საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-446(კ-25) 1 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა. ნ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №14 საოქმო გადაწყვეტილება ა. ნ-ეის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ნ-ეის განცხადების დაკმაყოფილებისა და მისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დავის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის სხდომის №14 საოქმო გადაწყვეტილება ა. ნ-ეის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) ა. ნ-ეის ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №03 დადგენილება. ამასთან, მართალია, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სადაო საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა კანონით, რომელიც დეტალურად და იმპერატიულად განსაზღვრავს მოსაწესრიგებელ სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, ზემოდასახელებული წესის მე-11 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განცხადებებს, რომლებსაც: ა) სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან შესაბამისი ფინანსური დახმარება 10 000 ლარზე ზევით; ბ) გააჩნიათ საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებული საცხოვრებელი ფართი არის ქორწინების შედეგად ოჯახში შემატებული წევრის თანასაკუთრებაში არსებული ქონება (ქორწინებამდე).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 განკარგულება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის №25 განკარგულება, რომლებიც გამოიყენა სასამართლომ სადაო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მხოლოდ ზოგადად აწესრიგებენ და სამართლებრივ ჩარჩოში აქცევენ ურთიერთობას, კერძოდ, დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს ეკომიგრანტის სტატუსი, უნდა მიეცეს საცხოვრისი. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ცალკეული კრიტერიუმები განსაზღვრული აქვს საკუთარი განკარგულებით.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ“ 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით განსაზღვრულია ის კრიტერიუმი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, დაინტერესებულ პირს უარი ეთქმევა პროგრამით სარგებლობაზე. კერძოდ, მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი კომისიის მიერ არ განიხილება იმ დაზარალებულთა განაცხადები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან დაზარალების გამო ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება (7 000 ლარზე მეტი) ან გააჩნიათ ფაქტობრივ მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. აღსანიშნავია, რომ თითოეული ნორმა შედგენილია საქართველოს კონსტიტუციის იმ ღირებულებისა და პრინციპების დაცვით, რასაც იზიარებს, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობა, ასევე ევროპული კანონმდებლობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც თავის თავში, მოიაზრებს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებას. კომისიაც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, რათა გამოეკვლია უშუალოდ დაზარალებულთა ინდივიდუალური პირობები, ვისაც რეალურად არ გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრისი, რათა უზრუნველეყო ისინი თავშესაფრით და არა კომპენსაცია მოეხდინა ქონების.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, წარმოდგენილი, მოპოვებული და დამუშავებული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ცხადია, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება, როგორც საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რომელსაც არ დაურღვევია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და არ შეუზღუდავს მხარის კანონიერი ინტერესი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში, საკითხის ირგვლივ ნაწარმოები ადმინისტრაციული წარმოების შედეგების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების, მათი დამუშავების, ასევე მოპოვებული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიღებულ იქნა კანონიერი და სამართლიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ცხადია, რომ სახელმწიფო შეეცდება და უზრუნველყოფს პირებს საცხოვრისით, თუმცა დაინტერესებული პირების მიერ უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც სახელმწიფოს, ასევე სხვა ეკომიგრანტებსაც, რომლებიც ელოდებიან საკუთარი განაცხადების განხილვას. საცხოვრისები შენდება ეტაპობრივად შეზღუდული რაოდენობით, შესაბამისად, ფართი უშუალოდ განკუთვნილი უნდა იყოს იმათთვის, ვისაც რეალურად არ გააჩნიათ საცხოვრისი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ნორმის შინაარსი არ უნდა გავრცელდეს წარსულ პერიოდზე, ლოგიკურია, ვინაიდან ნორმა თავისთავად არ შეიცავს დათქმას ამის შესახებ, თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რა წარსულ პერიოდზეა საუბარი. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ პირს მაშინ, როდესაც ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭა (მის საცხოვრებელ ფართზე განვითარდა მეწყრული პროცესები), ალტერნატიული საცხოვრისი გააჩნდა. აღნიშნული საცხოვრისი მართალია, დაუსრულებელ კორპუსში იყო, თუმცა სამუშაო კომისიის გასვლითი ოქმით დადგინდა, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისი იყო (აღჭურვილი ყველა სათანადო კომუნალური მომსახურებით). შესაბამისად, იმ მომენტისათვის, როდესაც დაინტერესებულ პირს (ა. ნ-ეს) წარმოეშვა უფლება, ესარგებლა მუნიციპალიტეტის პროგრამით, უკვე გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრისი, სადაც უსაფრთხოდ შეეძლო ცხოვრება, რაც ცალსახად არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც წარსული პერიოდი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ა. ნ-ეის ოჯახს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გააჩნია საცხოვრებელი სახლი. 2021 წლის სექტემბრის თვეში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლამ განაპირობა გრუნტების გატენიანება-გადამძიმება, რის გამოც შენობის მოსაზღვრე ფერდიდან განვითარდა რთული გენეზისის ლოკალური მეწყრული ჩამოქცევა, რომლის გავრცელების სიგრძე ვიზუალურად დაახლოებით 50-60 მეტრია, ხოლო სიგანე ვიზუალურად დაახლოებით 15-20 მეტრი, მოწყვეტის ფლატე 2-3 მეტრამდეა, მეწყერულ სხეულში მოხვედრილია სხვადასხვა ჯიშის ციტრუსოვანი ნარგავები. ასევე განვითარდა მეწყერული პროცესების შენობის ქვედა მხარეს, რომელმაც დააზიანა საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის მონაკვეთი. საცხოვრებელი სახლი მეწყრული პროცესების განვითარების ზონაშია და ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას (ს.ფ. 23); ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 21 ოქტომბრის №05/9681 წერილით ა. ნ-ეს აცნობა, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 18.10.2021 წლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ა. ნ-ეის ოჯახი იყო სტიქიის შედეგად დაზარალებული (ეკომიგრანტი). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებდა პროგრამას სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად (თანახმად 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებისა). შესაბამის ბაზაში დარეგისტრირების მიზნით აუცილებელი იყო მოეხდინა სტიქიით დაზარალებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა მიემართა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსათვის ან იუსტიციის სახლისთვის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია იღებდა ვალდებულებას გადაეხადა დროებითი თავშესაფრის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული ყოველთვიურად ქირის საფასური 300 ლარის ოდენობით, მანამ სანამ არ ისარგებლებდა მუნიციპალიტეტის მიერ შემოთავაზებული ეკომიგრანტთათვის გათვალისწინებული რომელიმე პროგრამით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ახორციელებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე (ბინის ქირის უზრუნველყოფა) მატერიალური დახმარების“ მიზნობრივ პროგრამას. პროგრამაში ჩართვის მიზნით საჭირო იყო შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა - განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები, დედანთან ერთად. არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი; საცხოვრებელი სახლის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა; მოხსენებითი ბარათი მერის წარმომადგენლის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში; ქირავნობის ხელშეკრულება; გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები და პირადობის მოწმობის ასლი, დედანთან ერთად (ს.ფ. 24-25); გ) 2022 წლის 15 თებერვალს ა. ნ-ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა და მოითხოვა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება (ს.ფ. 22); დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით, ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრის 17.11.2022 წლის ოქმით ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ გასვლით შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ეკომიგრანტი ოჯახებისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართების შემოწმებას და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებას - იყო თუ არა სხვა სახლებთან ერთად ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად ვარგისი. ამავე ოქმით ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები ტერიტორიაზე გასვლით დეტალურად გაეცნენ ადგილზე არსებულ მდგომარეობას, რის შედეგადაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ არსებული სახლები საცხოვრებლად ვარგისი იყო. ასევე აღნიშნეს, რომ სახლები არ იყო ექსპლუატაციაში შესული, მაგრამ 15%-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაკავებული იყო მოსახლეობის მიერ (ს.ფ. 45-48); ე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ემიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ემიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახების განსახლებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №14 საოქმო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №3 დადგენილებაში შესული ცვლილების გათვალისწინებით კომისიამ, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება გადახედა იმ ოჯახის განცხადებას, რომელიც არ დაკმაყოფილდა საკუთრებაში არსებული ალტერნატიული ფართის გამო (მშენებარე). ცვლილების თანახმად: „ალტერნატიულ ფართად არ ჩაითვლება ექსპლუატაციაში არშესულ კორპუსში მდებარე უძრავი ქონება (სახლი ან ბინა), რომელიც არ არის დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი. ასევე, აღნიშნული მშენებარე ობიექტის საერთო ბინების/სახლის 15%-ზე ნაკლები არის საცხოვრებლად დაკავებული“. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 22 სექტემბრის №12-1422263522 წერილის თანახმად, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ა. ნ-ეის საკუთრებაა. სხდომაზე წარდგენილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით, ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრის 17.11.2022 წლის ოქმი, რის შედეგადაც, კომისიამ, საბოლოოდ, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი მიიჩნია ალტერნატიულ ფართად. შესაბამისად, ა. ნ-ეის განცხადება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 17-20); ვ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 07.02.2023 წლის №128-12823038185 წერილით ა. ნ-ეს ეცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახების განსახლებისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე განხილულ იქნა მისი განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. 2022 წლის 22 ივლისის №20 დადგენილებით ცვლილება შევიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის 03 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ ალტერნატიულ ფართად არ ჩაითვლებოდა ექსპლუატაციაში არშესულ კორპუსში მდებარე უძრავი ქონება (სახლი ან ბინა), რომელიც არ იყო დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი. ასევე, აღნიშნული მშენებარე ობიექტის საერთო ბინების/სახლის 15%-ზე ნაკლები იყო საცხოვრებლად დაკავებული. მართალია, საცხოვრებელი ფართი (ს/კ ...) არ იყო ექსპლუატაციაში შესული, თუმცა მშენებარე ობიექტის საერთო ბინების 15%-ზე მეტი საცხოვრებლად იყო დაკავებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 26); ზ) 11.11.2021 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. ნ-ემ ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №3, სართული №2, ფართით 70 კვ.მ (ს/კ ...) 48 000 აშშ დოლარად მიყიდა რ. ო-ეეს (ს.ფ. 54-57); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.03.2023 წლის №... წერილით ა. ნ-ეს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, 2022 წლის 01 ნოემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ა. ნ-ეის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება ქალაქი ბათუმი, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე მიწის საკადასტრო კოდზე ... რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 29); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.04.2023 წლის №... წერილით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, უძრავ ნივთზე ს/კ ... (მდებარე ქალაქი ბათუმი, ...ს ქ. №..., ბინა №3, ფართი: 70.00 კვ.მ, სართული №2) 2014 წლის 20 ივნისიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე რეგისტრირებული იყო ა. ნ-ეის (პ/ნ. ...) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 19/06/2014, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განცხადების რეგისტრაციის ნომერი №..., უფლების რეგისტრაციის თარიღი - 20/06/2014წ. 2021 წლის 16 ნოემბრიდან - 2022 წლის 27 მაისამდე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა რ. ო-ეის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 11/11/2021წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განცხადების რეგისტრაციის ნომერი №..., უფლების რეგისტრაციის თარიღი 16/11/2021წ. ხოლო, 2022 წლის 27 მაისიდან დღეის მდგომარეობით აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ნ. ი-ეის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 20/05/2022წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განცხადების რეგისტრაციის ნომერი №..., უფლების რეგისტრაციის თარიღი: 27.05.2022წ. (ს.ფ. 73).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის 2022 წლის 22 დეკემბრის №14 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და მოპასუხისათვის ა. ნ-ეის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო (1); სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე (2); სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს (3).
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახის განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის წესს (1); სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, ჯდენადი გრუნტის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა (2).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საფრთხის შემცველი ეკოლოგიური ფაქტორები აიძულებენ ადამიანებს სამუდამოდ დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა ეკომიგრანტების, ანუ იმ პირთა უფლებების დაცვა, რომელთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას არსებული სტიქიური მოვლენების გამო რეალური და მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება, რადგან ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრება გულისხმობს, მათ შორის, შესაძლებლობის ფარგლებში მსგავსი საფრთხეების გამორიცხვას, სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარებას და საფრთხის რეალიზების შემთხვევაში დაზარალებული ოჯახების დამდგარი შედეგებისაგან განრიდებას. ამასთანავე, სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულების წინაპირობების არსებობა და ფარგლები ყოველ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებით უნდა შეფასდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურას ადგენს ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, დაზარალებულის მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული განაცხადების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი კომისია (შემდგომში - კომისია) (1); კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერის) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით (2); კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის თაობაზე. სოციალური სახლს მუნიციპალიტეტი გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახების უზრუნველყოფის მიზნით (3); დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს დაზარალებულებს მიეცეთ საშუალება წარადგინოს შესაბამისი განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე (4); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია მოახდენს დაზარალებულების ინფორმირებას განაცხადების მიღების ვადების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით (5); კომისია ადგენს განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადებს (6); მერია ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებს დაზარალებული. საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ (7); საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთოდეს, მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, განაცხადი რჩება განუხილველი, რომლის მიზეზიც ეცნობება განმცხადებელს დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულებებს (8); კომისია ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების დანართი №3 შესაბამისად და ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (9); კომისიის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: დაზარალებულის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დაზარალებულებისაგან; ასევე, მოპოვებული და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაზარალებულის მდგომარეობის (მისი ოჯახის მდგომარეობის) შეფასებას და ქულების მინიჭებას ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მეშვეობით (10); შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დაზარალებულს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (12).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა. ნ-ეის ოჯახი წარმოადგენს ეკომიგრანტ ოჯახს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გააჩნია საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მიხედვით 2021 წლის სექტემბრის თვეში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლამ განაპირობა გრუნტების გატენიანება-გადამძიმება, რის გამოც შენობის მოსაზღვრე ფერდიდან განვითარდა რთული გენეზისის ლოკალური მეწყრული ჩამოქცევა, რომლის გავრცელების სიგრძე ვიზუალურად დაახლოებით 50-60 მეტრია, ხოლო სიგანე ვიზუალურად დაახლოებით 15-20 მეტრი, მოწყვეტის ფლატე 2-3 მეტრამდეა, მეწყერულ სხეულში მოხვედრილია სხვადასხვა ჯიშის ციტრუსოვანი ნარგავები. ასევე განვითარდა მეწყერული პროცესების შენობის ქვედა მხარეს, რომელმაც დააზიანა საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის მონაკვეთი. საცხოვრებელი სახლი მეწყრული პროცესების განვითარების ზონაშია და ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ (დანართი N1) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით. კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით, ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად შექმნილი სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრის 17.11.2022 წლის ოქმის საფუძველზე, კომისიამ, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი მიიჩნია ა. ნ-ეის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად. თავის მხრივ, აღნიშნული ოქმით ირკვევა, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ გასვლით შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ეკომიგრანტი ოჯახებისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართების შემოწმებას და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებას - იყო თუ არა სხვა სახლებთან ერთად ქ. ბათუმში, ...ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად ვარგისი. ამავე ოქმის თანახმად, სამუშაო ჯგუფის წევრები ტერიტორიაზე გასვლით დეტალურად გაეცნენ ადგილზე არსებულ მდგომარეობას, რის შედეგადაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ არსებული სახლები საცხოვრებლად ვარგისი იყო. ასევე აღნიშნეს, რომ სახლები არ იყო ექსპლუატაციაში შესული, მაგრამ 15%-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაკავებული იყო მოსახლეობის მიერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის“ (დანართი N1) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის ჩამოყალიბებული იყო შემდეგი სახით - მუნიციპალიტეტი არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განცხადებებს, რომლებსაც: ა) სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან შესაბამისი ფინანსური დახმარება 10000 ლარზე ზევით; ბ) გააჩნიათ საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებული საცხოვრებელი ფართი არის ქორწინების შედეგად ოჯახში შემატებული წევრის თანასაკუთრებაში არსებული ქონება (ქორწინებამდე).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის №20 დადგენილებით ზემოაღნიშნულმა ნორმამ განიცადა ცვლილება და ჩამოყალიბდე ახალი რედაქციით, კერძოდ, დასახელებული „წესის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განცხადებებს, რომლებსაც: ა) სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან შესაბამისი ფინანსური დახმარება 10000 ლარზე ზევით; ბ) გააჩნიათ საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებული საცხოვრებელი ფართი არის ქორწინების შედეგად ოჯახში შემატებული წევრის თანასაკუთრებაში არსებული ქონება (ქორწინებამდე). ასევე ალტერნატიულ ფართად არ ჩაითვლება ექსპლუატაციაში არშესულ კორპუსში მდებარე უძრავი ქონება (სახლი ან ბინა), რომელიც არ არის დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი. ასევე, აღნიშნული მშენებარე ობიექტის საერთო ბინების/სახლის 15%-ზე ნაკლები არის საცხოვრებლად დაკავებული. კომისია უფლებამოსილია შემადგენლობიდან გამოყოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს იმ ბენეფიციარების მისამართზე გასვლას და შემოწმებას, რომლების მიმართაც საქმის განხილვის დროს კომისიის მიერ წამოეჭრება კითხვები საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობის შესახებ; ჯგუფის მიერ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება მოხდეს ფოტო/ვიდეო მასალის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2022 წლის 15 თებერვალს ა. ნ-ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა და მოითხოვა საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება. ასევე დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი ბათუმი, ...ს ქ. №..., ბინა №3, ფართი - 70.00 კვ.მ, სართული №2, ს/კ ..., ა. ნ-ეის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო 2014 წლის 20 ივნისიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მოსარჩელემ გაასხვისა 2021 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებით და 2022 წლის 01 ნოემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ა. ნ-ეის საკუთრების უფლება ქალაქი ბათუმი, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის საკადასტრო კოდზე ...) რეგისტრირებული არ იყო. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელეს არც კომისიის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრის დროს (2022 წლის 17 ნოემბერი) და არც შემდგომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს (2022 წლის 22 დეკემბერი) ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...) აღარ გააჩნდა საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული მოსარჩელის ოჯახის რეალური მდგომარეობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა საფუძვლიანად დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნია კომისიამ, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი ა. ნ-ეის ალტერნატიულ ფართად. საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ამდენად, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, დაინტერსებული პირების მონაწილეობით და საჭიროების შემთხვევაში მოწმეთა გამოკითხვის საფუძველზე, ასევე დამატებით მოპოვებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით კომისიამ უნდა დაადგინოს ა. ნ-ეს და მის ოჯახის წევრებს რამდენად უდასტურდებათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, სტიქიური მოვლენების განვითარების ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლის გარდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართზე საკუთრება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა