საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-374(კ-24) 05 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჩ-ას, ა. გ-ეის, რ. წ-ას, აწ გარდაცვლილი თ. ნ-ის უფლებამონაცვლეების - ნ. ნ-ის, მ. ნ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-ამ, თ. ნ-იმა, ა. გ-ემ და რ. წ-ამ 2022 წლის 5 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 09 ივნისის №04-00-ი/14533 გადაწყვეტილების, 2022 წლის 08 ივნისის №04-00-ი/14449 გადაწყვეტილების, 2022 წლის 08 ივნისის №04-00-ი/14438 გადაწყვეტილების, 2022 წლის 08 ივნისის №04-00-ი/14436 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ას, თ. ნ-ის, ა. გ-ეის და რ. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით ნ. ჩ-ას, თ. ნ-ის, ა. გ-ეის და რ. წ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-10, მე-13, მე-14 მუხლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებილი ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი N1) და ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი და დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - მოსარჩელეებს საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევისთანავე განცხადებით - წერილობით ან ელექტრონულად არ მიუმართავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე, სახეზე არ არის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის - საპენსიო ასაკის მიღწევის მომენტიდან პენსიის დანიშვნის მომენტამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პენსიის მიმღებ პირს, პენსიის მიღების უფლება წარმოეშობა მანამდე, ვიდრე იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნისა და დოკუმენტების წარდგენა) მიმართავს კომპეტენტურ ორაგანოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე, აღნიშნული ფაქტი, იმავდრულად არ წარმოშობს სახელმწიფო პენსიის მიმღები პირის უფლებას - პენსიის მიღების უფლების წარმოშობის მომენტიდან, პენსიის დანიშვნამდე პერიოდის ზიანის ფორმით ანაზღაურების და ამდენად, არ წარმოშობს კომპეტენტური ორგანოს ზიანის ანზღაურების ვალდებულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ჩ-ას, თ. ნ-ის, ა. გ-ეის და რ. წ-ას მიერ.
კასატორთა მსჯელობით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენის მიუხედავად, არასწორის შეფასება მიეცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს საპენსიო ასაკის მიღწევისას წერილობით არ მიუმართავს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის. კასატორთა განმარტებით, საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართეს შესაბამის სამსახურს რაზედაც ეთქვათ უარი იმ საფუძვლით, რომ მუშაობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამედიცინო ტექნიკურ ცენტრ „...ში“ და შესაბამისად ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას. მათივე, მსჯელობით სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობამ და არაკეთილსინდისიერმა ქმედებამ მუშები შეიყვანა შეცდომაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჩ-ას, თ. ნ-ის, ა. გ-ეის და რ. წ-ას საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატის 2025 წლის 04 ივლისის მიმართვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2025 წლის 09 ივლისის N01/160942 მომართვით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ თ. ნ-ი (პ/ნ: ...) გარდაიცვალა 2022 წლის 11 დეკემბერს (გარდაცვალების აქტის ჩანაწერი N...).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დაევალა თ. ნ-ის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ ინფორმაციის, ხოლო სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა.
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის N16-10683 მომართვით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ 2022 წლის 11 დეკემბერს გარდაცვლილი თ. გ.-ს ძე ნ-ის პირველი რიგის მემკვიდრეების - შვილების - მ. ნ-ის, ნ. ნ-ისა და მეუღლის - ი. რ.-ს ასული ნ-ის მიმართ ნოტარიუსი ე. გ-ეის მიერ 2023 წლის 26 ივლისს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა (რეესტრი N...).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით ნოტარიუსს დევალა 2022 წლის 11 დეკემბერს გარდაცვლილი თ. გ.-ს ძე ნ-ის პირველი რიგის მემკვიდრეების - შვილების - მ. ნ-ის, ნ. ნ-ისა და მეუღლის - ი. რ.-ს ასული ნ-ის მიმართ 2023 წლის 26 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (რეესტრი N...) საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოდგენა.
2025 წლის 18 აგვისტოს საკასაციო პალატას მომართა ნოტარიუსმა ე. გ-ემ და წარმოადგინა 2023 წლის 26 ივლისს გაცემული N... სამკვიდრო მოწმობა.
2025 წლის 28 ოქტომბერს საკასაციო პალატას მომართეს მ., ნ. და ი. ნ-იებმა და განსახილველი დავის გაგრძელებისა და თ. ნ-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებად ამავე საქმეში ჩართვის თაობაზე ინტერესი გამოთქვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით კასატორის (მოსარჩელის) - აწ გარდაცვლილი თ. გ.-ს ძე ნ-ის საპროცესო უფლებამონაცვლეებად №ბს-374(კ-24) ადმინისტრაციულ საქმეში ჩაერთნენ მისი პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები - მ. ნ-ი, ნ. ნ-ი და მეუღლე - ი. რ.-ს ასული ნ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დაცული სსიპ ,,...ში’’ დასაქმებულ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის თანახმად, ნ. ჩ-ას (დაბ. ... წელს, პ/ნ ...) 2016 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნა სახელმწიფო პენსია 250 ლარის ოდენობით. 2016 წლის 19 ივლისამდე, ნ. ჩ-ას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით არ მიუმართავს.
თ. ნ-ის (დაბ. ... წელს, პ/ნ ...) 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაენიშნა სახელმწიფო პენსია 250 ლარის ოდენობით; 2018 წლის 02 აგვისტომდე თ. ნ-ის პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
დადგენილია, რომ რ. წ-ას (დაბ. ... წელს, პ/ნ ...) 2018 წლის 01 ივლისიდან დაენიშნა სახელმწიფო პენსია 250 ლარის ოდენობით; 2018 წლის 29 ივნისამდე რ. წ-ას პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს. ა. გ-ეს (დაბ. ... წელს, პ/ნ ...) 2018 წლის 01 ივნისიდან დაენიშნა სახელმწიფო პენსია 250 ლარის ოდენობით; ა. გ-ეს პენსიის დანიშვნის მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის 2018 წლის 10 მაისამდე არ მიუმართავს.
დადგენილია, რომ ნ. ჩ-ა 2011 წლის 01 იანვრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ ,,...ში’’ წარმოების დეპარტამენტის, ... საწარმოს ...ის პოზიციაზე; თ. ნ-ი 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ ,,...ში’’, წარმოების დეპარტამენტის, ... საწარმოს, ...ის პოზიციაზე; ა. გ-ე 2011 წლის 01იანვრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ ,,...ში’’ წარმოების დეპარტამენტის, II საწარმოს საგეგმო - ... ბიუროს, ...ის პოზიციაზე; რ. წ-ა 2010 წლის 29 სექტემბრიდან მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ ,,...ში’’ წარმოების დეპარტამენტის, ... საწარმოს ...ის პოზიციაზე.
დადგენილია, რომ 2022 წლის 20 მაისს, ნ. ჩ-ამ, თ. ნ-იმა, ა. გ-ემ და რ. წ-ამ განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი - სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების გამოცემა, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ: ნ. ჩ-ასათვის - 6250 ლარის ოდენობით, თ. ნ-ისათვის - 9000 ლარის ოდენობით, ა. გ-ეისათვის - 12 250 ლარის ოდენობით, ხოლო რ. წ-ასათვის მიუღებელი პენსიის - 8 250 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 08 ივნისის №04-00-ი/14449; №04-00ი/14437; №04-00-ი/14438 და 2022 წლის 9 ივნისის №04-00-ი/14533 ინდივიდუალურ ადმინისტრაცილი - სამართლებრივი აქტებით (გადაწყვეტილებებით) ნ. ჩ-ას, თ. ნ-ის, ა. გ-ეს და რ. წ-ას უარი ეთქვათ პენსიის უფლების წარმოშობის დღიდან - პენსიის დანიშვნამდე პერიოდში მიუღებელი თანხის ანაზღაურებაზე. განემარტათ, რომ „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის 5.1. მუხლი განსაზღვრავს, რომ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა. ამავე წესის 6.1. მუხლით განსაზღვრულია, რომ პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, პენსია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს ან პენსიაზე უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე. სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ას პენსიაზე უფლება წარმოეშვა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის საფუძველზე, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. ნ. ჩ-ას 2016 წლის 19 ივლისის განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2016 წლის 01 აგვისტოდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ნ. ჩ-ას არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსათვის მიმართვის სხვა ფაქტი. თ. ნ-ის პენსიაზე უფლება წარმოეშვა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის საფუძველზე, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. თ. ნ-ის 2018 წლის 2 აგვისტოს განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. თ. ნ-ის არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსათვის მიმართვის სხვა ფაქტი. ა. გ-ეს პენსიაზე უფლება წარმოეშვა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის საფუძველზე, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. ა. გ-ეის 2018 წლის 10 მაისის განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2018 წლის 01 ივნისიდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. ა. გ-ეს არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსათვის მიმართვის სხვა ფაქტი. რ. წ-ას პენსიაზე უფლება წარმოეშვა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის საფუძველზე, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო. რ. წ-ას 2018 წლის 29 ივნისის განცხადება სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა და მაძიებელს 2019 წლის 01 ივლისიდან დაენიშნა კუთვნილი პენსია. რ. წ-ას არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსათვის მიმართვის სხვა ფაქტი.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდის რედაქცია) პირველ მუხლს, რომლის თანახმად, კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ - ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. კანონმდებლობა პენსიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. კანონის 5.1. მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. ამ კანონის 14.1. მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს.
აქვე გასათვალისწინებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი N1) და ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი (დანართი N2) რომლის (დანართი N1) 4.1. მუხლით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან. ამ წესის 5.1. მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.
სადავო გარემოებისა და სამართლებრივი რეგულაციის გათვალისწინებით, მართებული სააპელაციო სასამართლოს მითითება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. კანონი, აღნიშნული დანაწესით ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმას უკავშირებს, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისთვის ადგენს. ასევე გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, რომელიც წარმოიშვა თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, სახეზე უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ შრომითი საქმიანობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას ან სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტებისას. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს ზიანის ორ სახეს: ფაქტობრივად მიყენებულ (რეალურ) ზიანს და მიუღებელ შემოსავალს. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის ბს-1031(კ-20) გადაწყვეტილება; შდრ. სუსგ Nას-32-2021, 2021 წლის 23 აპრილის, Nას-1843-2018, 2019 წელის 5 მარტის, Nას-167-163-2016, 2016 წლის 01 ივლისის განჩინებები, სუს 2019 წლის 16 მაისის Nბს-740-736(კ-17) განიჩინება). ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - მოსარჩელეებს საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევისთანავე განცხადებით - წერილობით ან ელექტრონულად არ მიუმართავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე, სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უსაფუძვლოა როგორც სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა, ასევე მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის, კერძოდ, საპენსიო ასაკის მიღწევის მომენტიდან პენსიის დანიშვნის მომენტამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ პენსიის მიმღებ პირს, პენსიის მიღების უფლება წარმოეშობა მანამდე, ვიდრე სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნისა და დოკუმენტების წარდგენა) მიმართავს კომპეტენტურ ორაგანოს, მართებულად განმარტა სააპელაციო სასამართლომ, რომ აღნიშნული ფაქტი, იმავდრულად არ წარმოშობს სახელმწიფო პენსიის მიმღები პირის უფლებას - პენსიის მიღების უფლების წარმოშობის მომენტიდან, პენსიის დანიშვნამდე პერიოდის ზიანის ფორმით ანაზღაურების ვალდებულებას. საკასაციო პალატის მსჯელობით, არ დასტურდება მიზეზ - შედეგობრივი კავშირის არსებობა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებასა და ფიზიკურ პირთა მიმართ დამდგარ შედეგს შორის (განსაზღვრულ პერიოდში პენსიის მიუღებლობა).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ჩ-ას, ა. გ-ეის, რ. წ-ას, აწ გარდაცვლილი თ. ნ-ის უფლებამონაცვლეების - ნ. ნ-ის, მ. ნ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებაზე არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჩ-ას, ა. გ-ეის, რ. წ-ას, აწ გარდაცვლილი თ. ნ-ის უფლებამონაცვლეების - ნ. ნ-ის, მ. ნ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე