Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1072(კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ჰ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. პ. ჰ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 28.06.2024წ. №1000953669 გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ. ჰ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 28.06.2024წ. №1000953669 გადაწყვეტილება და მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელის მიმართ გაიცემა შრომითი ბინადრობის ნებართვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება. პ. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ჰ-იმა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლით დადგენილ შინაარსთან და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს არა მარტო კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ, არამედ, ასევე უნდა აღინიშნოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის რიგი პუნქტები კი, შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისაგან. სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემისას შეემოწმებინა წერილის საფუძვლად მითითებული გარემოებები და დოკუმენტაცია. ის ფაქტი, რომ სააგენტოს არ აქვს საკანონმდებლო საფუძველი იმისა, რომ გაეცნოს სუს-ის დასკვნის შინაარსს, უფრო მეტად ავალდებულებს სასამართლოს, შეამოწმოს სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება მაშინ, როდესაც მოპასუხე წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვან რგოლს და, რომ უარი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე არ არის მხოლოდ შეთანხმებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და არის სამართლებრივი რეგულაციების დაცვით გამოცემული.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსაზრება და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც მიზანშეუწონელია და წარმოადგენს საფრთხეს. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დე ფაქტო და დე იურე აღმასრულებელი ხელისუფლების ამ რგოლზე სასამართლო კონტროლი მხოლოდ ფორმალურია და ვერანაირ შედეგზე ვერ გავა ადამიანების უფლებების დაცვის მიზნებისთვის. ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დასკვნით დაადასტურა ფაქტი, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ აღნიშნულ ორგანოს არ უნდა დაუსვას შეკითხვები. სასამართლოს როლი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დახურულ სხდომაზე დასკვნის გაცნობით. საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემულ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისთვის. სასამართლოს მიერ განხორციელებულ კონტროლს კი, ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს მხოლოდ ცალმხრივ, აბსტრაქტულ მითითებას საჯარო ინტერესზე. ის, რომ სადავო აქტი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფით მოსაზრებას ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ, საიდუმლო ინფორმაციის დამუშავების შედეგად არის ჩამოყალიბებული, არ გამორიცხავს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის შესახებ მსჯელობის გარკვეული მოცულობით სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახვის საჭიროებას. სასამართლოს ჰქონდა სრულ შესაძლებლობა, საქმეში დაცული მასალების საფუძველზე, განესაზღვრა მოსარჩელის კერძო ინტერესები, მისი დაცულობის ხარისხი და უზრუნველყოფის საჭიროება და ამ კუთხით არსებულ მსჯელობა მაინც აესახა გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი, რომელიც დისკრეციულ უფლებამოსილების ფარგლებს აწესებს. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს ჰქონდა დაკისრებული უფლებამოსილება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან რეკომენდაციის (დასკვნის) მიღების შემდეგ, თავად მიეღო გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაუცემლობის შესახებ. თუმცა, ბუნებრივია, აღნიშნული არ თავისუფლდება სადავო გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისგან. გადაწყვეტილება კი, საერთოდ არ შეიცავს შინაარსობრივ დასაბუთების ნაწილს. უფრო მეტიც, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილი საფუძვლებიდან არც ერთი არ არის ნახსენები, განმარტებული და სუბსუმცირებული გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, უცნობია, თუ რა არის მოსარჩელის საქართველოში ყოფნის მიზანშეუწონლობის საფუძველი, გარდა აბსტრაქტული „მიზანშეუწონლობისა". ცხადია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და მკაცრად შეაფასა როგორც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების, ასევე მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემის ნაწილი და ადმინისტრაციულ ორგანოს, პრაქტიკულად მოუხსნა აქტის დასაბუთების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, არ იმსჯელა საქართველოში კანონიერ ქორწინებაში მყოფ აპელანტის ოჯახის წევრის - მეუღლის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების შესახებ, რომელსაც აქვს ბინადრობის ნებართვა და ცხოვრობს საქართველოში. სასამართლომ ფაქტობრივად, დაარღვია საყოველთაოდ აღიარებული ოჯახის ურღვევობის პრინციპი და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბინადრობაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილება ავტომატურად აისახება მის მეუღლეზეც.

განსახილველ შემთხვევაში, საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძვლად არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში განხილვა არ ჩანს. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული კანონის მე-18 მუხლის განმარტება, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებად ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაძლოა (და არა სავალდებულოა) მიიჩნიოს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. ამდენად, არც ადმინისტრაციულმა ორგანომ, არც სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა, რა იქნა შეფასებული ადმინისტრაციული წარმოებისას სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღეს დასკვნა, როგორ იქნა შეპირისპირებული დაინტერესებული მხარისა და სახელმწიფოს ინტერესები იმგვარად, რომ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტომ მიიღო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება. აშკარაა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა იმგვარად, რომ ზემოაღნიშნული მუხლის მოქმედების ფარგლებში შეფასებულიყო - შეიძლებოდა თუ არა უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა გამხდარიყო უარის თქმის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და გამოეკვლია, რა კრიტერიუმებით ხდება აღნიშნული კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობის გამოყენება, ვინაიდან კანონი არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება, თუ არსებობს დასკვნა პირის მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. სასამართლოში საქმის განხილვისას გაცილებით მაღალია სტანდარტი, რითაც უნდა მოხდეს მტკიცებულებების შეფასება, გამოკვლევა, ასევე შეფასდეს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის ექსკლუზიურად მიჩნევის შესახებ, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით დაცულ უფლებათა განხორციელების სტანდარტებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის განხილული არც ერთი საფუძველი, თუ რატომ არის მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის და საზოგადოებრივი წესრიგის/ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი. სასამართლო ასაბუთებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია და მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამ საქმიანობისთვის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუმცა მოსარჩელისთვის გაურკვეველი რჩება, თუ რის საფუძველზე ეზღუდება მას უფლება საქართველოში ყოფნისა, რა სახის მასალები და დოკუმენტები არსებობს, რომელსაც კასატორი ვერ ეცნობა, ასევე მისთვის უცნობია ის კონკრეტული საფუძვლები, რატომაც მიანიჭეს მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველის პირის სტატუსი.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სასამართლომ დაარღვიეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი. ღირსების შელახვა კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან სასამართლომ არ იმსჯელა და დაასაბუთა კასატორის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შემცველობა. მართალია, სახელმწიფო ვალდებულია, იქონიოს პერსონალური მონაცემების დამუშავების, შენახვისა თუ გამოყენების ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანს დაიცავს ამ ინფორმაციის, მისი ნების გარეშე, შეუზღუდავი მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და სხვებისათვის გადაცემისაგან, მაგრამ თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, ცნობილი უნდა გამხდარიყო კასატორისთვის, თუ რა მონაცემები არის მის შესახებ, რა გახდა ცნობილი სახელმწიფოსთვის, რაც საქართველოში ცხოვრების უფლებას უზღუდავს. სახელმწიფოს ორგანული და მნიშვნელოვანი ფუნქციაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა ამ ფუნქციის შესრულებისას საკმაოდ დიდია თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე და ეყრდნობა კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და საჭიროდ აღარ მიიჩნევს ამ ინფორმაციის გადამოწმებას.

კასატორის განმარტებით, სწორედ საჯარო და კერძო ინტერესის პროპორციულობის დაცვით უნდა განახორციელოს სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება და დაასაბუთოს სრულად და არგუმენტირებულად მისი გადაწყვეტილების სისწორე და კანონშესაბამისობა. ადმინისტრაციული კანონმდებლობა, დისკრეციული უფლებამოსილების საკანონმდებლო განმარტებასთან ერთად, ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების სწორად და უშეცდომოდ განხორციელების წესსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავის უფლებამოსილებას გადააცილა და მოცემულ საქმეზე ცალსახად იხელმძღვანელა კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნით. დისკრეციულ უფლებამოსილების განხორციელებისას კი, დაცული უნდა იყოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანი, ასევე დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც კასატორის შემთხვევაში განხორციელდა, ვინაიდან უცნობია, თუ რამდენად ძლიერი არგუმენტები ჰქონდა უსაფრთხოების სამსახურს, როდესაც მისი საქართველოში ბინადრობის უფლებით ყოფნა საშიშროებად მიიჩნია და რამდენად შეიძლება ამ არგუმენტმა გადაწონოს კასატორის ინტერესები.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) 2024 წლის 30 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. საკითხის განხილვის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის SSG 3 24 00133634 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭება (ს.ფ. 56-58, 63-64, 96, 97); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 28 ივნისის №1000953669 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 16).

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 28 ივნისის №1000953669 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოხდება მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტი სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისთვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის SSG 3 24 00133634 წერილი წარმოადგენს სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად და რასაც სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობისა და საბოლოო ჯამში, გაზიარების თვალსაზრისით, მისი შინაარსის გათვალისწინებით, გააჩნია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 23 ოქტომბერს №ბს-1072(კ-25) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა პ. ჰ-ის საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება;

3. პ. ჰ-ის (დაბადების თარიღი: ...წელი; პასპორტის ნომერი: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.08.2025წ. თ. რ-ის (პ/ნ ...) მიერ №28878831955 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. უბილავა