საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-376(კ-24) 16 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე , გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ი. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. კ-ემ 2022 წლის 14 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ 2023 წლის 13 აპრილს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 14 ივნისის MIA 5 22 01596023 გადაწყვეტილების (წერილობითი პასუხი) ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის მიზნით, ი. კ-ეის ნამსახურობის წლების დაანგარიშება და შესაბამისი წარდგინების გაცემა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან 2022 წლის 13 ივნისს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელზეც უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 14 ივნისის MIA 5 22 01596023 გადაწყვეტილებით (წერილობითი პასუხი). ხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა. შესაბამისად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის კანონიერ ძალაში მყოფი განაჩენის არსებობის პირობებში, რომლითაც იგი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, საფუძველს მოკლებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 14 ივნისის MIA 5 22 01596023 გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება, მოსარჩელის მიმართ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების გავრცელების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ი. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. კ-ეის მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ისე მათთვის მიცემული სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა მათზე. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანების კანონიერი ძალის გათვალისწინებით, დასაბუთებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის, მოსამსახურისათვის შეუფერებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შემლახავი, არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები არ წარმოიშობა. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მოსარჩელე განთავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, აღნიშნული გარემოება, ცალკე აღებული, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენას, თუნდაც იმ ფაქტთან მიმართებით, რომელზეც აღძრული იყო სისხლისსამართლებრივი საქმე, რასაც შეეძლო გამოეწვია მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დისციპლინური გადაცდომის არსებობა/არარსებობის დადგენა და ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანების საფუძვლების შემოწმება სცდება განსახილველი დავის საგანს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი აქარწყლებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანების ბათილად ცნობისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება (რომელიც შეწყდა) არაა კავშირში განსახილველი დავის საგანთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, სწორედ აღნიშნული აქტის ბათილობა და მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის უკანონობის ფაქტის დადგენა მისცემდა სასამართლოს, ამჟამინდელ დავაში, კომპენსაციის დანიშვნაზე მსჯელობის შესაძლებლობას. მოსარჩელისათვის კომპენსაციის მიკუთვნება გამოირიცხება არა მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის, როგორც აპელანტი თავად მიუთითებს სააპელაციო საჩივარში, არამედ, სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის საფუძვლით. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების შესწავლა სცდება მოცემული დავის საგანს, ვინაიდან კანონიერ ძალაშია ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანება, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის მსჯელობაზე უარის თქმის უკანონობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მითითება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. კ-ეის მიერ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
კასატორი მიუთითებს, რომ მასზე არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დებულება. კასატორი აღნიშნავს, რომ სახეზე არ არის სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის კანონიერ ძალაში მყოფი განაჩენის (საქმე №1/340-15) საფუძველზე, მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განჩინებით (საქმე №871აპ-20), შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებულად განსახილველად). ამასთან, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „არამართლზომიერი ქმედების ჩადენაზე“ მითითება, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 30 აპრილის №916507 დასკვნა უკავშირდება კასატორის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს და არა სხვა რომელიმე არამართლზომიერი ქმედების ჩადენას. ამრიგად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საკუთარი მსჯელობა დააფუძნეს არამართლზომიერი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებულ მცდარ ვარაუდს, რაც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა ეს უკანასკნელი, საკუთარი იურიდიული შინაარსის გათვალისწინებით, არ აბრკოლებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა საქმეში არსებული მასალებისა და კასატორის მიერ დაფიქსირებული საკვანძო პრეტენზიებისა და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეაფასებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიების საფუძვლიანობას, რომელთაც უშუალოდ ეფუძნება საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედი (იხ. ევროპული სასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; იხ. აგრეთვე ევროპული სასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამ თვალსაზრისით, სადავოა არა დავის ფაქტობრივი გარემოებები, არამედ მათი სამართლებრივი შეფასება.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული 2015 წლის 2 ნოემბრის №2431230 ცნობის თანახმად, შს ორგანოს ყოფილი თანამშრომელი - ი. კ-ე 1992 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 5 აპრილამდე დასაქმებული იყო შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, სპეციალური წოდებით პოლიციის ...ი. უდავოა, რომ 2015 წლის 3 აპრილს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, მოსარჩელის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (№094030415001), დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი იარაღის გამოყენებით). ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა, რის საფუძველზეც 2015 წლის 30 აპრილს გამოსცა №916507 დასკვნა პოლიციის ... ი. კ-ეის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით. დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ ი. კ-ე 2013 წლიდან იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების ...ის თანამდებობას. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ი. კ-ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით. დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, შს სამინისტროს მოსამსახურემ - ი. კ-ემ, მთვრალ მდგომარეობაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე ,,...ს’’ მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსით (სახელმწიფო ნომრით №...) მგზავრობისას, ,,...ის’’ სისტემის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს ამავე მიკროავტობუსის მგზავრებმა ე. გ-იმა და ი. კ-ემ. აღნიშნული ქმედების ჩადენის გამო, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 აპრილის განჩინებით, ი. კ-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ პოლიციის ...მა ი. კ-ემ ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიციის ... ი. კ-ეისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება. საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 30 აპრილის №916507 დასკვნა შესასრულებლად გადაეგზავნა შს სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს. საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 30 აპრილის №916507 დასკვნა საფუძვლად დაედო ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანების გამოცემას, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), ამავე წესდების მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტისა (სამსახურიდან დათხოვნა) და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“, ,,ზ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შს სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების ..., პოლიციის ...ი ი. ია.-ს ძე კ-ე (პ/ნ ...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2015 წლის 5 აპრილიდან. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით (საქმე №1/340-15), მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მოსარჩელეს განაჩენით განემარტა, რომ მას როგორც გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მიერ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა განაჩენის გაუქმება, ი. კ-ეის დამნაშავედ ცნობა, აგრეთვე მის მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 მაისის განჩინებით (საქმე №871აპ-20), შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 10 იანვარს, ი. კ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანებისა და სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს MIA 6 21 03179666 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა 2015 წლის 21 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის უწყვეტ სტაჟში ჩათვლა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2015 წლის 21 მაისიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (შრომითი გასამრჯელო/ხელფასი) ანაზღაურების დაკისრება, გასამრჯელოში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით (მათ შორის, სახელმწიფო წოდებისათვის სარგოზე გათვალისწინებული დანამატი პოლიციის ...ის სპეციალური სახელმწიფო წოდებიდან გამომდინარე და თანამდებობრივ სარგოზე გაუცემელი დანამატი) თვეში 900 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვრის განჩინებით ი. კ-ეის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის განჩინებით, №3/28-22 ადმინისტრაციულ საქმეზე (მოსარჩელე - ი. კ-ე, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება) შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით, ი. კ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის განჩინება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინების მიხედვით, ირკვევა, რომ ი. კ-ეის მიერ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანება კანონით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა, რის გამოც ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა სამართალწარმოება. ი. კ-ეს საქართველოს შს სამინისტროში 2022 წლის 13 ივნისს წარდგენილი №1585480 განცხადების პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 14 ივნისის MIA 5 22 01596023 გადაწყვეტილებით (წერილობითი პასუხი) ეცნობა, რომ განმცხადებელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) განსაზღვრული საფუძვლით. შესაბამისად, არ არსებობდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი წინაპირობები, რამეთუ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი ახდენს კანონის რეგულირების სფეროსა და საგნის უშუალოდ განსაზღვრას, მის იურიდიულ კონკრეტიზაციას. აღნიშნული ნორმის ტექსტუალური ფორმულირების თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი აღნიშნული თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო.“ ნორმა მიუთითებს იმ ალტერნატიულ კანონისმიერ წინაპირობებზე, რომლის არსებობის შემთხვევაში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არც ერთი, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება არ წარმოიშობა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირი ვერ ისარგებლებს ამ უფლების ნაყოფით, ამ უფლებით დაცული სამართლებრივი სიკეთით, მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით კანონით განსაზღვრულ ფორმალურ წინაპირობებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს ორ ალტერნატიულ, ავტონომიურ წინაპირობას, თითოეული მათგანის დამოუკიდებელი ფორმით არსებობა საკმარისია კანონით დადგენილი უფლებების წარმოშობის გამორიცხვისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული ალტერნატიული წინაპირობები, ერთი მხრივ, უკავშირდება პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის, მეორე მხრივ კი, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის საფუძვლით. ამდენად, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს ნორმატიულ დიფერენცირებას, ერთგვარ გრადაციასაც კი, იმ სახის ნორმატიულ კატეგორიებს შორის, რომლებიც გამორიცხავს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობას. კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი ავტონომიურ ნორმატიულ კატეგორიებად განიხილავს როგორც „დანაშაულს“, ისე „სხვა არამართლზომიერ ქმედებას.“ კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის გამომრიცხავი საფუძვლების გამიჯვნა არათუ შემთხვევითი, არამედ გეგმაზომიერი საკანონმდებლო განზრახულობის ცხადი გამოხატულებაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაული თავისი შინაარსით არამართლზომიერი ქმედებაა, თუმცა ყველა არამართლზომიერი ქმედება დანაშაული არ არის. მათი სწორხაზოვნად გაიგივება არ შეესაბამება დანაშაულისა და სხვა არამართლზომიერი ქმედების დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზანს. საკასაციო პალატის პრაქტიკაში განმარტებულია, რომ „მითითებულმა ნორმამ, გარდა სისხლის სამართლის დანაშაულისა, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების შეზღუდვის პირობად ნებისმიერი ხასიათის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, დისციპლინური გადაცდომა) არამართლზომიერი ქმედება გაითვალისწინა, რაც გახდა პირის სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი“ (იხ. სუსგ, ბს-1263(კ-19), 03.12.2020წ.). შესაბამისად, ზემოხსენებული კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული ტერმინი „სხვა“ რომელიც დაერთვის „არამართლზომიერ ქმედებას“ მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ ქმედება შესაძლოა არ იყოს დანაშაულებრივი, თუმცაღა, თავისი ბუნებით მაინც არამართლზომიერი იყოს.
სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა მართებულად მიიჩნია უსწოროდ ორ იურიდიულ არგუმენტზე დაყრდნობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სახეზეა კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი არა დანაშაულებრივი ქმედება, არამედ სხვა არამართლზომიერი ქმედება, სახელდობრ, „მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.“ ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „სხვა არამართლზომიერი ქმედება“ შეიძლება არსებობდეს იმ ფაქტთან მიმართებით, რომელზეც აღძრული იყო სისხლის სამართლებრივი საქმე, გათავისუფლების ბრძანების საფუძვლიანობის შემოწმება კი, სცდება განსახილველი დავის საგანს. სააპელაციო პალატის მეორე არგუმენტი შინაარსობრივად უკავშირდება პირველ არგუმენტს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანება არის კანონიერ ძალაში და მხოლოდ ამ ბრძანების ბათილად ცნობა მისცემდა სააპელაციო პალატას კომპენსაციის დანიშვნის საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „სხვა არამართლზომიერი ქმედების“ ჩადენის ფაქტი. ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც დისციპლინური გადაცდომის სახეა მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე დაფუძნებულ სამართლებრივ შეფასებას, დისციპლინური გადაცდომის ფაქტი კი, გამოიხატა საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 30 აპრილის №916507 დასკვნაში აღწერილი ქმედებებით, რომელიც უკავშირდებოდა მოსარჩელის მიერ სამსახურის ავტორიტეტის შემლახავი ქმედების ჩადენას. შესაბამისად, ნათელია, რომ სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული შეფასება ეფუძნება ფაქტებისა და სამართლებრივი შეფასების პირდაპირ კორელაციას.
დამატებით, მართებულია სააპელაციო პალატის მეორე არგუმენტი მასზედ, რომ სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა არა ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანების საფუძვლიანობა, რაც თავისი შინაარსით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხის კვლევას გულისხმობს და სცდება განსახილველი დავის საგანს, არამედ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენა წარმოადგენდა თუ არა პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების უშუალო მიზეზს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის, მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის და 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის სისტემური შინაარსით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები „პრეიუდიციული“ მნიშვნელობით აღიჭურვება როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები განასახიერებს სამართლის პრინციპს - „დავა გადაწყვეტილია“ (“res judicata”), უფლებები, ურთიერთობები, ვალდებულებები და ამრიგად, ის ფაქტები, რომლებიც მათ წარმოშობას უდევს საფუძვლად, არ შეიძლება მუდმივად დავის საგანი იყოს. ამდენად, ფაქტები, რომლებიც კონფლიქტს იწვევს, ვერ იქნება უთანხმოების მუდმივი წყარო, სამართლებრივი განსაზღვრულობა საჭიროებს ასეთი ფაქტების სტაბილურობას, აღნიშნული ასახავს სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის, მისი „საბოლოობის“ ობიექტურ ნიშანს (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 01.12.2020წ. გადაწყვეტილება საქმეზე Guðmundur Andri Ástráðsson v. Iceland, App. No. 26374/18, §238.). ამავდროულად, სსკ-ის 266-ე მუხლი სახელდებით მოიხსენიებს იმ „სამართლებრივ ურთიერთობებს“, რომელიც ვეღარ გახდება სადავო გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 მაისის განჩინებით კანონიერი ძალით აღიჭურვა „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანება, სსკ-ის 266-ე მუხლის მიზნებისათვის, დადგენილ სამართალურთიერთობად მიიჩნევა მოსარჩელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) დარღვევა, რაც სააპელაციო პალატის მართებული შეფასებით, უდავოდ წარმოადგენს „სხვა არამართლზომიერი ქმედების“ ჩადენას.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტს მასზედ, რომ ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანების კანონიერი ძალა გამორიცხავს კომპენსაციის დანიშვნის საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას, ხოლო ეს უკანასკნელი დაიშვება მხოლოდ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წინაპირობებზე მსჯელობა ამ შემთხვევაში დაუშვებელია პირის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების გარეშე, რომლის ფარგლებშიც შემოწმებას ექვემდებარება სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის უშუალო კავშირი დანაშაულთან ან სხვა არამართლზომიერ ქმედებასთან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანება კანონიერ ძალაშია, მისი კანონიერი ძალა უკავშირდება მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერებას, რაც სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპის ძალით, მოსარჩელის მიერ ვეღარ გახდება სადავო. ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 მაისის №1088314 ბრძანების კანონიერი ძალა აბრკოლებს აღნიშნული ბრძანების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტით განსახიერებული ინსტიტუტის მიზნებისათვის, მით უფრო მაშინ როდესაც სხვა არამართლზომიერ ქმედებასა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას შორის კაუზალობა არ არის უარყოფილი ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო განჩინებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე