Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1080(კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ...“ (მოპასუხე)

მესამე პირი - სს „ს...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „სააგენტო“) სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შპს „ბ...ს“ (შემდეგში - „მოპასუხე“, „მოწინააღდეგე მხარე“) მიმართ, პირგასამტეხლოს სახით - 41483.84 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის სხდომაზე, მოპასუხემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა ადმინისტრაციული საქმე - შპს „ბ...ს“ სარჩელისა გამო, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანება, რომლითაც შეწყდა 2018 წლის 07 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 07 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს - 4000 ლარის გადახდა.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო, მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. ასევე, ამ უკანასკნელმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაც მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, შპს „ბ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; მოცემულ საქმეზე, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინება (საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ).

8. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 აგვიტოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „ბ...ს“ შუამდგომლობა - დავის საგნის არ არსებობის გამო, მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ბ...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

11.1. სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

11.1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ბ...ს“ შორის, 2018 წლის 07 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა: 1. ქ. გარდაბანში მდებარე 1764 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 2. ქ. გარდაბანში, ...ს ქუჩის №... „ა“-ში მდებარე 979 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 3. ქ. გარდაბანში მდებარე 303 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (ს/კ ...); 4. ქ. გარდაბანში, ...ს ქ. №2-ში მდებარე 8888 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...); 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 4845 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №4 შენობა-ნაგებობები (ს/კ ...). ამავე ხელშეკრულების 2.1 მუხლით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, უზრუნველეყო საპრივატიზებო თანხის - 218336 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს სამი თვის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების 6.2 მუხლის მიხედვით, 2.1 მუხლით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1. ს. ფ. 14-21).

11.1.2. 2018 წლის 17 მაისს, შპს „ბ...ს“ დირექტორმა წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესყიდული მიწის ნაკვეთების ღირებულების გადახდისთვის დამატებითი ვადა ითხოვა ჯარიმის გამოყენების გარეშე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 31 მაისის №4/30720 წერილით, მოპასუხეს თანხის გადახდისთვის განესაზღვრა დამატებითი ვადა - 2018 წლის 01 სექტემბრამდე, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 ივნისის №4/34120 წერილით, შპს „ბ...ს“ დირექტორს ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ამავე წერილით მიეთითა საბანკო რეკვიზიტებისა და თანხის გადახდის ვადის თაობაზე (ტ.1. ს. ფ. 22-23, 24-25, 26-27 ).

11.1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანებით, შეწყდა მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 07 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1. ს. ფ. 32-33 ).

11.1.4. სააპელაციო პალატის 2020 წლის 07 აგვისტოს სხდომაზე, შპს „ბ...ს“ მიერ, წარდგენილ იქნა სს „ს...ს“ 2019 წლის 08 იანვრის საგადახდო დავალება, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის - სს „ს...ს“ მიერ, 2019 წლის 08 იანვარს, ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაირიცხა 30000 ლარი; გადახდის დანიშნულებად მითითებულია სს „ს...ს“ №... საბანკო გარანტიაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება (ტ.2. ს.ფ. 81-83).

11.2. სააპელაციო პალატამ პირველ რიგში, იმსჯელა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 ოქტომბრის განჩინების კანონიერებაზე, რომლითაც მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. პალატამ წარმოდგენილი შუამდგომლობის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთების საწინააღმდეგოდ, მიიჩნია, რომ განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობის შემოწმება, არ იყო დამოკიდებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული, №3-282-19 ადმინისტრაციული საქმის (შპს „ბ...ს“ სარჩელისა გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 ბრძანების ბათილად ცნობა) საბოლოო განხილვა-გადაწყვეტაზე, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

11.3. ასევე, სააპელაციო პალატამ იმსჯელა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის შუამდგომლობის (იხ. ტ.2, ს.ფ. 299) საფუძვლიანობაზე და შუამდგომლობაზე თანდართულ მტკიცებულებათა (რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების - ტ.2. ს.ფ. 318-329; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების - ტ.2.ს.ფ. 305-317; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 დეკემბრის №4/70523 წერილის - ტ.2. ს.ფ. 302; სს „ს...ს“ 2019 წლის 08 იანვრის საგადახდო დავალების - ტ.2. ს.ფ. 301, 303) შინაარსის გათვალისწინებით, არ გაიზიარა მოპასუხის მოტივაცია დავის საგნის არარსებობის გამო, წინამდებარე საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

11.4. ამ მიმართებით, პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, 2018 წლის 07 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სააგენტოს 2018 წლის 14 დეკემბრის №1/1-2714 და 2018 წლის 18 სექტემბრის №1/1-2155 ბრძანებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა, არ გულისხმობდა ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, იმავე შინაარსის აქტების გამოცემის შეუძლებლობას. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საერთო სასამართლოებმა სადავო აქტებში მითითებული და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი გარემოებების ფარგლებში, იმსჯელეს აქტების კანონიერებაზე, ხოლო ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეეფასებინა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და კანონიერების/მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით, მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, პალატამ მხედველობაში მიიღო ის ფაქტობრივი გარემოებებიც, რომ საპრივატიზებო თანხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადას, არ შეუჩერებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა და მოსარჩელე, მოპასუხის მიერ წარდგენილი სს „ს...ს“ 2018 წლის 07 მარტის №... საბანკო გარანტიით გადახდილი 30000 ლარის გარდა, დამატებით ითხოვდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც გამორიცხავდა დავის საგნის არარსებობის მოტივით, საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობას.

11.5. რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ წინამდებარე საქმეზე, აპელანტები სადავოდ ხდიდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, მყიდველისათვის (მოპასუხისათვის) პირგასამტეხლოს სახით, 4000 ლარის დაკისრების მართლზომიერებას. კერძოდ, მოპასუხის პოზიციით, საერთოდ არ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საბანკო გარანტიის სახით, უკვე გადახდილი 30000 ლარის გარდა, მოპასუხისათვის დამატებითი პირგასამტეხლოს დაკისრება.

11.6. სადავო საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 417-ე მუხლზე, 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპის მიუხედავად, სასამართლოს ჰქონდა უფლებამოსილება შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

11.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებზე, უფლებებსა და ვალდებულებებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევა სადავო არ იყო, რის გამოც, მას უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა, პალატის მოსაზრებით, სააგენტოს მიერ, თავდაპირველად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 41483.84 ლარი (რაც დაანგარიშებულ იქნა ხელშეკრულების შესაბამისად - გადაუხდელი თანხის 0,1%-ით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), უკიდურესად მძიმე იყო მოპასუხისათვის და ამ უკანასკნელს, შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში აქცევდა. საქართველოს ერთიან სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებულიყო და განსაზღვრულიყო გადაუხდელი თანხის 0,05%-ით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენდა ხელშეკრულებით შეთანხმებული 0.1%-ის, ანუ 41483.84 ლარის ნახევარს, 20741.92 ლარს.

11.8. იქვე, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოპასუხის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო თანხის გადახდის (მუხლი 2.1.) და ინვესტიციის განხორციელების (მუხლი 3.1.1.) ვალდებულებ(ებ)ის შესრულების ან/და ამავე ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, მყიდველის (მოპასუხის) მიერ წარდგენილ იქნა სს „ს...ს“ 2018 წლის 07 მარტის №... საბანკო გარანტია. საქმეში წარმოდგენილი სს „ს...ს“ საგადახდო დავალებით კი, დასტურდებოდა, რომ 2019 წლის 08 იანვარს, ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სს „ს...ს“ მხრიდან გადაირიცხა 30000 ლარი, დანიშნულებით - შპს „ბ...ს“ №... საბანკო გარანტიაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება. გარდა ამისა, პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო სასამართლოში, 2023 წლის 27 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, მოსარჩელე სააგენტოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი 41483.84 ლარიდან, საბანკო გარანტიის ფარგლებში, სს „ს...ს“ მიერ გადარიცხული 30000 ლარით დაიფარა პირგასამტეხლოს ნაწილი, რის გამოც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხისათვის მხოლოდ დარჩენილი თანხის - 11483.84 ლარის დაკისრება მოითხოვა (იხ.სააპელაციო პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმი 15:19:36, 15:21:43 - 15:24:14). დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 20741.92 ლარი, უკვე დაიფარა გარანტის მხრიდან, მოსარჩელის სასარგებლოდ 30000 ლარის გადახდით, რის გამოც, აღარ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრებისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

12. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში (მოპასუხისათვის 11483.84 ლარის დაკისრება), სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

14. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ისე შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომ მისი შემცირების წინაპირობა და პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხების ფორმირების აუცილებლობა, კონკრეტულ საქმეზე არ არსებობდა, მით უფრო, იმ პირობებში რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზეცაა განსაზღვრული; ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეს, დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მას, როგორც მეწარმე სუბიექტს, გაცნობიერებული ჰქონდა ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ სახელმწიფოს ინტერესი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორს, მის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.

19. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 07 მარტს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. გარდაბანსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...; ს/კ ...). ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება, უზრუნველეყო საპრივატიზებო თანხის - 218336 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს სამი თვის ვადაში (2.1 მუხლი); საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.2 მუხლი); დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო თანხის გადახდის (2.1. მუხლი) და ინვესტიციის განხორციელების (3.1.1. მუხლი) ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისა ან/და ამავე ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, მყიდველის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო გარანტია.

20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (საპრივატიზებო თანხის გადახდის) შეუსრულებლობაა სადავოდ გამხდარი; კასატორი არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საბანკო გარანტია გამოთხოვილი აქვს და გარანტის მიერ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 41483.84 ლარიდან, დაფარულია 30000 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა და საკასაციო პალატის შეფასების საგანია, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევისა და მისი შემცირების მართლზომიერების საკითხი, რამაც დარჩენილი თანხის - 11483.84 ლარის (პირგასამტეხლოს სახით დარიცხულ და საბანკო გარანტიის ფარგლებში გადახდილ თანხებს შორის სხვაობა) ანაზღაურებაზე უარის თქმა განაპირობა.

21. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესრულების ვალდებულება პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას, წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

22. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).

23. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელეს საბანკო გარანტია გამოთხოვილი აქვს და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, პირგასამტეხლოს სახით დარიცხული დარჩენილი თანხის (11483.84 ლარის) ანაზღაურებას ითხოვს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საბანკო გარანტია და პირგასამტეხლო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია და მხარეებს, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულებით შეუძლიათ გაითვალისწინონ ორივე ინსტრუმენტი.

24. საბანკო გარანტია პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებელია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა. პირგასამტეხლო კი, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ, მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. როდესაც ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-ე-420-ე მუხლები) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-ე-890-ე მუხლები) და არც ერთის ნამდვილობა სადავო არაა, გარანტის მიერ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გამორიცხავს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-355-2019, 26.10.2023წ.), რადგან სამოქალაქო კოდექსი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. შესაბამისად, კრედიტორის მიერ, საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს პირგასამტეხლოს შემცირების, მაგრამ არა მისგან სრულად გათავისუფლების წინაპირობად.

25. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება (სსკ-ის 420-ე მუხლი), ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. შეფასების მიზნებისათვის, მხედველობაში მიიღება მოპასუხის არამარტო ქონებრივი, არამედ ყველა სხვა პატივსადები ინტერესი. ასეთ დროს, სასამართლო აფასებს შესრულების ღირებულებასა და შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-740-734(2კ-11), 17.01./2012 წ.).

26. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციის მიზნებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

27. საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით გამოიყენება; რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, კანონი ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-1284-1226-2013, 24.03.2014წ.; №ას-1171-1116-2014, 02.02.2015წ.). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, კანონისმიერ პირგასამტეხლოსთან მიმართებით, ვერ იქნება გამოყენებული.

28. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სწორედ მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს კანონისმიერ პირგასამტეხლოდ მიჩნევასა და ამ მოტივით, მისი შემცირების დაუშვებლობას შეეხება. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შედავებას და ამ მიმართებით, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ეფუძნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდეგში - „საქართველოს კანონი“), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებას (შემდეგში - „დებულება“, „საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი“ ან „კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი“) და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 07 დეკემბრის №2554 განკარგულებას (შემდეგში - „განკარგულება“).

29. საქართველოს კანონი (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია საქართველოს კანონის ნორმები ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციით), აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი). საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე - საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს) (საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი). აღსანიშნავია, რომ დასახელებული კანონი არ განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას.

30. რაც შეეხება საქართველოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას (წინამდებარე განჩინებაში მითითებული და შეფასებულია დებულების ნორმები ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი რედაქციით), იგი შემუშავებულია საქართველოს კანონის თანახმად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს (დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი). დებულების თანახმად, სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვის ფორმით (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით) შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია (დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი). ნიშანდობლივია, რომ დებულება, სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადგენს პირგასამტეხლოს განსაზღვრის ცალკეულ შემთხვევებს. კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე: საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქ/პუნქტი); საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში - დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსხვავებული პირობა (დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტი). ამასთან, დებულება ადგენს, რომ მყიდველის მიერ პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე) და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ფორმა, ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით (დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქ/პუნქტი).

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, დებულება ადგენს პირგასამტეხლოს განსაზღვრის ცალკეულ შემთხვევებს (კონკრეტული თანხის ოდენობის მითითების გარეშე), თუმცა, იგი ზოგადი წესის დამდგენი ვერ იქნება, რასაც ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მთლიანი შინაარსიც მოწმობს. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე (საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ) და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, საქართველოს მინისტრის ნორმატიულ აქტში პირგასამტეხლოს გამოანგარიშების გარკვეულ წესსზე მითითება, ვერ მიიჩნევა კანონისმიერად და ვერ გამორიცხავს საქართველო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს უფლებამოსილებას - შეაფასოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება (შდრ. სუსგ. საქმეზე №ბს-85(კ-23), 11.05.2023 წ.).

32. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია (საქართველოს კანონის 31 მუხლის პირველი პუნქტი). ბრძანებით დამტკიცებული დებულება კი, ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას პირდაპირი მიყიდვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში (დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი). დასახელებული რეგულაციების შესაბამისად, ნათელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშობა არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი ნების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაშიც, მოდავე მხარეთა შორის, ურთიერთობა წარმოიშვა არა მხოლოდ მოსარჩელის შეხედულებით, არამედ ორმხრივი, ურთიერთმფარავი ნების საფუძველზე - ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გზით. შესაბამისად, 2018 წლის 07 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგია და წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებების წარმოშობის საფუძველს, რის გამოც, ხელშეკრულების 6.2. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), განხილულ უნდა იქნეს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ, რომლის ოდენობის მართლზომიერების შეფასებაც, სასამართლოს მიხედულებაა.

33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის შედავება მასზედ, რომ სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას ჰქონდა თვითნებური ხასიათი, რამეთუ მოპასუხეს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება არ მოუთხოვია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითება დაუსაბუთებელია იმდენად, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება და წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში, კასატორი თავადვე მიუთითებს, რომ მოპასუხე არა თუ სადავოდ ხდიდა მისთვის კონკრეტული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებას, არამედ სრულად ითხოვდა მისგან გათავისუფლებას (კასატორის მითითებით, მოპასუხის მოთხოვნა ყოველთვის იყოს პირგასამტეხლოს სრული ანულირება - იხ. საკასაციო საჩივრის მე-5 გვერდი).

34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი კასატორის ვერც ის შედავება გახდება, რომ მოპასუხეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გაცნობიერებული ჰქონდა ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ სახელმწიფოს ინტერესი, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. ამ მიმართებით დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ერთი მხრივ, იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, მაინც არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად დგინდება და მოწმდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამაც შესაძლოა განსხვავებული შედეგები წარმოშვას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, ხოლო კასატორმა ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები. ამასთან, ვერ დაასაბუთა სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით განხილვა.

36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. ასევე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

37. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე), გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე

თამარ ზამბახიძე