Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1085(კ-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-ამ 2023 წლის 30 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 13 სექტემბრის 23 00967164 წერილისა და კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის N70 სხდომის ოქმის ნაწილობრივ (ი. გ-ას ნაწილში) ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა კომისია დაევალოს გრძელვადიანი პერიოდით საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელთა სიაში აღრიცხვა და კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრისის გადაცემა მისი ინტერესის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და საოქმო განჩინებით მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი დევნილის - ი. გ-ას ოჯახის ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი ... „...“ დახურული ობიექტიდან გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის თაობაზე, წარდენილი განცხადების განხილვის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი დევნილის - ი. გ-ას ოჯახის ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი ... „...“ დახურული ობიექტიდან გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის თაობაზე ი. გ-ას მიერ წარდგენილი განცხადების განხილვის შედეგად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-13 მუხლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2, მე-6 მუხლები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი. კერძოდ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის №70 ოქმით ... „...“ მცხოვრები დევნილი პირების საკითხის გადაწყვეტისას ი. გ-ას ოჯახის განსახლების საკითხის განუხილველობა და ასევე შემდეგში წარდგენილი განცხადებების პასუხად 2023 წლის 10 ივლისისა და 13 სექტემბრის წერილებში დაფიქსირებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით არ არის შესაბამისობაში სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლომ გასათვალისწინებლად მიიჩნია ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. გ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ადგილია ..., ობიექტის დასახელება „...“. ის გარემოება, რომ ოჯახი არსებული პირობებიდან გამომდინარე, დროებით ან დღის განმავლობაში არ იმყოფება საცხოვრებელ ადგილას, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი. გ-ას ოჯახს ჰქონდა სხვა საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად, ... „...“ შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა.

დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს ის პოზიცია, რომ ვინაიდან ი. გ-ას სადავო მისამართზე ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ წარუდგენია, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მისი კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებდა. პალატამ მიუთითა, რომ ი. გ-ას და მის არასრულწლოვან შვილს - თ. გ-ას, როგორც დევნილი პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად დაფიქსირებული აქვთ თბილისი, ..., ობიექტის დასახელება - „...“. შესაბამისად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემსჯელა მოსარჩელის კრიტერიუმის გარეშე განსახლების საკითხზე, მით უფრო რომ ი. გ-ას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2, მე-3 და მე-8 მუხლები და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ფიქსირდება არასრულწლოვანი შვილი, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად და არ გაითვალისწინა აღნიშნული ინტერესი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ არ გამოცემულა ადმინისტრაციული აქტი, ვინაიდან სადავო მისამართზე ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული არ ყოფილა, შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ვერ იმსჯელებდა კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხთან დაკავშირებით. წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არამართლზომიერებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ნგრევადი ობიექტის საკითხი კომისიამ განიხილა და მხარეს დამატებით განუმარტა, რომ შეფასების კრიტერიუმების და მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი განიხილებოდა შესაბამის ეტაპზე საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით. სააგენტომ, მხარეს კორესპონდენციაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით აცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის სხდომის (ოქმი №70) გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობისთვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტიდან (ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი ... „...“), კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართებით განსახლებას დაექვემდებარა მხოლოდ შენობაში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები. მიუთითა, რომ მონიტორინგის სამსახურს ი. გ-ას ოჯახი ადგილზე არ დახვდა და არც ფაქტობრივად მაცხოვრებლებს მიუწოდებიათ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შესაბამისად, ოჯახი არ არის დაფიქსირებული ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახთა აღწერის მასალებში. მიიჩნევს, რომ თუკი იგი, სადავო მისამართზე ფაქტობრივად მაცხოვრებელია, სადავო შენობიდან დევნილი ოჯახების გაყვანისას და აღწერების დროს აუცილებლად მიეთითებოდა აღწერის მასალებში. წარმომადგენლის მსჯელობით, თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხარეს ჰქონდა გადაუდებელი განსახლების აუცილებლობა გაუგებარია, რატომ არ მიმართა სააგენტოს შესაბამისი განცხადებით. რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა, რაც სადავო ობიექტიდან განსახლების საკითხი დასრულდა. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობის და კასაციის დაკმაყოფილების ფარგლებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ი. გ-ა, როგორც დევნილი პირი რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, ..., ობიექტი .... ი. გ-ას ამავე მისამართზე უფიქსირდება ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. დადგენილია, რომ ამავე მისამართზე რეგისტრირებული არიან დევნილი პირები - მშობლები - თა. გ-ა და თა. ვ-ა, ი. გ-ას არასრულწლოვანი შვილი - თ. გ-ა.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის №70 ოქმით ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, კრიტერიუმების გარეშე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე თანხმობა ეთქვათ ყოფილ ... „...“ ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, მათ შორის ი. გ-ას მშობლების - თა. გ-ას და თა. ვ-ას ოჯახს. აღნიშნული ოქმით ი. გ-ას ოჯახის განსახლების საკითხი არ განხილულა.

დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 10 ივლისისა და 13 სექტემბრის წერილებით, ი. გ-ას ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის სხდომის (ოქმი №70) შესაბამისად, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი ... „...“, როგორც ჯანმრთელობისათვის ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტის დახურვის მიზნით, განხორციელდა მასში გარეშე განსახლების საკითხის განხილვა.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი ... „...“, როგორც ჯანმრთელობისათვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ი. გ-ას ოჯახის განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №70) არ განხილულა, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. წერილში მითითებულია, რომ სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი ... „...“ შენობა წარმოადგენს დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების გაუქმებულ ობიექტს. აღნიშნული ობიექტიდან დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი აღარ განიხილება. რაც შეეხება ზემოხსენებულ ობიექტში რეგისტრირებულ, მაგრამ ფაქტობრივად არ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფას, მათი საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ან/და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით გათვალისწინებული წესისა და პროცედურების შესაბამისად, რომელიც ადგენს შესაბამისი განაცხადების მიღებისა და განხილვის წესს. ამასთან, განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურასა და კრიტერიუმებს.

დადგენილია, რომ 2021 წლის 2 დეკემბერს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით მიმართა ი. გ-ამ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1993 წლიდან ცხოვრობს ... ...ის მიმდებარედ ... „...“ ოჯახის წევრებთან (მამა, დედა, ძმა) ერთად. დაოჯახების შემდეგ, 2016 წლიდან მოუწია მეუღლესთან ერთად ქირით გადასვლა, ვინაიდან შეუძლებელი იყო ახლადშექმნილ ოჯახს ეცხოვრა 18 კვ.მ.-ის ფართის მქონე ერთ ოთახში. თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ შეძლეს ქირის გადახდა და იძულებული გახდნენ დროებით გადასულიყვნენ მის მეუღლის მშობლების სახლში, სადაც ცხოვრობენ მეუღლის ექვს სულიანი ოჯახი. მხოლოდ 2017 წელს, მას შემდეგ რაც ... რამდენიმე მაცხოვრებელი დაკმაყოფილდა ბინით და გათავისუფლდა ოთახი, გადავიდნენ მე-5 სართულზე მდებარე ოთახში (N542), გაარემონტეს ბანკიდან აღებული სესხით თუმცა, კვლავ ოჯახური მდგომარეობისა და ბავშვის ბებიასთან დატოვების მიზეზით, დილის 8 საათიდან საღამოს 21 საათამდე, ბავშვი იმყოფებოდა მეუღლის დედასთან, თავადაც ხშირად ეკონომიის გაკეთების მიზნით, იმყოფებიან მეუღლის დედასთან. ამიტომ ვერ მოხერხდა კომისიის მხრიდან მათი გადამოწმება. განცხადებას დაურთო ოჯახის მიერ დაკავებული ოთახის ფოტოსურათები და მეზობლების მიერ დამოწმებული განაცხადი 62 პირის ხელმოწერით.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 23 სექტემბრის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ..., ყოფილი ... „...“ შენობაში მდებარე ბინა 542 მოწყობილია საცხოვრებლად, მასში განთავსებულია საოჯახო და პირადი მოხმარების ნივთები.

სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ პუნქტს და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს და განმარტავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. სახელმწიფო შესაბამის უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ დევნილ ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ, კი დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილი ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში ცხოვრების შემთხვევაში კი, დევნილთა განსახლება ხორციელდება პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე.

დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ში მდებარე ყოფილი ... „...“ შენობა წარმოადგენს დევნილთა ყოფილი კომპაქტურად განსახლების გაუქმებულ ობიექტს. აღნიშნული ობიექტიდან დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი აღარ განიხილება. ზემოხსენებულ ობიექტში რეგისტრირებულ, მაგრამ ფაქტობრივად არ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ ან/და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებით გათვალისწინებული წესისა და პროცედურების შესაბამისად, რომელიც ადგენს შესაბამისი განაცხადების მიღებისა და განხილვის წესს. ამასთან, განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურასა და კრიტერიუმებს.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში 2021 წლის 2 დეკემბერს ი. გ-ას მიერ წარდგენილი განცხადების შინაარსის და ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 23 სექტემბრის ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით დადგენილი გარემოებების საპირისპიროდ მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი. მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მეჯლობა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის №70 ოქმით ... „...“ მცხოვრები დევნილი პირების საკითხის გადაწყვეტისას, ი. გ-ას ოჯახის განსახლების საკითხის განუხილველობა და ასევე შემდეგში წარდგენილი განცხადებების პასუხად 2023 წლის 10 ივლისისა და 13 სექტემბრის წერილებში დაფიქსირებული პოზიცია, შეუსაბამობაშია სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. გ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ადგილია ..., ობიექტის დასახელება „...“. მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახი არსებული პირობებიდან გამომდინარე, დროებით ან დღის განმავლობაში არ იმყოფება საცხოვრებელ ადგილას, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი. გ-ას ოჯახს ჰქონდა სხვა საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად, ... „...“ შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრობდა. კასატორის მხოლოდ ის შედავება, რომ ი. გ-ას სადავო მისამართზე ცხოვრებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ წარუდგენია ადმინისტრაციული ორგანოსათვის და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მისი კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებდა, პალატის მსჯელობით არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ი. გ-ას და მისი არასრულწლოვანი შვილის - თ. გ-ას, როგორც დევნილი პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად დაფიქსირებულია - თბილისი, ..., ობიექტის დასახელება - „...“. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემსჯელა კრიტერიუმის გარეშე განსახლების საკითხზე, მით უფრო არასრულწლოვანი შვილი ფაქტორის გათვალისწინებით.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად, სხვა მტკიცებულებათა შეგროვების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას (სუსგ 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება №879(კ-23)).

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანი პირის განსაკუთრებული საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათავლისწინების ფაქტი. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ კონვენციის მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ფიქსირდება არასრულწლოვანი შვილი, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე