Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1008(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ლ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 16 ივლისს ლ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 1983 წლიდან თვითნებურად დაიკავა ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც დარგულია მრავალწლიანი ნარგავები, აშენებული ჰქონდა სახლი, რომელიც დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები. მეზობელთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთს მოსარჩელე წლების განმავლობაში ფლობს და უვლის. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 6.05.2021წ. N... გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს 16.06.2021წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით ლ. გ-ეის სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა განსჯად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ლ. გ-ემ 29.09.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ქუთაისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში /სარგებლობაში/ არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის N44-4421118360 განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხისთვის ლ. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით ლ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას ქ.ქუთაისში, ...ს ქუჩის მდებარედ არსებულ 1187 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მისი თვითნებურად დაკავების საფუძვლით, რაზეც მას უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ და “გ” პუნქტებზე, 51 მუხლის მე-3 პუნქტზე. მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ აპელანტი საკუთარ მოთხოვნას ამყარებს მხოლოდ ზეპირსიტყვიერ მითითებასა და მოწმეთა ჩვენებებზე, მას არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება, აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ცალკე აღებული მოწმეთა ჩვენება, თუ ის გამყარებული არ იქნება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, ვერ გაუჩენს სასამართლოს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ დაინტერესებული პირი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მიწის ფლობის თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები (მიწაზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება, შემოღობვა და დანგრეული ნაგებობის ფრაგმენტი და ა.შ.), არც საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით, არც ორთოფოტოთი და არც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ლ. გ-ეის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებებით უტყუარად არ დასტურდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 24 იანვრის N13/3274 წერილსა და მასზე დართულ სიტუაციური ნახაზზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ ე.წ. ArcGIS პროგრამის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთი ხვდება ყოფილი ...ის ტერიტორიაზე.

საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის 7 აპრილის N31/01 წერილის თანახმად, კონტროლის პალატის მიერ შესწავლილ იქნა ქ.ქუთაისის მერიაზე სს "...დან’’ ქონების გადმოცემის, შემოსავალში აღების, პრივატიზების და პრივატიზების შედეგად მიღებული თანხების განკარგვის შესაბამისობის აუდიტი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოს ქონებაზე სხვადასხვა წლებში გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მათ შორის, 2009 წლის 24 აპრილს და 2011 წლის 4 აპრილს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი იყო ...ის ტერიტორიაზე, იგულისხმება, რომ აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნოდა სააქციო საზოგადოება ...ს. ამასთან, ვინაიდან სააქციო საზოგადოება ... მოქმედი იყო სულ მცირე 2011 წლის 5 აპრილამდე, შეუძლებელია აღნიშნული მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი), როგორც სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაეკავებინა მოსარჩელეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ (აპელანტმა) ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და უტყუარად ვერ დაადასტურა კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების, სარგებლობისა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე ნაგებობის არსებობის ფაქტი დაადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სასამართლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ზოგადი უარყოფით შემოიფარგლა, მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა საწინააღმდეგო მტკიცებულებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე შემორჩენილია საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ფრაგმენტი, რომელსაც მისი ოჯახი "საწნახელის" დანიშნულებით იყენებდა. სასამართლომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სს “...” მოქმედი იყო სულ მცირე 2011 წლის 5 აპრილამდე. კასატორი მიიჩნევს, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას სამეწარმეო სუბიექტის არსებობის დასადგენად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. გ-ეის საკასაციო საჩივარი.

საქმის განმხილველი მოსამართლის - ბადრი შონიას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაყვანის გამო, მოცემული საქმე კანონით დადგენილი წესით, 2025 წლის 24 სექტემბერს, შემთხვევითი განაწილების გზით დაეწერა მაია ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს: 1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში /სარგებლობაში/ არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის N44-4421118360 განკარგულების ბათილად ცნობა; 2. მოპასუხისთვის მოსარჩელის მიმართ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; 3. საკუთრების მოწმობის გაცემა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. გ-ემ 2020 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ნივთზე მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის N... მიმართვით, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის N44-4421118360 განკარგულებით ლ. გ-ეს უარი ეთქვა, ქალაქ ქუთაისში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, თვითნებურად დაკავებული 1187.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ნაგებობის (დანგრეული) საკუთრების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებლ ტერიტორიაზე სისტემურ ბაზაში ფიქსირდება ...ი. მითითებული განკარგულების სამართლებრივ საფუძვლებად კი დასახელებულია “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში თუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. მითითებული კანონის 51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვინებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102-ე, 103-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

მოწმეთა მ. ა-ეისა და რ. ს-ეის ჩვენებებით დგინდება, რომ დაახლოებით 1983-1984 წლებში, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მეუღლემ შ. გ-ემ შემოღობა თვითნებურად და ამ ნაკვეთზე მოაწყო ე.წ. საწნახელი და ხის სახლი, რომელიც აგებული იყო ფიცრებით, ბლოკებით და სხვადასხვა ანაკრები მასალით. ხის სახლი და დამხმარე კონსტრუქციები აგებული იყო არა მუდმივად საცხოვრებლად, არამედ დროებით გამოსაყენებლად. 2003-2004 წლებში, მოუვლელობის გამო აღნიშნული ხის სახლი და დამხმარე კონსტრუქციები უცნობმა პირებმა დაშალეს, მოიპარეს და მიითვისეს (აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა - კ. გ-ემ).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმეთა ჩვენება მხოლოდ სუბიექტური ხასიათის განცხადებაა, რომელსაც გააჩნია მტკიცებითი ძალა, თუმცა იგი უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად არ წარმოადგენს განმცხადებლის მოთხოვნის დამადასტურებელ უპირობოდ რელევანტურ მტკიცებულებას, მას არ აქვს უტყუარი მნიშვნელობა და მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ზეპირი ახსნა-განმარტებისა და მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენების გარდა, არ ყოფილა წარმოდგენილი მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი სხვა რაიმე რელევანტური და წონადი დოკუმენტი, კერძოდ ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი), რომლითაც უტყუარად დადასტურდებდა მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაკავებისა და თვითნებურად ფლობის ფაქტი.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი განთავსებული იყო ყოფილი ...ის ტერიტორიაზე. საქმეში დაცული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერების თანახმად, სააქციო საზოგადოება „...ს“ 2008 წლისთვის საკუთრებაში გააჩნდა კონკრეტული უძრავი ქონებები. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 1.09.2011წ. ამონაწერის თანახმად, სს ... დარეგისტრირდა 1999 წლის 22 ოქტომბერს, ს/კ. ..., მარეგისტრირებელი ორგანო ქ. ქუთაისის სასამართლო, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 12/5-91, იურიდიული მისამართი: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. N2. მითითებული ამონაწერიდან ასევე დგინდება, რომ საწარმოს ქონებაზე სხვადასხვა წლებში გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მათ შორის 2009 წლის 24 აპრილს და 2011 წლის 5 აპრილს.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს და განმარტავს, რომ ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სს “...ს” კუთვნილ ...ის ტერიტორიაზე და სამეწარმეო სუბიექტი სამართლებრივად ფუნქციონირებდა სულ მცირე 2011 წლის 5 აპრილამდე, გამოირიცხება მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის, როგორც სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის თვითნებურად დააკავება ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. გ-ეის საკასაციო საჩივარზე 26.08.2025წ. N28992068981 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. გ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინება;

21. ლ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.08.2025წ. N28992068981 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა