საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1139 (კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ვ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის № IDP 1 23 00501115 წერილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. ვ-ას მოთხოვნა დევნილთა მონაცემთა ბაზაში საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირად მონიშვნის გაუქმების თაობაზე; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის № IDP 4 23 01062368 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე: გ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გააუქმოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში ქ. ვ-ას სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად მონიშვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის № IDP 1 23 00501115 გადაწყვეტილება დევნილთა ბაზაში დაკმაყოფილებულ პირად ქ. ვ-ას მონიშვნის გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის № IDP 4 23 01062368 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დევნილთა მონაცემთა ბაზაში ქ. ვ-ას სახელმწიფოს მიერ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად მონიშვნის გაუქმება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, არ იქნა გაზიარებული სააგენტოს ახსნა-განმარტება და საქმეში არსებული მტკიცებულებები. ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით მოსარჩელეს უფიქსირდება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირის მონიშვნა მისამართზე ქ. თბილისი, სამგორი, ... №.... საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირად მონიშვნა მოხდა 2013 წლის 20 თებერვალს. 2009 წელს ქ. თბილისში, ... №...-ში საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა ქ. ვ-ას ბიძას - რ. ვ-ას. სადავო ქონების პრივატიზების პერიოდისათვის დაკანონების პროცედურები არ ითვალისწინებდა თანამესაკუთრის ცნებას.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ საფუძვლიანია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელია დევნილთა მონაცემთა ბაზაში ქ. ვ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად მონიშვნის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ქ. ვ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი; ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რ. ვ-ას შორის 2009 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რ. ვ-ას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ... №...-ში, ყოფილი სამხედრო სამშენებლო ბატალიონის შენობაში არსებული 61,99 კვ.მ უძრავი ქონება. მყიდველმა იკისრა ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაში მ. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა; გ) ისანი-სამგორის რაიონის 2009 წლის 30 ოქტომბრის №19-338 დადგენილებით ... №...-ში მდებარე რ. ვ-ას საკუთრებაში არსებულ ბინას მიენიჭა №16; დ) საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 11 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ... №..., მე-2 სართული, ბინა №16 წარმოადგენს რ. ვ-ას საკუთრებას; ე) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის №IDP 1 23 00501115 წერილით ქ. ვ-ას ეცნობა, რომ დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, იგი ითვლება სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად, მისამართზე ქ. თბილისი, სამგორი, ... №.... ამავე წერილში მითითებულია, რომ ქ. ვ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ დოკუმენტაცია სააგენტოში არ ინახება; ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2023 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ქ. ვ-ას წარმომადგენელის - კ. ჯ-ას განმარტებით, მომჩივანი დევნილია აფხაზეთიდან. 1993 წელს, საომარი მოვლენების დასრულების შემდგომ იგი დედასთან - მ. ჩ-ასთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში, სადაც 1997 წლამდე ცხოვრობდა ბიძის (დედის ძმის) ვ. ჩ-ას სახლში. 1997-1998 წლებში ქ. ვ-ა და დედამისი დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ ნათესავის სახლში - ...ში, ხოლო 1998 წელს გადაწყვიტეს თბილისში გადმოსვლა. 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქ. ვ-ას მამიდასთან მისამართზე - თბილისი, ... ქ. №56, ხოლო 2000 წლიდან ცხოვრობდნენ ... №...-ში, სადაც სხვა დევნილებთან ერთად ცხოვრობდა ქ. ვ-ას ბიძა - რ. ვ-ა. 2002 წელს დედა-შვილი გადავიდა აღნიშნული ფართიდან, ვინაიდან ქ. ვ-ას ბიძა დაოჯახდა. 2004 წლამდე ცხოვრობდნენ ... №3-ში, ხოლო შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ საქართველო და გაემგზავრნენ რუსეთში - ქ. მოსკოვში. ქ. ვ-ამ შექმნა ოჯახი, შეეძინა ორი შვილი, თუმცა ამ ეტაპზე იგი განქორწინებულია. ისინი ძირითადად იმყოფებიან ქ. მოსკოვში და პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში. კ. ჯ-ას განმარტებით, ქ. ვ-ას არ მიუღია საცხოვრებელი ფართი სახელმწიფოსგან და მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირად მონიშვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მან სააგენტოს მიმართა თხოვნით გამოსწორებულიყო ხარვეზი, ან გადაეცათ დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ქ. ვ-ა მიჩნეულ იქნა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირად, თუმცა პასუხად ეცნობა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია სააგენტოში არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ჯ-ამ მოითხოვა სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის №IDP 1 23 00501115 კორესპონდენციის ბთილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ვ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ პირად მონიშვნის გაუქმების თაობაზე; ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 ნოემბრის №IDP 4 23 01186262 სამსახურებრივი ბარათით იურიდიული დეპარტამენტს ეცნობა, რომ ქ. ვ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტი დეპარტამენტში არ იძებნება. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით ქ. ვ-ას უფიქსირდება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირის მონიშვნა მისამართზე თბილისი, სამგორი, ... №.... მონიშვნა მოხდა 2013 წლის 20 თებერვალს. დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ქ. ვ-ას დედა - მ. ჩ-ა დევნილად ფიქსირდება 1997 წლის ოქტომბრის თვიდან. 2007, 2013, 2014 წლის დევნილთა საყოველთაო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, რომელიც აღიდგინა 2022 წლის სექტემბრიდან. მამა - ა. ვ-ა დევნილად ფიქსირდება 1997 წლის ოქტომბრიდან. მას 2007, 2013, 2014 წლის დევნილთა საყოველთაო რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეწყვეტილი ჰქონდა დევნილის სტატუსი, გარდაიცვალა 2017 წელს. ქ. ვ-ას მშობლები მ. ჩ-ა და ა. ვ-ა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილნი არ არიან; თ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 6 ოქტომბრის №IDP 4 23 01062368 გადაწყვეტილებით ქ. ვ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და აღნიშნული საკითხი დროის სხვდასხვა პერიოდში მოწესრიგებული იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით, თუმცა ყველა შემთხვევაში, დევნილი პირისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა დაკავშირებული იყო (ისევე როგორც ამჟამად) სახელმწიფო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან და საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებასთან.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი 1) მე-2 მუხლის „ბ“ ნაწილით განმარტებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი - ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან უარი განაცხადეს ამ წესით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, შესაბამისი საორიენტაციო სტანდარტის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ვ-ა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 ნოემბრის №IDP 4 23 01186262 სამსახურებრივი ბარათის (ს.ფ. 68) თანახმად, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი არ არიან ასევე მისი მშობლები მ. ჩ-ა და ა. ვ-ა.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მისამართზე ქ. თბილისი, სამგორი, ... №..., საცხოვრებელი ფართი გადაეცა ქ. ვ-ას ბიძას - რ. ვ-ას და 2009 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების (ს.ფ.25-27) თანახმად, რ. ვ-ას მისთვის გადაცემულ ქონებაში მხოლოდ მ. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო თავად მიუთითებს, რომ დოკუმენტაცია ქ. ვ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არ ინახება (ს.ფ.17). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააგენტოს მითითება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირის მონიშვნის თაობაზე მისი ბიძის - რ. ვ-ას მისამართზე (ქ. თბილისი, სამგორი, ... №...).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ 2009 წლის 17 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა არ ადასტურებს საცხოვრებელი ფართით ქ. ვ-ას უზრუნველყოფის ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა