საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-934(კ-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ც-ე, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრი (დიდუბე - ჩუღურეთი)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა ლ. ც-ის სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (დიდუბე - ჩუღურეთი) მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდგომ (24.01.2025 წელი) სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი 2024 წლის 25 ივლისის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (დიდუბე - ჩუღურეთი) SSA 4 24 00797642 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი 2024 წლის 04 ნოემბრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს SSA 4 24 01161934 გადაწყვეტილება; დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე - ჩუღურეთის სერვის ცენტრს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლითაც ლ. ც-ეს 2024 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (დიდუბე - ჩუღურეთი) 2024 წლის 25 ივლისის SSA 4 24 00797642 გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 04 ნოემბრის SSA 4 24 01161934 გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ც-ეს 2024 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/41 ბრძანების მე-2 მუხლი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტი, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შედარებით, უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს და აუმჯობესებს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას, მათ შორის წინააღმდეგობის დროს გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაცია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი შეფასდა სწორად და განმარტა შემდეგი: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/41 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულებით დგინდება, სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიზნები და საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ქართული კულტურის, ეროვნული მუსიკის განვითარებასთან და პოპულარიზაციასთან, (თავის მხრივ კი ლ. ც-ის საქმიანობა ორკესტრის მიზნების განხორციელებას უკავშირდება), მასში მუშაობა ვერ ჩაითვლება საჯარო სამსახურად, რის გამოც მოსარჩელე არ უნდა იქნეს მიჩნეული საჯარო მოხელედ და მასზე არ უნდა გავრცელდეს აღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შეზღუდვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართოს გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (დიდუბე - ჩუღურეთი) 2024 წლის 25 ივლისის SSA 4 24 00797642 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში. რაც შეეხება სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 04 ნოემბრის SSA 4 24 01161934 გადაწყვეტილებას, რომლითაც ლ. ც-ის №1093218 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (დიდუბე - ჩუღურეთი) 2024 წლის 25 ივლისის SSA 4 24 00797642 გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ ინტერესებს შესაბამისად, მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილშიც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 04 ნოემბრის SSA 4 24 01161934 გადაწყვეტილება. ასევე, განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრს კანონიერად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ლ. ც-ეს 2024 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორის მსჯელობით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში." ამავე კანონით განიმარტება საჯარო საქმიანობა, როგორც „სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა - პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო".
კასატორის მსჯლობით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, თუმცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის არაერთი ნორმატიული აქტი ასევე ითვალისწინებს საჯარო საქმიანობის განმარტებას განსხვავებული ფორმულირებით, რაც წარმოშობს საჯარო საქმიანობის არაერთგვაროვანი ინტერპრეტირების შესაძლებლობას. ცალსახაა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოს, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მიზნებისათვის ხელმძღვანელობს სწორედ „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით, როგორც აღნიშნული მიზნებისთვის სპეციალური საკანონმდებლო აქტით, თუმცა საქმის განმხილველმა სასამართლომ მსჯელობა განავითარა ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით, რაც მისივე განმარტებით წარმოადგენს სამართლებრივ პრობლემას, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ერთი მხრივ, საკანონმდებლო რეგულაციებს შორის ზოგადი და სპეციალური ნორმების ურთიერთმიმართება, ხოლო მეორე მხრივ ახალი და ძველი ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართება. მიიჩნევს, რომ ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, თუ სახეზეა ერთი მხრივ საკანონმდებლო რეგულაციებს შორის ზოგადი და სპეციალური ნორმების ურთიერთმიმართება, ხოლო მეორე მხრივ ახალი და ძველი ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართება, საკითხი უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს კანონმდებლის მიზანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღის წესრიგში არსებული სამართლებრივი პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება ნათელია, „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისას, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისათვის საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავდა, როგორც „საქმიანობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში", კანონმდებელმა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მიზნებისათვის, შემოიტანა საჯარო საქმიანობის განსხვავებული განმარტება და საგამონაკლისო დათქმა გააკეთა სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობების ნაწილში. მისივე მსჯელობით, კანონმდებლის მსგავსი ნება ვლინდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში პერიოდულად განხორციელებული ცვლილებების ეტაპზე, რა დროსაც ახლებურად და სპეციფიურად განისაზღვრებოდა საჯარო საქმიანობის განმარტება, მიუხედავად იმავდროულად „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული განმარტებისა.
წარმომადგენლის მსჯელობით, საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონმდებლის ნება. აღნიშნული კანონის როგორც თავდაპირველ, ასევე შემდგომ რედაქციებში, საჯარო საქმიანობის განმარტებისას ვლინდება, რომ კანონმდებლის მიზანი იყო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მიზნებისათვის გამოყენებულიყო საჯარო საქმიანობის სპეციფიური შინაარსი, რაც განსხვავდებოდა იმავდროულად (ყოველ შესაბამის ეტაპზე თავდაპირველად კანონის ამოქმედებისას და შემდგომ, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისას) არსებული და მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით შემოთავაზებული შინაარსისგან. ამდენად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის და კასაციის დაკმაყოფილების ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (დიდუბე - ჩუღურეთი) 2024 წლის 25 ივლისის SSA 4 24 00797642 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 04 ნოემბრის SSA 4 24 01161934 გადაწყვეტილების კანონიერება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს რამდენად არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის (რომლითაც ლ. ც-ეს 2024 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით) დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. ც-ე დაიბადა ... წლის ... ...ს. 2024 წლის 01 იანვრის №... შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც დადებულია ერთის მხრივ თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრსა და მეორეს მხრივ ლ. ც-ეს შორის დადგენილია, რომ ლ. ც-ე 2025 წლის 1 იანვრამდე დასაქმებულია სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრში შტატგარეშე თანამშრომლად - ...ის ოსტატად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 100 (ასი) ლარს. დადგენილია, რომ 2025 წლის 01 იანვარს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, იგივე პირობებით დადებულ იქნა №... შრომითი ხელშეკრულება ლ. ც-ესა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს შორის.
დადგენილია, რომ ლ. ც-ემ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მიზნით 2024 წლის 24 ივლისს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრს (დიდუბე - ჩუღურეთი).
დადგენილია, რომ 2024 წლის 25 ივლისის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (დიდუბე - ჩუღურეთი) SSA 4 24 00797642 გადაწყვეტილებით ლ. ც-ეს საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.
2024 წლის 16 ოქტომბერს, ლ. ც-ემ №1093218 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
დადგენილია, რომ 2024 წლის 04 ნოემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს SSA 4 24 01161934 გადაწყვეტილებით, ლ. ც-ის №1093218 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავის საგნის გათვალისწინებით, საკითხზე მსჯელობის ფარგლებში უპირველესად პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი განამტკიცებს სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემული საკითხისადმი რელევანტურ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის, მამაკაცებისათვის - 65 წლის, ხოლო ქალებისთვის - 60 წლის მიღწევა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. განსახილველი დავის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობისაა ლ. ც-ე ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას სსიპ - თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრში, რამდენადაც მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი განაპირობა სწორედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებამ, რომელიც არ ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ც-ე 2025 წლის 1 იანვრამდე დასაქმებული იყო სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრში შტატგარეშე თანამშრომლად - ...ის ოსტატად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 100 (ასი) ლარს. 2025 წლის 01 იანვარს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, იგივე პირობებით დადებული იქნა №... შრომითი ხელშეკრულება ლ. ც-ესა და თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს შორის. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის N05/41 ბრძანების მე-2 მუხლში მითითებულია, რომ ორკესტრის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ა) საკონცერტო მოღვაწეობა ქვეყნის მასშტაბითა და მის ფარგლებს გარეთ; ბ) ეროვნული, მსოფლიო, კლასიკური და თანამედროვე პროფესიული მუსიკის საზოგადოების ფართო ფენებში პოპულარიზაცია; გ) საშემსრულებლო ხელოვნების ხელის შეწყობა და განვითარება; დ) ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოს - შემსრულებელთა თვითრეალიზაციისათვის საჭირო პირობების შექმნა; ე) ქართული საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო კონკურსებში და ფესტივალებში მონაწილეობა. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა - პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით კი, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამდენად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის ცნებაში გამონაკლისის სახით კულტურულ საქმიანობის განხორციელებასაც არ მიიჩნევს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შედარებით, უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს და აუმჯობესებს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას, მათ შორის წინააღმდეგობის დროს გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაცია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება 25.02.2021 წელი ბს-1237(კ-20)). პალატის მსჯელობით, 2015 წლის 19 მარტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N05/41 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დებულებით დგინდება, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიზნები და საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ქართული კულტურის, ეროვნული მუსიკის განვითარებასთან და პოპულარიზაციასთან, (თავის მხრივ კი ლ. ც-ის საქმიანობა ორკესტრის მიზნების განხორციელებას უკავშირდება), მასში მუშაობა ვერ ჩაითვლება საჯარო სამსახურად, რის გამოც ლ. ც-ე არ უნდა იქნეს მიჩნეული საჯარო მოხელედ და მასზე არ უნდა გავრცელდეს აღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შეზღუდვა. საკასაციო პალატის მსჯელობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო საკითხი შეფასებადა მართებულად, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრით არ არის წარმოდგენილი საკითხი დასაბუთებული შედავება.
რაც შეეხება სადავო 2024 წლის 04 ნოემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს SSA 4 24 01161934 გადაწყვეტილებას, რომლითაც ლ. ც-ის №1093218 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ 2024 წლის 25 ივლისის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის (დიდუბე - ჩუღურეთი) SSA 4 24 00797642 გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ის მხარის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, შესაბამისად, კანონიერია გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2024 წლის 04 ნოემბრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს SSA 4 24 01161934 გადაწყვეტილება. ასევე, გასაზიარებელია მსჯელობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რომლითაც ლ. ც-ეს 2024 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო პენსია კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე