საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1063(2კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბიძინა სტურუა, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ტ. კ-ი, მესამე პირები - ნ. კ-ე, ზ. ყ-ი, ლ. კ-ი, ლო. კ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ტ. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ივლისის №1-1354 ბრძანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ტ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ტ. კ-ის მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. კ-ე და ზ. ყ-ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. კ-ი და ლო. კ-ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. კ-ის შუამდგომლობა დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. გათავისუფლდა ტ. კ-ი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (უფლებამონაცვლე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) 2016 წლის 15 იანვრის №... დადგენილების პირველი პუნქტით დაკისრებული ჯარიმის - 10 000 ლარის გადახდისაგან და შესაბამისად შეწყდა №3ბ/2598-17 ადმინისტრაციული საქმის წარმოება ტ. კ-ის სარჩელზე მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... დადგენილების პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტების ბათილად ცნობის შესახებ დავის საგნის არარსებობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. კ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ტ. კ-ის სარჩელი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... დადგენილების მეორე პუნქტი და დაევალა თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების ყოველმხრივად და სრულად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ივლისის №1-1354 ბრძანება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
5.1 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი არსით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილად ითვლება მისი გამოვლენის მომენტში და ადმინისტრაციული ორგანო ნორმის შეფარდებისას იყენებს იმ საკანონმდებლო დანაწესებს, რაც მოქმედებს დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის.
კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრი განიხილება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოდ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებისათვის კანონიერი სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ან ლეგალიზების აქტი. ის გარემოება, რომ პირმა განახორციელა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება, არ ადასტურებს მის მიერ განხორციელებული მშენებლობის კანონიერებას. კორექტირებას შესაძლოა ყურადღება მიექცეს სანქციის შეფარდების ნაწილში და არა მშენებლობის უკანონოდ მიჩნევის ფარგლებში.
კასატორი არ ეთანხმება განსახილველი დავის გადაწყვეტას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასება სასამართლომ უნდა მოახდინოს.
5.2 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... დადგენილებით ტ. კ-ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ..., ...ს ქ. ...-ში, (საკ. კოდი ...), ქ. თბილისში, ...ს ქუჩის ... №...-ში (საკ. კოდი ...) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამსახურის 2015 წლის 19 ოქტომბრის №... მითითებაში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისთვის. სახეზეა შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობა, რომელსაც ესაჭიროება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ნებართვა. შესაბამისად, სათანადო ნებართვის მოპოვების გარეშე შენობა-ნაგებობის მშენებლობა განხილულ უნდა იქნას მშენებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევად, უნებართვო მშენებლობად, რაც სამართალდამრღვევ სუბიექტზე პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... დადგენილებით სამართალდამრღვევს დაევალა უნებართვოდ აშენებული ობიექტების დემონტაჟი.
სააპელაციო სასამართლომ მუნიციპალური ინსპექციის სადავო დადგენილების კანონიერების საკითხი შეისწავლა, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტების ნაწილში, სასამართლომ გაათავისუფლა ტ. კ-ი სახდელის გადახდისგან და შეწყვიტა საქმისწარმოება დავის საგნის არარსებობის გამო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 9.4 პუნქტში განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია მოცემული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების პირობებში სახეზეა თუ არა პირის სამშენებლო სამართალდამრღვევად შერაცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა. აღნიშნულის პარალელურად, სასამართლომ ტ. კ-ი მიიჩნია სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენ პირად. საყურადღებოა, რომ ვინაიდან მოსარჩელე არის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, აღნიშნული კანონის სუბიექტი და უნებართვო სამშენებლო სამუშაოები აპელანტის მიერ ნაწარმოებია 2019 წლის იანვრამდე, სააპელაციო პალატამ იგი გაათავისუფლა დადგენილების პირველი პუნქტით დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან და განჩინების საფუძველზე ნაწილობრივ შეწყვიტა საქმის წარმოება. შესაბამისად, თავად სააპელაციო პალატა მიიჩნევს მოსარჩელეს სამართალდამრღვევ პირად და კანონის საფუძველზე ათავისუფლებს ჯარიმის გადახდისგან, გადაწყვეტილებით სადავოა მხოლოდ სამართალდამრღვევი პირისთვის დემონტაჟის დავალების კანონიერება.
სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასევე ვერ მოხდება იმ საკითხის შეფასება, კონკრეტულად როდის, 2007 წლამდე თუ 2007 წლის შემდგომ პერიოდში განხორციელდა სამშენებლო სამუშაოები, რადგან სადავო გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სამართალდამრღვევი პირისთვის დემონტაჟის დავალების კანონიერებას. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ტ. კ-იმა ... განაცხადით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზება. არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 6 ივლისის №3378465 ბრძანებით ტ. კ-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის ...ს №...-ში, პირად საკუთრებაში არსებულ №... მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებაზე. არქიტექტურის სამსახურის განმარტების თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზებისათვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მშენებლობის უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით ნამდვილად 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყება, ნამდვილად 2007 წლის 1 იანვრამდე დასრულება და დადასტურება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს და ვერ ექნება ადგილი.
ვინაიდან ტ. კ-ის მიერ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე, განხორციელებული მშენებლობა გადასულია სახელმწიფო (თვითმმართველობის) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახური ვალდებული იყო, მისთვის ჯარიმის დაკისრებასთან ერთად დაევალებინა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ მერიის 2016 წლის 28 ივლისის №1-1354 ბრძანების სრულად ბათილად ცნობა მაშინ, როდესაც აღნიშნული ბრძანებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგინდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 19 ოქტომბრის №... მითითებით დადგინდა, რომ ტ. კ-იმა სამშენებლო სამუშაოები აწარმოა შესაბამისი ნებართვის გარეშე. ტ. კ-ის მითითებული სამშენებლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) დღიანი ვადა (ტ.1, ს.ფ 209-210); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 ნოემბრის №... შემოწმების აქტში დაფიქსირდა ზემოხსენებული მითითებით განსაზღვრული მოთხოვნათა შეუსრულებლობა (ტ.1, ს.ფ 202-203); გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... დადგენილებით ტ. კ-ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის და დაევალა განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟი (ტ.1, ს.ფ 13-15); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... დადგენილება ადმინისტრაციული წესით 2016 წლის 25 იანვარს გაასაჩივრა ტ. კ-იმა (ტ.1, ს.ფ 16-17); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ივლისის №1-1354 ბრძანებით ტ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ ტ. კ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობის ნაწილი გადასულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ხსენებული გარემოების გათვალისწინებით ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ კანონშესაბამისად მიიჩნია ტ. კ-ისათვის ჯარიმის სახით 10 000 ლარის შეფარდება და დემონტაჟის დავალება (ტ.1, ს.ფ 136-142); ვ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილების თანახმად, არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩის შესახვევში არსებული მიწის ნაკვეთის (საკად. კოდი: ...) საზღვრების კორექტირება. პასუხად განმცხადებელს ეცნობა შემდეგი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-4 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2-3 მუხლების თანახმად, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას. წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის, მდებარე ..., შესახვევი ...ს ქუჩის №... (საკად. კოდი: ...), საზღვრების გეგმის კორექტირება სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნია. ამასთან, ვინაიდან ცვლილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სცილდება სამსახურის კომპეტენციას, თანდართული ესკიზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე შემდგომში განმცხადებელმა უნდა მიმართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ტ.1, ს.ფ 19-20).
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია - 02.03.2020, №139), რომელიც მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს (1.1 მუხლი).
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
ამავე დადგენილების 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ზემოაღნიშნული კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში სადავო დადგენილებით მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა, კერძოდ, მოწყობილია კაპიტალური მავთულბადის და ფიცრული ღობეები, რკინის ბოძები, აშენებულია ერთსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, მეორე კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, ორსართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, ერთი კაპიტალური და ერთი ფიცრული ნაგებობა, კაპიტალური სველი წერტილი, ორი ლითონის ჭიშკარი, ნაწილობრივ დარღვეულია საკადასტრო საზღვრები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილებით არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ... განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩის შესახვევში არსებული მიწის ნაკვეთის (საკად. კოდი: ...) საზღვრების კორექტირება. პასუხად განმცხადებელს ეცნობა შემდეგი: წარმოდგენილი ესკიზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის, მდებარე ..., შესახვევი ...ს ქუჩის №... არსებული მიწის ნაკვეთის (საკად. კოდი: ...), საზღვრების გეგმის კორექტირება სამსახურს ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით შესაძლებლად მიაჩნია. მითითებული გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან ცვლილების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სცილდება სამსახურის კომპეტენციას, თანდართული ესკიზის მიხედვით ცვლილების რეგისტრაციის განხორციელებაზე შემდგომში უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საყურადღებოა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთზე ტ. კ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებულია ზემოაღნიშნული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილება კორექტირების შესაძლებლობების თაობაზე (ტ.2. ს.ფ. 69-71).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლევას საჭიროებს, საზღვრების კორექტირების პირობებში სახეზეა თუ არა ტ. კ-ის სამშენებელო სამართალდამრღვევად მიჩნევისა და მისთვის დემონტაჟის დავალების საფუძველი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დადგენილების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები, იმსჯელოს და შეაფასოს ზემოაღნიშნული საკითხი.
რაც შეეხება, მოსარჩელის ჯარიმისგან გათავისუფლების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის საქართველოს კანონზე (დოკუმენტის ნომერი 4964-Iს), რომლის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (1-ლი მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, (1) ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი; (2) ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ტ. კ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე იქნა ჩადენილი და მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობს ზემოაღნიშნული შეღავათის მოსარჩელეზე გავრცელებისა და მისი ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. უბილავა