საქმე №ბს-1092(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ხ-ი
დავის საგანი - ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ხ-მა 18.03.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ა. ხ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი მიუღებელი დახმარების - 7 000 (შვიდი ათასი) და 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2023 წლის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024 წლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2023 წლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ს შორის 02.07.2007 წელს გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. დასახელებული კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადად განისაზღვრა 4 (ოთხი) წელი, რომლის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან და რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ს შორის 02.07.2011 წელს გაფორმდა კონტრაქტი „კაპრალ სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. დასახელებული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.1 პუნქტის თანახმად, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას დაეცვა სამხედრო მოსამსახურის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობები, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, ამავე მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად კი, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას კანონმდებლობის შესაბამისად გაეცა ერთჯერადი დახმარება, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ს შორის 17.02.2012 წელს გაფორმდა №209 შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმად, 02.07.2011 წლის კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ს შორის მორიგი კონტრაქტი გაფორმდა 02.07.2021 წელს 4 წლის ვადით. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 14.11.2022 წლის №MOD52200005048 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ...ის (...) ...ი (საშტატო კატეგორია „კაპრალ-სპეციალისტი“; შტატი №...), ავიაციის უფროსი სერჟანტი ა. ხ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2023 წლის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრებული იყო მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც დავის განხილვის ფარგლებიდან გამომდინარე ქმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში გადამოწმების საფუძველს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალური მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018 წლის №1 ბრძანების 58-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7 000 ლარის ოდენობით, თუ აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 7 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომლებიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14 000 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დახმარება. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის 02.07.2011 წელს გაფორმებული კონტრაქტის მოქმედების ვადამ საერთო ჯამში შეადგინა 10 წელი, რაც მოიცავს კანონით დადგენილ რვა წლიან ვადასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალური მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018 წლის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს (სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომლებიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14000 ლარის ოდენობით). შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ა. ხ-ის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დაკმაყოფილებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავო საკითხს წარმოადგენდა ა. ხ-თან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.02.2009 წლის №122 ბრძანებით დამტკიცებული „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 02.07.2011 წელს გაფორმებული №41836 კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22.02.2011 წლის №120 ბრძანებით დამტკიცებული შეთანხმების ოქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა 10 წლით და ჯამში აღნიშნული კონტრაქტის საერთო ვადამ შეადგინა 10 წელი (რომელიც დასრულდა 2021 წლის ივლისის თვეში). კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან კონტრაქტის მოქმედების ვადამ საერთო ჯამში შეადგინა 10 წელი, აღნიშნული მოიცავს კანონით დადგენილ რვა წლიან ვადასაც. კასატორის მოსაზრებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018 წლის №1 ბრძანების 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი იმპერატიულად ჩამოთვლის ცალკეულ კონტრაქტებს, რომელთა ვადის ამოწურვის შემდგომაც სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14 000 ლარის ოდენობით. კასატორი თვლის, რომ სამინისტრო მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა ფარგლებში, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018 წლის №1 ბრძანება არ ითვალისწინებდა 10 წლიანი კონტრაქტის დასრულების შემთხვევაში რაიმე სახის თანხის გაცემის ვალდებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ხ-ს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2023 წლის გადაწყვეტილება. შესაბამისად, მის მიერ არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024 წლის განჩინება გასაჩივრებულა საკასაციო წესით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი - მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი კომპენსაციის - 14 000 ლარის დაკისრების მართლზომიერების საკითხი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ს შორის 02.07.2011 წელს გაფორმდა კონტრაქტი „კაპრალ სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომელიც სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ამდენად, დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება. სზაკ-ის 65.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სკ-ის 317.1 მუხლის მიხედვით ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტიდან) და კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება, კონტრაქტის ორივე მხარე იყო უფლებებითა და მოვალეობებით აღჭურვილი, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურემ - ა. ხ-მა იკისრა ვალდებულება განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამხედრო სამსახურში (კონტრაქტის 1.1. მუხ.), რასაც შეესაბამებოდა თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გაეცა ერთჯერადი დახმარება (კონტრაქტის 5.1.2. მუხ.). ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა 4 წლის ვადით. 17.02.2012 წელს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ს შორის გაფორმდა №209 შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმად კონტრაქტის მოქმედების ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 10 წლით კონტრაქტის ამოქმედების თარიღიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა. ხ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 17.02.2012 წელს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული, ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას და არ შეიცავს მითითებას მხარის მდგომარეობის გაუარესებაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის, ერთჯერადი დახმარების მიღების ვალდებულების გაუქმებაზე. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან 5.1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეცვლის თაობაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების ეს პირობა უცვლელი დარჩა. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ა. ხ-ს შორის 02.07.2011 წელს დადებული ხელშეკრულების ვადის 10 წლამდე გაგრძელება არ ადასტურებს ამავე ხელშეკრულების 5.1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მატერიალური მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018 წლის №1 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 58-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომლებიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14 000 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ა. ხ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 02.07.2011 წელს დადებული კონტრაქტის მოქმედების საერთო ვადამ ჯამში შეადგინა 10 წელი, რაც მოიცავს კანონით დადგენილ 8 წლიან ვადასაც. კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.01.2018 წლის №1 ბრძანება არ ითვალისწინებდა 10 წლიანი კონტრაქტის დასრულების შემთხვევაში რაიმე სახის თანხის გაცემას, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, კასატორის მოსაზრება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2007 წლიდან 2022 წლამდე უწყვეტ სამართალურთიერთობაში იყო მოპასუხესთან. იმ პირობებში, თუ თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტრაქტის საერთო ვადის გაზრდა გააუარესებდა ა. ხ-ის მდგომარეობას, იმოქმედებდა ხელშეკრულებით მისაღებ სარგებელზე, ცხადია, სამხედრო მოსამსახურე არ იქნებოდა თანახმა ამგვარ შეთანხმებაზე და იმავე სამსახურის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, 4 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გააფორმებდა ახალ ხელშეკრულებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა. მითითებული ნორმის შინაარსი შეიცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების დაცულობის გარანტიას, იმ შემთხვევებისათვის, თუკი ხელშეკრულების პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მაშინ ეს პირობა ბათილია და ძალა არა აქვს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 17.02.2012 წლის №209 შეთანხმების ოქმი არ შეიცავს რაიმე ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ა. ხ-ი თანხმობას გამოთქვამდა კონტრქტის ვადის 10 წლამდე გაგრძელების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გაუქმებაზე. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ კონტრაქტის პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად იმსახურა შეიარაღებულ ძალებში, რაც ქმნის მის მიმართ ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.04.2024 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე