Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1154 (კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ც-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ც-იმა 2025 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 1 დეკემბრის №2022/1 გადაწყვეტილება 2022 წლის 1 დეკემბრიდან გ. ც-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2025 წლის 14 თებერვლის №SSA 6 25 00173555 წერილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების პერიოდში მისაღები პენსიის სრული ოდენობით გაცემაზე უარის თქმის თაობაზე; გ) დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გ. ც-ის სასარგებლოდ 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი პენსიის თანხის ანაზღაურება;

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 1 დეკემბრის №2022/1 გადაწყვეტილება, გ. ც-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2025 წლის 14 თებერვლის №SSA 6 25 00173555 წერილი გ. ც-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების პერიოდში მისაღები პენსიის სრული ოდენობით გაცემაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აუნაზღაუროს გ. ც-ის (პ/ნ...) მიუღებელი სახელმწიფო პენსია 2022 წლის 01 დეკემბრიდან (01.12.2023 წლიდან 2025 წლის 1 იანვრამდე).

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის მიერ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის მიერ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, გ. ც-ი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის-ცენტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 1 მარტიდან, როგორც ასაკით სახელმწიფო პენსიის მიმღები ბენეფიციარი. სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №... კორესპონდენციით სს „ლ...დან“ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გ. ც-ის 2022 წლის 1 დეკემბრიდან შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის ჩარიცხვა მიზეზით - „პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა“, ვინაიდან ბენეფიციარის პირად ანგარიშზე ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ განხორციელებულა აქტიური ოპერაცია, ან მისი საპენსიო ანგარიშიდან თანხები გაიცემოდა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. გ. ც-ის მისამართზე საჩხერე, სოფელი ... - პენსიის შეჩერებისა და მისი განახლების თაობაზე განსახორციელებელი ქმედების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიერ 2022 წლის 2 დეკემბერს გაეგზავნა №605708 წერილობითი შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმაზე მითითებით, რომ გ. ც-ი მისამართზე არ ცხოვრობდა.

კასატორის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრმა 2025 წლის 14 თებერვლის №SSA 6 25 00173555 სადავო აქტით გ. ც-ის დასაბუთებულად განუმარტა პენსიის შეჩერებისა და შეჩერებული პენსიის განახლების საფუძვლები საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად. მასვე განემარტა, რომ წერილი პენსიის შეჩერების შესახებ გაეგზავნა ფოსტით 2022 წლის 2 დეკემბერს, რომელიც ფოსტამ დააბრუნა უკან იმ მიზეზით, რომ ვერ მოხდა მისი მისამართზე მოძიება. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ სახელმწიფო გასაცემელის განახლების მოთხოვნით მან საჩხერის სერვის ცენტრს მიმართა 2024 წლის 10 დეკემბერს. საჩხერის სერვის ცენტრის 2024 წლის 13 დეკემბრის №1308330/2024/1 გადაწყვეტილებით განუახლდა სახელმწიფო პენსია 2025 წლის 1 იანვრიდან და კანონმდებლობის შესაბამისად, აუნაზღაურდა 2025 წლის იანვრის 450 ლართან ერთად, შეჩერებიდან ერთი წლის (01.12.2022-დან 01.12.2023-მდე პერიოდის) მიუღებელი თანხა - 4315 ლარი.

კასატორის განმარტებით, ბენეფიციარისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერება განხორციელდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეჩერების საფუძველია პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხა გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისთვის შესაბამისი განცხადებით. ლ...დან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ტერიტორიული ერთეულების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება ბენეფიციარზე სახელმწიფო გასაცემელის შეჩერების თაობაზე.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16-მე-17 მუხლები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი 1) მე-8-მე-9 მუხლები იმპერატიულად მიუთითებენ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლებზე, შეწყვეტის წყაროსა და ვადებზე, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ვერ იქნება დაცული ადმინისტრაციული წარმოების ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა დაინტერესებული პირის წინასწარი ინფორმირება, წარმოებაში ჩართვა, წარმოების ვადების დაცვა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით განსაზღვრულ პირობებში პენსიის შეჩერება-შეწყვეტით არ ხდება პირის უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში, გ. ც-ის 2022 წლის 2 დეკემბერს გაეგზავნა საჩხერის სერვის ცენტრის №SSA 3 22 00605708 წერილი სახელმწიფო გასაცემელის შეჩერების შესახებ. მას ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ მიუმართავს 2024 წლის 10 დეკემბრამდე. პენსიის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ყოველთვიური სარგებლის გაცემა წყდება, რის თაობაზეც დამატებით, მხარისთვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან. მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის უფლების რეალიზაციის მოთხოვნით, რაც მას 2024 წლამდე არ განუხორციელებია. 2024 წლის 10 დეკემბერს საჩხერის სერვის ცენტრს №1308330 განცხადებით მიმართა გ. ც-იმა, რომელმაც მოითხოვა შეჩერებული სახელმწიფო პენსიის განახლება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და ზემოაღნიშნული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის სერვის ცენტრის 2024 წლის 13 დეკემბრის №1308330/2024/1 გადაწყვეტილებით გ. ც-ის პენსიის გაცემა განუახლდა განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2025 წლის 1 იანვრიდან და აუნაზღაურდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, პენსიის შეჩერების დღიდან - 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე - 4315 ლარის ოდენობით.

კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში გ. ც-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა და შემდგომ მისი განახლება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრმა განახორციელა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის სერვის ცენტრმა გ. ც-ის სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ყველა ეტაპზე იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 1 დეკემბრის №2022/1 გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრის 2025 წლის 14 თებერვლის №SSA 6 25 00173555 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე არ არსებობს, გ. ც-ის სასარგებლოდ 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ. ც-ი დაბადებულია ... წლის ...ს და იღებს სახელმწიფო პენსიას საპენსიო ასაკის მიღწევის გამო; ბ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით პენსიის ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო გ. ც-ის შეუჩერდა პენსია 2022 წლის 1 დეკემბრიდან; გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრმა 2022 წლის 2 დეკემბერს მოამზადა წერილი, სადაც განმარტებული იყო გ. ც-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების მიზეზები. აღნიშნული წერილი გაეგზავნა ფოსტით გ. ც-ის, თუმცა ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი. გ. ც-ის ასევე არ ჩაბარებია 2022 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება 2022 წლის 1 დეკემბრიდან პენსიის შეჩერების შესახებ; დ) გ. ც-ის, მისი 2024 წლის 10 დეკემბრის განცხადების საფუძველზე განუახლდა საპენსიო გასაცემელი 2025 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, შეჩერებული პენსიიდან აუნაზღაურდა ერთი წლის თანხა, კერძოდ, 2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე - 4315 ლარი; ვ) გ. ც-იმა 2025 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრს და მოითხოვა მიუღებელი პენსიის სრულად ანაზღაურება; ზ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2025 წლის 14 თებერვლის წერილით გ. ც-ის განემარტა შეჩერებული სახელმწიფო პენსიის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები, ასევე, შეჩერებული პენსიის განახლებისა და განახლების შემდგომ მიუღებელი პენსიის ანაზღაურების პირობები. აღნიშნული წერილის თანახმად, სს „ლ...ს“ მიერ 2022 წლის ნოემბერში სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, მისი სახელმწიფო პენსია შეჩერდა 2022 წლის 1 დეკემბრიდან. წერილი პენსიის შეჩერების შესახებ გაეგზავნა ფოსტით 2022 წლის 2 დეკემბერს, თუმცა წერილი ფოსტამ დააბრუნა უკან, მიზეზით - ვერ მოხდა მისამართზე მოძიება (არ ცხოვრობს). სახელმწიფო გასაცემლის განახლების მოთხოვნით მან საჩხერის სერვისცენტრს მიმართა 2024 წლის 10 დეკემბერს. საჩხერის სერვისცენტრის 2024 წლის 13 დეკემბრის №1308330/2024/1 გადაწყვეტილებით განახლდა მისი სახელმწიფო პენსია 2025 წლის 1 იანვრიდან და კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის იანვრის 450 ლართან ერთად აუნაზღაურდა შეჩერებიდან ერთი წლის (01.12.2022-დან 01.12-2023-მდე პერიოდის) მიუღებელი თანხა - 4315 ლარი, სულ - 4765 ლარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროპის სოციალური ქარტია და მისი მე-12 მუხლი, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა; შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს; მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. ქარტიის 23-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით ეფექტურად სარგებლობის მიზნით, მხარეები, უშუალოდ ან საზოგადოებრივ ან კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ვალდებულებას იღებენ მიიღონ ან წაახალისონ შესაბამისი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ: - საშუალება მისცენ ხანდაზმულ პირებს დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს, შემდეგი საშუალებებით: ა) ადეკვატური სახსრებით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; ბ) ინფორმაციის მიწოდებით იმ მომსახურებისა და შეღავათების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ხანდაზმულთათვის და ამ უკანასკნელთა მიერ მათი გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო ასევე, ვალდებულია დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.

პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს (1.1 მუხლი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეჩერდება პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა - პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეჩერების საფუძველია პენსიონერის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში. ასევე, იმ გარემოების არსებობა, როდესაც საპენსიო ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით და მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მომხდარა მინდობილობის განახლება. აგრეთვე, ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ახორციელებს პენსიის დეპოზიტზე გადატანას და 1 წლის გასვლის შემდეგ პირადად, არ მიუმართავს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულებისათვის შესაბამისი განცხადებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია განახლდება განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან;

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს პენსია შეუჩერდა 2022 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 29 ნოემბრის № SSA 0 22 00... მიმართვის საფუძველზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2022 წლის 2 დეკემბრის № SSA 3 22 00605708 წერილი, სადაც განმარტებულია სახელმწიფო პენსიის შეჩერების მიზეზები გ. ც-ის გაეგზავნა მისამართზე - საჩხერე, სოფ. ..., თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე ადრესატი ვერ იქნა მოძიებული.

პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელემენტებისა და მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №2022/1 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვის ცენტრის 2025 წლის 14 თებერვლის №SSA 6 25 00173555 წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით განსაზღვრულ პირობებში პენსიის შეჩერება-შეწყვეტით არ ხდება პირის უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა.

საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ არის წარმოდგენილი სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ აქტის გ. ც-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გ. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის უფლებებისა და მოვალეობების დაწესების, შეცვლის, შეწყვეტის ან დადასტურებისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა უკავშირდება სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული პროცედურის ჩატარებას, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემის პროცესში დაიცვას სზაკ-ით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები, როგორიცაა წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა (მე-13, 95-ე მუხ.), საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა (53-ე მუხ.) და სხვ.. გამარტივებული წარმოება, პროცედურის ეკონომიურობისა და ეფექტურობის მოთხოვნები, არ გულისხმობს ადრესატისათვის აქტის გამოცემის საფუძვლების და გამოცემული აქტის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობას, მით უფრო სოციალური დაცვის სამართალწარმოებაში აუცილებელი განსაკუთრებული კეთილსინდისიერების მოთხოვნის გათვალისწინებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 24.06.1993წ. N14518/89 საქმეზე „შულერ-ზგრაგენი შვეიცარიის წინააღმდეგ“(Schuler-Zgraggen v. Switzerland, §58); 12.11.02წ. N28394/95 გადაწყვეტილება „დორი შვედეთის წინააღმდეგ“(Dory v. Sweden, §41)). ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება (სზაკ-ის 76.1 მუხ. „ბ“ ქვეპუნქტი), მით უფრო ვალდებულს ხდიდა ადმინისტრაციულ ორგანოს დაეცვა ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა არამარტო აქტის კანონიერების კრიტერიუმია, არამედ მისი არსებობის წინაპირობაც. როგორც კანონი შედის ძალაში მისი ოფიციალური გამოქვეყნებით, ისე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით. ბს-1265(კ-22) 24 მაისი, 2023წ.). განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გ. ც-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. კასატორი თავად მიუთითებს, რომ გ. ც-ის სახელმწიფო კომპენსაციის შეჩერების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების 2022 წლის 2 დეკემბრის №SSA 3 22 00605708 წერილობითი შეტყობინება არ ჩაბარდა. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. ც-ის კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა სახელმწიფო გასაცემელი, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კანონის შესაბამისად არ გაუცვნია მისთვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მოსარჩელე მხარეს მისცემდა შესაძლებლობას აღმოეფხვრა სახელმწიფო პენსიის შეჩერების საფუძველი და მიეღო შეჩერებული სოციალური პაკეტი.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე დამატებით, მხარისთვის ცნობილი ხდება პირადი საპენსიო ანგარიშიდან და მას ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის უფლების რეალიზაციის მოთხოვნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ ყოველთვიური სარგოს შეჩერების შესახებ პირადი საპენსიო ანგარიშიდან დადგენის შესაძლებლობა არ ადასტურებს პენსიის შეჩერების კანონიერებას. პენსიონერის მიერ საკუთარი საპენსიო ანგარიშის გადამოწმების შესაძლებლობა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილი წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებისა და დაინტერესებული მხარისათვის მისი ჩაბარების ვალდებულებისაგან. სახელმწიფო გასაცემლების შეჩერება-შეწყვეტის შესახებ აქტები ძალაში შედის მისი ადრესატისათვის ჩაბარების დღიდან. ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება, შესაბამისად არ დასტურდება აგრეთვე მისი ძალაში შესვლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია გ. ც-ის მოთხოვნა პენსიის მიუღებელი ოდენობის ანაზღაურების შესახებ. ვინაიდან დაინტერესებულ პირს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და არ მიეცა საშუალება დროული რეაგირება მოეხდინა, შესაბამისად, მას არ უნდა მოჰყოლოდა რაიმე სამართლებრივი შედეგი, მათ შორის ყოველთვიური გასაცემლის - პენსიის დარიცხვის შეჩერება. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. უბილავა