საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-216(კ-23) 9 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ფ. მ. ფ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 30 ივლისს ფ. მ. ფ. მ-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის არაბი წარმოშობის ბედუინი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლამდე ცხოვრობდა ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება ქუვეითის სახელმწიფოს, ერაყსა და საუდის არაბეთს. მას ჰქონდა ქუვეითის სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია, ვინაიდან იგი გაცემული იყო ერაყის ყალბ პასპორტზე. იგი საქართველოში შემოვიდა ერაყის ყალბი პასპორტით, რაც დადგენილ იქნა ქართველი სამართალდამცავებისა და ერაყის საელჩოს მიერ. მოსარჩელის განმარტებით, პიროვნების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გააჩნია მართვის მოწმობის გარდა, რომელიც გაცემულია ქუვეითის სახელმწიფოში და რომელსაც ვადა გასდის 2021 წლის 9 ოქტომბერს. 2019 წლის სექტემბერში განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა, რაზედაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №1000684755 გადაწყვეტილებით ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა უარი. მოსარჩელემ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის №1000684755 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ფ. მ. ფ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. მ. ფ. მ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით ფ. მ. ფ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N523 დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია სტატუსის მაძიებლისათვის სტატუსის დადგენის საკითხის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებთან შესაბამისობის თაობაზე. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ელი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია, დეტალურად გაეცნო მას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. მ. ფ. მ-იმ.
კასატორის განმარტებით, ,,საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N523 დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია 30 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ამავე დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ,,სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში.“ აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 5 ნოემბერს მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს წერილობით და სთხოვა ეცნობებინათ, არსებობდა თუ არა ფ. მ. ფ. მ-ისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. ამ წერილზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უპასუხა 2020 წლის 15 მაისის წერილით, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ფ. მ. ფ. მ-ისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს უნდა მიეჩნია, რომ არ არსებობს სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოთხოვნილი ინფორმაცია წარადგინა არა 30 დღეში, არამედ 7 თვის დაგვიანებით.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთანავე, აღნიშნავს, რომ სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას გასცნობოდა კონფიდენციალურ ინფორმაციას და ავტომატურად მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე. შესაბამისად, სასამართლო ერთადერთი ორგანოა, რომელსაც აქვს პრეროგატივა გამოითხოვოს და გაეცნოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას. კასატორის განმარტებით, საქმის განმხილველმა სასამართლოებმა მართალია გამოითხოვეს და გაეცნენ სახელმწიფო უსაფრთხოების კონფიდენციალურ ინფორმაციას, მაგრამ მაინც გაიზიარეს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და არ გაითვალისწინეს, ის რომ აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს წარედგინა 7 თვის დაგვიანებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ. მ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. მ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ საქმეში სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი არის პირი, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად; ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დასადგენად განმცხადებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. მ. ფ. მ-იმა 2019 წლის 16 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა, ეცნობებინა არსებობდა თუ არა ფ. მ. ფ. მ-ისათვის საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 15 მაისის SSG 9 20 00058089 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ფ. მ. ფ. მ-ისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭება. ამრიგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 29 ივნისის N1000684755 გადაწყვეტილებით ფ. მ. ფ. მ-ის უარი ეთქვა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე.
აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 31 ოქტომბრის წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ფ. მ. ფ. მ-ის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ადასტურებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინების დასაბუთებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს. პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში იზღუდება ფ. მ. ფ. მ-ის უფლებები, თუმცა აღნიშნულ შეზღუდვას საფუძვლად უდევს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გამოიხატება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული უშიშროების მოსაზრებებზე დამყარებულ ღონისძიებას დაქვემდებარებულ პირს არ უნდა წაერთვას თვითნებობის წინააღმდეგ ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ღონისძიება უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რათა ღონისძიების მართლზომიერება გადაწყვიტოს და ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობა გამორიცხოს (Lupsa v. Romania, 08.09.2006). კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს თავისუფლება აკონტროლოს მის ტერიტორიაზე უცხოელის შემოსვლის, ბინადრობისა და გაძევების საკითხები (Khasanov and Rakhmanov v. Russia, 29.04.2022).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მისი შინაგანი რწმენით, აღწერილი საფრთხის რეალიზების ალბათობის შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობის, გონივრულობისა და სანდოობის შემოწმებით, აგრეთვე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები (სუსგ №ბს-342-331(კ-10), 20.10.2010წ.). საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების დაცვით გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ფ. მ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივარზე ააიპ უ...ს (ს/კ ...) მიერ 12.12.2022წ. №1670840866 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ააიპ უ...ს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. მ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. ააიპ უ...ს (ს/კ ...) დაუბრუნდეს ფ. მ. ფ. მ-ის საკასაციო საჩივარზე 12.12.2022წ. №1670840866 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე