საქმე №ბს-1350(კ-24)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე. ხ-ა
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტი
დავის საგანი - საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე გამოცემული უარყოფითი დასკვნის მართლზომიერება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ხ-ამ 20.02.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა ე. ხ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.01.2023 წლის №1000830214 უარყოფითი დასკვნის ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გამოცემის და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტისათვის გადაგზავნის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.2023 წლის განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.2023 წლის გადაწყვეტილებით ე. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ე. ხ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 23.01.2023 წლის №1000830214 უარყოფითი დასკვნა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ე. ხ-ასათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტისათვის გადაგზავნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2024 წლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს არეგულირებს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 1-ელი მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. გარდა ამისა, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 17.3 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები, თუმცა ამგვარი ვალდებულებისგან მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, არასრულწლოვანი პირი გათავისუფლებულია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ე. ხ-ამ 10.10.2022 წელს განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. განცხადებაში მითითებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ იგი დაიბადა ... წელს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში, თუმცა საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის საქართველოს მოქალაქე, კერძოდ, მისი დედა დაბადებულია საქართველოში და მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო ბებია და ბაბუა არიან ქართველები და ცხოვრობენ საქართველოში. ანკეტაში აღნიშნულია, რომ მას სურს იცხოვროს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად საქართველოში, კერძოდ, ბათუმში, სადაც მათ საკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, გაურკვეველია აპელანტის მითითება დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროების შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არის არასრულწლოვანი პირი და მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია ბავშვთან მიმართებით, მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღების სავალდებულოობა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ეს ძირითადი პრინციპი, რაც მოპასუხის მხრიდან უგულებელყოფილი იქნა. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ არის დასაბუთებული და არ შეიცავს მსჯელობას თუ რა არგუმენტები დაუპირისპირა ადმინისტრაციულმა ორგანომ ბავშვის ინტერესის საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოება მოპასუხისათვის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ცნობილი იყო, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საერთოდ არ მომხდარა არასრუწლოვნის საუკეთესო ინტერესების შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს არ გაუთვალისწინებია მოქალაქეობის, როგორც ინსტიტუტის სუბიექტური ხასიათი. თუ პირს დაბადებით არ აქვს მოპოვებული მოქალაქეობა, არ შეიძლება მხოლოდ მშობლის მოქალაქეობამ იქონიოს გავლენა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის დროს. კასატორის მოსაზრებით, არასწორია ბავშვთა უფლებებზე და საუკეთესო ინტერესებზე აპელირება, ვინაიდან ე. ხ-ა არ არის მოქალაქეობის არმქონე პირი, მას აქვს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, საქართველოში შემოდის შეუფერხებლად, აქვს საშუალება მიიღოს სამედიცინო სერვისი, განათლება, იყოს ოჯახთან. შესაბამისად, გაუგებარია რა კავშირშია ბავშვის საუკეთესო ინტერესი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან. კასატორი მიუთითებს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება პირს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს ანიჭებს. კერძოდ, განსხვავებით დაბადებით საქართველოს მოქალაქისგან, მას უფლება აქვს კანონიერად ფლობდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესის არსებობისას. მოსარჩელესთან დაკავშირებით არცერთი მტკიცებულება არ არის დაცული საქმეში, რაც მოცემულ გარემოებებს დაადასტურებდა. მოქალაქეობის მიღების ერთადერთ მოტივად მხარე ასახელებს იმას, რომ მას სურს საქართველოში სამომავლოდ ცხოვრება. სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე თუ რატომ უნდა მიენიჭოს ე. ხ-ას საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა და რატომ არ შეუძლია გამოიყენოს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები როგორიცაა მაგალითად ბინადრობის ნებართვა.
კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია ყველა მტკიცებულების და გასაუბრების ეტაპზე შექმნილი შინაგანი რწმენის საფუძველზე ამოწმებს პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის 211 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას.
კასატორმა აღნიშნა, რომ 20.01.2023 წელს კომისია გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის ე. ხ-ას მამას. გასაუბრება კომისიის წევრებსა და გასაუბრებაზე მოწვეულ პირს შორის წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი პირის წარსული მოღვაწეობის, ოჯახური მდგომარეობის, პროფესიის, საქართველოში დასაქმების და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის, ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში საქმიანობის, საქართველოსა და ამჟამინდელი მოქალაქეობის ქვეყანაში ქონების ფლობის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივის თაობაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით გამოირკვა, რომ ე. ხ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაიბადა რუსეთის ფედერაციაში, საშუალო განათლებას იღებს რუსეთში, მშობლები არიან რუსეთის მოქალაქეები, მამა დასაქმებულია სავაჭრო სფეროში რუსეთში, დედა კი არის დიასახლისი, ჰყავს ორი ძმა, რომლებიც არიან რუსეთის მოქალაქეები, საქართველოში ჰყავს ბებია და ბაბუა, რომლებთანაც ჩამოდის პერიოდულად. კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, ინფორმაცია და მიიჩნია, რომ ე. ხ-ა ვერ აკმაყოფილებდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით; ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით; ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხს არეგულირებს ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ე. ხ-ა დაიბადა ... წელს, რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში, არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 10.10.2022 წელს ნ. ხ-ამ (ე. ხ-ას დედამ) განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მისი შვილისთვის - ე. ხ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. ნ. ხ-ამ და მ. ხ-მა წერილობითი თანხმობა განაცხადეს მათი არასრულწლოვანი შვილის - ე. ხ-ასათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდება, რომ ე. ხ-ას დედა ნ. ხ-ა ... წელს დაიბადა ქ. ბათუმში, გაიზარდა საქართველოში, მიიღო საშუალო განათლება და ოთხმოცდაათიან წლებში ემიგრაციაში წავიდა რუსეთში, სადაც დაოჯახდა და ეყოლა შვილი - ე. ხ-ა. საქართველოს პრეზიდენტის 18.10.2012 წლის ბრძანებულებით ნ. ხ-ას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქეები არიან ე. ხ-ას ბებია და ბაბუა, ასევე მისი დეიდა. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივად დასახელებულია ის გარემოება, რომ ეკატერინას დედა არის ეთნიკურად ქართველი, მათ საქართველო მიაჩნიათ საკუთარ სამშობლოდ, ასევე საქართველოში ჰყავთ ნათესავები, სადაც ზაფხულობით ყოველწლიურად ჩამოდიან დასასვენებლად და სამომავლოდ აპირებენ საქართველოში ცხოვრებას. მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძვლებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოპასუხემ სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ასევე საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი წერილების საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წერილით დგინდება, რომ მოსარჩელის მიმართ გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობს. მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ 20.01.2023 წლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის ე. ხ-ას მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. კომისიამ 20.01.2023 წელს ე. ხ-ას მამასთან გასაუბრების, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნებს. კომისიამ დაადგინა, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და დებულების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება. ამდენად, გასაჩივრებული დასკვნა ეფუძნება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და მოსარჩელის მამასთან ჩატარებული გასაუბრების შედეგებს, რომლითაც დგინდება, რომ ე. ხ-ა დაიბადა რუსეთში და არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ასევე რუსეთში იღებს საშუალო განათლებას. ეკატერინას მშობლები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მამა დასაქმებულია სავაჭრო სფეროში, დედა არის დიასახლისი, ჰყავს ორი ძმა რუსეთის მოქალაქეები, საქართველოში ეკატერინას ჰყავს ბებია და ბაბუა, ასევე საქართველოში ჩამოდის პერიოდულად. ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებულია ასევე საქმეში დაცული წერილობითი რეკომენდაციებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 17.1 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, ხოლო მეორე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოსარჩელის განაცხადის ფორმაში მოქალაქეობის მინიჭების კანონიერ საფუძვლად მითითებულია სწორედ ზემოაღნიშნული პუნქტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დასკვნა არ არის დასაბუთებული, არ არის მითითებული მოსარჩელის მიმართ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები. სარჩელში აღნიშნულია, რომ ე. ხ-ას დედა, რომელიც დაბადებულია ქ. ბათუმში, ემიგრაციაში წავიდა რუსეთში 90-იან წლებში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოება არ არის შეფასებული, არ არის გამოკვლეული ემიგრაციაში წასვლის პერიოდი და მოტივი. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ე. ხ-ას დედისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლად პრეზიდენტის 18.10.2012 წლის ბრძანებულებაში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი (ბრძანებულების გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. მსგავს დებულებას შეიცავს დღეს მოქმედი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 17.1 მუხლი. ამდენად, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ე. ხ-ა ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან დადასტურებულია, არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მომზადების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2024 წლის განჩინება;
3.სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 21.11.2024 წლის №26758 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე