებას, რამეთუ იგი ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს როგორც რეაბილიტირებული პირი და არა როგორც უკანონოდ სამსახურიდან დათხოვნილი სუბიექტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ი. ფ-ის საკასაციო საჩივრები.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ი. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის გაზრდის ნაწილში ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინება. შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში 13 878 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის #1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის #2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის შეფასებას, იმის თაობაზე რომ ი. ფ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებაში არ არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას; საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.

საკასაციო სასამართლო მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მიუთითებს საქმეში დამატებით წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის ცნობაზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ი. ფ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ად მსახურობის პერიოდში (2007 წელს), მისი ხელზე ასაღები ხელფასი თვეში შეადგენდა 954,80 ლარს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ი. ფ-ის წარმომადგენელი სასამართლოს დაეთანხმა, სწორედ ზემოაღნიშნულ დოკუმენტში მითითებული თანხის თვიური შემოსავლის ოდენობის მიხედვით მომხდარიყო ზიანის ოდენობის დაანგარიშება. სააპელაციო სასამართლომ ზედმიწევნით გამოითვალა 2007-2008 წლებში ი. ფ-ის მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობა, რომლის ჯამური ოდენობა 13 878 ლარი გამოვიდა.

საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს საქმეში დაცულ ინფორმაციას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი მონაცემების შესაბამისად 2024 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ი. ფ-ის მიერ 2007 წლის დეკემბრიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით მიღებული შემოსავლის თაობაზე; ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ი. ფ-ის 2007 წლის დეკემბრიდან 2009 წლამდე შემოსავალი არ უფიქსირდება; თუმცა, 2009 წლიდან სხვადასხვა კომპანიიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი რიცხობრივად აღემატება თანხის იმ ოდენობას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შემთხვევაში; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ი. ფ-ისათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ 2007-2009 წლებში; რამეთუ მას შემდეგ რაც ი. ფ-იმა 2009 წელს დაიწყო მუშაობა კერძო კომპანიაში, ის ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე იქნებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შემთხვევაში;

საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. პალატა მიუთითებს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ამრიგად, საკასაციო პალატის განმარტებით კასატორის მითითება 2007-2015 წლებში მიყენებული მატერიალური ზიანის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი. ფ-ის სახელმწიფოს მხრიდან მიადგა მატერიალური ზიანი იმ პერიოდში, როდესაც ის დარჩა სამსახურის გარეშე; თუმცა, ვინაიდან 2009 წლიდან ის ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე იქნებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მატერიალური ზიანის არსებობის ფაქტი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ი. ფ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 13 878 ლარის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ი. ფ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა