საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-143(3კ-24) 8 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „ჩ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 25 იანვარს შპს „ჩ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №..., ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №..., ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №... დადგენილებების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის №1730 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, შპს „ჩ...ს“ (ყოფილი შპს „თ...“) საკუთრებაში 2004 წლიდან არის ქ. თბილისში, ...ს №1-ის მიმდებარედ არსებული 22.5, 25 და 40 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რომლებზეც 2013 წლის ივლისში, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის წერილობითი თანხმობის საფუძველზე აშენდა I კლასის დროებითი შენობა-ნაგებობები, რომლებიც ფუნქციონირებდა სავაჭრო ობიექტების სახით. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 23 ივნისს მათ ჩაბარდათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მითითებები საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ნაგებობების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, რაც მათ მიერ 2020 წლის 26 ივნისს იქნა წარდგენილი (არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილებები).
მოსარჩელის მითითებით, 2020 წლის 29 ივნისს და 2 სექტემბერს მუნიციპალურ ინსპექციაში, ხოლო 18 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (განიხილებოდა ადმინისტრაციული საჩივარი), გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომები, სადაც მოსარჩელის წარმომადგენელი დაინტერესდა იმით, თუ რატომ არ მიიჩნეოდა არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებები სათანადო სანებართვო დოკუმენტებად, როდის და რომელი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე გავიდა მათი მოქმედების ვადა, თუმცა პასუხად მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ვარაუდი, რომ ავტოფარეხების ნებართვები გაიცემოდა 3 წლის ვადით და ამ შემთხვევაშიც აღნიშნული ვადა იყო სავარაუდო. შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის დადგენილებებით, შპს „ჩ...“ სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის განთავსების გამო თითოეულ ობიექტზე დაჯარიმდა 8 000 ლარით, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების მიუხედავად, უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ჩ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ჩ...“ გათავისუფლდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №..., №... და №... დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის 2014 წლის 3 ოქტომბრის, 6 ოქტომბრის და 2015 წლის 4 ნოემბრის ამონაწერებით, აგრეთვე 2018 წლის 22 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ს/კ ..., ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული იყო შპს „ჩ...ს“ საკუთრების უფლება. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, ..., №1-ის წინ, ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გაიცა I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობების მშენებლობის წერილობითი დასტური/თანხმობა.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის მიერ 2020 წლის 23 ივნისს, შპს „ჩ...ს“ მიმართ შედგა №..., №... და №... მითითებები, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ს/კ ... ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის განთავსება. ამავე მითითებებით მხარეს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 14 ივლისის №..., №..., №... შემოწმების აქტებით დაფიქსირდა ამავე ინსპექციის 2020 წლის 23 ივნისის №..., №..., №... მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 14 სექტემბერს მიღებულ იქნა №..., №... და №... დადგენილებები, რომელთა თანახმად შპს „ჩ...“ დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ს/კ ... ს/კ ... და ს/კ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურების განთავსებისთვის და დაევალა ზემოაღნიშნული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილებები ძალაში იქნა დატოვებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის №1730 ბრძანებით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე განხორციელდა მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურების განთავსება, განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, რამეთუ სამართალდარღვევის ობიექტები (მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურები) წარმოადგენენ დროებით შენობა-ნაგებობებს და მათი გამოყენების მაქსიმალური ვადა წარმოადგენდა 1 წელს, რომლის გასვლის შემდეგ, მათ განსათავსებლად გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ითვლებოდა ძალადაკარგულად. ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო დადგენილებებში მითითებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამდასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ცალსახად მიუთითებდა ხსენებული ობიექტების უნებართვოდ განთავსების ფაქტზე, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, დასტურდებოდა მოსარჩელის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სამართალდამრღვევისთვის უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალება წარმოადგენდა მუნიციპალური ინსპექციის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ემსახურებოდა სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს. ამდენად, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს წარმოადგენდა შპს „ჩ...“, რომელმაც განახორციელა უნებართვო მშენებლობა, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებული იყო მისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, დაევალებინა უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟი.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომლის 1412 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა მის მიერ საზოგადოებრივ ტერიტორიაზე ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე დროებითი შენობა-ნაგებობის − ჯიხურის მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის გარეშე განთავსებით, მაგრამ 2021 წლის 1 იანვრისათვის ჯარიმის/საურავის თანხა გადახდილი არა აქვს ან ნაწილობრივ აქვს გადახდილი, იგი თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ სამშენებლო სამართალდამრღვევს 2021 წლის 1 იანვრისათვის ჩადენილი აქვს სამშენებლო სამართალდარღვევა, თუმცა მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ არის ან სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის, იგი თავისუფლდება ამ კოდექსის 130-ე−132-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის/საურავის გადახდის ვალდებულებისაგან.
სასამართლოს განმარტებით, დასახელებულ ნორმაში ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან. სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, სახეზე იყო 2021 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა, რომელიც გამოვლენილ იქნა 2020 წლის 23 ივნისს და რომელთან მიმართებითაც მიღებული სახდელის დადების დადგენილება არ იყო აღსრულებული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ჩ...“ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1412 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლებულიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №..., №... და №... დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჩ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჩ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ჩ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟი; გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟი; გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №... დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟი; გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის №1730 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის14 სექტემბრის №..., №... და №... დადგენილებები შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟის დავალების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ფოტოსურათების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ს №1-ის წინ (საკადასტრო კოდები - ..., ... და ...) მდებარე I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა- ნაგებობები განთავსებული იყო სწორედ საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე, რის გამოც მათი განთავსების ვადა შესაბამისი თანხმობის პირობებში შეზღუდული იყო 1 წლიანი პერიოდით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემის შემდეგ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებს“ დაემატა 37-ე მუხლი, რომლითაც, პირს, რომელმაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განათავსა დროებითი შენობა-ნაგებობა − ჯიხური და მისი გამოყენების ვადა გასულია ან გადის 2021 წლის 1 ივლისამდე, ჯიხურის გამოყენების ვადა გაუხანგრძლივდა ამავე თარიღამდე (2021 წლის 1 ივლისამდე). ასეთ შემთხვევაში, ჯიხურის გამოყენებიდან ჯიხურის გამოყენების გახანგრძლივებამდე პერიოდი ჩაითვალა ჯიხურის გამოყენების მაქსიმალურ ვადად. ამასთან, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ ჯიხური ისევ არის განთავსებული ჯიხურის გამოყენების ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებულ ადგილას და პირი ისევ აგრძელებს ამ ჯიხურის გამოყენებას.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჩ...ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ჯიხურების გამოყენების ვადა გასული იყო 2021 წლის 1 ივლისისთვის, შესაბამისად, მათი გამოყენების ვადა კანონმდებელმა გაახანგრძლივა ამავე თარიღამდე. ამასთან, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ ჯიხურები კვლავ იყო განთავსებული შეთანხმებულ ადგილას და პირი ისევ აგრძელებდა მათ გამოყენებას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა და მისი გამოსწორება, ამ ეტაპზე შესაძლოა პირი გათავისუფლებულიყო პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის - ჯიხურების დემონტაჟის ვალდებულებისგან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია განსახილველ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაიცვა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები, რაც ქმნიდა შპს „ჩ...სთვის“ უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალების საფუძველს, თუმცა ყურადღება გაამახვილა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდა ჯიხურის გამოყენების ვადის გახანგრძლივებას, რითაც შპს „ჩ...ს“ ეძლეოდა შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით კვლავ მოეპოვებინა შესაბამისი თანხმობა, რაც განთავსებულ დროებით-შენობა ნაგებობებს კანონიერად აქცევდა.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო დადგენილებები იყო გასაჩივრებული და შესაბამისად ჯერ არ იყო აღსრულებული, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია შპს „ჩ...ს“ გათავისუფლება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებისგან და მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნიდა სადავო დადგენილებების სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად ცნობის საფუძველს იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციების - ჯიხურების დემონტაჟი. ამასთან, სადავო დადგენილებების სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად ცნობის პირობებში, პალატამ მიიჩნია, რომ ასევე არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის №1730 ბრძანების შესაბამის ნაწილში გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად ცნობის საფუძველიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჩ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლისას დაეყრდნო სადავო დადგენილებების გამოცემის შემდეგ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში, 2020 წლის 18 დეკემბერს დამატებულ 37-ე მუხლს, თუმცა კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა 2021 წლის 1 ივლისამდე პერიოდზე, როდესაც დროებითი შენობა-ნაგებობა – ჯიხური განთავსებული იყო და მისი გამოყენების ვადა გასული იყო, ან გადიოდა 2021 წლის 1 ივლისამდე.
კასატორის მითითებით, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ანუ 2023 წლის 31 ოქტომბრიდან აქტების დემონტაჟის დავალების ნაწილში ბათილად ცნობით სასამართლომ 2023 წელს აამოქმედა 2021 წლის 1 ივლისამდე გამოსაყენებელი ნორმა და ამით მხარი დაუჭირა უნებართვო შენობა-ნაგებობების დღეს არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენების ვადა იყო გასული და მოსარჩელეს არ მოუპოვებია ახალი თანხმობა დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსებაზე. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია სახეზე იყო უნებართვო ნაგებობები, მაგრამ შპს „ჩ...ს“ ეძლეოდა შესაძლებლობა მოეპოვებინა შესაბამისი თანხმობა, რაც შენობა-ნაგებობებს კანონიერად აქცევდა. ინსპექციის განმარტებით, ზემოაღნიშნული მუხლის მოქმედება დროში ჩაკეტილია, ხოლო საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებს, რომ დღეს არსებულ მდგომარეობაზე 2021 წლამდე მოქმედი სამართლებრივი ნორმები იქნეს გამოყენებული, სასამართლომ კი, ნორმატიული აქტს დროში წინმსწრები მოქმედებას მიანიჭა, რაც კასატორის მოსაზრებით, სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 და 93-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამისი მშენებლობის ნებართვის არსებობას. I კლასის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კი დამკვეთისათვის არ არის სავალდებულო მშენებლობის ნებართვის მოპოვება, თუმცა, ამავდროულად, ამგვარი სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობისათვის კანონმდებელი განსაზღვრავს განზრახული მშენებლობის შესახებ მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობის გარეშე სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში კი უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება.
კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე განხორციელდა მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურების განთავსება და განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. კასატორი ხაზს უსვამს, რომ ის გარემოება, რომ მხარის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული სადავო დადგენილებებში მითითებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამდასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ცალსახად მიუთითებს ხსენებული ობიექტების უნებართვოდ განთავსების ფაქტზე, რაც, კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
კასატორმა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებასა და არქიტექტურის სამსახურის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის ობიექტები (მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურები) წარმოადგენენ დროებით შენობა-ნაგებობებს, ხოლო მათი გამოყენების მაქსიმალური ვადა წარმოადგენდა 1 წელს, რომლის გასვლის შემდეგ, მათ განსათავსებლად გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ითვლებოდა ძალადაკარგულად და სავალდებულო იყო განთავსებული ობიექტების დემონტაჟი. ამდენად, რამდენადაც არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით (2013 წლის 31 ივლისის №...; 2013 წლის 3 სექტემბრის №...; 2013 წლის 2 დეკემბრის №...) განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების გამოყენების ვადა გასული იყო და არ მომხდარა მისი გაგრძელება, მის საფუძველზე განთავსებული ობიექტები წარმოადგენდნენ უნებართვო შენობა-ნაგებობებს და ისინი ექვემდებარებოდნენ დემონტაჟს.
რაც შეეხება სასამართლოს მითითებას №255 დადგენილების 37-ე მუხლზე, კასატორის აღნიშნავს, რომ იგი გულისხმობს პასუხისმგებლობის გავრცელების სფეროს მუნიციპალიტეტის ან ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივ ან/და მის მიმიჯნავედ განთავსებულ ობიექტზე, განსახილველ შემთხვევაში კი, ჯიხურები განთავსებული იყო კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გასული იყო გამოყენების ვადა და სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინა დემონტაჟის ვალდებულებისგან. კასატორმა მიუთითა სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად დემონტაჟის განხორციელების შემთხვევაში მხარეს ერთმევა შესაძლებლობა უნებართვო შენობა-ნაგებობა მოაქციოს კანონიერების ჩარჩოში და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ აღნიშნა, რომ მხარეს ჰქონდა გონივრული ვადა მიემართა ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თუმცა სადავო ობიექტთან მიმართებაში დღემდე არ იყო წარმოდგენილი არც ნებართვა და არც ობიექტის ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან, კასატორმა ყურადღება გაამახვილა ობიექტის განთავსების დროზე (2013 წელი), რაც თავის მხრივ გამორიცხავდა საქართველოს მთავრობის №153 დადგენილების შესაბამისად ობიექტის ლეგალიზებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს „ჩ...ს“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმე შესაბამისი მომხსენებელი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით მომხსენებელ მოსამართლეს - გოჩა აბუსერიძეს გადაეწერა 2025 წლის 1 სექტემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ჩ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ჩ...“ გათავისუფლდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №..., №... და №... დადგენილებებით დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ შპს „ჩ...მა“, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სააპელაციო საჩივრები არ წარუდგენიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასასმელია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელის დაკისრებული ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში და სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე, სადავო აქტების განხილვა მოხდა მხოლოდ შესაბამისი კონსტრუქციების დემონტაჟის კანონიერების ნაწილში, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება კი, მართალია საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ასევე „შპს ჩ...მა“, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, შპს „ჩ...ს“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. ამდენად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე იმსჯელებს მხოლოდ ს/კ ..., ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთებზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურების დემონტაჟის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 14 სექტემბრის №..., №... და №... დადგენილებების გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად ცნობის კანონიერების და ს/კ ..., ს/კ ... და ს/კ ... მიწის მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის დემონტაჟის დავალების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის14 სექტემბრის №..., №... და №... დადგენილებების ძალაში დატოვების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის №1730 ბრძანების კანონიერების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ 24-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრძელება. ვადის გაგრძელების მოთხოვნით განაცხადი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი უნდა იქნეს ვადის გასვლამდე. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებობის დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის 2014 წლის 3 ოქტომბრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული - მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თ...“ (ამჟამინდელი შპს „ჩ...“). ხოლო, საჯარო რეესტრის 2014 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის - №...) თანახმად, ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „თ...“ (ამჟამინდელი შპს „ჩ...“). ამასთან, 2015 წლის 4 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, შპს „თ...“-ის სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელდა ცვლილება, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნული სუბიექტის სახელწოდებად განისაზღვრა შპს „თ...“. ხოლო, 2019 წლის 7 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, შპს „თ...“-ის სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელდა ცვლილება და რეგისტრირებული სუბიექტის სახელწოდებად განისაზღვრა შპს „ჩ...“. 2018 წლის 22 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან კი, ასევე დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., №1-ის წინ, საკადასტრო კოდი №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 25,00 კვ/მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 3, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია შპს „ჩ...ს“ საკუთრების უფლება.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ვ-ეის 2013 წლის 12 ივლისის №... განცხადება და ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, ..., №1-ის წინ, ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გაიცა I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობების მშენებლობის წერილობითი დასტური/თანხმობა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის მიერ 2020 წლის 23 ივნისს, შპს „ჩ...ს“ მიმართ შედგა №..., №... და №... მითითები, სადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ... №1-ის წინ, ს/კ ... ს/კ ... და ს/კ ... მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ჯიხურის განთავსება. ამავე მითითებებით მხარეს განესაზღვრა 20 კალენდარული დღე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 14 ივლისის №..., №..., №... შემოწმების აქტებით დაფიქსირდა ამავე ინსპექციის 2020 წლის 23 ივნისის №..., №..., №... მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რის გამოც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გაიმართა ზეპირი სხდომა. სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „ჩ...ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჯიხურები განთავსებული იქნა 2013 წელს არქიტექტურის სამსახურის თანხმობის საფუძველზე, კერძოდ, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.07.2013 წლის N... გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ სამსახურმა შეამოწმა შპს „თ...“-ის 17 საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები - ..., ... და ...) I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე წერილობითი თანხმობის გაცემის შესაძლებლობა წარდგენილი დოკუმენტაციის, ფოტომონტაჟისა და ესკიზური ნახაზების, ასევე ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის გათვალისწინებით და დაადასტურა ამგვარი შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 14 სექტემბერს მიღებული იქნა №..., №... და №... დადგენილებები „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“. აღნიშნული დადგენილებებით, შპს „ჩ...“ თითოეულ შემთხვევაში დაჯარიმდა 8 000 ლარით და მასვე დაევალა ზემოაღნიშნული მსუბუქი კონსტრუქციების - ჯიხურების დემონტაჟი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ ქ. თბილისში, ...ს №1-ის წინ (ს/კ: ..., ... და ...) მდებარე I კლასის დროებითი (საძირკვლის არ მქონე) შენობა-ნაგებობები განთავსებულია საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე, რის გამოც მათი განთავსების ვადა შესაბამისი თანხმობის პირობებში შეზღუდული იყო 1 წლიანი პერიოდით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ასეთ პირობებში, დაინტერესებულმა პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში. ხოლო, ამგვარი წერილობითი დასტურის მოპოვების გარეშე, სამშენებლო საქმიანობის განხორციელება უთანაბრდება უნებართვო მშენებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჩ...ს“ მხრიდან მსუბუქი კონსტრუქციების განთავსება თავდაპირველად განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა არ იქნა დაცული მათი განთავსების მაქსიმალური 1 წლიანი ვადა, ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ ვადის ამოწურვის შემდეგ არ იქნა მოთხოვნილი კონსტრუქციების განთავსებისთვის ვადის გაგრძელება. შესაბამისად, განთავსებული ობიექტები წარმოადგენდნენ უნებართვო შენობა-ნაგებობებს და ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მითითებით განსაზღვრული დარღვევების გამოუსწორებლობის შედეგად მიეღო დადგენილებები სადავო ჯიხურების დემონტაჟის დავალების თაობაზე.
თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა, რომ სადავო აქტების გამოცემის შემდეგ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში შეტანილი იქნა ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებს“ დაემატა 37-ე მუხლი, რომლის თანახმად - პირს, რომელმაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განათავსა დროებითი შენობა-ნაგებობა − ჯიხური და მისი გამოყენების ვადა გასულია ან გადის 2021 წლის 1 ივლისამდე, ჯიხურის გამოყენების ვადა გაუხანგრძლივდა ამავე თარიღამდე (2021 წლის 1 ივლისამდე). ასეთ შემთხვევაში, ჯიხურის გამოყენებიდან ჯიხურის გამოყენების გახანგრძლივებამდე პერიოდი ჩაითვალა ჯიხურის გამოყენების მაქსიმალურ ვადად. ამასთან, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, თუ ჯიხური ისევ არის განთავსებული ჯიხურის გამოყენების ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებულ ადგილას და პირი ისევ აგრძელებს ამ ჯიხურის გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ჩ...ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ჯიხურების გამოყენების ვადა გასული იყო 2021 წლის 1 ივლისისთვის, შესაბამისად, მათი გამოყენების ვადა კანონმდებელმა გაახანგრძლივა ამავე თარიღამდე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯიხურები გადაწყვეტილების მიღების დროისთვის კვლავ იყო განთავსებული შეთანხმებულ ადგილას და პირი ისევ აგრძელებდა მათ გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ სადავო დადგენილებები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის №1730 ბრძანება გამოცემულია 2020 წლის 14 სექტემბერს და 2020 წლის 17 დეკემბერს, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 დეკემბრის 2020 წლის 18 დეკემბრის №756 დადგენილებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, გაუმჯობესდა პირის მდგომარეობა, რაც უნდა გავრცელებულიყო სადავო შემთხვევაზე. ამდენად, იმ პირობებში, რომ სადავო დადგენილებები გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული, ხოლო სასამართლო განიხილავს კონკრეტული ადმინისტრაციული და სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას მიმდინარე წარმოების ფარგლებში, მოსარჩელეს სადავო აქტებით არ უნდა დაჰკისრებოდა ჯიხურების დემონტაჟი. კანონით გათვალისწინებული თარიღის (01.07.2021წ.) შემდგომ შესაბამისი კონსტრუქციების არსებობის და მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი კი, ცალკე წარმოების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სადავო დადგენილებების სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად ცნობის პირობებში, ასევე იკვეთება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 დეკემბრის №1730 ბრძანების შესაბამის ნაწილში გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად ცნობის საფუძველიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა