Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1155(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ა-ემ 2024 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2024 წლის 14 ნოემბრის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმისა და ლ. ა-ეისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2024 წლის 14 ნოემბრის №27857 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის დადგენილი საშიშროების რისკის სახე ,,მომეტებულის“ ,,დაბალით“ შეცვლის თაობაზე.

სარჩელის მიხედვით, ლ. ა-ე 2018 წლის 8 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გასამართლებულია და სასჯელის სახით შეფარდებული აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი სასჯელის მოხდის პერიოდში საშიშროების რისკის შეფასება განხორციელდა 2020, 2021 და 2023 წლებში, რომელთა ფარგლებში დისციპლინური დარღვევები არ დაფიქსირებულა და მას აქვს სტაბილურად პოზიტიური სოციალური დახასიათება. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს საშიშროების რისკი კვლავ მომეტებულად განესაზღვრა და იგი განთავსებულია დახურული ტიპის დაწესებულებაში, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მისი პირადი საქმის და გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2024 წლის 14 ნოემბრის საიდუმლო სხდომის ოქმი, ასევე, აღნიშნულის საფუძველზე მიღებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2024 წლის 14 ნოემბრის №27857 ბრძანება, ლ. ა-ეისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისა და №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შესახებ და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, ლ. ა-ეისათვის საშიშროების რისკის სახისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებულ „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესზე“ მითითებით აღნიშნა, რომ რისკის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდი, კანონით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით. დასახელებულ კრიტერიუმებს შორის განიხილება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა, დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენების ფაქტი და სხვ.

სააპელაციო პალატამ სადავო აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის გადამოწმების მიზნით გამოითხოვა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2024 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი საიდუმლო ინფორმაციის შემცველობით და მისი შესწავლა განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლით დადგენილი წესით. ინფორმაციის საიდუმლო ბუნების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებაში არ მიეთითა ის მონაცემი, რაც გამოიწვევდა გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას, თუმცა პალატამ მტკიცებულება შეისწავლა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული, შეფასებული და დასაბუთებული სადავო საკითხი, კერძოდ პალატის შეფასებით საიდუმლო ინფორმაციაში მოყვანილი და ოქმში ღიად დაფიქსირებული ფაქტები იყო ურთიერთგამომრიცხავი და არც ერთობლივად და არც დამოუკიდებლად, არ იყო საკმარისი მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულად მიჩნევისთვის. უფრო კონკრეტულად, წარმოდგენილ საიდუმლო ხასიათის მტკიცებულებაში მითითებული ფაქტები განყენებულად, ასევე, ღიად დაფიქსირებულ ინფორმაციასთან ერთობლიობით, არ ქმნიდა მოსარჩელისათვის მომეტებული რისკის სახის განსაზღვრისა და აღნიშნულის საფუძველზე სადავო ბრძანების მიღების წინაპირობებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური გამოკვლევა-შეფასების შედეგად, ლ. ა-ეის მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში შეირჩა ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და არ გაითვალისწინა მთელი რიგი არსებითი გარემოებები, მათ შორის, სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს მსჯავრდებულის რისკის სახეებს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესს, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობასა და უფლებამოსილებას. კერძოდ, საუბარია „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებაზე.

კასატორის მითითებით, ლ. ა-ე არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირი - იგი გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის განაჩენით (საქმე №1/1943-18), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. სასჯელის მოხდის პერიოდი განისაზღვრა 15.03.2018 წლიდან 01.04.2029 წლამდე. იგი №... დაწესებულებაში იმყოფება 2020 წლის 7 აგვისტოდან. პენიტენციური კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელს, როგორც წესი, იხდიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის პირველად მსჯავრდებულები, რომელთაც 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, აგრეთვე სხვა განსაზღვრული კატეგორიის მსჯავრდებულები.

ლ. ა-ეს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა 2020 წლის 27 მაისს, 2021 წლის 30 ნოემბერს და 2023 წლის 19 მაისს. 2023 წლის 19 მაისის შემდგომ რისკის გადაფასების პერიოდში მის მიმართ დისციპლინური წახალისების ღონისძიება არ გამოყენებულა. მსჯავრდებული არ არის თვითდაზიანებისადმი მიდრეკილი და აქტიურად იყო ჩართული სარეაბილიტაციო პროგრამებში - 2021 წლის 30 სექტემბრიდან იგი ჩართულია შემთხვევის მართვაში, იღებდა სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებას, ესწრებოდა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ტრენინგებს და მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში. ამასთან, მსჯავრდებული ამჟამადაც სწავლობს, არის თვითდასაქმებული და მუშაობს თარჯიმნად „...ში“, არ აქვს ურთიერთობა ანტისოციალური ქცევის მქონე პირებთან, შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა აგრესიის გარეშე და კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებული სირთულეები არ აღენიშნება.

მიუხედავად აღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული აკმაყოფილებს პენიტენციური კოდექსის 37-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განსაზღვრისთვის, ვინაიდან იგი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირია და მისი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ნახევრად ღია დაწესებულებაში მისი განთავსება საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოებისთვის, ისე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ (შემდეგში - „წესი“) მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრა ხდება ამავე „წესის“ მე-4 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შეფასებით, კერძოდ ფასდება მსჯავრდებულთან მიმართებით მისი პიროვნული თვისებები; ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და დანაშაულის ჩადენის მოტივი; დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და სხვა არაერთი გარემოება, რის საფუძველზეც ამავე „წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საშიშროების რისკის სახეებად განისაზღვრება: ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მომეტებული; დ) მაღალი.

„წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საშიშროების მაღალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. „მსჯავრდებულთათვის საშიშროების რისკის განსაზღვრა სხვადასხვა საკითხთა ერთობლივ შეფასებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ კომპლექსურ პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო სარგებლობს მიხედულების ფართო ფარგლებით, რამდენადაც საკითხის სპეციფიკურობა და მსჯავრდებულებზე ყოველდღიური დაკვირვების ფაქტობრივი შესაძლებლობა ამარტივებს ზემოხსენებულ კრიტერიუმთა შეფასების პროცესს. ცხადია, აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უკონტროლო თავისუფლებას და სასამართლო რევიზიის სრულ გამორიცხვას, თუმცა თავისუფალი მოქმედების ფართო არეალი გარკვეულწილად ავიწროებს სასამართლო კონტროლის ფარგლებს“(სუსგ 24.10.2024წ. საქმე №ბს-640(კ-24)).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, რადგანაც საკითხი შეეხება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრას და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მის განთავსებას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების შემოწმება გამკაცრებული ტესტის გამოყენებით უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ფორმალური მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასა და მისი გამოცემისას კანონით რეგლამენტირებული პროცედურის დაცვაზე, საკმარისი არ არის. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2. მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. გადაწყვეტილების დასაბუთება ერთმნიშვნელოვნად უნდა ადასტურებდეს კანონშესაბამისობას, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, სადავოობის პირობებში, შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერება. „სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან ამ საკითხზე არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა. უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას“ (სუსგ 20.06.2019წ. №ბს-997(კ-18)). მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრის მიმართ სასამართლო კონტროლი მოიცავს მხოლოდ კანონიერების საკითხის შემოწმებას, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის შესაბამისობის ვალდებულებას კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ა-ეს, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილებით, საშიშროების რისკის სახედ განესაზღვრა - მომეტებული და რეკომენდაცია გაეწია სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, მსჯავრდებული განთავსებულიყო მისი რისკის შესაბამის დაწესებულებაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ 2024 წლის 14 ნოემბრის №27857 ბრძანებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლ. ი.-ს ძე ა-ეის №... პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საშიშროების რისკის გადაფასების შემდეგ, ლ. ა-ეის მიმართ დისციპლინური/წახალისების ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. ლ. ა-ე: თვითდაზიანებისადმი მიდრეკილი არ არის; ჩართული იყო სარეაბილიტაციო პროგრამებში; 2021 წლის 30 სექტემბრიდან ჩართულია შემთხვევის მართვაში; იღებდა სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მომსახურებას, საჭიროებისამებრ; ესწრებოდა პროფესიული მომზადების და გადამზადების მიერ ორგანიზებულ მოკლევადიან ტრენინგებს; მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა ტიპის სოციალურ აქტივობებში: ინტელექტუალური თამაშები, ფილმის ჩვენება, წიგნის კლუბის შეხვედრები, შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან; ამჟამადაც სტუდენტია; ასევე, თვითდასაქმებულია - მუშაობს თარჯიმნად ...ში; არ აქვს ურთიერთობა ანტისოციალური ქცევის მქონე პირებთან; აქვს კარგი დამოკიდებულება ციხის ადმინისტრაციასთან და თანამესაკნეებთან; შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა აგრესიის გარეშე; აკონტროლებს თავის ქცევებსა და ემოციებს; კომუნიკაციის უნარებთან დაკავშირებით არ გამოიხატება სირთულეები.

საკასაციო პალატა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 2024 წლის 14 ნოემბრის საიდუმლო ინფორმაციის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლით დადგენილი წესით გაცნობის შედეგად, იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სხდომის ოქმის შინაარსი არ იძლევა დასაბუთებას, თუ რატომ განესაზღვრა ლ. ა-ეს მომეტებული რისკის საფრთხე, ხოლო მასში ასახული გარემოებები წინააღმდეგობრივია თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების მონაცემებთან და არ ქმნის მსჯავრდებულისთვის საუარესო გადაწყვეტილების მიღების საკმარის საფუძველს. შესაბამისად, მოპასუხემ უნდა განახორციელოს მოსარჩელის მიმართ არსებული ღია და საიდუმლო ინფორმაციის ხელახალი, ურთიერთშეჯერებული შეფასება და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რათა არ მოხდეს მოსარჩელის ინტერესის ან უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

სასჯელაღსრულების დაწესებულების ტიპთან და ცხოვრების პირობებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის საპატიმროში ყოფნის პირობები, მკაცრი რეჟიმი და ხანგრძლივი პატიმრობა არაერთ გადაწყვეტილებაში განიხილა ევროსასამართლომ ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: CASE OF SIMEONOVI v. BULGARIA (Application no. 21980/04); CASE OF HARAKCHIEV AND TOLUMOV v. BULGARIA (Applications nos. 15018/11 and 61199/12). ამდენად, ნებისმიერი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსების პატივისცემას და არ უნდა გამოიწვიოს არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. მკაცრი რეჟიმი, რაც განსახილველ შემთხვევაში ვლინდება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახედ მომეტებულად განსაზღვრის გამო დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, რაც საჭიროებს მტკიცებულებათა ერთობლიობით ასეთი ტიპის დაწესებულებაში პირის მოთავსების სარწმუნო დასაბუთებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციური კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელს იხდიან, როგორც წესი: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და რომელსაც სასამართლომ დაუნიშნა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისთვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ დანიშნული; მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. ლ. ა-ეის შემთხვევა მართალია ექცევა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედების სფეროში, რა დროსაც დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს აგრეთვე სხვა მსჯავრდებული რისკის ფაქტორის გათვალისწინებით, თუმცა, ამგვარი რისკის არსებობა, როგორც უკვე აღინიშნა, ცალსახად უნდა დასტურდებოდეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს.

ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ლ. ა-ეის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, გადაწყვეტილება არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა