საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1042(კ-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - რ. გ-ა, არასრულწლოვანი თ. გ-ა, ა. მ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა რ. გ-ას, არასრულწლოვან თ. გ-ასა და ა. მ-ას სარჩელი, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 მარტის №IDP 8 24 00251254 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, რ. გ-ას, არასრულწლოვანი თ. გ-ასა და ა. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 მარტის №IDP 8 24 00251254 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10, მე-11 პუნქტები და სამინისტროს მიერ მოსარჩელეების - რ. გ-ასა და თ. გ-ას სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - თბილისი, ..., ... ....
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, სადავო აქტის ის საფუძველი, რომ 2023 წლის მაისში, ქ. თბილისი, ... ...-ში (ყოფ. „...ს“ შენობა, ...) მცხოვრები ოჯახების აღწერის პროცესის შედეგად დადგენილი გარემოება - რ. გ-ა არ წარმოადგენდა გამოსათავისუფლებელ ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელს, მიუთითებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ფორმალურ მიდგომაზე. სასამართლოს განმარტებით, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი დეტალურად მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ მოსარჩელე რ. გ-ა არ ცხოვრობს სადავო მისამართზე, თუმცა ფართი დაკავებული აქვს და პერიოდულად მიდის მისამართზე. კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხთან დაკავშირებით, კომისიისათვის მსჯელობის დავალებას საფუძველსმოკლებულად მიიჩნევს. წარმომადგენლის განმარტებით, დევნილთა სააგენტოს დაევალა ნგრევადი ობიექტიდან (უკვე დახურული ობიექტიდან) მოსარჩელის საკითხის განხილვა, რაც მისივე მოსაზრებით კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ნგრევადი ობიექტის საკითხი კომისიამ უკვე განიხილა და დამატებით განემარტა მხარეს, რომ შეფასების კრიტერიუმების და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნვეყოფის საკითხი განიხილებოდა შესაბამის ეტაპზე საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით. კასატორი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის ჯგუფს რ. გ-ას ოჯახი ადგილზე არ დახვდა, აღნიშნულით მართებულად მიიჩნევს, რომ ოჯახი არ არის დაფიქსირებული ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახთა აღწერის მასალებში. ამასთან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მხარეს არ მიუმართვს სააგენტოსთვის არც დამატებითი აღწერის (მონიტორინგის) მოთხოვნით და არც დროებითი განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის საჭირო თანხის უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამდენად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის და კასაციის დაკმაყოფილების ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2024 წლის 17 იანვარს და 2024 წლის 20 მარტს გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობებით დგინდება, რომ მოსარჩელე - რ. გ-ა, აგრეთვე მისი შვილი თ. გ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. მოწმობაში მითითებულია, რომ მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - თბილისი, ..., ... .... სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად, რ. გ-ა და ა. მ-ა დაქორწინდნენ 2020 წლის 30 ივნისს.
დადგენილია, რომ 2024 წლის 28 თებერვალს რ. გ-ას დედამ - მ. წ-იმა, მინდობილობის საფუძველზე მისი შვილის სახელით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით და მოითხოვა წერილობითი პასუხი, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა რ. გ-ა და მისი ოჯახი საცხოვრებელი ფართით (ვინაიდან თბილისში, ...ს ...-ში მცხოვრებ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ფარგლებში მ. წ-ის მითითებული ჰყავდა მისი შვილი თავისი ოჯახით).
სააგენტოს 2024 წლის 1 მარტის NIDP 8 24 00251254 წერილის თანახმად, 2023 წლის მაისში განხორციელდა ქ. თბილისი, .... ...-ში (ყოფ. „...ს“ შენობა, ...) მცხოვრები ოჯახების აღწერის პროცესი. აღნიშნულ პერიოდში რ. გ-ა არ წარმოადგენდა გამოსათავისუფლებელ ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას რ. გ-ას განსახლების საკითხზე არ უმსჯელია. დამატებით ეცნობა განმცხადებელს, რომ რ. გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი სააგენტოს მიერ განხილულ იქნებოდა მის მიერ შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების შესაბამისად.
2024 წლის 16 მაისის IDP 4 24 00528082 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ქ. თბილისში, ... ...-ში მდებარე „...ს“ შენობაში, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის N1009 დადგენილებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 სექტემბრის N643 ბრძანებულების საფუძველზე, შეიქმნა დევნილთა განსახლებისა და დევნილთა ორგანიზებულად განსახლების (იმ დროისთვის კომპაქტური) ობიექტი. 2023 წლის 15 მაისს განხორციელდა ქ. თბილისში, ... N ...-ში (ყოფ. „...ს“ შენობა, ...) მცხოვრები ოჯახების აღწერის პროცესი. მონიტორინგის ჯგუფს რ. გ-ას ოჯახი ადგილზე არ დახვდა. შესაბამისად, ოჯახი არ არის დაფიქსირებული ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახთა აღწერის მასალებში. ასევე არ მიუმართავს სააგენტოსთვის დამატებითი აღწერის (მონიტორინგის) მოთხოვნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას არ უმსჯელია რ. გ-ას ოჯახის, როგორც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველ ობიექტში მცხოვრები ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხზე. მოხსენებითი ბარათის თანახმად, რ. გ-ას ოჯახის მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტი ასევე დასტურდება რ. გ-ას დედის, მ. წ-იის ოჯახის 2020 წელს განხორციელებული მონიტორინგის მასალებით. მ. წ-იის 4 (ოთხი) სულიან ოჯახზე (მ. წ-იი (პ/ნ ...), ნ. გ-ა (პ/ნ ...), ა. გ-ა (პ/ნ (...) და ს. გ-იი (პ/ნ ...)) გამოცემულია ადმინისტრაციული დაპირება. მითითებულია, რომ რ. გ-ამ 2024 წლის 23 იანვარს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განცხადებაში შეყვანილი ჰყავს მეუღლე და შვილი.
საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 11 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით, ოჯახის შემადგენლობაში შედიან: მ. წ-იი, ნ. გ-ა, ს. გ-იი, რ. გ-ა, ა. მ-ა და თ. გ-ა. ამავე მონიტორინგის ფორმით ირკვევა, რომ რ. გ-ა ცხოვრობს ცალკე ქირით მისამართზე თბილისი, ..., ...ს ქ. ..., ბინა N....
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 29 სექტემბერს მომზადებული N5005074116 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... ...-ში მდებარე ორსართულიანი N2 კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა მწვავე ავარიულია, შენობის ძირითადი კონსტრუქციების საერთო ფიზიკური ცვეთა აღემატება 70% და არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია.
კომისიის სხდომის 2023 წლის 28 ნოემბრის №86 ოქმის თანახმად, კომისიის სხდომაზე იმსჯელეს ქ.თბილისში, ... ...„ა“ (ს/კ N...) და ... „ე“ (ს/კ N...) მისამართზე მდებარე შენობა - ნაგებობებში, როგორც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესების შემცველ, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობებში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ პირთა, კრიტერიუმების გარეშე განსახლების თაობაზე). ოქმის საფუძველზე, სააგენტოს მიერ 2024 წლის 12 თებერვალს გაიცა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმად, ოჯახს (მ. წ-ის, ნ. გ-ას, ა. გ-ასა და ს. გ-ის) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში თანხმობა ეთქვა ქალაქ თბილისში მდებარე 2 (ორი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.
დადგენილია, რომ 2024 წლის 13 მარტს რ. გ-ას წარმომადგენელმა კვლავ მიმართა განცხადებით სააგენტოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. 2024 წლის 28 მარტის წერილით მ. წ-ის ეცნობა, რომ რ. გ-ა, ასევე არასრულწლოვანი შვილები ა. და თ. გ-ა, სააგენტოს დევნილთა მონაცემების ბაზის მიხედვით, რეგისტრირებულნი არიან ქ. თბილისში, ... ..., ყოფილი „...ს“ შენობაში, კორპუსი N2 რომელიც არის დევნილთა ორგანიზებულად განსახლების გაუქმებული ობიექტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს რ. გ-ას მოთხოვნა.
დადგენილია, რომ რ. გ-ამ 2024 წლის 23 იანვარს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განაცხადში შეყვანილი ჰყავს მეუღლე - ა. მ-ა და შვილი - თ. გ-ა.
2024 წლის 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი განცხადების თანახმად, რ. გ-ა ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ..., ყოფილი „...ს“ შენობაში, კორპუსი N2-ში, აღნიშნულს კი ხელმოწერით ადასტურებენ მეზობლები.
სააგენტოს 2024 წლის 12 თებერვლის N IDP 3 24 00000121 ბრძანების თანახმად, კომისიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №86), მე. წ-ის (პ/ნ ...) ოჯახს, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (მისამართი: ქ. თბილისი, ... ... „ა“, „...“ ...) ფაქტობრივად არ ცხოვრების და საკუთრებების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ს ქუჩა N..., სადარბაზო 1, სართული ..., ბინა N... (ს/კ ...) მესაკუთრეა ამ. მ-ა.
სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-4 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ - ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. საკასაციო პალატის განმარტებით, მითითებული ნორმის საფუძველზე, დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების, მათ შორის დევნილი ოჯახის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირები უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგითობას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 1 მარტის №IDP 8 24 00251254 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერება.
დავის საგნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №0130/ნ ბრძანებაზე, რომლის №1 დანართით განსაზღვრულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი, რომლის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-11 პუნქტის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია და ამ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოსარჩელეების - რ. გ-ასა და თ. გ-ას სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. აღნიშნულით დგინდება, რომ მოსარჩელეების დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - თბილისი, ..., ... ....
საცხოვრებელი ადგილი ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს ,,რეგისტრაციის ადგილი” და ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს, პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 01 თებერვლის განჩინება საქმეზე ბს-1227-1213(კ-11)).
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო აქტს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2023 წლის მაისში, განხორციელდა ქ. თბილისი, ... ...-ში (ყოფ. „...ს“ შენობა, ...) მცხოვრები ოჯახების აღწერის პროცესი, ხოლო აღნიშნულ პერიოდში რ. გ-ა, არ წარმოადგენდა გამოსათავისუფლებელ ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ რ. გ-ას ჰქონდა სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს, მის რეგისტრირებულ მისამართზე (ქ. თბილისში, ... ..., ყოფ. „...ს“ შენობაში, ...) პერიოდულად ცხოვრების ფაქტს. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოში წარდგენილი მეზობლების განცხადებაც. როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, ფართის სივიწროვიდან გამომდინარე, კვირის გარკვეული დღეების გატარება უწევდა სიდედრის სახლში, რომელიც მდებარეობს ...ში, ხოლო შაბათ - კვირასა და სადღესასწაულო დღეებში იმყოფება ...ს ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც დედამისის მ. წ-იის ოთახის წინ მდებარეობს. აღნიშნული ფართი კი დაუთმო ბიძამ მე. წ-იმა, რომელსაც აგრეთვე სააგენტომ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო უარი უთხრა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მ. წ-იის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდებიან რ. გ-ა, თ. გ-ა და ა. მ-ა.
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება - მოვალეობები განისაზღვრება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მიზანი კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის უზრუნველსაყოფად იგი ორ მნიშვნელოვან საფეხურს შეიცავს, კერძოდ: საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, დადგენა და შეფასება, დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია. ადმინისტრაციული წარმოების სპეციფიკურობა ხასიათდება იმით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულ პირს უნდა გაუჩინოს გადასაწყვეტი საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების განცდა, უნდა გამორიცხოს არაკვალიფიციური გადაწყვეტილების მიღება და ამასთან დაასაბუთოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა საჯარო და კერძო ინტერესის დაბალანსების, გაწონასწორების თვალსაზრისით. არგუმენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეების სახელზე გაცემული იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობებით მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს თბილისი, ..., ... .... განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის საფუძველი, კერძოდ ის გარემოება, რომ 2023 წლის მაისში განხორციელდა ქ. თბილისი, ... ...-ში (ყოფ. „...ს“ შენობა, ...) მცხოვრები ოჯახების აღწერის პროცესი, ხოლო აღნიშნულ პერიოდში რ. გ-ა, არ წარმოადგენდა გამოსათავისუფლებელ ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელს, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან წარმოადგენს ფორმალურ მიდგომას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელებული დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების შედეგებით არ დადასტურდა მოსარჩელის საცხოვრებლის დაკმაყოფილების ცალსახად გამომრიცხველი გარემოებების არსებობა. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება - არსებობს თუ არა მოსარჩელესთან მიმართებით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საფუძველი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისათვის, რამეთუ შესაძლოა აღნიშნული გახდეს მოსარჩელეთა და არასრულწლოვან თ. გ-ასათვის ხელსაყრელი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანი პირის განსაკუთრებული საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათავლისწინების ფაქტი (საქართველო უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განჩინება Nბს-679(კ-24)). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე