Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-620(2კ-22) 02 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თ. ო-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე (მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) ვ. ვ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 20 იანვარს მოსარჩელე თ. ო-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ო-ის, როგორც ჯ. ო-ის მემკვიდრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით, თ. ო-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ც. ხ-ი და ვ. ვ-ი. ასევე დაკმაყოფილდა თ. ო-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ და ვ. ვ-ის აეკრძალა თავისივე საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...), გასხვისება ან რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, 2017 წლის 04 აპრილის №... და 24 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თ. ო-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა - საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ო-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით, თ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის №... (ც. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3, მე-10 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-ე მუხლები და რეესტრის 2017 წლის 4 აპრილის №... გადაწყვეტილების ნაწილში მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაედგინა სად მდებარეობდა ც. ხ-ის მიწის ნაკვეთი. სასამართლოს მსჯელობით, სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესწავლისას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ურთიერთმიმართებით შეეძლო დაედგინა მისი ნამდვილი მდებარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაადგენდა, მითითებულ მიწის ნაკვეთზე არსებობდა თუ არა სხვა პირის საკუთრების უფლება, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ სისტემური აღწერის მონაცემებით, სისტემური რეგისტრაცია იდენტურია ერთმანეთის, რაც პალატის მსჯელობით კიდევ უფრო დასაბუთებულს ხდის გადაწყვეტილებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის №... (ც. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ამ ნაწილში ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

რაც შეეხება მოთხოვნებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების (ვ. ვ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (თ. ო-ის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და განმარტა შემდეგი, კერძოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ნაწილში მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაცია განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაციის გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარდგენილი. მხოლოდ ის განმარტება, რომ მიწის ნაკვეთის გადაფორმება ვ. ვ-იზე განხორციელდა იმავე დღეს, აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით არ წარმოადგენს იმ ხარისხის მტკიცებულებას/არგუმენტს, რომელიც საკმარისი იქნებოდა სააპელაციო საჩივრის მითითებული ნაწილის და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის კონკრეტული ნაწილის დაკმაყოფილებისათვის.

რაც შეეხება მოთხოვნას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) ბათილად ცნობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არა აქვს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე და 22-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არ არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ წარდგენილა. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა სარეგისტრაციო წარმოება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) მსჯელობის ფარგლებში, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 178-ე, 185-ე, 201-ე მუხლები განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე სასამართლოში არ წარდგენილა ზედდების აღმოფხვრის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა თ. ო-ის მიერ.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არ ეთანხმები სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, ც. ხ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში და განმარტავს, რომ მდებარეობის დადგენის კუთხით სასამართლო ითვალისწინებს დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ გრაფიკულ მონაცემებს და უგულებელყოფს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მონაცემებს. კასატორი აპელირებს „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებაზე და განმარტავს, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შეგროვებული გრაფიკული ინფორმაცია წარმოადგენს დაუზუსტებელ საკადასტრო მონაცემებს. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ეს არის მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, აგრეთვე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას. მიუთითებს, რომ აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, 1999-2002 წლებში აღიწერა გრაფიკული ინფორმაცია, რომელიც არ არის სრულყოფილი საამზომველო საქმიანობის შედეგად მიღებული საკადასტრო მონაცემები. წარმომადგენლის მსჯელობით, 2006 წელს აღნიშნული გრაფიკული მონაცემების გამოყენებით, კომპიუტერული დამუშავების შედეგად, შეიქმნა ინტეგრირებული მონაცემთა ბაზა, წლების განმავლობაში საჯარო რეესტრში მიმდინარე სარეგისტრაციო პრაქტიკამ და დაგროვილმა გამოცდილებამ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის პროცესში წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის და ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის ანალიზმა დაადასტურა, რომ ე.წ. „ყვითელ ფენაში“ არსებული უძრავი ნივთების გრაფიკული მონაცემები (ადგილმდებარეობა, საზღვრები, ფართობი) მცდარია და არ შეესაბამება: ა) ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას; ბ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის კოორდინატებს, კონფიგურაციასა და საზღვრებს; გ) იმავე საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში ბრძანებულების საფუძველზე სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებული უძრავი ნივთების სააღრიცხვო ბარათებზე დართულ საკადასტრო მონაცემებს, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობას, ფართობს, საზღვრებსა და კონფიგურაციას; დ) ამ გრაფიკულ მონაცემებზე ფიზიკური პირების შესახებ (საიდენტიფიკაციო მონაცემები, სახელი, გვარი) დართული ინფორმაცია არ შეესაბამება სააღრიცხვო ბარათებზე მითითებულ ან/და მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მფლობელების მონაცემებს. მისივე განმარტებით, 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მიწის რეგისტრაციის რეფორმა.

კასატორის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა, რომ ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საკადასტრო მონაცემები არის ხარვეზიანი და არასრულყოფილი, რომელიც ექვემდებარება დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო მონაცემების, დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები. მისივე განმარტებით, სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიღებულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი უფლებრივი და გრაფიკული ინფორმაცია არის სისტემურად არაზუსტი და ხარვეზიანი. ამდენად მიიჩნევს, რომ ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი გრაფიკული ინფორმაცია ვერ იქნება გამოყენებული, როგორც უტყუარი მტკიცებულება - მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების დასადგენად. მისივე მოსაზრებით, აღნიშნული ინფორმაციის მიმართ არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

საკასაციო საჩივრის ავტორის მსჯელობით, არ არის დადგენილი ც. ხ-ის მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი მიღება - ჩაბარების აქტის სიყალბე. ამასთან, აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტი ძალაშია და არ გაუქმებულა, ხოლო დოკუმენტის სიყალბის დადგენის ვალდებულება არა საჯარო რეესტრის, არამედ, საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა. მიიჩნევს, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და მხოლოდ მხარის განმარტება ვერ გახდება უფლების დამდგენი დოკუმენტის სიყალბის დადგენისა და სადავო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ც. ხ-ის მიერ წარმოდგენილი მიღება - ჩაბარების აქტი და სამკვიდრო მოწმობა კასატორის მოსაზრებით წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებს სადავო მიწის ნაკვეთზე, ხოლო აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების დროს არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ნივთის (ს/კ ...) მესაკუთრე დღეის მდგომარეობით არის ვ. ვ-ი, რომლის რეგისტრაციის საფუძველი კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაშია და არ გაუქმებულა, თავად სასამართლომაც ძალაში დატოვა აღნიშნული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს, რომ ვ. ვ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ფართობი და საზღვრები ვერ შეიცვლება ვინაიდან, მან სადავო უძრავი ნივთი შეიძინა სწორედ იმ ფართობით და საზღვრებით, როგორც არსებული მდგომარეობით არის რეგისტრირებული. ამდენად, უფლების დამდგენი დოკუმენტის ძალაში არსებობის ფარგლებში, ვერ მოხდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება სადავო უძრავი ნივთის მის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. ამ პირობებში, კასატორისთვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია მასზედ, თუ რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს დამატებით სააგენტომ, რა დროსაც შესაძლებელი იქნება არსებულისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელზე სრულად უარის თქმას.

კასატორი - თ. ო-ი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არ ეთანხმები სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების (ვ. ვ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კასატორის მსჯელობით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა ვ. ვ-ის საკუთრების უფლებაზე, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, მათ შორის სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებაზე თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას, მაგრამ მსჯელობის მიღმა დატოვა მიწის კანონიერი მესაკუთრის, გარდაცვლილი ჯ. ო-ის ქვრივის, თ. ო-ის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემა. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მართალია სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აპელანტის (თ. ო-ის) მიერ ყურადღებაგამახვილებულ მტკიცებულებებზე, თუმცა არასაკმარისად მიიჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე მითითებით, კასატორი სამართლიანად მიიჩნევს მიწის ნაკვეთი დაჰბრუნებოდა მას როგორც კანონირი მესაკუთრის - ჯ. ო-ის მეუღლეს, ხოლო ვ. ვ-ის თუ ის დაკავშირებული პირი არ არის და მისი გარიგება ც. ხ-ითან თვალთმაქცური არ არის, გაუჩნდებოდა შესაძლებლობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის. ამდენად, ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების (ვ. ვ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) გაუქმებაზე და ახალი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში და დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის და 2022 წლის 29 ივლისის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თ. ო-ის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა Nბს-620(2კ-22) ადმინისტრაციული საქმის წარმოება მესამე პირის (ასკ 16.2) ც. ხ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით. განჩინებაში განიმარტა, რომ მოსარჩელის (კასატორი) ინტერესი უკავშირდება მიწის ნაკვეთზე ც. ხ-ის რეგისტრაციის გაუქმებას, ამდენად, სადავო - სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია გარდაცვლილი მესამე პირის (ასკ 16.2) ც. ხ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. ვინაიდან გარდაცვლილი მესამე პირის სავარაუდო მემკვიდრეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული აქვთ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა სამკვიდროს გახსნის დღიდან, მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა ც. ხ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია ც. ხ-ის (პ/ნ ...) სამკვიდროს მიღების შესახებ, ხოლო სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, წარმოედგინა სამკვიდროს მოწმობის ასლი.

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული და არქივის სამსახურის უფროსის 2025 წლის 07 ოქტომბრის N16/14794 წერილით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ეცნობა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ც. ხ-ის სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმიწარმოების მიმდინარეობისა და/ან განხორციელების თაობაზე. საქმის წარმოების შეჩერების კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, განახლდა საქმის წარმოება, ც. ხ-ის უფლებამონაცვლის დადგენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დადგენილია, რომ 2005 წლის მდგომარეობით, უძრავი ქონება გარდაბნის რაიონი, ..., ს/კ ... საკუთრების უფლებით აღრიცხულია ჯ. ო-ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ...ს საკრებულოს მიერ 1994 წლის 02 მაისს გაცემული №985 მიღება - ჩაბარების აქტი (ნაკვეთი №39ა, ფართობი მეორე).

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ო-ი არის ჯ. ო-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე მეუღლე, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები. დადგენილია, რომ 2019 წლის 25 ნოემბერს თ. ო-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, შესაბამისად, მიეთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში წარსადგენია მიწის ნაკვეთის კორექტირებული აზომვითი ნახაზი ან/და სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად მიმართავს სანოტარო მედიაციას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინფორმაცია, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 29 ნოემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მიეთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის რუსთავის არქივის 2016 წლის 01 დეკემბრის №AA2016078776-03 საარქივო ცნობაში და გარდაბნის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ს 1994 წლის 8 მაისის №... მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ ჯ. ო-ის (მამის სახელი მითითებული არ არის) პირად საკუთრებაში ერიცხება 0,15 ჰა მიწის ფართობი (ნაკვეთი №39, ფართობი მეორე).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 15 თებერვალს, ჯ. ო-ის გარდაცვალებით გაიცა სამკვიდრო მოწმობა. მემკვიდრედ ცნობილია მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე მისი მეუღლე ც. ხ-ი.

დადგენილია, რომ 2017 წლის 24 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ც. ხ-იმა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი, სოფელი ..., საკუთრების უფლებით აღირიცხა ც. ხ-ის სახელზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი, სოფელი ..., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. ვ-ის სახელზე.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, თ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 20 მაისის N003422021 დასკვნაზე, რომლითაც ექსპერტს დაესვა შეკითხვა მიღება - ჩაბარების N... აქტზე, გრაფაში არსებული ხელნაწერი ტექსტი, გარდა ხელმოწერებისა, შესრულებულია თუ არა ერთიდაიგივე კალმით. დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების N... აქტზე, დათარიღებული 2 მაისი 1994 წლით, ს.ფ. 85, გრაფაში არსებული ჩანაწერები (გარდა ხელმოწერებისა) შესრულებულია სხვადასხვა საწერი საშუალებებით. საბუთის შედგენისას გამოყენებულია მინიმუმ 4 (ოთხი) სხვადასხვა საწერი საშუალება, კერძოდ: საბუთის ზედა ნაწილში, გრაფებში გაკეთებული ჩანაწერები: „გარდაბნის“, „...“, „2 მაისი“, წლის აღმნიშვნელ ჩანაწერში „1994 წ“ არსებული ციფრი „4“, „გარდაბნის“, „...ს“, „რ.მ-ი თავ/მ. ს.მ-ე წევრები ვ. ა-ი ა. მ-ე“, „...ს“, „თ. მ-ი“, „მ. ბ-ე“ „შ.ხ-ი“, ცხრილში, გრაფაში „ნაკვეთის დასახელება" არსებული ჩანაწერი „ფართობი“ და „ნაკვეთის N“, საბუთის ქვედა ნაწილში გრაფებში არსებული ჩანაწერები: „...ს“, წლის აღმნიშვნელ ჩანაწერში „1993“ არსებული ციფრი „3“, „25 ოქტომბრის გადაწყვეტილება 47“, „გადახდილია“, ქვედა მარჯვენა ნაწილში გრაფაში „2“ ჩანაწერი „...ს“ და „3“ ჩანაწერი „გარდაბნის“ და საბუთის ქვედა ნაპირზე გრაფაში „ვადასტურებ: სოფ.“ არსებული ჩანაწერი „...ს“ შესრულებულია ერთიდაიგივე ფერის (მოლურჯო ფერის) და სტრუქტურის მქონე საღებავი ნივთიერებით (N1 საწ. საშ). ამავე საბუთის ზედა ნაწილში არსებული ჩანაწერები, კერძოდ: გრაფაში „ქალაქ“ ჩანაწერი „თბილისის“, გრაფაში „მცხოვრებ მოქ“ ჩანაწერი „ო-ი“, გრაფაში „სარგებლობაში გამოყოფილი მიწები, სულ" ჩანაწერები „0,15“ და „ერთ“, ცხრილში გრაფაში „ნაკვეთის დასახელება“ ჩანაწერი „მეორე“, ამავე ცხრილში არსებული ყველა ციფრობრივი ჩანაწერი და სიტყვა „გზა“ შესრულებულია მოცისფრო ფერის საღებავი ნივთიერებით, ანუ სხვა საწერი საშუალებით (2 საწ.საშ), საბუთის ზედა ნაწილში არსებული საბუთის ნომერი „...“ შესრულებულია მუქი იისფერი საღებავი ნივთიერებით (N3 - საწ. საშ), ხოლო გრაფაში „მცხოვრებ მოქ“ არსებული სიტყვა „ჯ." შესრულებულია ღია იისფერი საღებავი ნივთიერებით (N4 საწ. საშ).

საკასაციო საჩივრებზე მსჯელობის ფარგლებში პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის №... (ც. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია რეესტრის 2017 წლის 04 აპრილის №... (ც. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, ხოლო თ. ო-ის მიერ გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების (ვ. ვ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში, ამდენად სადავო გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასების პირობებში, საკასაციო პალატა შეაფასებს თ. ო-ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრში წარდგენილი და ც. ხ-ის მიერ რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი მტკიცებულებებიდან, თუ რომელი წარმოადგენდა საკუთრების (1500 კვ.მ) უფლების წარმოშობის და შესაბამისად რეგისტრაციის უპირატეს საფუძველს. აღნიშნულ მტკიცებულებათა შედარება, დიდწილად გადაწყვეტს საკასაციო საჩივრების და შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნების ნაწილში სარჩელის სამართლებრივ ბედს.

საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს შსს თბილოისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-7 სამმართველოს გამომძიებელს მიეცა ნებართვა ამოიღოს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან ადმინისტრაცილი საქმის (3ბ/2762-21) და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის დედნები. ასევე საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 18 მაისის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ N006010422006 სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში ამოღებული იქნა მითითებული ადმინისტრაციული საქმის (3ბ/2762-21) და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების დედნები 3 (სამი) ტომად და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

მოცემულ საქმეში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელის (კასატორის) თ. ო-ის და მესამე პირის აწ. გარდაცვლილი ც. ხ-ის საკუთრების უფლება, რაც გამოიხატება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და მისით თავისუფლად სარგებლობის, განკარგვის უფლებაში. „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონს რომელიც განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ - დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საკასაციო საჩივრების დასაბუთების პირობებში შეაფასებს რამდენად ლეგიტიმურია კასატორთა მოთხოვნა/მოთხოვნები.

როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის ეტაპზე მხარემ (თ. ო-ი) მიუთითა, ერთი და იგივე მიღება - ჩაბარების N... აქტით და საარქივო დოკუმენტაციით რეგისტრირებული იქნა ორი მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი. ერთი კანონიერად ჯ. (ჯო.) ო-იის მეუღლის მ. გ-იის სახელზე, ხოლო მეორე ჯ. (ჯა.) ო-ის მეუღლის, ც. ხ-ის სახელზე. ერთ - ერთ მიღება - ჩაბარების აქტში მითითებულია თარიღი „8 მაისი 1994 წელი“, ხოლო მეორეში „2 მაისი 1994 წელი“. როგორც მოსარჩელე მიუთითებდა N... (ნამდვილ) მიღება - ჩაბარების აქტს ასევე აქვს ჯ. ო-ის ხელმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ მან ჩაიბარა, მიიღო მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე (გაყალბებულ) N... მიღება - ჩაბარების აქტს მიმღების ხელმოწერა არ აქვს. წარმომადგენელი ასევე აპელირებდა ექსპერტიზის დასკვნაზე, კერძოდ იმ ჩანაწერზე, რომ მიღება - ჩაბარების აქტში გამოყენებულია დაახლოებით 7 საწერი საშუალება. მიუთითა, რომ გამოკითხული იქნა 1993-94 წლებში, სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ი. მ-ე, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ სოფელ ...ში 1500-1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთები გვერდიგვერდ მიიღეს ჯ. ო-იმა და ჯ. (ჯო.) ო-იმა, ხოლო სხვა ჯ., ჯ. ო-ის მიწის ნაკვეთი სოფელ ...ში საერთოდ არ მიუღია. ასევე დაადასტურა, რომ ერთ მიღება - ჩაბარების აქტს ჰქონდა მხოლოდ ერთი ნომერი და გამორიცხული იყო ერთი და იგივე ნომრით გაცემულიყო ორი მიღება - ჩაბარების აქტი. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ აღნიშნული N... მიღება - ჩაბარების აქტით, ჯ. ო-ის მეუღლემ - მ. გ-იმა 2014 წელს ერთხელ უკვე მიმართა საჯარო რეესტრს და დაირეგისტრირა კანონიერად, როგორც მეუღლის მემკვიდრემ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შემდეგ იმავე N... ნომრით არსებული მიღება - ჩაბარების აქტით, საჯარო რეესტრს მიმართა სხვა ჯ. ო-ის ცოლის, ც. ხ-ის წარმომადგენელმა, შვილმა ლ. ო-იმა და წარადგინა ჯ. ო-ის მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: ..., დაზუსტებული აზომვითი ნახაზი და საკადასტრო მონაცემები, თითქოს ეს მიწის ნაკვეთი იყო მისი მამის, ჯ. ო-ის კუთვნილი.

საკასაციო პალატა გასაზიარებელად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას, ასეთი განმარტება არ ემყარება კონსტიტუციას და კანონმდებლობას. „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. აქვე გასათვალისწინებელია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მითითებული ნორმით ცალსახაა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტისას, ადმინისტრაციული ორგანო, არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია გამოიჩინოს გონივრული წინდახედულობა და მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ ყველა საჭირო საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მოქმედო კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, შესაბამისი ეჭვისა და ინფორმაციის არსებობის პირობებში თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები ან/და აცნობოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს მოსალოდნელი, შესაძლო სამართლებრივი მოქმედებების განხორციელების თაობაზე, კონკრეტულ უძრავ ნივთსა თუ დაინტერესებულ მხარესთან დაკავშირებით. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, საკუთარი მიხედულების ფარგლებით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, დაინტერესებულ მხარეს შეუზღუდოს საკუთრების უფლება. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 აპრილის №... გადაწყვეტილება ც. ხ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებული იქნა ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იმ პირობებში როდესაც მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გადაემოწმებინა მონაცემები (რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლად წარდგენილი მიღება - ჩაბარების აქტი). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე, ასევე უნდა დაედგინა სად მდებარეობდა ც. ხ-ის მიწის ნაკვეთი. სწორედ ამ მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესწავლისას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ურთიერთმიმართებით შეეძლო დაედგინა მისი ნამდვილი მდებარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაადგენდა, მითითებულ მიწის ნაკვეთზე არსებობდა თუ არა სხვა პირის საკუთრების უფლება, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ სისტემური აღწერის მონაცემებით, სისტემური რეგისტრაცია იდენტურია ერთმანეთისა, რაც კიდევ უფრო დასაბუთებულს ხდის პალატის გადაწყვეტილებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აპრილის №... (ც. ხ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ამ ნაწილში ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, შეფასება მისცეს როგორც მხარეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე თავად უზრუნველყოს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე დროს საკითხის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები საკუთრებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).

რაც შეეხება თ. ო-ის მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... გადაწყვეტილების (ვ. ვ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ) ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის (თ. ო-ის სახელზე მიწის ნაკვეთის ს/კ N... რეგისტრაციასთან დაკავშირებით) დავალების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილში ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს შემდეგს: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი, სოფელი ..., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. ვ-ის სახელზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის გადაფორმება ვ. ვ-იზე განხორციელდა დაჩქარებული წესით, აღნიშნული არგუმენტი არ წარმოადგენს იმ ხარისხის მტკიცებულებას/არგუმენტს, რომელიც საკმარისი იქნებოდა მოთხოვნის მითითებული ნაწილის დაკმაყოფილებისათვის. არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში ცალსახად არ არსებობს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილებაზე (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 დეკემბრის №... გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი) მსჯელობის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა თ. ო-ის მიერ საკასაციო წესით, შესაბამისად საკასაციო პალატა არ მსჯელობს გადაწყვეტილების კანონიერებაზე მითითებულ ნაწილში.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორებმა ვერ შეძლეს ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივართა შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თ. ო-ის საკასაციო საჩივრების არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 27 ივნისს N38764 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150. ასევე, ვინაიდან, თ. ო-ის საკასაციო საჩივარზე ჯ. ო-ის (პ/ნ ...) 2022 წლის 25 ივლისს N28651069 საგადახდო დავალებით (ლ...) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თ. ო-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თ. ო-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 27 ივნისს N38764 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. თ. ო-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჯ. ო-იის (პ/ნ ...) მიერ 2022 წლის 25 ივლისს N28651069 საგადახდო დავალებით (ლ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე