საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-887(კ-24) 16 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – 1. საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო; 2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი (ასკ 16.2) – 1. თ. ნ-ა; 2. ა. მ-ა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-ამ 2018 წლის 29 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად ნ. ბ-ამ მოითხოვა: ა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მარტის №04/74 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის №ნ/12/63 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა; გ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №04/116 ბრძანების ბათილად ცნობა; დ) სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 აპრილის №ნ/12/95 სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობა და ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 ივლისის №03/235 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მითითებით, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., ბინა №..., ნაგებობა 2-დან 20/54 ნაწილი, ნაგებობა №11 (მიშენება) 6.06 კვ.მ., (ს/კ ...) მჭიდროდ დაკავშირებულია და წარმოადგენს თ. ნ-ას და ა. მ-ას საკუთრებაში მყოფი უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №6, შენობა №2-დან ბინა №1, საცხოვრებელი ფართობი 42 კვ.მ., შუშაბანდი ფართობი 10,3 კვ.მ., საცხოვრებელი ფართის 8,5 კვ.მ.-ის (ს/კ ...) გაგრძელებას, რომელიც მდებარეობს უშუალოდ 2/1 შენობის ნაწილში. სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რამდენადაც სამეზობლო კედელთან და სახურავთან შეხება გარდაუვალია, ხოლო - მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ნებართვა, უხეშად ხელყოფს მოსარჩელის უფლებებს. ამავდროულად, ვინაიდან ზემოაღნიშნული 8.5 კვ.მ შენობა არასწორად იქნა მიჩნეული განცალკევებით მდგომ შენობად, რომელიც მოსარჩელის შეფასებით, წარმოადგენს 2/1 შენობის ნაწილს, მასზე ვრცელდება მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება, რომელიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 101 მუხლის მიხედვით, საჭიროებს მოსარჩელის წერილობითი თანხმობის წარმოდგენას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით ნ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ არქიტექტურული პროექტის დეტალური განმარტებით და სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, არ იგეგმებოდა უძრავი ქონების მოცულობის გაზრდა, ზემოქმედება სამეზობლო კედელსა და სახურავზე, რაც უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მითითებას თანხმობის მოპოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია ასევე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 101 მუხლის მოთხოვნებზე მითითება, რამეთუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავდა მხოლოდ ა. მ-ასა და თ. ნ-ას ინდივიდუალურ საკუთრებას და არ ზემოქმედებდა ნ. ბ-ას საკუთრებაზე, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოეშობოდა რაიმე სახის დამატებითი ვალდებულება სანებართვო წარმოების განმავლობაში მოსარჩელის თანხმობის მოპოვების კუთხით. უმართებულოა ასევე სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტიც, რომლის მიხედვით უკანონოდ გაიცა ნებართვა ...ს ქუჩა №6-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1 არსებული 8.5 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე, როგორც ცალკე მდგომ შენობაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებული ფართი ვერ განიხილებოდა როგორც თანასაკუთრებაში შემავალი ქონება, რომელზეც საკუთრების უფლებას მესამე პირებთან ერთად ფლობს ნ. ბ-ა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის მიხედვით ს/კ ... მდებარე უძრავ ქონებას ჰყავს რამდენიმე მესაკუთრე შესაბამის ნაგებობებზე და წილზე. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ თ. ნ-ასა და ა. მ-ას საკუთრებად ირიცხება შენობა N2-დან ბინა N1, საცხოვრებელი ფართობი 42.კვ.მ, შუშაბანდი ფართობით 10.3 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 8.5. კვ.მ. ხოლო, ნ. ბ-ას საკუთრებად ირიცხება ბინა N2, ნაგებობა N2-დან 20/54 ნაწილი, ნაგებობა 11 (მიშენება) 6.06 კვ.მ. დადგენილი იყო ასევე, რომ მესამე პირებმა სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოითხოვეს უშუალოდ მათ საკუთრებაში რიცხულ 8.5 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე, რომელიც საქმის მასალების თანახმად არ არის შემხებლობაში სამეზობლო კედელთან და სახურავთან. ამასთანავე, თავად მოსარჩელემაც აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილებებით ფართის მოცულობა არ გაზრდილა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მხარის მითითება მისი თანხმობის არსებობის აუცილებლობასა და საერთო სარგებლობის ეზოს ფართის ათვისებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება გასაჩივრდა ნ. ბ-ას მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უნდა მიეჩნიათ დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №6, შენობა №2-დან ბინა №1, საცხოვრებელი ფართობი 42 კვ.მ., შუშაბანდი ფართობი 10,3 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 8,5 კვ.მ.-ი (ს/კ ...) ცალკე მდგომი შენობაა. ხსენებულისაგან საპირისპიროდ სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკადასტრო გეგმით, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ 8,5 კვ.მ-ის ფართობის მქონე შენობა უშუალოდ 2/1 შენობა-ნაგებობის ნაწილია, რის თანამესაკუთრესაც წარმოადგენს კასატორი. ამ ფაქტს კასატორი უკავშირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მოპოვების ვალდებულებას, რამდენადაც მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას. კასატორს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებს ვერ ჩაანაცვლებს საქმეში წარმოდგენილი განმარტებითი ბარათები და კონსტრუქციული დასკვნები, რომლებსაც სააპელაციო პალატის მიერ დაუსაბუთებლად მიენიჭა უპირატესობა. ნიშანდობლივია, რომ ა. მ-ა და თ. ნ-ა მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაცვლად გეგმავენ შენობის იერსახის სრულ შეცვლას, ისინი ამატებენ ფანჯრისა და კარის ღიობებს, რომელიც არამხოლოდ საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს, არამედ წარმოადგენს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის უხეშ დარღვევას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41.). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ამასთანავე, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება არ მიიჩნევა დარღვეულად იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უბრალოდ იზიარებს და მხარს უჭერს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე García Ruiz v. Spain, App. No. §26.). ირელევანტურ არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა ინტერპრეტირდეს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28.). ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს სრულად და ამომწურავად (1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30.).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა წრეც მართებულად განისაზღვრა სააპელაციო პალატის მიერ. საქმის მასალებით დგინდება, რომ თ. ნ-ა და ა. მ-ა წარმოადგენენ ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №6, შენობა №2-დან ბინა №1-ის მესაკუთრეებს (ს/კ ...), რომელთა საკუთრებაშიც ირიცხება საცხოვრებელი ფართობი 42 კვ.მ., შუშაბანდი ფართობით 10,3 კვ.მ., და საცხოვრებელი ფართი 8,5 კვ.მ. აღნიშნული უძრავი ქონება მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის „...“- ს საკადასტრო ერთეულს. ნ. ბ-ა საკუთრების უფლებით ფლობს ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №6, ბინა №2, ნაგებობა 2-დან 20/54 ნაწილს, ნაგებობა №11 (მიშენება) 6.06 კვ.მ (ს/კ ...). 2018 წლის 16 მარტს და 23 მარტს ა. მ-ამ და თ. ნ-ამ №... და №... განცხადებებით და საპროექტო დოკუმენტაციით მიმართეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №...-ში, მათ თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე (ს/კ ...) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემა მოითხოვეს. ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მდგრადობის კონსტრუქციული დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, სამეზობლო კედელთან შეხება არ მოხდება და აქედან გამომდინარე საფრთხე არ შეექმნება. 2018 წლის 20 მარტს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე (№10) დადებითად შეფასდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე (ს/კ ...) საცხოვრებელი სახლის მცირე რეაბილიტაციის პროექტი. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 28 მარტის №04/74 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 29 მარტს, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საცხოვრებელი სახლის (შენობა №2) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, გაიცა №ნ/12/63 სანებართვო მოწმობა. 2018 წლის 04 აპრილს და 16 აპრილს ა. მ-ამ და თ. ნ-ამ №1177 და №1317 განცხადებებით და საპროექტო დოკუმენტაციით მიმართეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №6-ში (ს/კ ...), მათ თანასაკუთრებაში არსებული ფართის (8.5 კვ.მ) მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების ნებართვის გაცემა მოითხოვეს. 2018 წლის 10 აპრილს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე (№13) დადებითად შეფასდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №6-ში მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული 8.5 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 20 აპრილის №04/116 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 23 აპრილს, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №6-ში, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული 8.5 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, გაიცა №ნ/12/95 სანებართვო მოწმობა. საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ დასახელებული სანებართვო მოწმობები გაასაჩივრა ნ. ბ-ამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის 2018 წლის 20 ივლისის №03/235 ბრძანებით ნ. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული წარმოებისას სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. მ-ასა და თ. ნ-ას მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც სრულყოფილად მოიცავს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა, გამორიცხავს სახელმწიფოს/საზოგადოების ინტერესების შელახვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების კუთხით. ამავე ბრძანების თანახმად, ვინაიდან საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ა. მ-ასა და თ. ნ-ას საკუთრებაში განსახორციელებელ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და არ გულისხმობს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, ასევე ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ფართის გამოყენებას, მცდარია საჩივრის ავტორის მოსაზრება სააგენტოს მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე.
ასევე დადგენილია, რომ ა. მ-ამ და თ. ნ-ამ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ნებართვის მისაღებად, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინეს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის განმარტებითი ბარათები და საპროექტო უძრავი ქონების კონსტრუქციული დასკვნები. ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №6-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გათვალისწინებულია კონსტრუქციული ჩარევების გარეშე ერთსართულიანი საცხოვრებლის მოწყობა, ქუჩის მხარეს არსებული ფასადის ერთი ღიობის ჩაჭრა და შენობაში შესასვლელი ორფრთიანი კარის მოწყობა, ეზოს მხრიდან ხის შუშაბანდის შენარჩუნება/განახლება, აგურის ფასადის გამოვლენა, გვერდითი ფასადის სახურავის ხის ელემენტების შენარჩუნება განახლებული სახით, არსებული ნივნივების და სხვა ელემენტების, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია და დაობებულია, ადგილობრივად მათი გამაგრება ან ახლით ჩანაცვლება, სახურავში სავენტილაციო შახტის მოწყობა. ხოლო, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მდგრადობის კონსტრუქციული დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შემთხვევაში, სამეზობლო კედელთან შეხება არ მოხდება და აქედან გამომდინარე საფრთხე არ შეექმნება. ამასთანავე, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული 8.5 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სარეკონსტრუქციო ფართი ერთსართულიანია. მის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს კერამიკული აგურის კედელი და ნაწილობრივ შევსებულია ხის ე.წ. „ბაგდადკით“, ჭერი შეფიცრულია, გადახურულია აზბესტის გოფრირებული ფილით (შიფერით) და მეზობლის სახურავთან კავშირი არ გააჩნია (იხ. თანდართული ფოტომასალა). ეზოს მხრიდან მოწყობილია ხის კარი, რომლიდანაც შესვლა ხდება შენობაში. გვერდითა ფასადზე არის ფანჯარა. ამავე განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტით კონსტრუქციული ჩარევების გარეშე იცვლება სახურავის მასალა და ხორციელდება შიდა სარემონტო სამუშაოები. შესასვლელი კარი იცვლება და ინარჩუნებს იერსახეს. შენობაზე არსებული საფეხურები იცვლება იგივე გაბარიტების ბაზალტის საფეხურებით. ცოკოლი მოპირკეთდება ბაზალტით. მისი კედლები ილესება და იღებება ფასადის საღებავით. შიდა კედლები საკმაოდ არის დაზიანებული. მთავარი შესასვლელიდან მარჯვნივ კედლის ნაწილი მოშორებულია სამეზობლო კედელს. მოხდება მისი აღდგენა. ოთახში მოეწყობა მცირე საკვანძი. სახურავი შეიცვლება და შესრულდება ტერაკოტის ფერი მეტალო-კრამიტით. ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული 8.5 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მდგრადობის კონსტრუქციული დასკვნის თანახმად, ფართი ერთსართულიანია და არის ცალკე მდგომი ნაგებობა, არ გააჩნია სარდაფის სართული. სახლის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს კერამიკული აგურის კედლები, საძირკვლებად მოწყობილია ყორე-ქვის ლენტა, რომელიც განლაგებულია კულტურულ ფენაზე, ნაყარზე, RO=1,8 კგ/სმ2. ფართის სახურავი ცალქანობიანია, ანტისეისმური სარტყელი არ აქვს. სახურავი მოწყობილია ე.წ. „შიფერით“. აღნიშნული დასკვნის თანახმად, რეაბილიტაციის შემთხვევაში სამეზობლო კედელთან შეხება არ მოხდება და აქედან გამომდინარე საფრთხე არ შეექმნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შინაარსზე. საკასაციო პალატას არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებულ კანონს და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (სუსგ., ბს-425(2კ-22), 10.01.2023წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის დაინტერესებაში მყოფი სახეობისა და მოცულობის სამუშაოების ზუსტად მითითების ვალდებულებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს შესაბამისი სამუშაოებისათვის აუცილებელი სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას. ხოლო, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობას, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება) წარმოადგენს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შემადგენელ ნაწილს. საგულისხმოა ისიც, რომ კონსტრუქციული დასკვნა, სხვა ღირებულ ფუნქციებთან ერთად, იძლევა, მათ შორის, დაგეგმილი სამუშაოების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე ზეგავლენის შეფასების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ ა) ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის განმარტებითი ბარათზე; ბ) ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მდგრადობის კონსტრუქციული დასკვნაზე; გ) ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული 8.5 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის განმარტებით ბარათზე და დ) ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (ს/კ ...), ბინა №1, შენობა 2/1, მოქ. ა. მ-ას და თ. ნ-ას საკუთრებაში არსებული 8.5 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მდგრადობის კონსტრუქციულ დასკვნაზე. აღნიშნული განმარტებითი ბარათებისა და კონსტრუქციული დასკვნების საერთო შინაარსის მიხედვით, ფართი ერთსართულიანია და წარმოადგენს ცალკე მდგომ ნაგებობას, რეაბილიტაციის შემთხვევაში კი, სამეზობლო კედელთან შეხება არ მოხდება და აქედან მომდინარე საფრთხეც არ არსებობს. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ნიშანდობლივია, რომ კონსტრუქციული დასკვნა და განმარტებითი ბარათი წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მნიშვნელობით, რამეთუ ზოგადი წესის თანახმად, სპეციალისტი აღჭურვილია სპეციალური ცოდნით, მის სპეციალიზებულ ცოდნას კი, არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის, მის გარეშე -გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია (სსკ 162.1. მუხ.). სპეციალისტს ევალება მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე (სსკ 168.1. მუხ.). სპეციალისტის განმარტება, მოსაზრება ან/და დასკვნა უკავშირდება სპეციალისტის ობიექტურობას, რომელიც სპეციალისტისგან მოითხოვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ თანმიმდევრულობასა და სიზუსტეს, სუბიექტური ფაქტორების მინიმიზებას, ამდენად, ობიექტურობა პირდაპირ ეფუძნება სპეციალისტის კომპეტენციას და კვალიფიკაციას. ამასთანავე, სპეციალისტის შეფასება უნდა დაეფუძნოს შესაბამის დისციპლინას და არ უნდა გასცდეს მისი დისციპლინისთვის მიკუთვნებულ კომპეტენციას. ბუნებრივია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსა და მესამე პირების სასარგებლოდ პრეზუმფციას, რომლის გაქარწყლებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო. მოსარჩელის მითითება საკადასტრო გეგმაზე არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (აშენებული, მშენებარე, დანგრეული) და მათი სართულიანობის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელეს ევალებოდა სასამართლოსთვის სათანადო წერილობითი საბუთების წარმოდგენა, რომელიც შეძლებდა ზემოხსენებულ კონსტრუქციულ დასკვნებსა და განმარტებით ბარათებში არსებული ინფორმაციის გაქარწყლებას. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ამონაწერს, აღნიშნული თვალსაზრისით, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მიერ ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობის შედეგად გამოტანილი დასკვნები. ზემოხსენებულის გათვალისწინებით გამოირიცხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 101 მუხლით განსაზღვრულ სავალდებულო თანხმობის კომპონენტზე კასატორის მითითება. ერთი მხრივ, მესამე პირებმა სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოითხოვეს უშუალოდ მათ საკუთრებაში რიცხულ 8.5 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე, რომლის მოცულობაც, თავად მოსარჩელის აღნიშვნით, არ იზრდებოდა, მეორე მხრივ, სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრულად უკავშირდება მესამე პირების საკუთრებას და არ ზემოქმედებს კასატორის ქონებაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს სანებართვო წარმოებისას არ ევალებოდა თანხმობის დამატებითი მოპოვება.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, გ. ჟ-ის (პ/ნ ...) ნ. ბ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 20.08.2024წ. №4505 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ჟ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება;
3. გ. ჟ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ნ. ბ-ას (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 20.08.2024წ. №4505 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე