Facebook Twitter

საქმე №ბს-153 (კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

10 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. ა. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის მართლზომიერება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2024 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა. კ-ამ 20.11.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.11.2023 წლის №1000912210 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2023 წლის გადაწყვეტილებით გ. ა. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა. კ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2024 წლის განჩინებით გ. ა. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2023 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №SSG 4 23 00236227 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა გ. ა. კ-ასთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, გაეცნო მას და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი კანონშესაბამისია. სააგენტომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას საფუძვლად უდევს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გამოიხატება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდთა უფლებებში ჩარევა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (Berrehab v. The Netherlands).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ა. კ-ას მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შაბლონურია და ეყრდნობა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №SSG 4 23 00236227 წერილს, რომლითაც ზემოაღნიშნულმა დეპარტამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიიჩნია.

კასატორმა აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს შეეზღუდა კანონით გათვალისწინებული უფლებები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს გარკვეული ფაქტების შესახებ ცნობებს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის საფრთხის მიყენების შესაძლებლობის შესახებ მონაცემები არასაკმარისადაა დამუშავებული.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. საქმეში დაცული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ მოსარჩელე ვერ იქნება ქვეყნისათვის საშიში პიროვნება, ვინაიდან იგი არის სტუდენტი, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და მის მიმართ არ ყოფილა გამოცემული ადმინისტრაციული სახდელიც კი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ა. კ-ამ 18.10.2023 წელს განცხადებით მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 19.10.2023 წელს №1000912210/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა, არსებობდა თუ არა გ. ა. კ-ას სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის SSG 4 23 00236227 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, გ. ა. კ-ასთვის ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებით, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნდა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15.11.2023 წლის №1000912210 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა გ. ა. კ-ას 18.10.2023 წლის №1000912210 განცხადება და მას უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 01.09.2014 წლის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 26.10.2023 წლის წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო გ. ა. კ-ასათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ა. კ-ას მართლზომიერად ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქმეში დაცული, შპს „კ...ს“ 21.11.2023 წლის CIU № ... ცნობის თანახმად, გ. ა. კ-ა (პ/ნ: №...) ჩარიცხულია კ...ს ...ის ფაკულტეტის ... საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 5 წელი. სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია 2027 წლის თებერვალი. დადგენილია აგრეთვე, რომ მოსარჩელე ფლობს ანგარიშ(ებ)ს სს "ს...ში". საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იმთავითვე არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინადრობის ნებართვის გაცემის ვალდებულებას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის და არა მხოლოდ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობის შედეგად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, არსებობდა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით. ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც შეუძლებელს ხდის აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაქტობრივად სადავო აქტის დასაბუთება მოიაზრებს გამოთხოვილ საიდუმლო დოკუმენტაციაში არსებულ გარემოებებსა და მოტივაციას. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (იხ. მაგ. 20.06.2002წ. „Al-Nashif v. Bulgaria“ (§114), 06.12.2007წ. „Liu v. Russia“ (§49), 28.06.2011წ. ,,Nunez v. Norway“ (§66), 21.06.1988წ. „Berrehab v. the Netherlands“ (§28), 03.10.2014წ. „Jeunesse v. The Netherlands“ (§100), 13.12.2012წ. „De Souza Ribeiro v. France“ (§77), 24.04.1996წ. „Boughanemi v. France“(§41) და სხვ.). ამდენად, სახელმწიფოებს არ ეკრძალებათ უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და იქ დარჩენის ხანგრძლივობის რეგულირება, თუმცა ინდივიდთა უფლებებში ჩარევა უნდა იყოს აუცილებელი და მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული (იხ. სუსგ 20.05.2024წ. №ბს-490(კ-22)). საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Dalea v. France - 964/07; 02.02.2010), რომელშიც განიმარტა, რომ „განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაციის პირადად გაცნობის შეუძლებლობა, თავისთავად არ ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ იყო გამართლებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ განმცხადებლის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა იყო მიზნის პროპორციული და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაბამისი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა და მხარის მიერ გაცნობის შეუძლებლობა ავტომატურად არ გულისხმობს პირის უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას (იხ სუსგ 15.03.2023წ. №ბს-949 (კ-22)).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამასთან, მართალია, პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესთა შეპირისპირებისა და მათ შორის გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის ხარჯზე, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის ინტერესების მომეტებული მოცულობით შეზღუდვას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი და განცხადების განხილვის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს გ. ა. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ა. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2024 წლის განჩინება;

3. რ. ხ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ა. კ-ას საკასაციო საჩივარზე 28.01.2025 წლის №25684976926 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის და 02.04.2025 წლის 1743595145 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, ჯამში 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე