Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-740(2კ-25) 12 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ხ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ხ-ემ 2019 წლის 09 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ „გ. ხ-ეისათვის ქ. თბილისში, ..., კორპუსი ..., ბინა №...-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და გ. ხ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №414 ბრძანების ბათილად ცნობა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კორპ. №..., ბინა №..., უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის 2017 წლის 24 აგვისტოს №34-01172362099 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №414 ბრძანება; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ხ-ეისთვის ქ. თბილისში, ..., კორპუსი N ..., ბინა N ...-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა, №189 დადგენილებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ განმცხადებელმა ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა მხოლოდ ბინის ორდერის ასლი. დედანი დოკუმენტი მხარეების მიერ ვერ იქნა მოძიებული, ხოლო ასლი ვერ დაედებოდა საფუძვლად გ. ხ-ეისათვის პრივატიზებამოთხოვნილი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მითითებით, მან საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ ორგანოს საარქივო დაწესებულებიდან გადმოეგზავნა დოკუმენტაცია და ასევე, ეცნობა, რომ ბინის მიღების ორდერი არ იყო დაცული.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ვინაიდან N19/01171772567-34 განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში როგორც მოსარჩელის, ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი/მოძიებული ბინის N10748 ორდერის დედანი და შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქმეზე მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება. გლდანის რაიონის გამგეობას, არც საფუძველი და არც ვალდებულება გააჩნდა პირველ რიგში ეკვლია კონკრეტული პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი, როდესაც მოსარჩელეს კანონმდებლობით განსაზღვრული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა. ამრიგად, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1976 წლის 6 აპრილს გაიცა №10748 ორდერი ც. ვ.-ს ძე ხ-ეის სახელზე. ც. ხ-ეის ოჯახი შედგებოდა 7 სულისაგან (1. ხ-ე ც.; 2. ხ-ე გ. (მეუღლე); 3. ხ-ე ზ.; 4. ხ-ე ხ.; 5. ხ-ე კ.; 6. ხ-ე მ.; 7. ხ-ე ლ.). მათ უფლება მიეცათ დაეკავებინათ 5 ოთახი, ფართით: 68.3 კვ.მ., მისამართზე: ..., ..., კორპუსი ..., სადარბაზო ..., სართული .... ორდერი გაცემულია ოქტომბრის რაიაღმასკომის 1976 წლის 21 მარტის №189/8 გადაწყვეტილების საფუძველზე.

გ. ხ-ე 1973 წლიდან რეგისტრირებულია (ჩაწერილი) მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი N ..., ბინა N .... ც. ხ-ეე 1973 წლიდან გარდაცვალებამდე (ც. ხ-ეე გარდაიცვალა 2006 წლის 27 მარტს) რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ..., კორპუსი ..., ბინა .... 2009 წლის 26 ოქტომბერს რეგისტრირებული №090678192 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გ. ხ-ემ, როგორც გარდაცვლილი ც. ხ-ეის პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ), სრულად მიიღო გარდაცვლილი ც. ხ-ეის სამკვიდრო. კ. ხ-ე გარდაიცვალა 2009 წლის 18 თებერვალს.

ხ. ხ-ემ, მ. ხ-ემ, ლ. ხ-ემ და ზ. ხ-ემ უარი თქვეს ქ. თბილისში, ..., კორპუსი ..., №... საცხოვრებელი ბინიდან კუთვნილ საპრივატიზაციო წილებზე გ. ხ-ეის სასარგებლოდ.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 აპრილის №... წერილით ლ. ხ-ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ..., კორპუსი N ..., ბინა ...-ზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №...), უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საკუთრების უფლება ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები რეგისტრირებული არ არის.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 6 ივნისის №AA2017019958-03 საარქივო ცნობის თანახმად, ქალაქ თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 1977-1978 წლების სხდომის ოქმებში გადაწყვეტილება მოქალაქე ც. ვ.-ს ძე ხ-ეის ბინით დაკმაყოფილების შესახებ, დაცული არ არის; ქალაქ თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის საბინაო განყოფილების მიერ 1978 წელს აღნიშნულ მოქალაქეზე გაცემული საცხოვრებელი ბინის მიღების №10748 ორდერი არ აღმოჩნდა; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების №3 სერვის-ცენტრის დოკუმენტებში მოქალაქე ც. ვ.-ს ძე ხ-ეის სახელზე გაცემული ორდერი დაცული არ არის.

2017 წლის 26 ივნისს გ. ხ-ეის წარმომადგენელმა - ლ. ხ-ემ №19/01171772567-34 განცხადებით მიმართა გლდანის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისში, ..., კორპუსი N ..., ბინა №...-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. განმცხადებელმა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარადგინა რუსულ ენაზე შესრულებული საპრივატიზებო ფართის 1976 წლის 6 აპრილის №10748 ორდერის ასლი და ადმინისტრაციულ ორგანოს განუმარტა, რომ ხსენებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენა დედნის არარსებობის გამო შეუძლებელი იყო. 2017 წლის 28 ივნისს გლდანის რაიონის გამგეობის №34-01171791278 წერილობითი პასუხით, გ. ხ-ეის წარმომადგენლის, ლ. ხ-ეის 2017 წლის 26 ივნისის №19/01171772567-34 განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა საპრივატიზებო ბინის 1976 წლის 6 აპრილის №10748 ორდერის ქართულ ენაზე შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენა, რაც მის მიერ აღმოფხვრილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.

2017 წლის 24 აგვისტოს, გლდანის რაიონის გამგეობის №34-01172362099 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გ. ხ-ეის წარმომადგენელს, ლ. ხ-ეს უარი ეთქვა ამავე ადმინისტრაციულ ორგანოში მის მიერ წარდგენილი 2017 წლის 26 ივნისის №19/01171772567-34 განცხადების დაკმაყოფილებაზე. სადავო აქტის თანახმად, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა წარდგენილი/მოძიებული ბინის №10748 ორდერის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი, ხოლო წარდგენილი ორდერის ასლი ვერ განიხილებოდა კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად, არ დასტურდებოდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობზე დაინტერესებული მხარის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2017 წლის 6 ივლისის №AA2017025353-03 საარქივო ცნობის თანახმად, შპს გ...ის №3 სერვისცენტრის დოკუმენტებში დაცულ ჩაწერის ბარათებში (ფორმა №16) მოქალაქე გ. ხ-ეის ..., კორპ. №..., ბინა №... მისამართზე რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერი დაცული არ არის; აღნიშნული მისამართის შესაბამისი საბინაო წიგნი და საბინაო ბარათები (ფორმა №17) თბილისის ცენტრალურ არქივში დაცვაზე არ შესულა.

2017 წლის 25 სექტემბერს გ. ხ-ემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა №19/01172683237-01 ადმინისტრაციული საჩივარი და გლდანის რაიონის გამგეობის 2017 წლის 24 აგვისტოს №34-01172362099 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 19 აპრილის №414 ბრძანებით, გ. ხ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გლდანის რაიონის გამგეობის 2017 წლის 24 აგვისტოს №34-01172362099 გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის ქალაქ თბილისში, ..., კორპუსი N ..., ბინა №...-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება სრულყოფილი უფლების დამდგენი დოკუმენტაციის წარუდგენლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობაში წარდგენილი განცხადების შესაბამისად, მოსარჩელე სადავო ფართის პრივატიზაციას დაკავებული ფართით კანონიერი სარგებლობის საფუძვლით ითხოვდა. შესაბამისად, განსახილველი დავის მართებული გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადგენას, წარმოადგენდა თუ არა გ. ხ-ეისათვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით“ განსაზღვრულ დაკავებული ფართის კანონიერ მოსარგებლეს და ქმნის თუ არა სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა გ. ხ-ეის სახელზე სადავო ბინის პრივატიზების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკითხის მომწესრიგებელ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის, 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხლი 1.1). მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია, რომ კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

ამდენად, მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს კანონიერ მოსარგებლედ, აღნიშნული წესი მოითხოვს კუმულაციურად ორი პირობის არსებობას: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს სადავო ფართით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული „წესის“ მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ, აუცილებელია პირს ჰქონდეს ფართით სარგებლობის უფლების დამდგენი დოკუმენტი და ამასთანავე დასტურდებოდეს საპრივატიზებო ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ დოკუმენტებზე, კერძოდ, ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 1976 წლის 6 აპრილის №10748 ორდერზე, რომელიც გაიცა ც. ვ.-ს ძე ხ-ეის სახელზე. ც. ხ-ეის ოჯახი შედგებოდა 7 სულისაგან (1. ხ-ე ც.; 2. ხ-ე გ. (მეუღლე); 3. ხ-ე ზ.; 4. ხ-ე ხ.; 5. ხ-ე კ.; 6. ხ-ე მ.; 7. ხ-ე ლ.). მათ უფლება მიეცათ დაეკავებინათ 5 ოთახი, ფართით: 68.3 კვ.მ., მისამართზე: ..., ..., კორპუსი ..., სადარბაზო ..., სართული მე-.... ორდერი გაცემულია ოქტომბრის რაიაღმასკომის 1976 წლის 21 მარტის №189/8 გადაწყვეტილების საფუძველზე. გ. ხ-ე კი წარმოადგენს ც. ხ-ეის მემკვიდრეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასების მიღმა დატოვა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და იხელმძღვანელა მხოლოდ N189 დადგენილებაში მითითებულ დოკუმენტთა ჩამონათვალით და მხედველობაში არ მიიღო კანონმდებლის ნება, რომ კანონიერი სარგებლობა შესაძლოა, დასტურდებოდეს რაიმე ისეთი დოკუმენტით ან გარემოებათა ერთობლიობითაც, რომელიც შესაძლოა, დადგენილებაში სახელდებით არ იყოს მოხსენიებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომლის თანახმად, სადავო ფართზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინი გამომდინარეობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - 1973-იანი წლებიდან დღემდე ფლობით და მასზე მზრუნველობით. ამასთან, სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობდა და არც ამჟამად არსებობს სხვა, საჯარო თუ კერძო პირთა ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივრების პრეტენზია, რომ მხოლოდ ორდერის დედანი დოკუმენტის მოუძიებლობა არ შეიძლება მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი გახდეს, ვინაიდან საქმეში არსებული გარემოებების ერთობლიობა იძლევა გ. ხ-ეის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების იდენტიფიცირებისა და კანონიერად სარგებლობის ფაქტში დარწმუნების საფუძველს. საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ გ. ხ-ეის ოჯახის უწყვეტად ცხოვრების ფაქტს მითითებულ მისამართზე, ასევე მისამართზე ჩაწერის დამადასტურებელი ინფორმაცია, ამასთან ის გარემოება რომ უფლებრივი თვალსაზრისით შედავება არავის წარუდგენია, მიჩნეული უნდა იქნეს მოსარჩელის საპრივატიზაციო ბინით კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ გარემოებებად, რაც სადავო უძრავი ქონების პრივატიზების საკმარისი საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე