Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-923(კ-25) 9 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - ი. ჭ-ა, ე. ჭ-ა, ირ. ჭ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 15 მარტს ი., ე. და ირ. ჭ-აებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ირ. ჭ-ა არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, მათი საოჯახო ნომერია .... აფხაზეთის დატოვების შემდეგ ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ის ... №... ,,...“, ..., ბინა ... (36). მათ ოჯახს მინიჭებული აქვს 3,5 ქულა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 თებერვლის №000815916 საინჟინრო ექსპერტიზის თანახმად, კორპუსის მდგომარეობა მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელია, მზიდი კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 65%-ს, შენობაში შექმნილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით შენობის საერთო ფიზიკური და მორალური ცვეთა 70%-ის ფარგლებშია. ასეთი ცვეთის მქონე შენობა უვარგისია შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 2 23 00000013 ბრძანებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №88) ი. ჭ-ას ოჯახს ნგრევად ობიექტში (...ს ...) ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 2 23 00000013 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ას, ე. ჭ-ასა და ირ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 2 23 00000013 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ჭ-ას, ე. ჭ-ასა და ირ. ჭ-ას ოჯახის თბილისში არსებული პროექტების ფარგლებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მითითებული „წესის“ თანახმად, იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი, რომლებიც ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ, განიხილება პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ მკაფიოდაა დადგენილი იმ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, რაც დევნილი ოჯახის პრიორიტეტულად განსახლების საკითხის გადაწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ანალიზი გვაძლევს იმ სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დადგენილი რეგულირების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - ი., ე. და ირ. ჭ-აების დროებით საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისში, ...ს ... №..., ...ში, მე-5 კორპუსში მდებარე ბინა. 2022 წლის 29 ნოემბერს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ი. ჭ-ას ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, ...ს ... №..., „...“, ..., ბინა .... მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა ი. ჭ-ას მეუღლე - ე. ჭ-ა, რომლის განმარტებით ისინი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 1993 წლიდან. მისი თქმით, მას გააჩნდა 2 საკუთრება: ერთი ც-იზე, მშობლების ფართი და მეორე გლდანში, მის მიერ შეძენილი. ორივე ბინა გაასხვისა, რათა გულით დაავადებული დისთვის ემკურნალათ, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, საქმეში არსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის №000815916 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ... N...-ში მდებარე N5 კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელია. მისი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 65%-ს შენობაში შექმნილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით. შენობის საერთო ფიზიკური და მორალური ცვეთა 70%-ის ფარგლებშია. ასეთი ცვეთის მქონე შენობა უვარგისია შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან, მოწმეთა ჩვენებებისა და ასევე კომუნალური გადასახადების გადახდის ამსახველი ქვითრების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა მოსარჩელეთა ოჯახის სადავო მისამართზე (ქ. თბილისი, ...ს ... №..., ..., კორპ. 5) არცხოვრებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორმა - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მიუთითა, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაზე და განმარტა, რომ აღნიშნული ბრძანების სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის განმარტებით, თუ სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, შეიქმნება ქაოტური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებში. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ი. ჭ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არცხოვრების საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. აღნიშნული მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება მონიტორინგის დეპარტამენტის ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომლების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №6) მიხედვით.

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში ცხოვრების შემთხვევაში კი, დევნილთა განსახლება ხორციელდება პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები - ი., ე. და ირ. ჭ-აები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთა სახელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს: თბილისი, ...ს ... №..., ,,...“, .... 2013 წლის 10 სექტემბერს ი. ჭ-ამ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შეავსო განცხადება, სადაც ოჯახის შემადგენლობაში, მასთან ერთად, მიუთითა მეუღლე - ე. ჭ-ა და შვილი - ირ. ჭ-ა. საცხოვრებელ მისამართად მიუთითა - თბილისი, ...ს ... №..., ,,...“, ....

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე 2018 წლის 2 მაისის განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულად განისაზღვრა 0. განაცხადს აკეთებს ერთ შვილთან და მეუღლესთან ერთად. ელექტრონულ ფორმაში ასევე მითითებულია, რომ ე. ჭ-ას გააჩნდა ორი საკუთრება: 1. მის: ქ. თბილისი, ...ს ქ. ..., ბინა №..., რომელიც გაასხვისა გ. ო-იზე 18.08.2010 წელს; 2. მის: ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი №..., ბინა №..., რომელიც გაასხვისა ბ. ს-აზე 09.09.2013 წელს.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03/326 წერილიდან ირკვევა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ი. ჭ-ას ოჯახის ქალაქ თბილისში, ...ს ... №...-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის სხდომაზე (ოქმი №21) არ განხილულა, მოსარჩელის ოჯახის ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე 2020 წლის 21 იანვრის განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულად განისაზღვრა 3.5 ქულა (საცხოვრებელი პირობები - 2 ქულა; ი. ჭ-ა - ომის ვეტერანი - 1.5 ქულა).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03/326 წერილობითი მიმართვა, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ და სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული და შეფასებული მოსარჩელეთა ოჯახის ნგრევად ობიექტში ცხოვრებასთან დაკავშირებული გარემოებები.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების გამო დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2022 წლის 29 ნოემბერს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ი. ჭ-ას ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს ... №..., „...“, კორპუსი ..., ბინა .... მონიტორინგის განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა ი. ჭ-ას მეუღლე - ე. ჭ-ა, რომლის განმარტებით ისინი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 1993 წლიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 02 დეკემბრის №88 სხდომის ოქმის თანახმად, ი. ჭ-ას (პირადი №...; სარეგ. №...) ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ქ. თბილისში, ...ს ... №...-ში მდებარე ნგრევად ობიექტ „...ს“ №... კორპუსში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 10 იანვრის №IDP 2 23 00000013 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №88), ი. ჭ-ას ოჯახს ნგრევად ობიექტში (... ...) ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 06, 07 და 08 მარტის ცნობებით დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, ი. ჭ-ას, ე. ჭ-ას და ირ. ჭ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

2019 წლის ოქტომბრის და ნოემბრის სს „თ...ს“, შპს „თბ...ს“ და „g...-ს“ ქვითრებით, ასევე, 10.12.2019 წლიდან 29.07.2022 წლის ჩათვლით „თ...ს“ და 29.12.2021 წლიდან 09.01.2023 წლის ჩათვლით „თე...ს“ აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ აბონენტ ი. ჭ-ას (აბონენტის №...; მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ... №.../..., №3, ბინა...) ერიცხებოდა კომუნალური გადასახადები.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის №000815916 დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ... N...-ში მდებარე N5 კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელია. მისი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 65%-ს შენობაში შექმნილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით. შენობის საერთო ფიზიკური და მორალური ცვეთა 70%-ის ფარგლებშია. ასეთი ცვეთის მქონე შენობა უვარგისია შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის კონკრეტული დროის მონაკვეთში საცხოვრებელ მისამართზე არ ყოფნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის მტკიცებულებად, რომ მოსარჩელე დევნილის ოჯახი, ფაქტობრივად, არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში შესაძლოა მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას“ (სუსგ №ბს-326(კ-21), 22.07.2021წ.). ამდენად, აღსანიშნავია, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრება თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ობიექტის გარკვეული დროით დატოვებასთან. პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ობიექტის დროებით მიტოვება და სხვა საცხოვრებელში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობის ქონა ან/და ოჯახის წევრის ან ნათესავისგან დროებითი თავშესაფრის მიღება კი, არ შეიძლება იქცეს სააგენტოს მხრიდან დევნილი პირ(ებ)ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისთვის თავის არიდების საშუალებად.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ი. ჭ-ას ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისში, ...ს ... ..., „...“, კორპუსი ...-ში 1993 წლიდან მუდმივად ცხოვრების ფაქტი, ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითაც.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე