საქმე №136(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურების დავალდებულება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „მ...მ“ 09.06.2023 წელს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 21 პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 22.12.2021 წლის №10-08/2130 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 05.05.2023 წლის №NHA 0 23 00482905 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების (21 შემთხვევა) ღირებულების - 9 759 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.09.2023 წლის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 21 პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 22.12.2021 წლის №10-08/2130 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 05.05.2023 წლის № NHA 0 23 00482905 გადაწყვეტილება, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გაწეული სამედიცინო მომსახურების (21 შემთხვევა) ღირებულების - 9 759 ლარის (ცხრა ათას შვიდას ორმოცდაცხრამეტი) ლარის შპს ,,მ...სთვის" ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2024 წლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში კლინიკა "მ...ს" 9 759 ლარის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევებში ჩატარებული გამოკვლევები არ პასუხობდა „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში“ - კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.05.2021 წლის №01-155/ო ბრძანების 8.3.6 პუნქტით განსაზღვრული კვლევების ჩატარების პერიოდულობას, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 28.12.2011 წლის №01-64/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში), ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში და პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის უფლებამოსილება გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც შედავებულია არა დიაგნოზი, არამედ ჩატარებული გამოკვლევების საჭიროება და რეალურობა, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირების ფარგლებში და პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. გარდა ამისა, სადავო აქტი არ შეიცავდა რაიმე კონკრეტულ მითითებას, თუ რომელი კვლევების ჩატარება იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ ან რა საფუძველზე დაყრდნობით.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ერთი შეხედვით, სახეზეა ანაზღაურებას დაქვემდებარებული სამედიცინო მომსახურების გაწევა, თუმცა სახელმწიფო უარს ამბობს ანაზღაურებაზე, ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევასა და ცალსახა, ერთმნიშვნელოვან დასკვნებსა და მტკიცებულებებს. მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ კლინიკის მიერ გამოყენებული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდი ემსახურებოდა არა პაციენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებს, არამედ ნაკარნახევი იყო მხოლოდ კლინიკის შემოსავლის გაზრდის მიზნებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 21 პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს „მ...ს“ კასპის სამედიცინო ცენტრის მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, 51375.2 ლარის ნაცვლად კლინიკას აუნაზღაურდა 41616.2 ლარი, ხოლო უარი ეთქვა 9759 ლარის ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში, შპს "მ...ს" მიერ 2021 წლის აგვისტოს თვის ანგარიშგებაში წარდგენილი ლაბორატორიული კვლევების ხარჯი არ ანაზღაურდა იმ საფუძვლით, რომ პაციენტებზე ჩატარებული ლაბორატორიული და/ან ინსტრუმენტული კვლევები არ შეესაბამებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციებს (გაიდლაინებს). წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით არ დადასტურდა სხვადასხვა სიმძიმის შესაბამისად განსაზღვრული კვლევების ჩატარების პერიოდულობა და ჩატარების საჭიროება. შესაბამისად, "2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 31.12.2020 წლის №828 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" ქვეპუნქტზე მითითებით, კლინიკას ეთქვა უარი სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,მ...ს” მიერ 21 პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება. შესაბამისი ინფორმაცია გადაგზავნილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურ სამსახურში კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურების მიღების მიზნით. სამსახურის მიერ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტებთან მიმართებაში არ დადასტურდა კვლევების კონკრეტული ოდენობით ჩატარების საჭიროება, შესაბამისად, მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამებოდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების მოცულობას. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მ...მ“ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დამატებით მიეთითა, რომ „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში“ - კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.05.2021 წლის №01-155/ო ბრძანების 8.3.6 პუნქტით განსაზღვრულია კვლევების დასახელება და მათი ჩატარების პერიოდულობა მსუბუქი/საშუალო სიმძიმით, მძიმედ და კრიტიკულად მძიმედ მიმდინარე დაავადებების მიხედვით. სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებული კვლევები კი არ შეესაბამებოდა ამ პუნქტით განსაზღვრულ დებულებებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 31.12.2020 წლის №828 დადგენილებით დამტკიცებულია „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები“, რომლის მიზანია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის შექმნას ფინანსური გარანტიები სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება (1-ლი მუხლი). დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს მე-20 დანართით განსაზღვრული - ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა, რომლის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID – 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები (თუ ცალკეული პროგრამებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის 22.12.2021 წლის №10-08/2130 გადაწყვეტილებაში, კლინიკის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია სწორედ საქართველოს მთავრობის 31.12.2020 წლის №828 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, თუმცა სადავო აქტი არ არის დასაბუთებული და შესაბამისად, გაურკვეველია რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამებოდა პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას. ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი დაკონკრეტებულია ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 05.05.2023 წელს მიღებულ № NHA 0 23 00482905 გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, დაწესებულების მიერ ჩატარებული კვლევები და მათი საჭიროება არ შეესაბამებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.05.2021 წლის №01-155/ო ბრძანების 8.3.6 პუნქტით განსაზღვრულ დებულებებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულია კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვა მოზრდილ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში“. გაიდლაინის მიზანს წარმოადგენს ექიმებისთვის COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების კლინიკური მართვის ხარისხის გაუმჯობესება დროული, ეფექტიანი და უსაფრთხო რეკომენდაციების მიწოდებით. ბრძანების 8.3.6 პუნქტით განსაზღვრულია COVID-19-ით დადასტურებული პაციენტების მიმართ ჩასატარებელი კვლევების დასახელება და მათი ჩატარების პერიოდულობა. უდავოა , რომ მოცემულ შემთხვევაში პაციენტებს ლაბორატორიულად დადასტურებული ჰქონდათ COVID-19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილების თანახმად, სამედიცინო მომსახურებაზე (კვლევებზე) გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი ამ მომსახურების მიზანშეწონილობისა და გაიდლაინით განსაზღვრული პერიოდულობით საჭიროების საკითხი გახდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 28.12.2011 წლის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, სააგენტოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა: იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში) კონტროლი და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ინსპექტირება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში. ამასთან, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 31.12.2020 წლის №828 დადგენილების მე-15 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა, რაც შეიძლება გამოიხატოს მიმწოდებლის მიერ პროგრამის განმახორციელებლისათვის მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტაციის და პროგრამულად შეტყობინების სისტემით წარდგენილი ინფორმაციის შედარებაში, მათი ურთიერთშესაბამისობის თუ შეუსაბამობის დადგენაში, რაც შემდგომ გავლენას ახდენს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გასცდა ინსპექტირების ფარგლებს და გაწეული სამედიცინო მომსახურების მიზანშეუწონლობის საბაბით უარი უთხრა მოსარჩელეს ხარჯების ანაზღაურებაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 17.05.2021 წლის № 01-155/ო ბრძანების 8.3.6 პუნქტის შენიშვნაზე, სადაც მითითებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული კვლევები კლინიკური ჩვენების შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა ჩაუტარდეს უფრო ხშირადაც. ამდენად, ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ შესაძლოა დადგენილზე მეტი რაოდენობით კვლევების ჩატარება გახდეს საჭირო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ექიმი პაციენტის ანამნეზის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მიღებული ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე პირადად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პაციენტს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენცია გაწეული სამედიცინო მომსახურების უხარისხობისა და მიზანშეწონილობის საბაბით უარი ეთქვა მოსარჩელისათვის ხარჯების ანაზღაურებაზე. სადავო აქტები არ არის დასაბუთებული, არ დგინდება თუ რომელ მტკიცებულებას დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია, რომ გარკვეული კვლევები ჩატარდა გაიდლაინით გათვალისწინებულზე მეტი სიხშირით, მაშინ როდესაც, თავად გაიდლაინითაა დადგენილი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში დადგენილზე მეტი რაოდენობით კვლევების ჩატარების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს მხოლოდ ნორმების ციტირებას, კასატორი ვერ ასაბუთებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2024 წლის განჩინება;
3.სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი 200294519) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 10.03.2025 წლის №05476 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 487.95 ლარის 70% - 341.56 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე