საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-973(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 2 მაისისს თ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით ... წლის ... ...დან ... წლის ... ...მდე მუშაობდა ... რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; თ. გ-ა აღნიშნავს, რომ ... წლის ... ...ს საქართველოს პრეზიდენტის №... განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მხარე განმარტავს, რომ ... წლის ... ...ს შეუსრულდა 65 წელი და ვინაიდან მას გააჩნდა მოსამართლედ მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი, იგი უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია; მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა მისი განაცხადი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს უარს მიიჩნევს უკანონოდ და დაუსაბუთრებლად,
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 4 აპრილის წერილობითი უარი №04/3367 თ. გ-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ. 2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე თ. გ-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 4 აპრილის №04/3367 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. გ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თ. გ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს. მოსარჩელე ... წლის ... ...დან დაინიშნა ... რაიონის სასამართლოს მოსამართლედ ... წლის ... ...მდე. საქართველოს პრეზიდენტის ... წლის ... ...ის №... განკარგულებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და 861-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ... რაიონის სასამართლოს მოსამართლე თ. გ-ა ... წლის ... ...დან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თ. გ-ას ... წლის ... ...დან დაეკისრა ... რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს პრეზიდენტის ... წლის ... ...ის №... განკარგულებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა მათ შორის ... რაიონული სასამართლოს მოსამართლე თ. გ-ას. 2022 წლის 28 თებერვალს თ. გ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სახელმწიფო კომპენსაციისათვის საჭირო დოკუმენტების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნის მოთხოვნით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 10 მარტის №136/620-03-ო წერილით, თ. გ-ას 2022 წლის 28 თებერვლის განცხადება და თანამდებობზე დანიშვნისა და გათავისუფლების აქტები, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად გაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... სოციალური მომსახურების განყოფილებას. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 4 აპრილის №04/3367 გადაწყვეტილებით თ. გ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან წარმოდგენილ მასალებში მოცემული ინფორმაციით, თ. გ-ა მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეპოვებინა საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, ვინაიდან, სასამართლო სისტემიდან განმცხადებლის სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების შეწყვეტის საფუძველი (იგულისხმება საქართველოს პრეზიდენტის ... წლის ... ...ის №... განკარგულება) არ შეესაბამება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს. რაც შეეხება, ... წლის ... ...ს თ. გ-ას მოსამართლის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას (საკვალიფიკაციო ატესტაციის დადგენილ გაუვლელობა), სააგენტომ აღნიშნა, რომ მითითებული პერიოდისათვის, თ. გ-ას არ გააჩნდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი 10 წლიანი სამოსამართლეო სტაჟი, რაც ... წლის ... ...დან გათავისუფლებული მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის უფლების განსაზღვრისათვის, წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ თ. გ-ას უარი უთხრა საერთო სასამართლოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების უქონლობის გამო.
ამრიგად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა და მიიჩნია, რომ სადავო აქტში მოყვანილი დასაბუთება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან. სააპელაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია ფორმალური მიდგომით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შეფასების გარეშე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რომ თ. გ-ასთვის საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მითითება ორ ძირითად არგუმენტზე: 1. თ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი არ შეესაბამება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს. 2. თ. გ-ას არ გააჩნდა 10 წლიანი სამოსამართლო სტაჟი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, (№ბს-707- 693(კ-14) 30 აპრილი, 2015 წელი), რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოხატა ნება შეექმნა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო. აღნიშნული სოციალური დაცვის გარანტია მოსამართლისთვის უზრუნველყოფილია ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით (77-ე მუხლი). სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა მათი დამსახურების ერთგვარ კომპენსირებას ახდენს....
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველზე აპელირება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 12 კანონის მე-მუხლის პირველი პუნქტზე მითითებით, წინააღმდეგობაში მოდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’გ’’ და ‘დ’’ ქვეპუნქტებით ჩამოყალიბებულ მოწესრიგებასთან, რომლებიც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობად მიიჩნევენ 10 წლიან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას და ... წლის ... ...დან უფლებამოსილების გაგრძელების ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მიუთითებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონზე, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. კასატორი აღნიშნავს, რომ თ. გ-ასთვის შეუძლებელი იყო საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებამოსილების მოპოვება, ვინაიდან, სასამართლო სისტემიდან განმცხადებლის სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების შეწყვეტის საფუძველი არ შეესაბამებოდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს. რაც შეეხება, ... წლის ... ...ს თ. გ-ას მოსამართლის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, სააგენტომ აღნიშნა, რომ მითითებული პერიოდისათვის, თ. გ-ას არ გააჩნდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 77- ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი 10 წლიანი სამოსამართლეო სტაჟი, რაც ... წლის ... ...დან გათავისუფლებული მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის უფლების განსაზღვრისათვის, წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ. გ-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ 2022 წლის 4 აპრილის №04/3367 წერილობითი უარის კანონიერების დადგენა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მართლზომიერების შეფასება მოსარჩელე თ. გ-ასთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ-ა ... წლის ... ...დან დაინიშნა ... რაიონის სასამართლოს მოსამართლედ ... წლის ... ...მდე; საქართველოს პრეზიდენტის ... წლის ... ...ის №... განკარგულებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და 861-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ... რაიონის სასამართლოს მოსამართლე თ. გ-ა ... წლის ... ...დან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თ. გ-ას ... წლის ... ...დან დაეკისრა ... რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს პრეზიდენტის ... წლის ... ...ის №... განკარგულებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა ... რაიონული სასამართლოს მოსამართლე თ. გ-ას. 2022 წლის 28 თებერვალს თ. გ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სახელმწიფო კომპენსაციისათვის საჭირო დოკუმენტების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაგზავნის მოთხოვნით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 10 მარტის №136/620-03-ო წერილით, თ. გ-ას 2022 წლის 28 თებერვლის განცხადება და თანამდებობზე დანიშვნისა და გათავისუფლების აქტები, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად გაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ... სოციალური მომსახურების განყოფილებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 4 აპრილის №04/3367 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც თ. გ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან წარმოდგენილ მასალებში მოცემული ინფორმაციით, თ. გ-ა არ იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა საერთო სასამართლოს მოსამართლეებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, ვინაიდან, სასამართლო სისტემიდან განმცხადებლის სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების შეწყვეტის საფუძველი არ შეესაბამება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებს. რაც შეეხება, ... წლის ... ...ს თ. გ-ას მოსამართლის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, სააგენტომ აღნიშნა, რომ მითითებული პერიოდისათვის, თ. გ-ას არ გააჩნდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 77- ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი 10 წლიანი სამოსამართლეო სტაჟი, რაც ... წლის ... ...დან გათავისუფლებული მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის უფლების განსაზღვრისათვის, წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ თ. გ-ას უარი უთხრა საერთო სასამართლოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების უქონლობის გამო.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამარლთლებრივ შეფასებებს; საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამრთლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად ვერ იქნება მითითებული ის გარემოება, რომ თ. გ-ას ვადაზე ადრე გათავისუფლება განხორციელდა ... წლის ... ...ს, რა დროსაც მისი სამოსამართლო გამოცდილება არ შეადგენდა 10 წელს; ვინაიდან, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თ. გ-ას ... წლის ... ...დან დაეკისრა ... რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. საქმეში უდავოდ დადგენილი ეს გარემოებები კი ადასტურებს, რომ თ. გ-ამ პრაქტიკულად უწყვეტად განაგრძო სამოსამართლო საქმიანობის განხორცილება ... წლის ... ...მდე, რამაც მთლიანობაში შეადგინა 12 წელი, 2 თვე და 20 დღე. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტების ერთობლივად გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლოთა მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ სადავო პერიოდში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფომ თ. გ-ასთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა; შესაბამისად, ამ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში თანამდებობაზე გამწესებული მოსამართლე აღჭურვილი იყო მოსამართლის ყველა უფლებითა და მოვალეობით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო და ამის შემდეგ არ გაუგრძელდა უფლებამოსილება თანამდებობის ფაქტიურად დაკავების ვადით, არ უნდა გახდეს მისთვის კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა განსახილველი დავა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ.სტურუა