საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-924 (კ-25) 11 დეკემბერი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,
გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. გ-ე, ქ. კ-ე (მოსარჩელეები)
მოპასუხე - სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.2024 წლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ეისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და ქ. კ-ეის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე,“ პირველ მოსარჩელესთან ერთობლივად - „მოსარჩელეები“ ან „მოწინააღმდეგე მხარეები“) სარჩელი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „ცენტრი“ ან „კასატორი“) და სსიპ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „კონსერვატორია“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 12.09.2019 წლის № MES 61901186399 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
1.2. ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - ცენტრის 02.09.2019 წლის №152/19 ბრძანებით დამტკიცებული კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში ცვლილების (დამატების) შეტანის შესახებ, სადაც მოსარჩელეები დაფიქსირდებიან როგორც ... ფაკულტეტის ...ის მიმართულებების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებულ პირებად;
1.3. კონსერვატორიას დაევალა მოსარჩელეების სასწავლო კურსის გასავლელად დაშვება;
1.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:
3.1. კონსერვატორიის მიერ 2018 წელს, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის შევსებულ ანკეტა-კითხვარში საბაკალავრო საგანმანათლებლო
პროგრამის - „...“, „...ის“ სპეციალობაზე მისაღები ადგილების რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად - ქალთა მიმართულებით 10 ადგილი (კოდი ...), ვაჟთა მიმართულებით 10 ადგილი (კოდი ...).
3.2. მოსარჩელეებმა მონაწილეობა მიიღეს 2019 წელს გამართულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადალახეს საგამოცდო საგნებით დადგენილი ქულათა ზღვარი, თუმცა ვერ მოიპოვეს მათ მიერ არჩეულ ერთადერთ პროგრამაზე (კონსერვატორიის მიერ გამოცხადებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „...“, „...ის“ სპეციალობა) სწავლის გაგრძელების უფლება, ადგილების (ქალთა მიმართულებით) სრულად შევსების გამო.
3.3. ... ფაკულტეტის ...ის მიმართულების 02.09.2019 წლის №5 სხდომის ოქმის თანახმად, გამოცდების შედეგად კონკურსში გავიდა 7 ვაჟი და დარჩა 3 თავისუფალი ადგილი. აღნიშნულის გამო განიხილეს დარჩენილი ადგილების გადანაწილების საკითხი და გადაწყდა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - „...“ „...ის“ სპეციალობაზე ვაჟებისთვის განკუთვნილი 3 ადგილის ქალებისთვის განკუთვნილი ადგილებისთვის დამატება (ქალების ადგილი განისაზღვრა 13 სტუდენტით).
3.4. კონსერვატორიის რექტორმა 04.09.2019 წელს №01/893 წერილით მიმართა ცენტრს და აცნობა, რომ ქალთა ხმებში კონკურსის გამო პერსპექტიული კადრები ვერ მოხვდნენ ძირითად ათეულში, რის გამო ცენტრს ეთხოვა აღნიშნულ აბიტურიენტთა მიღების ნებართვა, კერძოდ, საბაკალავრო პროგრამის „...“ სპეციალობაზე „...ა“ აბიტურიენტთა ჩარიცხვისას ვაჟების (...) დარჩენილი 3 ადგილის ქალთა (...) ადგილებისთვის დამატება, ამასთანავე მიეთითა წინა წლებში ცენტრის მიერ მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
3.5. ცენტრმა 12.09.2019 წლის №MES 6 19 01186399 წერილით კონსერვატორიას აცნობა, რომ ცენტრის 02.09.2019 წლის №152/19 ბრძანებით დამტკიცდა რანჟირების დოკუმენტი იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც 2019 წელს მოიპოვეს ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, შესაბამისად, ცენტრი მოკლებული იყო კორესპონდენციაში აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
3.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 18.02.2011 წლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ განსაზღვრულია რანჟირების დოკუმენტში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სტუდენტის დამატების (არასაკმარისი ადგილების შემთხვევაში) შესაძლებლობა, ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში „სზაკ“) 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
3.7. საქმის მასალებით დადგენილია და აპელანტიც სადავო არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეებმა გაიარეს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პროცედურა (შემოქმედებითი ტური და ერთიანი ეროვნული გამოცდები), რათა ჩარიცხულიყვნენ უმაღლეს სასწავლებელში.
3.8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ცენტრის უარი დაუსაბუთებლად ზღუდავს მოსარჩელეების განათლების უფლებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირველი მოსარჩელე არის მეორე კურსის სტუდენტი (შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი), ხოლო მეორე მოსარჩელემ, საქალაქო სასამართლოს 09.01.2020 წლის დროებითი განჩინების საფუძველზე, გაიარა ... ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „...“, „...ის“ მიმართულების სრული სასწავლო კურსი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად დაირღვა კერძო ინტერესის საზიანოდ. პირის კერძო ინტერესი - მოახდინოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლების ეფექტური რეალიზება, არის უპირატესი, და არ მოდის წინააღმდეგობაში საჯარო ინტერესთან.
3.9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითა, რომ ცენტრის 12.09.2019 წლის №MES 61901186399 აქტი არ შეიცავს მითითებას მისი გასაჩივრების ვადის და წესის თაობაზე, ხოლო სარჩელი აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილია 03.01.2020 წელს, გასაჩივრების ერთწლიანი ვადის დაცვით.
3.10. მართალია, სადავო აქტით პასუხი გაეცა კონსერვატორიას, თუმცა კონსერვატორიამ ადგილების გადანაწილების თაობაზე განცხადება წარადგინა ცენტრში სწორედ მოსარჩელეების ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი მიემართებოდა სწორედ მოსარჩელეებს (ქალთა მიმართულებით ადგილების დამატების შემთხვევაში მოსარჩელეების ჩარიცხვა). ამდენად, აპელანტის შუამდგომლობა მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
7. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო კურსის გასავლელად მოსარჩელეთა დაშვების წინაპირობების არსებობა.
8. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება. განათლების უფლების ეფექტური რეალიზება არა მხოლოდ პირის ინდივიდუალურ ინტერესს, არამედ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს, ხოლო ამ უფლების შეზღუდვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ინდივიდს, ასევე მთლიანად საზოგადეობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 12.09.2014 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/540, II-18, 21). ადეკვატური განათლების სისტემა და განათლების უფლებით ეფექტიანი სარგებლობა არა მხოლოდ დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციისა და უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებაა, არამედ დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი წესრიგის შექმნის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაცაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.11.2025 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/9/1432, II-7).
9. განათლების უფლება გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით. მართალია, მითითებული მუხლის პირველი წინადადება ძირითადად განამტკიცებს დაწყებით და საშუალო განათლებაზე ხელმისაწვდომობას, თუმცა მკაფიო გამიჯვნა უმაღლეს განათლებასა და განათლების სხვა ფორმებს შორის არ არსებობს. უმაღლესი განათლება ცოდნის მიღებისა და განვითარების ქმედითი საშუალებაა და წარმოადგენს განსაკუთრებულად მდიდარ კულტურულ და სამეცნიერო რესურს, როგორც ინდივიდებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის (Leyla Sahin v. Turkey, №44774/98, 10.11.2005წ. §136, §141). განათლების უფლება საჯარო მომსახურების განსაკუთრებული სახეა, რომელსაც არა მხოლოდ სარგებელი მოაქვს მისი მიმღები პირებისთვის, არამედ ასევე ემსახურება უფრო ფართო საზოგადოებრივ ფუნქციებს. დემოკრატიულ საზოგადოებაში განათლების უფლება აუცილებელია ადამიანის უფლებათა უზრუნველსაყოფად და იგი ფუნდამენტურ როლს ასრულებს (Velyo Velev v. Bulgaria, №16032/07, 27.05.2014წ. §33).
10. საქმის მასალებში დაცული კონსერვატორიის 04.09.2019 წელს №1/893 წერილით ცენტრს ეცნობა, რომ საბაკალავრო პროგრამაზე „...“ სპეციალობა „...ა“ კონსერვატორიის მისაღები ადგილების ამსახველ ანკეტა-კითხვარში გამიჯნულია ქალთა 10 და ვაჟთა 10 ადგილი. 2019-2020 წლის სასწავლო წლისთვის ვაკანტური დარჩა ვაჟების 3 ადგილი, რის გამო მოთხოვნილი იქნა აღნიშნულ სპეციალობაზე ვაჟების დარჩენილი სამი ადგილის ქალთა ადგილებისთვის დამატება (ტ. 1, ს.ფ. 46). აღნიშნული წერილის პასუხად ცენტრმა 12.09.2019წ. № MES 6 19 01186399 წერილით კონსერვატორიას აცნობა, რომ ცენტრის 02.09.2019წ. №152/19 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი იმ აბიტიურიენტებისთვის, რომლებმაც 2019 წელს მოიპოვეს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება, შესაბამისად, ცენტრი მოკლებული იყო წერილში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (ტ. 1, ს.ფ. 48-49).
11. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ვერ მოიპოვეს მათ მიერ არჩეულ ერთადერთ პროგრამაზე (კონსერვატორიის მიერ გამოცხადებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „...“, „...ის“ სპეციალობა) სწავლის გაგრძელების უფლება, ადგილების (ქალთა მიმართულებით) სრულად შევსების გამო, ამდენად, ცენტრის 12.09.2019 წლის № MES 6 19 01186399 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლებზე კასატორის მითითება დაუსაბუთებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ სადავო წერილის ადრესატს წარმოადგენს კონსერვატორია, არ ართმევდა მოსარჩელეებს მისი გასაჩივრების უფლებას, ვინაიდან მეორე მოპასუხის 04.09.2019 წლის №1/893 წერილში ასახული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსარჩელეთათვის ქმნიდა კონსერვატორიაში მათ მიერ არჩეულ სპეციალობაზე სწავლის უფლების მოპოვების შესაძლებლობას.
12. დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება ხანდაზმულობაზე იმ საფუძვლით, რომ ცენტრის 02.09.2019წ. №152/19 ბრძანება მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ მისი საჯარო გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ცენტრის აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა ან ამ ბრძანებით დამტკიცებული მონაცემების არამართლზომიერების დადგენა. მოსარჩელეები მოითხოვენ რანჟირების დოკუმენტში ცვლილების (დამატების) შესახებ ცენტრისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას. სზაკ-ის 63-ე მუხლიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს დამოუკიდებელ აქტს, ანუ იწყება ახალი ადმინისტრაციული წარმოება და გამოიცემა ახალი აქტი ძირითად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების (დამატებების) შეტანის შესახებ, შესაბამისად, მითითებულ ნაწილში სახეზეა სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელი, რომლის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვა. მოცემულ შემთხვევაში კი არ დგინდება ბრძანებაში ცვლილებების შეტანაზე ცენტრის უარის საჯაროდ გამოქვეყნება, სადავო წერილი აგრეთვე არ შეიცავს გასაჩივრების წესის განმარტებას.
13. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 18.02.2011წ. №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“ (შემდეგში „დებულება“). დებულების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისათვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა. ამავე მუხლის 11 პუნქტი უშვებს აღნიშნულ დოკუმენტში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე იმ პირის დამატების შესაძლებლობას, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები. დებულების 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს აგრეთვე გარკვეულ შემთხვევებში მისაღებ სტუდენტთა ადგილების დამატებას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით დადგენილი იყო აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15 დეკემბრამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სპეციალური ანკეტა-კითხვარის (ანკეტაში უნდა მიეთითოს საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა) წარდგენის ვალდებულება, სათანადო საფუძვლების არსებობისას არ გამოირიცხება აღნიშნული პერიოდის შემდგომ რანჟირების დოკუმენტში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში ცვლილება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური საქმის თავისებურებების გათვალისწინებით და საქმეზე დადგენილი ყველა გარემოების ერთობლიობაში შეფასებით.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება შესაბამისი კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე (დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი). აბიტურიენტი რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ყველა იმ საგანში, რომელიც სავალდებულოა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად (დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მონაწილეობა მიიღეს 2019 წელს გამართულ ერთიან ეროვნულ გამოცდებში და გადალახეს საგამოცდო საგნებით დადგენილი ქულათა ზღვარი, ასევე საქმეში დაცული მასალებით დასტურდება მოსარჩელეთა მიერ კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამისთვის („...“) დადგენილ ქულათა მინიმალური ზღვარის გადალახვის ფაქტი (ტ. 1, ს.ფ. 186-187). გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეები მოითხოვენ არა სხვა სპეციალობაზე, არამედ თავიდანვე მათ მიერ მითითებულ სპეციალობაზე სწავლის მოპოვების უფლებას, ამასთან, არ ხდება კონსერვატორიაში აღნიშნული საბაკალავრო პროგრამისთვის („...თვის“) აბიტურიენტთა ჩასარიცხად გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობის საერთო ჯამის ცვლილება.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განათლება არის რთულად ორგანიზებადი საქმიანობა, რომელიც დიდ დანახარჯებს მოითხოვს (Ponomaryovi v. Bulgaria, 5335/05, 21.06.2011წ., §55). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.01.2020 წლის დროებითი განჩინებით კონსერვატორიას დაევალა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსარჩელეთა დაშვება ... ფაკულტეტზე, ...ის მიმართულებების სასწავლო კურსის გასავლელად (ტ.1, ს.ფ.124-127). მოგვიანებით, პირველ მოსარჩელეს დროებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი მისივე განცხადების საფუძველზე (ტ.2, ს.ფ.91-92). რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, მან გააგრძელა სწავლა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (ტ.2, ს.ფ.137-140), ასევე უთითებს კონსერვატორიის მიერ სტიპენდიის გაცემისა (ტ. 2, 132-135) და ქ. თბილისის მერიის მიერ სწავლის საფასურის დაფინანსების (ტ. 2 , ს.ფ. 122, 126, 136) ამსახველ დოკუმენტებზე.
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.05.2025 წლის განჩინება.
3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ: 202198727) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №06406, გადახდის თარიღი 25.09.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
გიორგი გოგიაშვილი