Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1093(კ-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ-ა, მესამე პირი - ლი. კ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-ამ და ჟ. ლ-ამ 2022 წლის 17 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 მარტის N03-1938/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლი. კ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ. კ-ას და ჟ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1938/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-6 მუხლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3, მე-6 მუხლები და განმარტა, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა.

სააპელაციო სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის №7 დანართის „დ“ პუნქტი რომლის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1,5 ქულით. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადამოწმების შედეგად მოსარჩელეს მიენიჭა 9 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავთან/ ახლობლის ბინაში ქირის გარეშე – 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - ლ. კ-ა - 2 ქულა; კრიტერიუმში ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი ლ. კ-ა - 1.5 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში (პირს მინიჭებული აქვს 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) – 3 ქულა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემის და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს მისსავე გასხვისებულ ბინაში ცხოვრება წარმოადგენს. სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასებას, რომ მხოლოდ ის ფაქტი, მოსარჩელე ცხოვრობს მის მიერ გასხვისებულ ბინაში არ შეძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ ლ. კ-ამ განაცხადი შეავსო სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოში 2019 წლის 9 თებერვალს. განაცხადს აკეთებს მეუღლე ჟ. ლ-ასთან და რძალთან - ლი. კ-ასთან ერთად. მათი სარეგისტრაციო ნომერია №001 – 05313, იურიდული მისამართი - თბილისი, ..., ...ს ქუჩა №1, ხოლო ფაქტობრივი, თბილისი, ...ს ქუჩა №.... განაცხადის შევსებისას მათი ფაქტობრივი მისამართი იყო თბილისი, დიდუბის რაიონი, ...ის ქ.№.... სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 2021 წლის 24 ნოემბრის მონაცემებით, მათ მისამართად ფიქსირდება თბილისი, ...ის რაიონი, ...ის ქ.№.... კასატორის განმარტებით, 2021 წლის 22 ნოემბერს მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ თბილისი, ..., ...ს ქ. №...-ში, სადაც მოსარჩელე მივიდა სატელეფონო საუბრის შემდეგ, ხოლო მეუღლეზე და რძალზე განაცხადა, რომ ქალაქში იყვნენ გასულები. ქალბატონმა ლ.-მ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 2021 წლის სექტემბრიდან და ქირას იხდის 300 ლარს. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის ვინმე ნ. მ-ის, რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს. 2022 წლის 17 თებერვალს - დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა თბილისი, ...ს ქ. №...-ში, სადაც აღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში დახვდა თავად მოსარჩელე ლ. კ-ა. მან განმარტა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ეკუთვნოდა მას, ხოლო ეხლა მისი შვილიშვილის ნ. ლ-ასი და მისი მეუღლის საკუთრებაა.

ფაქტობრივი გარემოებებით კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლ. კ-ას და მისი ოჯახის წევრების გადაუდებელი განსახლების საჭიროება არ არსებობს, რადგან თავისივე გასხვისებულ ბინაში ცხოვრობს შეუფერხებლად. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის და კასაციის დაკმაყოფილების ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის თანახმად, ლ. კ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (სარეგისტრაციო ნომერით №001-05313). მოსარჩელესთან ერთად, ასევე იგივე სარეგისტრაციო ნომრით დევნილ პირებად რეგისტრირებულია ნი. ლ-ა (შვილიშვილი). დევნილის მოწმობის თანახმად, მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად (იძულებით გადაადგილებამდე) მითითებულია აფხაზეთი, სოხუმი, სოფელი ..., ხოლო დევნილი ოჯახის დროებით საცხოვრებელად ადგილად მითითებულია თბილისი, ...ს ქუჩა №1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ გაცემული მოწმობით დასტურდება, რომ ლ. კ-ა არის ომის მონაწილე - ვეტერანი.

დადგენილია, რომ 2019 წლის 9 თებერვალს მოსარჩელე ლ. კ-ამ, მეუღლესთან ჟ. ლ-ასთან, ნი. ლ-ასთან (შვილისშვილი) და ლი. კ-ასთან (რძალი) ერთად, როგორც დევნილმა ვეტერანმა განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე განაცხადში ფაქტობრივ საცხოვრებლად განმცხადებლის მიერ მითითებულ იქნა ქალაქი თბილისი, ..., ...ის №.... ლ. კ-ას მიერ ასევე შევსებულ იქნა შესაბამისი კითხვარი.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, ზემოაღნიშნული განაცხადი კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, 2019 წლის 01 და 07 ნოემბერს შეფასდა და წინასწარი შეფასებით ლ. კ-ას ოჯახს მიენიჭა - 6 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავთან/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე – 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - ლ. კ-ა - 2 ქულა; კრიტერიუმში - ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი ლ. კ-ა - 1.5 ქულა.

2020 წლის 13 თებერვლის, 2020 წლის 24 აპრილის, 2021 წლის 28 სექტემბრის, 2021 წლის 1 ნოემბრის, 2021 წლის 7 ნოემბრისა და 2021 წლის 24 ნოემბრის შეფასების ფორმების თანახმად, ლ. კ-ას ოჯახი განმეორებით იქნა შეფასებული და მიენიჭა - 9 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში საცხოვრებლის ფინანსური პირობები ცხოვრობს ნათესავთან/ ახლობლის ბინაში ქირის გარეშე – 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული ლ. კ-ა - 2 ქულა; კრიტერიუმში - ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი ლ. კ-ა - 1.5 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში (პირს მინიჭებული აქვს 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) – 3 ქულა.

2022 წლის 16 ივნისის ამონაწერით (საიტიდან www.mra.gov.ge სახელწოდებით „იცოდე შენი ქულა“) დადგენილია, რომ ოჯახის წევრებად მითითბულია - ლ. კ-ა, ჟ. ლ-ა და ლი. კ-ა, ხოლო ოჯახის ქულა მითითებულია - 9.

2021 წლის 10 ოქტომბერს ლ. კ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა შვილიშვილის ნი. ლ-ას განაცხადიდან ამოწერა, ხოლო რძლის ნი. ლ-ას განაცხადში დაფიქსირება.

დადგენილია, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს ლ. კ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ფაქტობრივ საცხოვრებლად, ნაცვლად ქ. თბილისი ე.ფ....ს №... მიუთითა ქ.თბილისი ...ს №..., ხოლო მისამართის ცვლილების მიზეზად თავდაპირველად მითითებულ მისამართზე არსებული ბინის რემონტი დასახელდა. განცხადებაში ლ. კ-ა უთითებს, რომ ბინა 300 ლარად აქვს აღებული და ითხოვს აღნიშნულ მისამართზე შემოწმებას და აპლკაციაში ცვლილების შეტანას.

2021 წლის 22 ნოემბრის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ლ. კ-ას ოჯახში, მისამართზე ქ. თბილისი ...ს ქუჩა №.... აღნიშნულ მისამართზე ოჯახი 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს ქირით 300 ლარად. ქირას უხდის ნ. მ-ის. 1993 - 2002 წლებში ოჯახი ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართებზე. 2002-2015 წლებში ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ს №...-ში, ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლში, რომელიც მოგვიანებით გასხვისებული იქნა. 2016 - 2021 წელებში ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე სოხუმელი მეგობრების სახლში. მონიტორინგის ფორმაში, ფართის მესაკუთრის გრაფაში აღნიშნულია, რომ ნ. მ-ითან და ზ. ჭ-ეესთან ლ. კ-ას არ აქვს ნათესაური კავშირი. ლ. კ-ას მიერ მონიტორინგისათვის განმარტებულ იქნა, რომ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონება მათ მიერ გასხვისებული იქნა 2 პირზე, მ. გ-აზე (სოხუმელი მეზობელი) და ე. კ-აზე (ნათესავი არ არის). ე. კ-ამ შემდგომ გაყიდა აღნიშნული სახლი და შეიძინა განცმხადებლის შვილის ს. ლ-ას შვილმა ნ. ლ-ამ და მისმა მეუღლემ გ. მ-ემ, სადაც ამჟამად ცხოვრობს ნ. თავისი ოჯახით. აღნიშნული ეზო გაიყო ორად და ცხოვრობს ორი ოჯახი ინდივიდუალურად.

2022 წლის 17 თებერვლის გასაუბრების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში ...ს ქუჩა №...-ში გამოცხადებულ მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა ლ. კ-ა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე იმყოფება რადგან ეს არის მისი შვილიშვილის ნ. ლ-ას სახლი. აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ქონება თავდაპირველად მათ საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა ამჟამად აღნიშნული უძრავი ქონება მისი შვილიშვილის, ნ. ლ-ას საკუთრებაა და ცხოვრობს მის მეუღლე გ. მ-ე და შვილი - ა. მ-ე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის №... წერილის თანახმად, ამავე სააგენტოს მონაცემების შესაბამისად, ჟ. ლ-ას სახელზე რაიმე უძრავ ქონებზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 აგვისტოს №... და 2023 წლის 14 თებერვლის №29791 წერილების თანახმად, ლ. კ-ას სახელზე რაიმე უძრავ ქონებზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2021 წლის 28 სექტემბრისა და 1 ნოემბრის ამონაწერების თანახმად, ჟ. ლ-ა და ლ. კ-ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველად ოჯახთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულად მინიჭებული აქვთ 1000 ქულა.

2010 წლის 30 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ...სი №..., ს/კ ... რეგისტრირებულია ლ. კ-ას და ჟ. ლ-ას თანასაკუთრება. 2017 წლის 21 თებერვლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავ ქონებაძე მდებარე ქ. თბილისი ...სი №..., ს/კ ... რეგისტრირებულია ე. კ-ას და მ. გ-ას თანასაკუთრება. 2019 წლის 28 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავ ქონებაძე მდებარე ქ. თბილისი ...სი №..., ს/კ ... რეგისტრირებულია მ. გ-ას, მ. დ-ის და ნ. ლ-ა. 2016 წლის 5 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, უძრავ ქონებაძე მდებარე ქ. თბილისი ...ს ქ. №3, ს/კ ... რეგისტრირებულია ნ. მ-იის და ზ. ჭ-ეის თანასაკუთრება.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 23 მარტის №30 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებით, ლ. კ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, რადგან განმცხადებელი ცხოვრობს თავისივე გასხვისებულ სახლში. აღნიშნული ოქმის საფუძველზე მიღებული, სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1938/ო ბრძანებით, ლ. კ-ას უარი ეთქვა ვეტერანი დევნილი ოჯახისათვის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს (სადავო პერიოდის რედაქცია), რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. საკანონმდებელო აქტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1938/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ლ. კ-ას (ვეტერანი, დევნილი) ოჯახს, გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

დავის საგნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. აქვე გასათვალისწინებელია მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (სადავო პერიოდის რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების და ბრძანებით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ (№7 დანართის) (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. ამგვარად, დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ ნათლად განსაზღვრავს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმებს, როგორიცაა: ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და: ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა; ა.ბ) დევნილი ოჯახი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი/ბინა და იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო დაკარგა აღნიშნული საკუთრება და: ა.ბ.ა) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან საცხოვრებელი სახლის/ბინის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას; ა.ბ.ბ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან საცხოვრებელი სახლის/ბინის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურა. საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია). დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას. დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა) ქირით ან ქირის გარეშე. ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №7-ზე, კერძოდ, „დ“ პუნქტზე, რომელიც ადგენს - დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე ფასდება 1,5 ქულით. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. ხოლო „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

გასათვალისწინებელია საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმა, რომლითაც დგინდება, რომ გადამოწმების შედეგად მიენიჭა 9 ქულა, მათ შორის კრიტერიუმში საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავთან/ ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები „შშმპ“ მნიშვნელოვნად გამოხატული - ლ. კ-ა - 2 ქულა; კრიტერიუმში ომში მონაწილეობა - ომის ვეტერანი ლ. კ-ა - 1.5 ქულა; სოციალურ კრიტერიუმში (პირს მინიჭებული აქვს 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა) – 3 ქულა. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გამოცემის და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს მისსავე გასხვისებულ ბინაში ცხოვრება წარმოადგენს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ შეფასებას, რომ მის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების ფაქტი არ შეძლება, ცალსახად გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. მითითებულ მსჯელობასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე. აგრეთვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვისი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (იხ. სუს 2020 წლის 18 მარტის საქმე Nბს-156(კ-20)). მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გაზიარებით, რომ არ დასტურდება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად მოსარჩელის ან სხვა რომელიმე მასთან დაკავშირებული პირის მხრიდან, თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი, ქვედა ინსტანციის სასამართლოში გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ სხვა განმცხადებლებს გააჩნდათ იმაზე მეტი საჭიროება გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებისა ვიდრე მოსარჩელის ოჯახს, ერთობლიობაში წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარების და სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 მარტის N03-1938/ო ბრძანება) დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველს. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე