Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-796 (კ-25) 22 დეკემბერი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ნ. ჰ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს. ნ. ჰ-იმ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ და მოითხოვა:

ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 08.04.2024 წლის N1000562396/5 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 18.08.2017 წლის N1000562396 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი :

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.07.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მოსარჩელე (დაბადების თარიღი: ... წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.

4.2. სააგენტოს 18.08.2017 წლის N1000562396 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის 19.07.2017 წლის განცხადება და მას მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.

4.3. სააგენტოს 26.01.2022 წლის N1000562396/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.08.2017 წლის N1000562396 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში.

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2023 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2022 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 26.01.2022 წლის N1000562396/5 გადაწყვეტილება და დაევალა სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით განსაზღვრულ ვადაში.

4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტოს მიერ 08.04.2024 წელს მიღებულ იქნა N1000562396/5 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 18.08.2017 წლის N1000562396 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ.

4.7. სასამართლომ მიუთითა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. კანონის მე-15 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული საფუძვლებით ბინადრობის ნებართვის შეწყვეტა, პირდაპირ პასუხობს კანონის მიზნებს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლში კანონის მიღების მიზნების განსაზღვრისას, ყურადღებაა გამახვილებული სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფაზე. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით კი, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.

4.9. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

4.10. სააგენტო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიხედვით უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. შესაბამისად, სააგენტო სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.

4.11. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააგენტომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის შეწყვეტის საფუძველი.

4.12. მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებდა გასაჩივრებული აქტის კანონიერებას. სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით.

4.13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ №ბს-815 (კ-19), 16.04.2020წ; №ბს-207 (კ-20), 07.10.2020წ; №ბს-311 (კ-20), 07.10.2020წ.) და განმარტა: იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რამდენადაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლება შეიზღუდა ლეგიტიმური მიზნის - სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლით.

4.14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯელობა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მუშაობს საქართველოში, მის მეუღლეს და შვილებს აქვთ საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, ოჯახის ერთიანობის პრინციპისა და მისი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ შეუწყდა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ბინადრობის შეწყვეტა მოხდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად, მას მიეცა უპირატესი ინტერესი მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ დასტურდება სადავო აქტის არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით მიღების ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილებს (დაბადებულები 27.07.2006 წელს და 20.12.2007 წელს) აქვთ საქართველოში ცხოვრების ნებართვა, ცხოვრობენ და სწავლობენ საქართველოში, არ გულისხმობს, რომ უპირობოდ უნდა ჰქონდეს ბინადრობის ნებართვა მის მშობელს. სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საჯარო და კერძო ინტერესების, მათ შორის არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის უპირატესი საჯარო ინტერესი მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს. უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „სპეციალური კანონი“). აღნიშნული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

10. სპეციალური კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება სპეციალური კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

12. საქმეზე დადგენილია შემდეგი გარემოებები:

12.1. მოსარჩელე (დაბადების თარიღი: ... წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე;

12.2. სააგენტოს 18.08.2017 წლის N1000562396 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და მას მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა;

12.3. სააგენტოს 26.01.2022 წლის N1000562396/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.08.2017 წლის N1000562396 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

12.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2023 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2022 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 26.01.2022 წლის N1000562396/5 გადაწყვეტილება და დაევალა სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით განსაზღვრულ ვადაში.

12.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტოს მიერ 08.04.2024 წელს მიღებულ იქნა N1000562396/5 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს 18.08.2017 წლის N1000562396 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ.

13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 61-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

14. ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც კანონშესაბამისი წინაპირობების არსებობის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია გააუქმოს მის მიერ მიღებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სპეციალური კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას (შდრ. სუსგ Nბს-277 (კ-24), 28.05.2024წ.).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე (ბს-490(კ-22), 20.05.2024წ.). სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

16. სააგენტო სპეციალური კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, ახორციელებს ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისია პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-1131(კ-22), 16.02.2023წ.). ნებართვის მინიჭების/ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, შეაპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება. უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე (შდრ. სუსგ №ბს-233(კ-22), 27.05.2022წ.). საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, საიდუმლო ინფორმაცია ვერ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაში/განჩინებაში. ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გაცემული მუდმივი ცხოვრების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება სათანადოდაა დასაბუთებული.

18. სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (Berrehab v. The Netherlands, №10730/84, 21.06.1988წ., §28). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს ეროვნული უსაფრთხოების უპირატესი ინტერესი განმცხადებლის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით (Leander v. Sweden, №9248/81, 26.03.1987წ., §67). ამასთან, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Lupsa v. Romania, №10337/04, 08.06.2006წ., §38). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები ((Khasanov and Rakhmanov v. Russia [GC], №28492/15, №49975/15, 29.04.2022წ., §93), სუსგ №ბს-1367(კ-24), 25.03.2025წ.). განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი დაექვემდებარა სათანადო სასამართლო კონტროლს, დამდგარი შედეგის მართლზომიერება შეფასდა მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე (შდრ. სუსგ Nას-490 (კ-22), 20.05.2024წ.).

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროკონვენციის მე-8 მუხლი იმიგრაციის სფეროში არ უწესებს სახელმწიფოს რაიმე ზოგად ვალდებულებას პრიორიტეტი მიანიჭოს დაქორწინებული წყვილის არჩევანს მათი ოჯახური ცხოვრების წარმართვისათვის სასურველ ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ან დაუშვას რომელიმე პირი საკუთარ ტერიტორიაზე საცხოვრებლად ოჯახის ერთიანობის მიღწევის მიზნით; ამასთანავე, იმ საქმეებში, რომლებიც უკავშირდება ოჯახური ცხოვრებისა და იმიგრაციის კვეთას, სახელმწიფოს ვალდებულების ხარისხი დაუშვას მასპინძელ სახელმწიფოში კანონიერად მცხოვრები ადამიანის ნათესავები განსხვავდება საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და შესაბამისი ზოგადი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, რაც საჭიროებს სამართლიანი ბალანსის მიღწევას კონკურენციაში მყოფ სხვადასხვა ლეგიტიმურ ინტერესს შორის (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 09.07.2021 წლის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე M.A. v. DENMARK, Application no. 6697/18, §132.). მოსარჩელის ოჯახური ცხოვრების ინტერესები, რომლებიც თავისი შინაარსით ქმნის კერძო ინტერესის საგანს, ვერ გადაწონის საჯარო ინტერესით დეტერმინირებული სახელმწიფო უსაფრთხოების ისეთ მოტივებს, რომლებიც განსახილველ შემთხვევაში ალბათობის მაღალი ხარისხის საკმარისი სიზუსტით არის იდენტიფიცირებული (სუსგ N ბს-202(კ-23), 12.06.2025წ.).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81). კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ნ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2025 წლის განჩინება.

3. ს. ნ. ჰ-ის (პასპორტი № ...) უკან დაუბრუნდეს ი. ხ-ეის (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 29589951757, გადახდის თარიღი 01.10.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

გიზო უბილავა