საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-417(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრატთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): ლ. ზ-ა, გ. რ-ე, გ. ზ-ა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 23 აგვისტოს ლ. ზ-ამ, გ. რ-ემ და გ. ზ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულილ პირები და ამავდროულად ირიცხებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან სიაში; მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ უკანონოა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ლ. ზ-ას ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო;
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. ბათილად იქნეს ცნობილი 2023 წლის 13 ივლისის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ IDP 5 23 00001970 ბრძანება; 2. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ლ. ზ-ას, გ. რ-ის და გ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2023 წლის 13 ივლისის, „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს IDP 5 23 00001970 ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი მოსარჩელეების: ლ. ზ-ას, გ. რ-ისა და გ. ზ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ზ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილის რეგისტრაციის ნომერია №...; 2023 წლის 8 აგვისტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ლ. ზ-ა, გ. რ-ე (მეუღლე) და გ. ზ-ა (არასრულწლოვანი შვილი) არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული - 38 550 სარეიტინგო ქულით და იღებენ საარსებო შემწეობას. ლ. ზ-ამ 2021 წელის 10 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 5,5 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1,5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით). ლ. ზ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი, მამა, სტატუს შეწყვეტილი ბაბუა, და, ძმა, სტატუს შეწყვეტილი ბებია და რვა პიროვნება (ორი სტატუს შეწყვეტილი). განაცხადს აკეთებს შვილთან და არადევნილ მეუღლესთან გ. რ-ესთან ერთად. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად ლ. ზ-ა მის არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად 2021 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს ქირით ქ. ქუთაისში, ... ქ. №87, ბინა №4-ში. 2012 წლიდან (დაოჯახებიდან) ცხოვრობდნენ ხონის რაიონში, სოფელ ...ში, მამამთილის სახლში, თუმცა უსიამოვნების გამო გადავიდნენ ქუთაისში ქირით. 2023 წლის 1 მარტის ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა ხონის რაიონში, სოფელ ...ში, სადაც მისამართზე არავინ დახვდათ. მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა მეზობელს - გ. ს-ეს, რომელმაც განუმარტა მათ, რომ აღნიშნული სახლში 2 წელია არავინ ცხოვრობს, ქუთაისში არიან და ელოდებიან ბინას. 2018 წლის 28 მარტის, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მისამართზე - ქ. ქუთაისი, ... გამზირი (ყოფილი ... ქ.) №87, ს.კ ... არსებული ბინა №4, ფართით 16.71 კვ.მ ეკუთვნის ზ. ს-ეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 12 ივნისის №36 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა ქ. ქუთაისში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადები. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ლ. ზ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, კერძოდ: მეუღლის მამა-პაპისეული ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. 2023 წლის 13 ივლისის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ №IDP 5 23 00001970 ბრძანებით ლ. ზ-ას ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი. შესაბამისად სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მითითებული პოზიცია; პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ №IDP 5 23 00001970 ბრძანების ბათილად ცნობისა და ამავე სააგენტოსათვის, კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის განმარტებით, დავის გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გამოკვლევა, საჭიროებდა თუ არა მოსარჩელე სასწრაფოდ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 და 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე, ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. კასატორის შეფასებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ არსებობს დევნილი ოჯახები, რომელთაც უპირველესად ესაჭიროებათ განსახლება და არ აქვთ საშუალება ისარგებლონ ნათესავისა თუ ახლობლის საკუთრებით. სააგენტოს მითითებით, სწორედ ამიტომ აწესებს კანონმდებლობა გარკვეულ რიგითობას და პრიორიტეტულობას; კასატორი მიუთითებს, რომ სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით ეტაპობრივად აკმაყოფილებს განმცხადებლებს, ამ პროცესში კი პრიორიტეტად მიიჩნევს იმ ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი. კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახს ხელი მიუწვდება ალტერნატიულ საცხოვრებელზე. სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე იმ ეტაპზე უპირობოდ არ საჭიროებდა ბინით უზრუნველყოფას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის №IDP 5 23 00001970 ბრძანებისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონიერება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულმა ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ზ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილის რეგისტრაციის ნომერი №...; 2023 წლის 8 აგვისტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ლ. ზ-ა, გ. რ-ე (მეუღლე) და გ. ზ-ა (არასრულწლოვანი შვილი) არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული - 38550 სარეიტინგო ქულით და იღებენ საარსებო შემწეობას. ლ. ზ-ამ 2021 წელის 10 აპრილს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ოჯახი შეფასდა 5,5 ქულით (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები 1 წევრი - 1,5 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1,5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით). ლ. ზ-ას სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი, მამა, სტატუს შეწყვეტილი ბაბუა, და, ძმა, სტატუს შეწყვეტილი ბებია და რვა პიროვნება (ორი სტატუს შეწყვეტილი). განაცხადს აკეთებს შვილთან და არადევნილ მეუღლესთან გ. რ-ესთან ერთად. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად (ვიზიტის თარიღი 04.03.2022 წელი) ლ. ზ-ა მის არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად 2021 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობს ქირით ქ. ქუთაისში, ... ქ. №87, ბინა №4-ში. 2012 წლიდან (დაოჯახებიდან) ცხოვრობდნენ ხონის რაიონში, სოფელ ...ში, მამამთილის სახლში, თუმცა უსიამოვნების გამო გადავიდნენ ქუთაისში ქირით. 2023 წლის 01 მარტის ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით გამოცხადდა ხონის რაიონში, სოფელ ...ში, სადაც მისამართზე არავინ დახვდათ. მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა მეზობელს - გ. ს-ეს, რომელმაც განუმარტა მათ, რომ აღნიშნული სახლში 2 წელია არავინ ცხოვრობს, ქუთაისში არიან 3 და ელოდებიან ბინას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 12 ივნისის №36 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად განიხილა ქ. ქუთაისში მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადები. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ლ. ზ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, კერძოდ: მეუღლის მამა-პაპისეული ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. 2023 წლის 13 ივლისის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ №IDP 5 23 00001970 ბრძანებით ლ. ზ-ას ოჯახს (განცხადებაში გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის IDP 5 23 00001970 გადაწყვეტილებით ლ. ზ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს განემარტა, რომ მამამთილის ალტერნატიული საცხოვრისის ქონის მიზეზით, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის ნათესავის საკუთრებაში არსებული ქონება არ გამორიცხავს საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მათი ინტერესის პრიორიტეტულობას; საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ვერ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილდეს საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი, საგულისხმოა, რომ მოსარჩელისა და მისი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ლ. ზ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობაზე, კერძოდ, სააგენტო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს შეუძლია ისარგებლოს ნათესავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რის გამოც არ არსებობს მისი განსახლების გადაუდებელი საჭიროება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონშესაბამისობასთან მიმართებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას, რაც ქმნიდა მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა