Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1265(კ-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ნ. ა. კ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის დადგენილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა. ნ. ა. კ-ემ 2020 წლის 10 მარტს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 12.02.2020წ. №..., 12.02.2020წ. №... და 22.02.2020წ. №... საჯარიმო ქვითრების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით ა. ნ. ა. კ-ეს საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება საჩივრით გასაჩივრდა ა. ნ. ა. კ-ეს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის დადგენილებით ა. ნ. ა. კ-ეს საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება; ამავე დადგენილებით საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის დადგენილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ. ა. კ-ეს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო აღნიშნული დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. მოცემული საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2025წ. დადგენილების გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმება არ შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, ვინაიდან ის მიღებულია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, ა. ნ. ა. კ-ეს წარდგენილი საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 26.09.2025წ. დადგენილებით, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება, რის შესახებაც მხარეს სადავო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განემარტა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ. ა. კ-ეს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.2025წ. დადგენილებაზე, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-6 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ნ. ა. კ-ეს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის დადგენილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა