საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-979(კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - დ. ჭ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 20 ნოემბერს დ. ჭ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 22 სექტემბრის №408 პ/შ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1975 წლიდან 1977 წლამდე მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ხოლო 1978 წლიდან 30 სექტემბრიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სადაც ბოლოს პოლიციის მაიორის წოდებით მუშაობდა ... უფროსად ქ. მოსკოვში. მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაციის შედეგად, იგი სიტყვიერი მიმართვის საფუძველზე, 1998 წელს დაიტოვეს სამსახურიდან, თუმცა წერილობითი ბრძანება არ ჩაჰბარებია.
მოსარჩელის მითითებით, მას სურდა პენსიის დანიშვნა და 2023 წლის 9 ოქტომბერს მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს. 2023 წლის 20 ოქტომბერს დ. ჭ-ას გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანება გათავისუფლების შესახებ, რომელსაც საფუძვლად ედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1997 წლის 29 ივლისის №642 ბრძანება. თუმცა, მოსარჩელემ მიუთითა შსს ...ი დეპარტამენტის ...ის განყოფილების უფროსის 2023 წლის 16 ნოემბრის წერილზე, რომლის თანახმად, შსს 1997 წლის 29 ივლისის №642 ბრძანების რეკვიზიტები არ ემთხვეოდა შსს ...ის განყოფილებაში დაცულ დოკუმენტაციას. აღნიშნული კი, მოსარჩელის აზრით მიუთითებდა იმაზე, რომ მისი გათავისუფლების შესახებ 1998 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანების საფუძვლად მითითებული 1997 წლის 29 ივლისის №642 ბრძანება არ არსებობდა, შესაბამისად სახეზე იყო №408 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1998 წლის 22 სექტემბრის №408 პ/შ ბრძანებით, პოლიციის მაიორი დ. ჭ-ა დათხოვნილ იქნა 1995 წლის 10 ნოემბრიდან საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით 1995 წლის 10 აგვისტოდან 1995 წლის 10 ნოემბრამდე (საფუძველი საქ. შსს 1997 წლის 29 ივლისის №642 ბრძანება). მოსარჩელემ კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წინამდებარე სარჩელით მიმართა 2023 წლის 20 ნოემბერს და მოითხოვა აღნიშნული ბრძანების ნაწილობრივ (მის ნაწილში) ბათილად ცნობა.
სასამართლოს მითითებით, ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარღვეული იყო კანონმდებლობით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის 1 თვიანი ვადა. საქალაქო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა გამოცემისთანავე, რამეთუ იგი დათხოვნილ იქნა რა საქართველოს შს სამინისტროს რიგებიდან, ვეღარ ისარგებლებდა იმ სოციალური გარანტიებით (მაგ. ხელფასი და სხვა), რაც მას ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გააჩნდა, შესაბამისად აღნიშნული ბრძანების სადავოდ გახდა მას შეეძლო 1998 წელს და არა 2023 წლის 20 ნოემბერს (25 წლის შემდგომ). სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ გასაჩივრების წესი კანონმდებლის მიერ იმპერატიულად არის დადგენილი და მითითებული ნორმის სხვაგვარად განმარტება დაუშვებელია, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რაც სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობად მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა დ. ჭ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 22 სექტემბრის 1998 წლამდე სამართლებრივი ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას თავდაპირველად წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 22 სექტემბრის №408 პ/შ ბრძანების მის ნაწილში ბათილად ცნობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის შეთავაზებული იქნა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება იმ სახით, რომელიც უზრუნველყოფდა მხარისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზებას, რის შედეგადაც მოსარჩელემ აღიარებითი სარჩელის ფარგლებში მოახდინა მოთხოვნის ტრანსფორმირება და მოითხოვა დ. ჭ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 1998 წლის 22 სექტემბრამდე (შსს მინისტრის 1998 წლის 22 სექტემბრის №408პ/შ ბრძანების გამოცემის თარიღამდე) სამართლებრივი ურთიერთობაში (შსს კადრებისა და პირადი შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში) ყოფნის ფაქტის დადგენა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჭ-ამ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი წელთა ნამსახურობის გაანგარიშების მიზნით, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს 2023 წლის 18 ოქტომბრის MIA1 23 03048754 წერილით ეცნობა, რომ მისი კალენდარული ნამსახურობა იყო 19 წელი, 1 თვე და 27 დღე.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. ბოლო მისი პოზიცია იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ის განყოფილება, რომელიც გაუქმდა 1995 წლის 10 აგვისტოს, შედეგად მოსარჩელე აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, შემდგომ კი 1998 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებით განთავისუფლდა 1995 წლის 10 ნოემბრიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანება, განკარგულება, დადგენილება წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, აღნიშნული სახის გადაწყვეტილებით დადგენილი მოცემულობა შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მისი გამოცემის შემდგომ და დაინტერესებული პირისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის პირობებში. პალატის მითითებით, დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაა, რაც მოითხოვს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას და მისი ადრესატისთვის გაცნობას. სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ადრესატის განთავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელის სამართლებრივი შედეგის დადგომის უკანა თარიღით განსაზღვრა ეწინააღმდეგება კანონის მიზანს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ჭ-ასთვის სამართლებრივი შედეგი - სამსახურიდან გათავისუფლება წარმოიშვა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 22 სექტემბრის №408 პ/შ ბრძანების გამოცემის შემდგომ და არა 1995 წლის 10 ნოემბრიდან, როგორც ეს №408 პ/შ ბრძანებაში იყო მითითებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 22 სექტემბრის №408პ/შ ბრძანებით, პოლიციის მაიორი დ. ჭ-ა, 1995 წლის 10 ნოემბრიდან საქართველოს შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით 1995 წლის 10 აგვისტოდან 1995 წლის 10 ნოემბრამდე, დათხოვნილ იქნა. ამასთან, კასატორის მითითებით, დ. ჭ-ამ №2952980 განცხადებაში მიუთითა, რომ იგი რეორგანიზაციასა და კადრების შემცირებასთან დაკავშირებით აიყვანეს კადრების განკარგულებაში და ოჯახური პირობების გამო იმ წლებში საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა. აღნიშნულით კი, მან პრაქტიკულად თავად დაადასტურა, რომ 1995 წლიდან აღარ მუშაობდა, შესაბამისად, ვერ დადგინდებოდა 1998 წლის 22 სექტემბრამდე სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი.
კასატორი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, აგრეთვე დასახელებული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან. აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, კასატორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი, ხოლო წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრებში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
2025 წლის 20 ოქტომბერს დ. ჭ-ამ საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც მათ შორის ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელზე თანდართული, რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, 1996 წლის 29 ივლისის ბრძანების 2.3 პუნქტით მინისტრი კადრების სამმართველოს უფროსს ავალებდა ორი თვის ვადაში (ანუ 1996 წლის 29 სექტემბრამდე) გადაეწყვიტა 1995-1996 წლებში შსს სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად შტატგარეშე დარჩენილი და კადრების განკარგულებაში აყვანილი თანამშრომლების შრომითი მოწყობის საკითხი, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში ვერ მოხერხდებოდა მათი შრომითი მოწყობა, დაეთხოვა შს ორგანოებიდან შტატების შემცირებით. შესაგებლის ავტორმა აღნიშნა, რომ დასახელებული ბრძანების შესაბამისად, 1996 წლის 29 სექტემბრამდე უნდა გარკვეულიყო დ. ჭ-ას ან სამსახურში დარჩენის ან მისი დათხოვნის საკითხი, რაც მიუთითებდა 1995 წელს მისი დათხოვნის შეუძლებლობაზე და ადასტურებდა დ. ჭ-ას მოთხოვნის კანონიერებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 22 სექტემბრის №408 პ/შ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თუმცა ვინაიდან დასახელებული აქტის ბათილად ცნობით, მოსარჩელის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა არა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, არამედ მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების მიმდინარეობის ეტაპზე მოხდა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - დადგენილ იქნეს დ. ჭ-ასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 22 სექტემბრის 1998 წლამდე (შსს მინისტრის 1998 წლის 22 სექტემბრის №408პ/შ ბრძანების გამოცემის თარიღამდე) სამართლებრივი ურთიერთობაში (შსს ...ის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში) ყოფნის ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო წინამდებარე დავის ფარგლებში იმსჯელებს სწორედ აღნიშნული ფაქტის დადგენის წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. ჭ-ამ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი წელთა ნამსახურობის გაანგარიშების მიზნით, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს 2023 წლის 18 ოქტომბრის MIA1 23 03048754 წერილით ეცნობა, რომ მისი კალენდარული ნამსახურობა შეადგენდა 19 წელს, 1 თვეს და 27 დღეს, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნის თარიღი უნდა განსაზღვრულიყო არა 1995 წლის 10 ნოემბერი, არამედ ბრძანების მიღების თარიღიდან (1998 წლის 22 სექტემბერი).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ჭ-ამ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა 1975 წლის 24 ოქტომბრიდან - 1977 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით (სამხედრო ბილეთი HO N...). სსრკ შს სამინისტროს ...ის საშუალო სპეციალური მილიციის სკოლის უფროსის 1978 წლის 30 სექტემბრის №359 - პ/შ ბრძანებით, დ. ჭ-ა 1978 წლის 1 ოქტომბრიდან ჩარიცხულ იქნა ამავე სკოლის დასწრებული სწავლების პირველ კურსზე კურსანტად და მიენიჭა სპეციალური წოდება „მილიციის რიგითი“, სსრკ შს სამინისტროს ...ის ოლქის შს სამმართველოს უფროსის 1980 წლის 30 ოქტომბრის №640 - პ/შ ბრძანებით, სსრკ შს სამინისტროს ...ის საშუალო სპეციალური მილიციის სკოლის კურსდამთავრებული, მილიციის ლეიტენანტი დ. ჭ-ა დაინიშნა სსრკ შს სამინისტროს ...ის ოლქის შს სამმართველოს ...ის შს საქალაქო განყოფილების უფროს ინსპექტორად. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1993 წლის 11 ნოემბრის №541 პ/შ ბრძანების თანახმად კი, პოლიციის მაიორი დ. ჭ-ა დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის შსს ...ის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების ...ის უფროსად ქ. მოსკოვში, 1993 წლის 12 ნოემბრიდან, 1992 წლის 25 სექტემბრიდან 1993 წლის 12 ნოემბრამდე კადრების სამმართველოს განკარგულებაში ყოფნით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა 1995 წლის 8 ივნისის №390 ბრძანება ...ის სამმართველოს ...ის სხვა უწყებაში გადასვლასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხების მოგვარების მიზნით. აღნიშნულის შემდგომ კი მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1995 წლის 10 აგვისტოს №563 ბრძანება, რომლის თანახმადაც, დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების შტატებში ცვლილებების ჩამონათვალი. აღნიშნული ბრძანების დანართში მითითებულ იქნა, რომ ხსენებული განყოფილება უქმდებოდა და მცირდებოდა ყველა თანამდებობა. გარდა ამისა, საქმის მასალებში მოიპოვება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1996 წლის 29 ივლისის №642 ბრძანება შს ორგანოების თანამშრომელთა კადრების განკარგულებაში აყვანის მკვეთრად შეზღუდვის შესახებ.
დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. ბოლოს იგი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ...ის სამმართველოს ...ის განყოფილებაში, რომელიც გაუქმდა 1995 წლის 10 აგვისტოს, შედეგად მოსარჩელე აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, შემდგომ კი 1998 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებით განთავისუფლდა 1995 წლის 10 ნოემბრიდან.
საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიუთითებს მოსარჩელის სამსახურებრივი ურთიერთობის მიმდინარეობის პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 31.10.1997, №1022) 31-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება ბრძანებით. დ. ჭ-ას განთავისუფლების შესახებ ბრძანების მიღების დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ (ძალადაკარგულია - 27.10.2015, №4346) საქართველოს კანონის 110-ე მუხლის მიხედვით კი, სამსახურიდან განთავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული შესაბამისი აქტი უკავშირდება შესაბამის პირს და განსაზღვრავს მის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს, ამდენად მასში არსებული მოწესრიგება აქტის ადრესატს უნდა უქმნიდეს წარმოდგენას მის მიმართ დასახელებული აქტის საფუძველზე გამოსაყენებელი ღონისძიების შესახებ და არ შეიძლება მიემართებოდეს წარსულ დროს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებით დადგენილი მოცემულობა შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მისი მიღების/გამოცემის შემდგომ და დაინტერესებული პირისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის პირობებში. ამასთან, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, როცა ეს აქტი გამოიცემა, ვინაიდან მან სამართლებრივი შედეგები შეიძლება განსაზღვროს მხოლოდ გამოცემის შემდგომ პერიოდზე. ძალაში შესვლის გარეშე კი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვერ იარსებებს, ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დ. ჭ-ასთვის სამართლებრივი შედეგი - სამსახურიდან გათავისუფლება წარმოიშვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1998 წლის 22 სექტემბრის №408 პ/შ ბრძანების გამოცემით და არ 1995 წლის 10 ნოემბრიდან, როგორც ეს №408 პ/შ ბრძანებაშია მითითებული. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება არ წარმოადგენს ამ ვადის გასვლის თანმდევ შედეგს (კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას და არა სავალდებულოობას - მუხლი 35), 1995 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით კი მსგავსი სახის რეგულაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე აქტის გამოცემის აუცილებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მიქაუტაძე
ბ. სტურუა