Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-800(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ჭ-ა, მ. ჭ-ა, ს. ჭ-ა ა. ლ. შ-ა (კანონიერი წარმომადგენელი - ბ. ჭ-ა)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 3 სექტემბერს ბ. ჭ-ამ, მ. ჭ-ამ, ს. ჭ-ამ და ა -ლ. შ-ამ (კანონიერი წარმომადგენელი - ბ. ჭ-ა) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ცხოვრობენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. მეწყრული ზონის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა მათი საცხოვრებელი; გეოლოგიური დასკვნით აუცილებელი იყო იქ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, ვინაიდან ჭ-ების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. ზემოაღნიშნუოლი დასკვნის საფუძველზე ჭითანავების ოჯახმა მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ მათი განაცხადი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა;

ამრიგად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 მაისის №IDP 5 24 00000448 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბ. ჭ-ას, მ. ჭ-ას, ს. ჭ-ასა და არასრულწლოვან ა. ლ. შ-ას (კანონიერი წარმომადგენლის - ბ. ჭ-ას) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 მაისის №IDP 5 24 00000448 ბრძანება; დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ; მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 20 ნოემბერს ბ. ჭ-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი სახლი მიღების თაობაზე. განაცხადში, ბ. ჭ-ას ოჯახის წევრად ფიქსირდება შვილი - ა. ლ. შ-ა და მშობლები - მ. ჭ-ა (მამა) და ს. ჭ-ა (დედა). ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი/დაზარალების მისამართია სამეგრელო-ზემო სვანეთი, ...ი, სოფელი ...ი. დაბადების მოწმობის თანახმად, ა. ლ. შ-ა არის ბ. ჭ-ას შვილი. საქმეში წარმოდგენილი ბ. ჭ-ას დაბადების მოწმობის თანახმად, მ. ჭ-ა (მამა) და ს. ჭ-ა (დედა) არიან ბ. ჭ-ას მშობლები. 2024 წლის 3 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ...ი, სოფელი ...ი, მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი შენობით (ს.კ. ...) ეკუთვნის მ. და ბ. ჭ-ებს. 2024 წლის 18 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ...ის ქ. N29 (ს.კ. ...) 2/32 წილი, ბინა №6 არის ბ. ჭ-ას საკუთრება. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ბ. ჭ-ას საკარმიდამო ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ერთი ნახევრად კაპიტალური ორსართულიანი და მე-2 ერთსართულიანი ხის კონსტრუქციის სახლი, მდებარეობს ... მარჯვენა შენაკადის სათავის მარჯვენა მხარეს, ცვალებადი დახრილობის მქონე ფერდობის ზედა ნაწილში. ორივე საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობა და საკარმიდამო ნაკვეთი მოქცეულია მეორადი გენერაციის და დაბალი დინამიკის მქონე სხეულის არეალში, რის გამოც ორსართულიანი სახლის პირველი კაპიტალური სართულის ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარის კუთხეები და კედლები დიაგონალური და ვერტიკალური გამჭოლი ბზარებითაა დეფორმირებული. სახლის მე-2 ხის სართულზე კარ-ფანჯრები დეფორმაციის გამო გაჭირვებით იღება-იხურება. რაც შეეხება მეორე, ხის ერთსართულიან, ხიმინჯებზე დაფუძნებულ სახლს, ხის იატაკი მნიშვნელოვნადაა დახრილი, კარ-ფანჯრებს უჭირს დახურვა-გაღება. ეზოში არსებული ბეტონის საფარიანი ბილიკები დეფორმირებულია (დაბზარული და დანაპრალიანებული). პირველი დეფორმაციის ნიშნები დაფიქსირდა 4-5 წლის წინ და მზარდი ხასიათი შეიძინა. დასკვნის მიხედვით, ორივე სახლის დეფორმაციის ხარისხი მაღალია, ატარებს შეუქცევად ხასიათს და სავსებით რეალურია მათი ავარიულ ხარისხამდე გაზრდა, რაც საფრთხეს შეუქმნის მის ბინადართა უსაფრთხოებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ბ. ჭ-ას ოჯახის მეწყრული საშიშროების რისკის ზონიდან გეოლოგიურად უსაფრთხო მდგრად ადგილზე გადასახლება. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 30 იანვრის წერილით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გაეგზავნა სოფ. ...ში მეწყრული მოვლენებისგან დაზარალებული მ. ჭ-ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ფოტომასალა და სახლში მცხოვრებ მოქალაქეთა მონაცემები. ამავე წერილში მერიამ მიუთითა, რომ აღნიშნულ პირებს სხვა საცხოვრებელი ფართი არ აქვთ. 2024 წლის 17 თებერვალს მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდა ბ. ჭ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (მდ. ...ი, სოფ. ...ი) მონიტორინგი. 2024 წლის 28 თებერვალს მონიტორინგი განხორციელდა ასევე ბ. ჭ-ას კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე თბილისი, ...ის ქ. №29. ოქმის თანახმად, ბ. ჭ-ა ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად 15კვ.მ ბინაში. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 2024 წლის 25 აპრილის სხდომაზე, ბ. ჭ-ას განაცხადი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ოჯახს საკუთრებაში აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ქ. თბილისში, ...ის ქ. 29. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 1 მაისის №IDP 5 24 00000448 ბრძანებით ბ. ჭ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-12 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ შეფასებულა განმცხადებლის მიერ მითითებული არგუმენტები და ფაქტები, რაც მას უქმნიდა განსახლების გადაუდებელ აუცილებლობას. საქემზე დადგენილია, რომ სადავო აქტებში ასახული დასაბუთების თანახმად, ოჯახს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ალტერნატიული საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობის მოტივით, რაც ვერ იქნება ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი. პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია 2022 წლის მეწყერის შედეგად. დადგენილია ისიც, რომ გეოლოგის დასკვნის თანახმად, საჭიროა ოჯახის უსაფრთხო ადგილზე განსახლება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ოჯახს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, პალატამ ამ ნაწილშიც სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებები, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ იყო მიღებული №779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი და სათანადოდ არ იქნა შეფასებული ოჯახის სულადობა და საკუთრებაში არსებული ფართის კვადრატულობა. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ბ. ჭ-ას ნამდვილად უფიქსირდება საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. №29 მდებარე ბინაზე, რომლის ფართით შეადგენს 15 კვ.მ. თუმცა, ამავდროულად, დადგენილია, რომ ბ. ჭ-ას ოჯახის შემადგენლობაში შედის შვილი და მშობლები, სულ 4 სული. დაზარალებისა და ქ. თბილისში არსებულ მისამართებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ბ. ჭ-ას მშობლები ამ დრომდე ცხოვრობენ დაზარალების მისამართზე, დაზიანებული სახლის მიმდებარედ არსებულ დამხმარე ფართში, ხოლო ქ. თბილისში მდებარე 15 კვ.მ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს ბ. ჭ-ა შვილთან და ჯ. შ-ასთან ერთად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, დადასტურებულია ისიც, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრება მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია არათუ ოჯახის სულადობა, ასევე განაცხადში არასრულწლოვანი პირის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დაცვით

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ამიტომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება თუ გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მხარეთა სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 მაისის №IDP 5 24 00000448 ბრძანებისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე (დანართი 1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე- 3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2024 წლის 3 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ...ი, სოფელი ...ი, მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი შენობით (ს.კ. ...) ეკუთვნის მურმან და ბ. ჭ-ებს. 2024 წლის 18 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ...ის ქ. №29 (ს.კ. ...) 2/32 წილი, ბინა №6 არის ბ. ჭ-ას საკუთრება.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინროგეოლოგიური დასკვნის თანახმად, ბ. ჭ-ას საკარმიდამო ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ერთი ნახევრად კაპიტალური ორსართულიანი და მე-2 ერთსართულიანი ხის კონსტრუქციის სახლი, მდებარეობს ... მარჯვენა შენაკადის სათავის მარჯვენა მხარეს, ცვალებადი დახრილობის მქონე ფერდობის ზედა ნაწილში. ორივე საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობა და საკარმიდამო ნაკვეთი მოქცეულია მეორადი გენერაციის და დაბალი დინამიკის მქონე სხეულის არიალში, რის გამოც ორსართულიანი სახლის პირველი კაპიტალური სართულის ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარის კუთხეები და კედლები დიაგონალური და ვერტიკალური გამჭოლი ბზარებითაა დეფორმირებული. სახლის მე-2 ხის სართულზე კარ-ფანჯრები დეფორმაციის გამო გაჭირვებით იღებაიხურება. რაც შეეხება მეორე, ხის ერთსართულიან, ხიმინჯებზე დაფუძნებულ სახლს, ხის იატაკი მნიშვნელოვნადაა დახრილი, კარ-ფანჯრებს უჭირს დახურვა-გაღება. ეზოში არსებული ბეტონის საფარიანი ბილიკები დეფორმირებულია (დაბზარული და დანაპრალიანებული). პირველი დეფორმაციის ნიშნები დაფიქსირდა 4-5 წლის წინ და მზარდი ხასიათი შეიძინა. დასკვნის მიხედვით, ორივე სახლის დეფორმაციის ხარისხი მაღალია, ატარებს შეუქცევად ხასიათს და სავსებით რეალურია მთი ავარიულ ხარისხამდე გაზრდა, რაც საფრთხეს შეუქმნის მის ბინადართა უსაფრთხოებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ბ. ჭ-ას ოჯახის მეწყრული საშიშროების რისკის ზონიდან გეოლოგიურად უსაფრთხო მდგრად ადგილზე გადასახლება.

საკასაციო პალატის განმარტებით, ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ კასატორი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს არსებობს თუ არა ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) მიჩნევის საფუძველი. ამასთან, ასევე უნდა განისაზღვროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რამეთუ ოჯახს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი; პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებებს, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ არის მიღებული N779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი და სათანადოდ არ არის შეფასებული ოჯახის სულადობა და საკუთრებაში არსებული ფართის კვადრატულობა. უდავო ფაქტია, რომ ბ. ჭ-ას ნამდვილად უფიქსირდება საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ...ის ქ. N29 მდებარე ბინაზე, რომლის ფართით შეადგენს 15 კვ.მ. ასევე დადგენილია, რომ ბ. ჭ-ას ოჯახის შემადგენლობაში შედიან შვილი და მშობლები, სულ 4 სული. დაზარალებისა და ქ. თბილისში არსებულ მისამართებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ბ. ჭ-ას მშობლები ამ დრომდე ცხოვრობენ დაზარალების მისამართზე, დაზიანებული სახლის მიმდებარედ არსებულ დამხმარე ფართში, ხოლო ქ. თბილისში მდებარე 15 კვ.მ საცხოვრებელ ფართში ცხოვრობს ბ. ჭ-ა შვილთან და ჯ. შ-ასთან ერთად.

საკასაციო პალატის მოსაზრებით საცხოვრებელი სახლის დაზიანება უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, ასევე დავას არ იწვევს ის, რომ მოსარჩელეთა დაზიენბულ ცხოვრება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია არც ზემოაღნიშნული ფაქტორი და არც არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.

ამავე შინაარსისაა ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ რესურსების ფარგლებში უნდა გაუწიოს მშობელს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული მიზნობრივი მატერიალური და არამატერიალური დახმარება და განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამები, განსაკუთრებით − საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით. ამავე კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ბ. ჭ-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ასევე მის არასრუწლოვან შვილს.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები, მათი ჯანმრთელობის, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, რაც განსახილველ შემთხვევაში, უგულებელყოფილ იქნა, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლოთა შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღოს არასრულწლოვანი დევნილების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების დასადგენად, არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ჭ-ას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეეზღუდა სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილების კანონით გარანტირებული უფლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა