Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განსჯადი სასამართლოსათვის საქმის გადაცემის შესახებ

საქმე №ბს-1235(გ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რ. ტ-ეის საჩივართან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2025 წლის 25 სექტემბერს რ. ტ-ემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აგვისტოს №... ელექტრონული დადგენილებისა და 2025 წლის 8 სექტემბრის MIA 32502968835 დადგენილების ბათილად ცნობა.

საჩივრის თანახმად, 2025 წლის 7 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორებმა რ. ტ-ეს უკანონოდ შეუდგინეს №... სამართალდარღვევის ოქმი, რომელზეც 2025 წლის 8 აგვისტოს საჩივარი იქნა წარდგენილი საპატრულო პოლიციაში, თუმცა 2025 წლის 8 სექტემბრის MIA 32502968835 დადგენილებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით, რ. ტ-ეის საჩივარი, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მათ საფუძველზე განმარტა, რომ სამართალდარღვევის საქმე განიხილებოდა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ რ. ტ-ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში. ამავე სამმართველოს მიერ, 2025 წლის 8 სექტემბერს, მიღებულ იქნა №MIA 32502968835 დადგენილება, რომლითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა №... ელექტრონული დადგენილება. ამასთან, სადავო 2025 წლის 7 აგვისტოს №... ელექტრონული დადგენილება მიღებული იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიერ, ხოლო ამავე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში განმარტებულ იქნა მისი გასაჩივრების წესი, კერძოდ რომ დადგენილება შეიძლება გასაჩივრებულიყო მისი გაცნობიდან 10 დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ...ს ქ. №...). გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საჩივრის ავტორის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა არა თბილისის მუნიციპალიტეტი, არამედ - ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ა, ... ქუჩა №.... ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ტ-ეის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნილიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით რ. ტ-ეის საჩივარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დადგენილების გაუქმების შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით, რ. ტ-ეის საჩივრის ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის შემდგომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ტ-ეის საჩივარი არ პასუხობდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, საჩივრის ავტორი არ მიუთითებდა მოწინააღმდეგე მხარეზე, ამასთან რ. ტ-ეს უნდა დაეზუსტებინა/განესაზღვრა თავისი საჩივრის განსჯადი სასამართლო, მისი საცხოვრებელი ადგილის, ან ჩადენილი სამართალდარღვევის ადგილის მიხედვით. შედეგად, 2025 წლის 20 ოქტომბერს, რ. ტ-ეის წარმომადგენელმა, დ. ც-ემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ საჩივრის მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო, ამასთან, აღნიშნა, რომ რ. ტ-ეის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი განსჯადი სასამართლო იყო თბილისის საქალაქო სასამართლო, რადგან რ. ტ-ეის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი და სურდა მისი საჩივრის განხილვა მომხდარიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2025 წლის 8 სექტემბრის №MIA32502968835 დადგენილებასთან ერთად გასაჩივრებული იყო პატრულ-ინსპექტორის მიერ 2025 წლის 7 აგვისტოს გამოცემული №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ელექტრონული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ), რომლითაც ირკვეოდა, რომ რ. ტ-ეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის აეკრძალა მართვის უფლება 6 თვის ვადით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენდა ქ. ქობულეთი, თუმცა, როგორც მომჩივანი მიუთითებდა, რ. ტ-ეის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი მდებარეობდა ქ. თბილისში.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომელსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე, დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში რ. ტ-ე (წარმომადგენელი დ. ც-ე) 2025 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილ განცხადებაში მიუთითებდა, რომ განსჯად სასამართლოდ ირჩევდა სასამართლოს, მისი, რ. ტ-ეის საცხოვრებელი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი საქმე თავად დამრღვევი პირის არჩევანის მიხედვით და მისი საცხოვრებელი ადგილსამყოფლის შესაბამისად, წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმეს; ამასთან, თავად მომჩივანიც, საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად გადაგზავნის თაობაზე შუამდგომლობდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ტ-ეის საჩივარი და თანდართული მასალები განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, რ. ტ-ეის საჩივარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ, 2025 წლის 7 აგვისტოს №... ელექტრონული დადგენილებისა და 2025 წლის 8 სექტემბრის MIA 32502968835 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად, გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით, რ. ტ-ეის საჩივარზე დადგინდა ხარვეზი. საჩივრის ავტორს დაევალა მოწინააღმდეგე პირთა წრისა და საჩივრის ავტორის საკონტაქტო მონაცემების დაზუსტება. 2025 წლის 17 ნოემბერს, რ. ტ-ეის წარმომადგენელმა, ხარვეზის შევსების მიზნით, საჩივრით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარედ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო, ხოლო რ. ტ-ეის ფაქტობრივ საცხოვრებლად - ქ. თბილისი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის - დ. ც-ეის მიერ, თუმცა, საჩივრის ავტორის მისამართი თავდაპირველად საერთოდ არ იყო მითითებული. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ არც საჩივრის ავტორის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და არც სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი თბილისს არ უკავშირდებოდა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საქმე, განსჯადობით, განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის შესაბამისად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შემდეგ, საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა რ. ტ-ეის მისამართად მიუთითა - ქ. თბილისი, რის საფუძველზეც საქმე კვლავ დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის მიუხედავად, საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა საჩივრის ავტორის მისამართად კვლავ მიუთითა მხოლოდ ქ. თბილისი (კონკრეტული მისამართის გარეშე).

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს საქმის განხილვის ადგილს იმ შემთხვევაში, როცა საჩივრის ავტორის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი შეიძლება განსხვავდებოდეს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილისაგან. აღნიშნული ნორმა ემსახურება მხოლოდ საჩივრის ავტორის ინტერესს და ვერ განიხილება მისი წარმომადგენლის მიერ მისამართის თვითნებურად განსაზღვრის შესაძლებლობად. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებული არჩევანის გამოყენება ვერ უნდა გახდეს მხარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების საშუალება. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ საჩივრის ავტორის - რ. ტ-ეის საცხოვრებელი მისამართია ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ა, ... ქუჩა №..., ხოლო სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი - ქობულეთის მუნიციპალიტეტი. მიუხედავად სასამართლოს მიერ არაერთხელ დადგენილი ხარვეზისა, საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა საჩივრის ავტორის - რ. ტ-ეის თბილისში მდებარე ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა საჩივრის ავტორის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახად ადასტურებდა, რომ მოცემული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.

განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ №ბს-1394-1377(კ-11), 06.06.2012წ.).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ №ბს-430(გ-19), 28.05.2020წ.).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიკურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით (განსახილველი დავის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განსჯადობის საერთო წესს (მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით) და სხვა საგამონაკლისო მოწესრიგებებს (მაგ.: ნივთობრივი განსჯადობა, განსაკუთრებული განსჯადობა და სხვ.). აღნიშნულ ნორმათა მიხედვით კონკრეტული დავის განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა სასამართლო არის ნორმათშეფარდებაზე და არა ნორმათშემოქმედებაზე უფლებამოსილი სუბიექტი. სასამართლო ადგენს კონკრეტული დავის განხილვაზე ტერიტორიულად უფლებამოსილ შესაბამის სასამართლოს, თუმცა ეს ხორციელდება არსებული ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში და არა ახალი მოწესრიგების შემოღების საფუძველზე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშაოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებური, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტას არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს, ხოლო საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის და მოპასუხის სამართლებრივი შეხედულებები მხედველობაში არ მიიღება; განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უპირობოდ საკასაციო ინსტანციის პრეროგატივაა (სუსგ №ბს-1000(გ-19), 19.12.2023წ.).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. ტ-ე ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (შეუჩერდა მართვის უფლება 6 თვის ვადით), რაც გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში. ამავე სამმართველოს მიერ, 2025 წლის 8 სექტემბერს მიღებულ იქნა №MIA 32502968835 დადგენილება, რომლითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა №... ელექტრონული დადგენილება. აღსანიშნავია, რომ №... დადგენილებაში სავარაუდო დამრღვევის მისამართად მითითებულ იქნა სოფელი ...ა, ... ქუჩა №... (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

ასევე დადგენილია, რომ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა საჩივრის ავტორის წარმომადგენლის - დ. ც-ეის მიერ, თუმცა, თავად საჩივრის ავტორის მისამართი არ ყოფილა მითითებული. საქმის განსჯადობით ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ, დასახელებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შედეგად საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა რ. ტ-ეის მისამართად მიუთითა - ქ. თბილისი (კონკრეტული მისამართის მითითების გარეშე), რის საფუძველზეც საქმე კვლავ დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის დაბრუნების შედეგად აღნიშნულმა სასამართლომ 2025 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, სადაც მათ შორის აღნიშნა, რომ წარდგენილ საჩივარში მითითებული იყო მხოლოდ დ. ც-ეის, როგორც წარმომადგენლის საკონტაქტო მონაცემები, შესაბამისად, საჩივრის ავტორს დაევალა მისი ძირითად მისამართის, ტელეფონის ნომრის, ასევე ალტერნატიული მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითება. შედეგად, ხარვეზის შევსების მიზნით, 2025 წლის 17 ნოემბერს რ. ტ-ეის წარმომადგენელმა დ. ც-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სადაც რ. ტ-ეის ფაქტობრივად საცხოვრებელ ადგილად კვლავ დაასახელა ქ. თბილისი, კონკრეტული მისამართის მითითების გარეშე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 1151−1168, 118-ე–1184, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა ასკ-ის 116-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 116-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს სწორედ ასკ-ის 116-ე მუხლი. ამდენად, დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორს აქვს უფლება, რომ განსჯადი სასამართლო აირჩიოს სამართალდარღვევის ჩადენის ან მისი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, საჩივრის ავტორის - რ. ტ-ეის საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნას ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ა, ... ქუჩა №... (რეგისტრაციის ადგილი), ხოლო სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს - ქობულეთის მუნიციპალიტეტი. ამასთან, მიუხედავად საქალაქო სასამართლოს მიერ არაერთხელ დადგენილი ხარვეზისა, საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ვერ მიუთითა საჩივრის ავტორის - რ. ტ-ეის ქ. თბილისში მდებარე ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა საჩივრის ავტორის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი. ამრიგად, მართებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე საქმე არის არა თბილისის საქალაქო სასამართლოს, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ტ-ეის საჩივარი, ტერიტორიულად ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ტ-ეის საჩივარი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მიქაუტაძე

ბ. სტურუა