საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1018(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება
დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, პენსიის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 29 აპრილს ზ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედის სერვის ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2019 წლიდან დღემდე დასაქმებულია ...ში, ...ს სახლ-მუზეუმში, ...ს პოზიციაზე. 2023 წლის 1 მაისამდე მოსარჩელე ღებულობდა პენსიასაც და ხელფასსაც. ზ. ს-ეს 2023 წლის 1 მაისს შეუწყდა პენსია, იმ საფუძვლით, რომ ის ახორციელებდა საჯარო საქმიანობას. სსიპ სოციალური მომსახურების სამტრედიის სერვის ცენტრის 31.10.2023წ. წერილით მოსარჩელეს მოეთხოვა მიღებული თანხების უკან დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ საჯარო საქმიანობის განხორცილების დაწყების მეორე თვიდან, სახელმწიფო პენსია აღარ უნდა ჩარიცხვოდა. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული აქტით დაკისრებული თანხების ჩამოწერა, თუმცა მისი განცხადება განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ დარღვეული იყო გასაჩივრების ვადა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა სახლ-მუზეუმში არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და უკანონოდ შეუწყდა სახელმწიფო პენსიის დარიცხვა.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1)მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილების და ამავე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 0 24 00320268 გადაწყვეტილების ადმინისტრაციული განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე ბათილად ცნობა; 2)პენსიის დარიცხვის შესახებ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის SSA 4 23 01157499 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პენსიის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შეული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრება; 4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება და ზ. ს-ეის სასარგებლოდ სახელმწიფო პენსიის გაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს NSSA 9 24 00545105 და NSSA 8 24 00733619 გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლითაც ზ. ს-ეს უარი ეთქვა პენსიის აღდგენა/ხელახლა დანიშვნაზე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ს-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილება ზ. ს-ეის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის შესახებ და ამავე სააგენტოს 2024 წლის 19 მარტის SSA 0 24 00320268 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 31 ოქტომბრის SSA 4 23 01157499 გადაწყვეტილება ზ. ს-ეზე საპენსიო დავალიანების 4040 (ოთხი ათას ორმოცი) ლარის დარიცხვის შესახებ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს დაევალა პენსიის შეწყვეტის დღიდან - 2023 წლის 1 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ზ. ს-ეისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 21 მაისის N SSA 9 24 00545105 და 2024 წლის 8 ივლისის N SSA 8 24 00733619 აქტები, რომლითაც ზ. ს-ეს უარი ეთქვა პენსიის აღდგენა/ხელახლა დანიშვნაზე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრს დაევალა ზ. ს-ეისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნა (აღდგენა).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი საჯარო საქმიანობას განმარტავს, როგორც საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის პერიოდში, პენსიით შეუზღუდავი უზრუნველყოფის მიზნებისათვის, კანონი უშვებს გამონაკლისს („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტი) პოლიტიკურ და რელიგიური ორგანიზაციებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის და მეცნიერებათა აკადემიებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებულებისათვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის N05/05 ბრძანებით დამტკიცებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების თანახმად, იგი წარმოადგენს სამუზეუმო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას და ამავდროულად სააგენტოს ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს. მიუხედავად იმისა, რომ სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, დებულების თანახმად, სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვას, მოვლაპატრონობას, მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადებას, უშუალოდ სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულებების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ვინაიდან, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სამუზეუმო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს საჯარო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული "სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების" მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით რეგლამენტირებული პირობა მასზედ, რომ სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შშმ პირებისა. მოსარჩელე, ზ. ს-ე დასაქმებულია სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის სახლ-მუზეუმში. შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით იზღუდება სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) მიღების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, მოსარჩელისთვის პენსის შეწყვეტის კანონიერება, დარიცხული პენსიის უკან დაბრუნება, პენსიის შეწყვეტის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თანხის ანაზღაურება და პენსიის ხელახლა აღდგენა/დანიშვნის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანიას შეფასდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, და აღნიშნული გამორიცხავს თუ არა პენსიის მიღებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ს-ე 2019 წლიდან დღემდე დასაქმებულია ...შის ...ს სახლ-მუზეუმში, ...ს პოზიციაზე. 2023 წლის 1 მაისამდე მოსარჩელე ღებულობდა პენსიასაც და ხელფასსაც. სადავოდ ქცეული სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურის სააგენტოს სამტრედიის ტერიტორიული ერთეულის 2023 წლის 1 მაისის 2023/3 გადაწყვეტილებით, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით, ზ. ს-ეს 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ზ. ს-ე ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რადგან მისი დამსაქმებელი იყო სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ...ის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი. მოსარჩელეს მოეთხოვა უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების ბიუჯეტში დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. ზ. ს-ეს სწორედ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფაზე.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საჯარო საქმიანობის ცნებას. მოცემული მუხლის თანახმად, საჯარო საქმიანობაა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. მითითებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით დადგენილია საგამონაკლისო დაწესებულებები, რომლებში მუშაობაც არ ჩაითვალა საჯარო საქმიანობის განხორციელებად და მასში მომუშავე პირებს მიეცათ სახელმწიფო გასაცემელის დამატებით მიღების შესაძლებლობა. ასეთ ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს მუზეუმში მუშაობა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. მითითებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთი მუზეუმ-ნაკრძალია ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, ხოლო მე-9 მუხლი განსაზღვრავს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითად ამოცანებს, რომელთა შორისაა: მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და ა. შ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მუზეუმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მუზეუმი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოწესრიგების მიზანი, ნორმა უნდა განიმარტოს სხვა ნორმებთან კავშირში და არა იზოლირებულად, იმისათვის რათა მიღწეულ იქნას მისი რეალური შინაარსის სრულად წვდომის მიზანი. ზემოაღნიშნული ნორმატიული დანაწესების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შექმნილია მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბაზაზე. ამდენად, წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების უფლებამონაცვლეს. დებულებითვე განსაზღვრულია, რომ სააგენტო შედგება მუზეუმებისაგან, მუზეუმ-ნაკრძალებისაგან და კანონით პირდაპირ განსაზღვრული სამსახურებისაგან. დებულებით პირდაპირ განსაზღვრულია და გამიჯნულია როგორც მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების, ასევე კონკრეტული სამსახურების სახეობები, მათი საქმიანობა და ფუნქციები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ ...ის მუზეუმ-ნაკრძალში დასაქმებული პირი წარმოადგენს მუზეუმში (მუზეუმ-ნაკრძალში) დასაქმებულ პირს, მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობის მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე. სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ შეიძლება გაიგივებული იქნეს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულად (სამსახურები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის "გ" ქვეპუნქტი საჯარო საქმიანობის განხორციელებად ერთმნიშვნელოვნად არ მიიჩნევს მუზეუმში მუშაობას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სახელმწიფო პენსიის/გასაცემლის ადმინისტრირების მიზნებისათვის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის "გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუზეუმში დასაქმება, საშეღავათო პირობებით დადგენილი გამონაკლისით სარგებლობს. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ...ის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა გამორიცხავს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა მასზედ, რომ ზ. ს-ესთან მიმართებაში, სახეზე არ იყო ისეთი ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კანონშესაბამისად ცნეს ბათილად სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მოპასუხეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართებულად დაევალა მოსარჩელისთვის პენსიის სახელმწიფო პენსიის აღდგენა/დანიშვნა და შეწყვეტის დღიდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა