საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-938(კ-25) 9 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე - კ. ც-ა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 11 მარტს კ. ც-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განაჩენით კ. ც-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა წაყენებულ ბრალდებაში. ამავე განაჩენით გაუქმდა მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა. აღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა. უკანონო პატიმრობის გამო, კ. ც-ას მიადგა როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი. კერძოდ, მისმა ოჯახმა გაიღო საადვოკატო მომსახურების ხარჯი, ვინაიდან მის ინტერესს იცავდა არაერთი ადვოკატი. ასევე ოჯახს დასჭირდა პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში მოსარჩელის ფინანსური უზრუნველყოფა. უკანონო დაკავებამ და პატიმრობამ კი განაპირობა კ. ც-ას მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც დღემდე გრძელდება. მოსარჩელემ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის სახით სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 12 000 ლარის, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გაღებული ხარჯის (პატიმრის ბარათზე ჩარიცხული თანხების) - 7 128.26 ლარისა და მორალური ზიანის სახით - 30 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა კ. ც-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 12 000 ლარის გადახდა; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა კ. ც-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით - 7 000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ც-ას მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებასა და მისთვის მიყენებულ მატერიალურ თუ მორალურ ზიანს შორის არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რის გამოც სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებითაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორმა - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს.
კასატორის განმარტებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას კ. ც-ას მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. კ. ც-ას მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ, ხსენებული კოდექსის თანახმად, პირისათვის ბრალდების წაყენებისა თუ სხვა იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია „დასაბუთებული ვარაუდის" სტანდარტი, სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა" სტანდარტი, აღნიშნული უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის" სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ პროკურატურის მოქმედებები ყველა ეტაპზე გადიოდა სასამართლო კონტროლს და ამ უკანასკნელის მხრიდან კმაყოფილდებოდა როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, ისე მისი ძალაში დატოვების შუამდგომლობები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან სახეზე არ გვაქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც კი, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა მიზეზობრივ კავშირში ყოფილიყო დამდგარ შედეგთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების ერთობლიობა: ზიანი, მართლსაწინააღმდეგობა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
კასატორი ასევე არ დაეთანხმა მატერიალური ზიანის ადვოკატის ხარჯის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის კ. ც-ას სასარგებლოდ 7 000 ლარის დაკისრებას. მოსარჩელე არ ექვემდებარებოდა სავალდებულო დაცვას და მის სისხლის სამართლის საქმეში არ იყო აუცილებელი ადვოკატის მონაწილეობა, თუმცა ბრალდებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და აიყვანა ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), შესაბამისად, საკუთარი უფლების რეალიზება არ შეიძლება ჩაითვალოს პროკურატურის მხრიდან ზიანის მიყენებად. აღნიშნული პროცესუალური ნორმა, რომელიც ბრალდებულს ადვოკატის აყვანის უფლებას ანიჭებს, არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ დაქირავებული ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყოფილი იქნეს პროკურატურის მხრიდან. ამასთან, კასატორის მითითებით, მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იქნა გამართლებული და დაცვის მხარის მიერ ძირითადი სამუშაოები გაწეულ იქნა სწორედ ამ ეტაპზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი არ მომხდარა მტკიცებულებათა გამოკვლევა. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული ოდენობა სცილდება როგორც შიდა ეროვნული, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დადგენილ „გონივრულობისა" და „ადეკვატურობის" კრიტერიუმებს. ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი არ იყო გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა, ასეთი წინაპირობების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი - ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
დამატებით აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განაჩენით, კ. ც-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. ამავე განაჩენით გაუქმდა კ. ც-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განაჩენი. დადგენილია, რომ მოსარჩელემ პატიმრობაში გაატარა 8 თვე და 18 დღე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 მარტის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენი წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სახეზეა კ. ც-ას მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.
მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან. არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. „მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“... „მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“ (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.)
რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ოდენობას, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის ხანგრძლივობა და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის კ. ც-ას სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 12 000 ლარის დაკისრებას და არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს (სუსგ №ბს-890(კ-19), 26.11.2019 წ.; №ბს-239-237(2კ-16), 01/11/2016 წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 12 000 ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მატერიალური ზიანის სახით ითხოვს სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული თანხის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო არსებითად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ადვოკატისათვის მომსახურების ღირებულების თანხის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით. წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები. ამასთანავე, ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. „..ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია..“ (სუსგ N1330-1315(კ-11), 09.02.2012წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 709-710-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ კ. ც-ას სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში იცავდნენ ადვოკატები ტ. კ-ე, ჯ. კ-ი, ი. გ-ე, მ. ხ-ა, თ. ჯ-ე, ა. გ-ი. 2024 წლის 06 მარტს გაცემული ცნობით (ორდერით) ი. გ-ემ დაადასტურა, რომ ლ. ქ-იმა (კ. ც-ას დედა) აუნაზღაურა 2021 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარი 2 000 ლარის ოდენობით. სასამართლო მიუთითებს, რომ საადვოკატო მომსახურების მიღებისას პირი სარგებლობს თავისუფალი არჩევანით, თუმცა მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს აუცილებლად გასაწევი ხარჯი, დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სუსგ №ბს-1301(2კ-22), 23.02.2023წ.). საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტავს, რომ საქმეში საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც კი არ წარმოიშობოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან კანონმდებლობა არ უზღუდავს მხარეებს საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმონ როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კ. ც-ას ინტერესებს განსახილველ საქმეზე იცავდნენ ადვოკატები, რომლის მომსახურებაც, თავის მხრივ, სასყიდლიანია, უდავოდ მართებულს ხდის მოპასუხისთვის ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის სირთულისა და მნიშვნელობის, წარმომადგენლობის ინტენსივობის, ინსტანციურობის, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯის - 7 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების საკითხი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე