Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-371 (კ-25) 22 დეკემბერი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ე-ს (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2025 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს. ე-სმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 13.03.2023 წლის №1000459868/5 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 04.02.2016 წლის N1000459868 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი :

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 13.03.2023 წლის №1000459868/5 გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ გაცემული მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2025 წლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.10.2023 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სააგენტოს 04.02.2016 წლის №1000459868 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 10.11.2021 წლის №01/228697/გ გადაწყვეტილებით. სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2022 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 10.11.2021 წლის №01/228697/გ გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობა გახდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებები არ იყო გამოკვლეული საფუძვლიანად, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა, კონკრეტულად ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით გამოცხადდა ძალადაკარგულად საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.

4.3. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სადავო აქტით - სააგენტოს 13.03.2023 წლის №1000459868/5 გადაწყვეტილებით, სააგენტომ კვლავ ძალადაკარგულად გამოაცხადა 04.02.2016 წლის №1000459868 გადაწყვეტილება, ამჟამად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებზე მითითებით.

4.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 61-ე მუხლზე და განმარტა, რომ სააგენტოს 13.03.2023 წლის №1000459868/5 გადაწყვეტილებით ძალდაკარგულად გამოცხადდა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღნიშნულ შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვის გაუქმებისთვის კანონით პირდაპირ დადგენილი საფუძვლები. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ განსხვავებით კონკრეტული ვადით გაცემული ბინადრობის ნებართვებისგან, რომელიც ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაუქმებას კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების წარმოშობა ავტომატურად არ განაპირობებს, ამგვარ მოცემულობაში, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რა დროსაც ახდენს კერძო და საჯარო ინტერესთა შეპირისპირებას.

4.5. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 18.07.2022 წლის განაჩენით დგინდება, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, მოსარჩელე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის შენარჩუნების მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძვლის დასადგენად. გადმოცემული ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გამოკვლევა მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებული ფაქტები არ აისახა სასამართლო გადაწყვეტილებაში.

4.6. სააპელაციო სასამართლომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალაში დატოვების წინაპირობები. სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მუდმივი ცხოვრების ნებართვის შენარჩუნებისთვის, რამეთუ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის მიერ იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ან/და მის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ამავე კანონის მე-21 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე განაპირობებს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას. პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა მართლზომიერად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაიცვა აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ვინაიდან მოსარჩელემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე არსებობს გარემოება მისი საქმიანობიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის შესახებ, სააგენტო უფლებამოსილი იყო კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიეღო გადაწყვეტილება უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი სააგენტოს 13.03.2023 წლის №1000459868/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

10. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „სპეციალური კანონი“). აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

11. სპეციალური კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; მ) თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, თითოეული საფუძველი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის დამოუკიდებელი წინაპირობაა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება სპეციალური კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი, რომ: სააგენტოს 04.02.2016 წლის №1000459868 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს (დაბადებული ... წელს, თურქეთში) მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 10.11.2021 წლის №01/228697/გ გადაწყვეტილებით (ს.ფ.16); გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2022 წლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 10.11.2021 წლის №01/228697/გ გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (ს.ფ.17-23); თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 18.07.2022 წლის განაჩენის თანახმად, პროკურორსა და ბრალდებულ მოსარჩელეს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით (ს.ფ.133-139); სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული სადავო აქტით - სააგენტოს 13.03.2023 წლის №1000459868/5 გადაწყვეტილებით, სააგენტომ ძალადაკარგულად გამოაცხადა 04.02.2016 წლის №1000459868 გადაწყვეტილება, სპეციალური კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებზე მითითებით (ს.ფ.24).

15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 61-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

16. ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც კანონშესაბამისი წინაპირობების არსებობის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია გააუქმოს მის მიერ მიღებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სპეციალური კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას (შდრ. სუსგ Nბს-277 (კ-24), 28.05.2024წ.).

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე (ბს-490(კ-22), 20.05.2024წ.). სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

18. სააგენტო სპეციალური კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ახორციელებს ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-1131(კ-22), 16.02.2023წ.). ნებართვის მინიჭების/ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, შეაპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება. უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ბს-233(კ-22), 27.05.2022წ.). საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაში/განჩინებაში. ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გაცემული მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება სათანადოდაა დასაბუთებული.

20. რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზე, რომ მას ჰყავს ქართველი მეუღლე, პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქორწინების რეგისტრაციაზე არც კასატორი უთითებს, ს.ფ. 408,409). ამასთან, ასეთის არსებობის პირობებშიც კი, მოსარჩელის ოჯახური ცხოვრების ინტერესები, რომლებიც თავისი შინაარსით ქმნის კერძო ინტერესის საგანს, ვერ გადაწონის საჯარო ინტერესით დეტერმინირებული სახელმწიფო უსაფრთხოების ისეთ მოტივებს, რომლებიც განსახილველ შემთხვევაში ალბათობის მაღალი ხარისხის საკმარისი სიზუსტით არის იდენტიფიცირებული(შდრ. სუსგ Nბს-202(კ-23), 12.06.2025წ.).

21. სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (Berrehab v. The Netherlands, №10730/84, 21.06.1988წ., §28). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Leander v. Sweden, №9248/81, 26.03.1987წ., §67). ამასთან, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Lupsa v. Romania, №10337/04, 08.06.2006წ., §38). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები ((Khasanov and Rakhmanov v. Russia [GC], №28492/15, №49975/15, 29.04.2022წ., §93), სუსგ №ბს-1367(კ-24), 25.03.2025წ.). განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი დაექვემდებარა სათანადო სასამართლო კონტროლს, დამდგარი შედეგის მართლზომიერება შეფასდა მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე (შდრ. სუსგ Nას-490 (კ-22), 20.05.2024წ.).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

23. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ე-სის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.2025 წლის გადაწყვეტილება.

3. ს. ე-სს (დაბ. ...წ. თურქეთში, პასპორტის № ...) უკან დაუბრუნდეს დ. ჭ-ის (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 27036305016, გადახდის თარიღი 29.04.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

გიზო უბილავა