საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-957(კ-25) 1 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ი, ს. ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. კ-იმა და ს. ბ-იმა სარჩელით (დაზუსტებული სარჩელი) მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 7 23 00001963 ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ისა და ს. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 7 23 00001963 ბრძანება, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. ბ-ისა და მ. კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ასევე არასრულად განმარტა კანონი. სასამართლოს მსჯელობა ემყარება იმ არგუმენტს, რომ სზაკ-ის მე-5 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან. ორივე ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხოლოდ ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, თუმცა არ მიუთითებია, დამატებით რა უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შემდეგი გარემოებები: ს. ბ-ი განაცხადს აკეთებს დედასთან და ორ შვილთან ერთად, მისამართი მითითებული აქვს წყალტუბო, ...ს ქუჩა, ახალი დასახლება. განაცხადში მითითებულ მისამართზე 2022 წლის 3 მარტს დაიგეგმა მონიტორინგის განხორციელება. ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, მისამართის დაზუსტების მიზნით, განმცხადებელს დაუკავშირდა განაცხადში მითითებულ ნომერზე, თუმცა ადრესატმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დადგინდა ზუსტი მისამართი, მონიტორინგი არ განხორციელდა. განაცხადში შეყვანილმა პირმა - მ. კ-იმა, მხოლოდ 2022 წლის 6 დეკემბერს მიმართა სააგენტოს განცხადებით და განმარტა, რომ მონიტორინგს სახლში იმიტომ არ დახვდა, რომ იმყოფებოდა ესპანეთში, მან დააზუსტა მისამართი და მონიტორინგის განხორციელება მოითხოვა მისამართზე ..., ...ს ქ. №6, ბინა №.... 2022 წლის 6 დეკემბერს მონიტორინგი განხორციელდა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (..., ...ს ქ. №6, ბინა №...), სადაც იმყოფებოდა მ. კ-ი. მ. კ-იმა განმარტა, რომ 2 თვეა რაც ჩამოვიდა აღნიშნულ მისამართზე. იგი პერიოდულად ჩამოდის ხოლმე სამკურნალოდ და ჩერდება მითითებულ მისამართზე. მან ასევე მიუთითა, რომ ცხოვრობს წყალტუბოში, ...ს ქუჩაზე. ს. ბ-ი, შვილებთან ერთად, ცხოვრობს ესპანეთში. ასევე განმარტა, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე არის დის შვილი - რ. მ-ი, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. მონიტორინგის მასალები განსახილველად გადაეცა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, რომელმაც 2023 წლის 12 ივნისს (ოქმი №36) იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, მოსარჩლის განაცხადი არ დაეკმაყოფილებინა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის მოტივით, კერძოდ, განმცხადებელი ქირის გარეშე ცხოვრობს ნათესავის სახლში.
კასატორის მითითებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მოქმედი ნორმა (2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანება), გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის, აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე, ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ცხადია, ეს ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე, გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი ან შეუძლიათ ისარგებლონ ნათესავის საცხოვრებლით, თუმცა შესაბამისი რიგითობის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნათესავის ბინაში შეუზღუდავად ცხოვრობს და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს. მართალია, დევნილი ოჯახის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობა საკმარისია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, პირველ რიგში, ამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ცხოვრობენ თუ არა ისინი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, გააჩნიათ თუ არა საცხოვრებელი. მოცემულ შემთხვევაში, დევნილი ოჯახი არც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ საცხოვრებელში ცხოვრობს და არც თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრება უახლოეს მომავალში.
კასატორის განმარტებით, პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის ქვეშ, ასევე, ოჯახები, რომლებიც საერთოდ თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები და სხვაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და შემდგომ ოჯახები, რომელთაც მართალია, აქვთ საკმარისი ქულათა რაოდენობა საცხოვრებლის მისაღებად, მაგრამ მოცემული ეტაპისათვის სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებენ და გააჩნიათ საცხოვრებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერია სააგენტოს ბრძანება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე სასწრაფო და გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებს. სასამართლო თუ ამგვარად მიუდგება საკითხს და მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას.
კასატორის განმარტებით, დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს, დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად გამოკვლევას, მათ შორის კი, დევნილი ოჯახის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას. ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის გადამოწმება კი, უნდა განახორციელოს დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ. არამართებულია ზემოაღნიშნული კანონის გათვალიწინებით სააგენტოსათვის იმის მითითება, რომ მან გადაწყვეტილება მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმებული და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა მიიღოს. ამასთან, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით უნდა მიეღო ადმინისტრაციულ ორგანოს დადებითი გადაწყვეტილება თუ არა მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციისა.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს ათასობით დევნილი ოჯახი ჰყავს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი. ამ ოჯახების უმეტესობას არა აქვს საკუთრება და არც იმის საშუალება, ქირის გარეშე ისარგებლოს ნათესავის/ახლობლის საცხოვრებელი ფართით. ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც მითითებული აქვს განაცხადში სწორი ინფორმაცია, არა აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მას. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ ქაოსურ სურათს, რაც ხდებოდა ამ საკითხის მომწესრიგებელი აქტების მიღებამდე. ის, გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწოფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს. პირველ რიგში, საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუკი სააგენტო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირის დევნილის მოწმობით დასტურდება, რომ მ. კ-ის, ს. ბ-ის, გ. ჭ-ეეს და ნ. ჭ-ეს მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი (ტ. 1, ს.ფ. 16-17, 31-32); დევნილის ანკეტების მიხედვით, მ. კ-ის, ს. ბ-ის, გ. ჭ-ეის და ნ. ჭ-ეის ფაქტიურ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მისამართი წყალტუბო, ...ს ქუჩა, კორპ. №2, ბინა №1 (ტ. 1, ს.ფ. 127-130); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების 2016 წლის 16 მაისის №04-06-12/2628 ცნობით დგინდება, რომ მ. კ-ი ღებულობს სოციალურ პაკეტს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით, მუდმივად თვეში 100 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 165); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების 2022 წლის 1 ნოემბრის SSA 0 22 00483341 ცნობით დგინდება, რომ მ. კ-ის 2022 წლის 1 ოქტომბრიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო პენსია 260 ლარი მუდმივად (ტ. 1, ს.ფ. 29); ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის IDP 5 23 00685567 წერილით დგინდება, რომ მ. კ-ი და ს. ბ-ი დევნილად რეგისტრირებულნი იყვნენ 1996 წლიდან 2013 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, ქ. წყალტუბოში მდებარე „...ს“ შენობაში, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტს. აღნიშნული ობიექტიდან 2012 წელს განხორციელდა დევნილთა გამოსახლება, მიენიჭა გაუქმებულის სტატუსი, ხოლო ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრების დევნილები სახელმწიფოს მიერ განსახლდნენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში (ტ. 1, ს.ფ. 47); გ) 2015 წლის 31 აგვისტოს ს. ბ-იმა წარადგინა განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. ოჯახის წევრებად ფიქსირდებიან: მ. კ-ი - დედა, ნ. ჭ-ე - შვილი და გ. ჭ-ეე - შვილი. ფაქტიურ მისამართად მიეთითა ქუთაისი, ...ს ქ. ... №... (ტ. 1, ს.ფ. 135-136); 2015 წლის 5 ოქტომბერს გაცემული განქორწინების მოწმობის თანახმად, ს. ბ-ი და ზ. ჭ-ე განქორწინდნენ 2012 წლის 4 ოქტომბერს (ტ. 1, ს.ფ. 162); დ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ს. ბ-ის ოჯახი შეფასდა 6,50 ქულით. 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 ქულა, საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა (ტ. 1, ს.ფ. 131); ე) მ. კ-იმა 2022 წლის 6 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და აღნიშნა, რომ მონიტორინგის განხორციელებისას იმყოფებოდა ესპანეთში. მოცემული მომენტისათვის იმყოფებოდა განცხადებაში მითითებულ მისამართზე ..., ...ს ქუჩა №..., ბინა №... და მოითხოვა აღნიშნულ მისამართზე მონიტორინგის განხორციელება (ტ. 1, ს.ფ. 171); 2022 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა მონიტორინგი და შეივსო შესაბამისი ფორმა. მისამართზე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №...-ში იმყოფებოდა მ. კ-ი, რომელმაც განმარტა, რომ ს. ბ-ი ბავშვებთან ერთად უკვე ორი წელია ცხოვრობს ესპანეთში. თავად 2 თვის წინ ჩამოვიდა ესპანეთიდან. იგი პერიოდულად, მკურნალობის მიზნით ჩამოდის მონიტორინგის მისამართზე, ძირითადად კი, ცხოვრობს მისამართზე წყალტუბო, ...ს ქ. კორპ. №..., ბინა №..., დასთან - მ. კ-ითან (ტ. 1, ს.ფ. 173-184); ვ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, ...ს ქ. №..., სართ. №..., ბინა №... რეგისტრირებულია მ. კ-იის საკუთრებად (ტ.1, 94); საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №..., 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღრიცხულია რ. მ-ის საკუთრებად, (ტ.1, 166-167); საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., ბინა №..., 2023 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულია ლ. მ-ის საკუთრებად (ტ. 2, ს.ფ. 16); ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის 7 ივნისის ცნობის თანახმად, მ. კ-ის 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 7 ივნისამდე გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი სამჯერ, კერძოდ, 2022 წლის 3 ოქტომბერს უფიქსირდება შემოსვლა, 2023 წლის 1 იანვარს გასვლა და 2023 წლის 23 იანვარს შემოსვლა (ტ. 1, ს.ფ. 33-34); თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 12 ივნისის №36 სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა, ქალაქ ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ს. ბ-ის უარი ეთქვა განსახლებაზე, რადგან განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ნათესავის საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო (ტ. 1, ს.ფ. 190-196); ი) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 7 23 00001963 ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ს. ბ-ის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ტ. 1, ს.ფ. 197).
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
ამავე „წესის“ მე-6 მუხლით კი, დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის შესაბამისად. საყურადღებოა, რომ №9 დანართი ადგენს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. „წესის“ მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, კერძოდ, ს. ბ-ის (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, კერძოდ, ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს, ნათესავის საკუთრებაში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა ოჯახი ცხოვრობს ქირის გარეშე, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი (ქირით ან ქირის გარეშე) არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ან/და სხვა ახლობლის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში (ორივე შემთხვევაში, ანუ ცხოვრება ქირით ან ქირის გარეშე, გათვალისწინებულია 1,5 ქულა). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.
საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელეებთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი არ გამხდარა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა. დადგენილია, რომ ოჯახს მინიჭებული აქვს 6,5 ქულა, მათ შორის, 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 2 ქულა, საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი „შშმპ“ - მნიშვნელოვნად გამოხატული - 2.00 ქულა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა