საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1247(კ-23) 9 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
კასატორი (მოსარჩელე) - მ. დ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. დ-იმა 2021 წლის 24 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მ. დ-ის 4000 ლარით დაჯარიმების შესახებ მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 აგვისტოს №001285 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 ნოემბრის №1549 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე თავის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ახორციელებდა მშენებლობას შესაბამისი ნებართვით, თუმცა 2021 წლის 30 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ შეადგინა №001285 მითითება, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა 2020 წლის 8 იანვარს გაცემული №4814637 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, დარღვევა კი გამოიხატა სვეტების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის, სართულშუა ფილის ფორმისა და კვეთის შეცვლაში, ლითონის კონსტრუქციის დამატებასა და სახურავის ფორმისა და ფანჯრების შეცვლაში.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები გამოწვეული იყო შენობის ავარიული მდგომარეობითა და მისი გამაგრების აუცილებლობით. მითითებით განსაზღვრულ ვადაში მოიხსნა დამატებული ფანჯრები და აღდგა თავდაპირველი სახურავის ფორმა, ხოლო დროებითი სვეტებისა და ლითონის კონსტრუქციის მოხსნა საფრთხეს შეუქმნის შენობისა და მიმდებარე ნაგებობების უსაფრთხოებას, რასაც ადასტურებს ექსპერტის დასკვნაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 აგვისტოს №001285 დადგენილება გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით; ამ აქტის ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. დ-იმა განახორციელა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №1/ქალაქ თბილისში,... გამზირი №...-ში მდებარე №... და №... საკადასტრო კოდის შენობაზე (კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი) კორექტირებული პროექტის დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც არაერთი მითითების მიუხედავად სრულად არ იქნა აღმოფხვრილი. კერძოდ, სადავო დადგენილების გამოცემისას, კვლავ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევა: შეცვლილია ლითონის სვეტების ადგილმდებარეობა და რაოდენობა; შემცირებულია სვეტების კვეთი; შეცვლილია სართულშუა ფილის ფორმა და გაბარიტები; დამატებით მოწყობილია ლითონის კონსტრუქცია; შეცვლილია სახურავის ფორმა.
პალატის შეფასებით, საგულისხმოა, რომ საძირკვლის დატბორვის გამო გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა პროექტის კორექტირება. სადავო დადგენილება გამოიცა სწორედ კორექტირებული პროექტის დარღვევისათვის, რისი აუცილებლობაც ვერ იქნა დადგენილი საქმის განხილვის დროს. მითითება იმ გადაუდებელ აუცილებლობაზე, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელე მხარე ექსპერტ-კონსტრუქტორი ა. მ-ის დასკვნებსა და ახსნა-განმარტებებზე უთითებს, ადასტურებდა მხოლოდ პირველადი პროექტის გადახვევის აუცილებლობას, რათა არ მომხდარიყო შენობის ჩამონგრევა, ხოლო კორექტირებული პროექტიდან გადახვევის აუცილებლობა არ დასტურდება და მხარეს არ მიუთითებია სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დროს გამოვლენილ რაიმე გარემოებაზე, რისი გათვალისწინებაც არ იყო შესაძლებელი პროექტის კორექტირებისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, 2020 წლის 08 იანვარს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნომერი №4814637 ბრძანებით შეთანხმებული იქნა არქიტექტურული პროექტი, ძველ და ფაქტობრივად ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობაზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 09 იანვრიდან 2021 წლის 09 მაისის ჩათვლით. ამის შემდეგ მ. დ-იმა დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მოსაზღვრედ მდებარე შენობა-ნაგებობის საკანალიზაციო და წყლის სისტემა იყო დაზიანებული, რის შედეგადაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ობიექტის ქვეშ არსებული მიწის გრუნტი დასველდა, გაიჟღინთა და ამის გამო გრუნტმა დაიწია მოულოდნელად, ხოლო გრუნტის დაწევის შედეგად მოხდა გაუთვალისწინებელი ფაქტი - დაიწია მნიშვნელოვნად რკინა-ბეტონის დასხმულმა ფილამ და იმდენად ძლიერად განიცადა დეფორმაცია, რომ საფრთხე შეექმნა როგორც მოსარჩელის, ისე გვერდით არსებული შენობის მდგრადობასა და უსაფრთხოებას, შესაბამისად საჭირო და აუცილებელი გახდა მყისიერი ღონისძიებების მიღება როგორც გვერდით არსებული, ისე სარეაბილიტაციო შენობის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. შეიქმნა შენობის ნგრევის რეალური საშიშროება. გადაუდებელი და უკიდურესი აუცილებლობის გამო დაირღვა შეთანხმებული პროექტის პირობები, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ ექსპერტ-კონსტრუქტორის დასკვნებითა და ახსნა-განმარტებებით.
2021 წლის 30 მარტს ქ.თბილისი მერიის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა მითითება №001285 და მოსარჩელეს მიეცა 20 დღიანი ვადა მითითების დანართში აღნიშნული დარღვევების გამოსასწორებლად. ამ ვადაში მოიხსნა სახურავზე დამატებული ფანჯრები, ამით გასწორდა შენობის სახურავის ფორმა, ვინაიდან სახურავის ფორმის შეცვლა მდგომარეობდა სწორედ სახურავზე ფანჯრების დამატებასა და მოწყობაში. სხვა მხრივ სახურავის ფორმა არ ყოფილა შეცვლილი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება სახურავის ფორმის შეცვლის თაობაზე. ფოტო სურათებზე ნათლად ჩანს, თუ როგორი იყო ფანჯრების მოწყობამდე სახურავის ფორმა და რომ დამატებული ფანჯრების დემონტაჟის შემდეგ სახურავი ისეთივე ფორმის გახდა, რაც მის მოწყობამდე იყო, ანუ ისეთივე ფორმის დარჩა, როგორიც მშენებლობის დაწყებამდე იყო. აღნიშნული გარემოება კი არ იქნა რატომღაც გაზიარებული სასამართლოს მიერ.
2021 წლის 21 აპრილს მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №001285. ამავე დროს ობიექტზე შეჩერებული იყო სამშენებლო საქმიანობა და მიმდინარეობდა კორექტირებული პროექტის შეთანხმება, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ 2021 წლის 21 მაისს ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწონებული იქნა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების კორექტირებული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ბრძანება ნომერი №5417126 და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 24 მაისიდან 2023 წლის 24 იანვრის ჩათვლით. მიუხედავად ამისა, ინსპექციამ აგვისტოში გამოსცა დადგენილება №001285 და მ. დ-ის დააკისრა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი, მაშინ როცა სამუშაოები სრულდებოდა ნებართვის ფარგლებში და განხორციელებული იყო მხოლოდ დროებითი გამაგრებითი ზომები გაუთვალისწინებელი გარემოებების - წყლის ჩადინებისა და საძირკვლის დაწევის გამო. დროებითი ლითონის სვეტები ასახული იქნა არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებულ პროექტში, რაც დადასტურებულია განმარტებით ბარათსა და ექსპერტ-კონსტრუქტორ ა. მ-ის დასკვნებით, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ზომები აუცილებელი იყო შენობის მდგრადობის შესანარჩუნებლად და გადახვევა პროექტიდან არ მომხდარა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ვერ შეაფასა ეს გარემოებები და არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გადაწყვეტილება მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად მცდარ საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. დ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს განსაზღვრავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“. მითითებული კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს სამშენებლო სამართალდამრღვევი, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 122-ე მუხლის პირველის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.
ამრიგად, კანონმდებლობა ამომწურავად მიუთითებს იმ სუბიექტთა წრეზე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა და მხოლოდ ასეთი პირის მოუძიებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.
„ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე“(სუსგ №ბს-468-465(კ-17), 21.01.2020წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო სამშენებლო სამუშაოების მ. დ-ის მიერ განხორციელების ფაქტი სადავო არაა, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ არქიტექტურის სამსახურთან შეათანხმა პროექტი და განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, ასევე სადავო არაა ამავე პროექტში ცვლილებების შეტანა, თუმცა როგორც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, პროექტის დარღვევა გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით და ამასთან, მის მიერ დარღვევა გამოსწორდა ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟით და ნაწილობრივ პროექტში ცვლილებების შეტანით, ხოლო დარჩენილი დარღვევები ატარებდა დროებით ხასიათს და მშენებლობის დასრულების შემდეგ, გამოსწორდებოდა. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელე უთითებდა ექსპერტ-კონსტრუქტორის ა. მ-ის 2021 წლის 10 სექტემბრის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „ქალაქ თბილისში ...ის ქ. №1/ ქ. თბილისი, გამზირი ... №...-ში, საკადასტრო კოდი: ... და ... სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების დროს წარმოქმნილი სართულის გამო, რის დროსაც სარდაფის გადახურვის კონსტრუქციამ განიცადა დეფორმაცია, დადგა დროებითი ძალოვანი ხარაჩოები, რომლის სვეტებიც (დგარები) არქიტექტურულ და კონსტრუქციებში ვერ იქნება ასახული, ეს შეიძლება ასახული იქნას მხოლოდ მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში, ამიტომ ეს დგარები დროებითია და სამუშაოების დასრულებისას ექვემდებარება მოხსნას, რაც შეეხება სარდაფის გადახურვის კონსტრუქციას, იგი გასასწორებელია, გასამაგრებელი და დასაბრუნებელი თავის პარამეტრებში“ (ს.ფ. 45).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ საძირკვლის დატბორვის გამო გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა პროექტის კორექტირება. ხოლო დაჯარიმების შესახებ სადავო დადგენილება გამოიცა სწორედ კორექტირებული პროექტის დარღვევისათვის, რისი აუცილებლობაც ვერ იქნა დადგენილი საქმის განხილვის დროს. იმ გადაუდებელი აუცილებლობაზე, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელე მხარე ექსპერტ-კონსტრუქტორის ა. მ-ის დასკვნებსა და ახსნა-განმარტებებზე უთითებდა, ადასტურებდა მხოლოდ პირველადი პროექტის გადახვევის აუცილებლობას, რათა არ მომხდარიყო შენობის ჩამონგრევა, ხოლო კორექტირებული პროექტიდან გადახვევის აუცილებლობა და ამის შესახებ შესაბამისი სამსახურისათვის წინასწარი ინფორმირების შეუძლებლობა არ იყო დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. დ-ის მის საკასაციო საჩივარზე საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი - უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინება;
3. მ. დ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს 10.01.2024წ. №20132970274 საგადახდო დავალებით გ. ი-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა