საქმე №ბს-392(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, შპს „კ...“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ო-იმა 11.03.2021 წელს სარჩელით, ხოლო 06.10.2023 წელს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე მესამე პირების სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და შპს „კ...ს“ მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების რამდენჯერმე დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.09.2018 წლის №1/6-236 ბრძანების ბათილად ცნობა №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.09.2018 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №10/53527 ადმინისტრაციული აქტის (დამოწმების თარიღი: 26.09.2018 წელი) ბათილად ცნობა №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.10.2018 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 26.03.2024 წლის გადაწყვეტილებით ს. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20.09.2018 წლის №1/6-236 ბრძანება №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.09.2018 წლის №... გადაწყვეტილება №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №10/53527 ადმინისტრაციული აქტი (დამოწმების თარიღი: 26.09.2018 წელი) №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.10.2018 წლის №... გადაწყვეტილება №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსადმი მიმართვამდე, ხოლო მიმართვის შემთხვევაში ამ უკანასკნელს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო ქონებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2024 წლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის მომენტისათვის სადავო ქონებაზე არ იყო რეგისტრირებული ს. ო-ის საკუთრების უფლება და მხარეს არ ჰქონდა მიმართული არც რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას პრეტენზია განაცხადოს მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას წარმოდგენილი აქვს უფლებადამდგენი დოკუმენტაცია. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ აღურიცხავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის უფლებამოსილება არ გამორიცხავს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, სარეგისტრაციო მოთხოვნის წარდგენამდე ჩაატაროს სარეგისტრაციო უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის სათანადო კვლევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ იმ მომენტისათვის არ არსებობდა რეგისტრირებული უფლება, არ იყო საკმარისი რეგისტრაციის შესახებ ბრძანების გამოცემისათვის. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, აკისრია ვალდებულება - საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ გამოკვლევაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში გულისხმობდა ერთის მხრივ, რეგისტრირებული მონაცემების გადამოწმებას და პარალელურად, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებით, სხვა პირთა კანონიერი ინტერესის შემოწმების ვალდებულებას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო საკუთრებად მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვის ფაქტი ან რიგითობა, არამედ იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის სარეგისტრაციო ობიექტზე საკუთრების უფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტულ პირს ეკუთვნის.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ საკომლო წიგნების ჩანაწერებით ს. ო-ის მამკვიდრებელს, დედას - ლ. ა-ას კომლს ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან ერიცხებოდა სახლი, ხოლო 1960-იანი წლებიდან 0,28 ჰა მიწის ნაკვეთი, ზუსტად ის ფართობი, რომელსაც მოსარჩელე ითხოვს და რომელიც ქვის ღობითაა შემოსაზღვრული. ქვის ღობე ნაწილობრივ საზღვრავს სადავო უძრავ ქონებას, მისი არსებობა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული ფოტოსურათებითა და ვიდეო მასალით. უდავო გარემოებაა ისიც, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იდენტურია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონებისა, რაც დადასტურებულია შესაბამისი მუნიციპალური ორგანოს წერილითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფუნქციურ ზონაზე მითითება ვერ უგულებელყოფს უფლებადამდგენი დოკუმენტის არსებობას, გარდა ამისა წარმოდგენილი ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი საძოვრადაა აღნიშნული, რაც გამორიცხავს მის მიჩნევას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად. საქმეში დაცული სიტუაციური ნახაზის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მონაცემები ფარავს "ყვითელი ფენების" მონაცემებს, რომლის კონფიგურაციაც ემთხვევა იმ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, რომელზეც უფლებრივ პრეტენზიას აცხადებს ს. ო-ი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია "ყვითელი ფენები" წარმოადგენს სისტემური აღწერის დაუზუსტებელ, დაურეგისტრირებელ მონაცემებს, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს უფლებადამდგენი დოკუმენტი, ამასთან, ამ დოკუმენტის, მასზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და უძრავი ქონების იდენტურობა დადგენილია შესაბამისი აქტით, ამდენად, დაუშვებელია ს. ო-ის საკუთრების უფლების მართლზომიერების სათანადო გამოკვლევის გარეშე სადავო უძრავ ქონებაზე სხვა პირის, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის 23-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ თუ რეგისტრირებულია უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაურეგისტრირებელი უძრავი ქონება, რომელზეც კერძო პირის საკუთრების უფლება არ ფიქსირდება და არ არსებობს რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.12.2019 წლის ბრძანებით, სააგენტოს შესაბამის თანამშრომელს დაევალა უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით განხორციელდა მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან კერძო პირის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.
კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ ნაკვეთი შემოღობილია. ადგილზე დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ნაკვეთი შემოღობილია ნაწილობრივ. ამასთან, საქმეში დაცული დოკუმენტაციით არ დასტურდება ს. ო-ის მიერ N... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის და ლ. ა-ას კომლზე გაცემული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.09.2018 წლის N... წერილის თანახმად, ხაშურის რაიონის ...ს კოლმეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, 282278 კვ.მ. და 4170 კვ.მ. მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რაც გამორიცხავდა ლ. ა-ას კომლზე მიწის ნაკვეთის გადაცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, 10.06.2019 წელს ს. ო-იმა N... სარეგისტრაციო განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. მოსარჩელემ სარეგისტრაციოდ წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი წალკის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მასზე მდგომი ორი შენობა-ნაგებობით. სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა ასევე 20.05.2019 წლის №AA2019010010-03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად წალკის რაიონის ...ს სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1986-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ლ. ს.-ს ასული ა-ა. მას პირად საკუთრებაში 1986-1987 წლებში ერიცხება 1930 წელს აგებული 60 კვ.მ. საერთო სასარგებლო ფართი (მათ შორის, 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი), ხოლო 1988 წელს ერიცხება 1930 წელს აგებული 80 კვ.მ. საერთო სასარგებლო ფართი (მათ შორის, 50 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი) (1989-2006 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986-1990 წლებში 0.28 ჰა მიწის ფართობი (1991- 2006 წლების მონაცემები არ ფიქსირდება). მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა აგრეთვე 23.05.2019 წლის №190581265 სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ს. ო-ი არის ლ. ა-ას პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც საკუთრებაში მიიღო დედის დანაშთი ქონება. №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №... საკადასტრო კოდით, სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თხოვნით, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის მერიას. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 07.08.2019 წლის წერილისა და №... ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად დადასტურდა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც ეთხოვა განეხილა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 26.03.2021 წლის N17/16817 წერილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ, წალკის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 4170 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაფიქსირებული ზედდების გაუქმება, ვინაიდან წარმოდგენილ და მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში N... განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დადასტურდა. აღნიშნული წერილის გათვალისწინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 01.04.2021 წლის N.... გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო საქმის წარმოება და დაინტერესებულ მხარეს კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენა დაავალა. მოთხოვნილი დოკუმენტის წარმოუდგენლობის მოტივით, მარეგისტრირებელი ორგანოს 04.05.2021 წლის ... გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
მოსარჩელე განსახილველი დავის ფარგლებში სადავოდ ხდის №... საკადასტრო კოდზე განხორციელებულ სარეგისტრაციო ჩანაწერებს მის მიერ №... განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში. №... საკადასტრო კოდზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 25.09.2018 წლის №... გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 20.09.2018 წლის №1/6-236 ბრძანება, რომლის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა 4170 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მდებარე: წალკა, სოფელი ...ი) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფროსის 26.09.2018 წლის №10/53527 წერილით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი სარგებლობის უფლებით გადაეცა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 05.10.2018 წლის №... გადაწყვეტილებით. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და შპს „კ...ს“ შორის 19.12.2018 წელს დადებული ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელს მართვის უფლებით გადაეცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 04.01.2019 წლის გადაწყვეტილებით.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფენ, რომ მხარეთა შორის დავა წარმოშვა ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე (ს. ო-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს ფარავს/ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრება) საკუთრების უფლების პრეტენზიის არსებობამ, შესაბამისად, ერთის მხრივ ს. ო-ი ვერ ახერხებს საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოთხოვნილ 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სრულად, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული საკუთრების უფლება კანონიერია და არ არსებობს მისი კორექტირების საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. ამგვარი დოკუმენტი განმცხადებელმა უნდა დაურთოს სარეგისტრაციო განაცხადს ან წარადგინოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ‘’რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992 წლის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, ს. ო-ის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე დასტურდება საქმეში დაცული და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი საარქივო ცნობების მონაცემებით, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საკომლო წიგნების ჩანაწერებს. აღნიშნული საარქივო ცნობების მიხედვით, ს. ო-ის დედის ლ. ა-ას კომლს ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან ერიცხება სახლი, ხოლო 1960-იანი წლებიდან 0.28 ჰა მიწის ნაკვეთი. ს. ო-იმა, რომელმაც დედის დანაშთი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, სწორედ 2800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე მდგარ საცხოვრებელ სახლზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ დასტურდებოდა ს. ო-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის და ლ. ა-ას კომლზე გაცემული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დგინდებოდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქმეში დაცულია წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 07.09.2019 წლის წერილი და ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომელთა თანახმად დადასტურებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და ს. ო-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნული დოკუმენტები მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და სადავოდ არ გამხდარა. ამასთან, კასატორი არ მიუთითებს ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო გარემოებას დაადასტურებდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია სისტემური აღწერის შედეგების გრაფიკული მონაცემები (ე.წ. ყვითელი ფენა), რომლის მიხედვითაც სადავო უძრავ ქონებაზე ყვითელ ფენაში მითითებულია ლიმსო ავეტიანი. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მონაცემები სრულად იქნა უგულებელყოფილი და სათანადო შეფასება არ მისცემია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღრიცხვო მონაცემებს, მასში ასახული დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი მონაცემების მიუხედავად, იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის და მასთან დაცული მონაცემების შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.1 მუხლი ითვალისწინებს საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციად გამოყენების შესაძლებლობას.
დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორების აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ...ს კოლმეურნეობის 1989 წლის მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად სახელმწიფოს სახელზე აღრიცხული სადავო მიწის ნაკვეთის დანიშნულება იყო არასასოფლო-სამეურნეო, აღნიშნული გამორიცხავდა ლ. ა-ას კომლისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ფუნქციურ ზონაზე მითითება ვერ უგულებელყოფს უფლებადამდგენი დოკუმენტით მიწის ნაკვეთის ლ. ა-ას კომლისადმი კუთვნილების ფაქტს. საქმის მასალებში არ არის დაცული რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა უფლებადამდგენი დოკუმენტის გაუქმების ან კომლისათვის ქონების ჩამორთმევის ფაქტს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და მათი რეგისტრაციის საფუძველიც საკომლო ჩანაწერებია, რაც დამატებით მიუთითებს კასატორის მსჯელობის უსაფუძვლობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების დროს არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებობს უფლებადამდგენი დოკუმენტი, დადასტურებულია უფლებადამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ ნაკვეთთან იდენტურობა, სადავო ტერიტორია შემოღობილია და მასზე დგას საცხოვრებელი სახლი, რაც დასტურდება საქმეში დაცული არაერთი დოკუმენტით. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2024 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე